Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაესი სასამართლო: პროცესი საერთაშორისო კრიტიკის ფონზე გრძელდება


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საერთაშორისო თანამეგობრობის კრიტიკის ფონზე გააგრძელა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი. 14 კანდიდატის დამტკიცების შემდეგ (12 დეკემბერი), საბჭოს 2-კვირიანი ვადა ჰქონდა. 26 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეადგინა კიდევ 6-კაციანი სია, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატი საბჭომ ფარული კენჭისყრის შედეგად შეარჩია და ხმები ასე გადანაწილდა:

  • გიორგი ტყავაძე - 11 ხმა;
  • თეა ძიმისტარაშვილი - 10 ხმა;
  • ილონა თოდუა - 10 ხმა;
  • პაატა სილაგაძე - 10 ხმა;
  • ნინო სანდოძე - 10 ხმა;
  • გენადი მაკარიძე - 10 ხმა.

ამ სიის სამი წარმომადგენელი ძველ, 10-კაციან სიაშიც გვხვდებოდა, ესენი არიან: ნინო სანდოძე, გიორგი ტყავაძე და პაატა სილაგაძე. 10-კაციანი სია, პარლამენტში გადაგზავნის შემდეგ, ხმაურის ფონზე ჩავარდა 2018 წლის ბოლოს.

სწორედ ამ სიას უკავშირდება ეკა ბესელიას გადადგომა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან. 2018 წლის დეკემბერში მან საპარლამენტო უმრავლესობაც დატოვა. უმრავლესობა ამავე მიზეზით დატოვა სხვა არაერთმა დეპუტატმა და ეს იყო პირველი ძლიერი განხეთქილება „ქართული ოცნების“ რიგებში.

სადავო საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავების შემდეგ შედგენილ ახალ, 20-კაციან სიაში ხუთი კანდიდატი მაინც მოხვდა ძველი, ხმაურიანი 10-კაციანი სიიდან. ესენი იყვნენ:

  • გიორგი მიქაუტაძე;
  • თამარ ალანია;
  • მერაბ გაბინაშვილი;
  • ნინო ქადაგიძე;
  • პაატა სილაგაძე.

12 დეკემბერს გამართულ კენჭისყრაზე პარლამენტმა ამ ხუთი კანდიდატიდან მხარი არ დაუჭირა - თამარ ალანიასა და პაატა სილაგაძეს. თუმცა პაატა სილაგაძე ისევ გვხვდება 26 დეკემბერს შედგენილ 6-კაციან სიაში.

12 დეკემბერს, პარლამენტმა კენჭი უყარა 19 კანდიდატს და მათგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დანიშნა - 14.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სასამართლოს „კლანი“ ისევ აქტიურად ცდილობს თავისი ინტერესების გატანას.

„2020 წლის არჩევნები ახლოვდება და ცდილობენ, რომ ამ ხელისუფლების პოლიტიკური შემადგენლობიდან მიიღონ მაქსიმუმი... რომ მათი ძალაუფლება და თანამდებობები იყოს მაქსიმალურად გარანტირებული... არ იციან, მერე რა მოხდება, თუკი ხელისუფლება შეიცვლება“.

ჯანეზაშვილის თქმით, 26 დეკემბერს საბჭოში კანდიდატების შერჩევის პროცედურა დარღვევებით წარიმართა:

  • მას შეკითხვები აქვს ბიულეტენების ყუთებში ჩაყრასთან დაკავშირებით;
  • მას შეკითხვები აქვს ბიულეტენების დათვლის ფორმასთან დაკავშირებით;
  • მისთვის საეჭვოა პირველადი კენჭისყრის დროს გამოვლენილი დამთხვევები - 7 ბიულეტენი იყო ერთნაირად შემოხაზული; საბჭოს წევრებს ერთი და იმავე კანდიდატებისთვის ჰქონდათ მხარდაჭერა გამოცხადებული.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, კანდიდატთა შერჩევის პროცედურა კანონის სრული დაცვით წარიმართა.

„პროცედურა ჩატარდა იმ პროცედურის ანალოგიურად, რომელიც ჩვენ მიერ აგვისტო-სექტემბერში განხორციელდა. რაც შეეხება კანდიდატებს, ისინი კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. ვფიქრობ, რომ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მათი თანამდებობაზე გამწესების შესახებ“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების პირველმა ეტაპმა უკმაყოფილო დატოვა საერთაშორისო თანამეგობრობა. საგანგებო განცხადებები გაავრცელეს, მაგალითად, აშშ-ის საელჩომ საქართველოში და ევროკავშირის საგარეო სამსახურმა.

ამერიკის საელჩოს განცხადების თანახმად:

  • პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა შერჩევის პროცედურებმა ვერ ასახა ვენეციის კომისიის, ეუთო/ODHIR-ის, საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის მისიების ბევრი რეკომენდაცია;
  • საელჩო იზიარებს საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე;
  • შედეგად, რიგი ნომინირებული პირებისა არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს.

6 ვაკანსიაზე პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატები საბჭომ შეარჩია მათგან, ვისაც გასაუბრება უკვე ჰქონდა გავლილი.

თუ 26 დეკემბერს შერჩეული კანდიდატები პარლამენტის მხარდაჭერას ვერ მიიღებენ, იუსტიციის საბჭო კონკურსს ხელახლა გამოაცხადებს. 12 დეკემბერს 14 მოსამართლის დამტკიცების პროცესი პარლამენტის შენობაში თუ მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხმაურიანი პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG