Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“ სასამართლოს „კლანმა“ შეარყია


„ქართული ოცნების“ წევრები დაფარული ფაქტების გამჟღავნების ზღვართან მივიდნენ და პირველი ნიშნები 27 დეკემბერს გამოვლინდა. ღია დაპირისპირების პროცესი ეკა ბესელიას მიერ პოსტის დატოვების გადაწყვეტილების გასაჯაროვებით დაიწყო. ბესელიამ თქვა, რომ დაპირისპირება ჰქონდა თავის ყოფილ პირველ მოადგილესთან, ვანო ზარდიაშვილთან. ზარდიაშვილი წლების განმავლობაში სახელდებოდა სასამართლო სისტემაში მოქმედი გავლენიანი ჯგუფის ლობისტად. ბესელიას გადადგომას კითხვის ნიშნებს უკავშირებს „ქართული ოცნების“ ნაწილი. რა როლი ითამაშა ბიძინა ივანიშვილმა?

სახიფათო ზღვარი "ქართულ ოცნებაში"

ეკა ბესელიას 27 დეკემბრის ბრიფინგზე ყველაფერი რომ არ უთქვამს, ეს სულ ოდნავ მოგვიანებით, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გამოჩნდა.

„ვის რა როლი ჰქონდა და რა პოზიცია, ამას მოგვიანებით დავუბრუნდები! მე რისი თვითმხილველიც ვარ, ამაზე მოგვიანებით...“, - ასე უპასუხა ეკა ბესელიამ უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების სადავო პროცესი პარლამენტში „ქართული ოცნების“ ერთიანი პოზიციით შეჩერდა და ეს გარკვევით ახსნა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.​

​იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს კიდევ უფრო მწვავედ დაუპირისპირდნენ თანაგუნდელები - ეკა ბესელია და სოფიო კილაძე. კილაძემ თქვა, რომ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვება ბესელიას უკვე რამდენიმე თვეა უნდა და ახლა ის ყველაფერს სულ ტყუილად აბრალებს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების სადავო საკითხს. პასუხად, ბესელიამ კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ მას სათქმელი კიდევ აქვს და თქმასაც აპირებს:

ახლა უკვე შევედით ისეთ საინტერესო ფაზაში, რომ მეორე ეტაპს ნაადრევად დავიწყებ და რაღაცების მოყოლას დავიწყებ ახლა... როგორც ჩანს, ეს ცოტა ადრე იგეგმებოდა. რატომ იგეგმებოდა ეს ადრე, იქამდეც მივალთ და მერე ვიღაც არ აღმოჩნდეს უხერხულ მდგომარეობაში. ამაზე საუბარს აღარ გავაგრძელებ და ყველას ვურჩევ, ვინც დაკავებულია იმ პოზიციით, რომ ვერ გაუგია, სად არის და რატომ არის, ვურჩევ ცოტა გაიაზროს პასუხისმგებლობა და ისე ილაპარაკოს.. იმიტომ, რომ იმ ზონაში შევა, სადაც თვითონ დაიკარგება და ვეღარ გამოაგნებს გზას.

„ქართული ოცნების“ გუნდში ერთმანეთისთვის წამოსაძახებელი რომ კიდევ ბევრია და ისინი უკვე სახიფათო ზღვართან დგანან, კომიტეტის სხდომაზე ეს პირდაპირ თქვა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემაც.

„მინდა ჩემს კოლეგებს ვურჩიო, რომ, თუ ჩვენ ახლა დეტალებში შევალთ ეკა ბესელიასთან მიმართებაში და დავიწყებთ იმის გარკვევას, ვის არ უნდოდა ეკა ბესელია ყოფილიყო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და რა პროცესები იყო ამასთან დაკავშირებული, მე მგონი, ისეთ რაღაცეებს ვიტყვით, რაც თქვენ არ გაწყობთ, რომ ითქვას და ჩვენ თუ თავს ვიკავებთ ამ ყველაფრის გასაჯაროვებისაგან, მოვუწოდებ კოლეგებს, არ გადავლახოთ ის ზღვარი, რის მერეც უკან ვეღარ დავბრუნდებით... ძალიან ახლოს მივედით ამ ზღვართან და ადვილად გადასალახი გახდა.“

გედევან ფოფხაძის გარდა, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიას კარგი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და ღია თანადგომა გამოუცხადა სხვა არაერთმა თანაგუნდელმა, მათ შორის იყვნენ: ლევან გოგიჩაიშვილი, რომან კაკულია, ოთარ დანელია და ლევან კობერიძე.

რატომ გადადგა ეკა ბესელია?

ბესელიამ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების სადავო პროცესი პარლამენტში იმიტომ შეჩერდა, რომ მან იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ ბესელიას საკითხის მხოლოდ შეჩერება არ აკმაყოფილებს. ის პირდაპირ ამბობს, რომ სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაუგზავნა პარლამენტს, წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური მოტივებით მოქმედი მოსამართლეები მოხვდნენ და „სია უნდა იყოს გაწვეული და არა შეჩერებული“.

„სიაში არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ჩემი შვილისა და ძმის პოლიტიკური საქმის მოსამართლეები იყვნენ... სიაში არიან ადამიანები, რომლებიც ჩემი თანამებრძოლების პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იყვნენ მოსამართლეები“.

27 დეკემბერს, ბრიფინგზე, ეკა ბესელიამ გააკეთა აშკარა მინიშნება იმის თაობაზე, რომ სწორედ ამ საკითხზე ჰქონდა დაპირისპირება თავის პირველ მოადგილესთან, ვანო ზარდიაშვილთან და იმის გამო, რომ სწორედ ზარდიაშვილს არ დაეკავებინა მისი თანამდებობა, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მხოლოდ მისი გადადგომის შემდეგ გაახმაურა.

  • „გვაპარებდნენ ჩინჩალაძეებს“ - თქვა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, 27 დეკემბერს.
  • „იუსტიციის საბჭომ უკანა ოთახში (არ ვიცი ბნელი ოთახი იყო, თუ შუქი ენთო) პასტით დაწერა უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია“ - თქვა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, 27 დეკემბერს.

ეკა ბესელიას მიერ დასახელებული მიზეზი გაუგებარი და არალოგიკურია პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისთვის. როგორც მან 27 დეკემბერს უთხრა ჟურნალისტებს, გუნდმა იცის ბესელიას გადადგომის მიზეზი.

„ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზები. მიზეზები არის დიდწილად ჩვენი შიდა სამზარეულო, თუმცა, ამ შიდა სამზარეულოს ნაწილობრივ გარეთაც გამოვიტანთ და საზოგადოებასთან მოგვიანებით ვისაუბრებთ“, - განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, ეკა ბესელიას მოქმედება წინააღმდეგობაშია „გუნდურ თამაშთან“ და მისი გუნდში დარჩენა-არდარჩენის საკითხი შემდგომ მოქმედებებზე იქნება დამოკიდებული.

რა კავშირი აქვს ვანო ზარდიაშვილს სასამართლოს "კლანთან" ?

უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა სიამ, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა, უკმაყოფილო დატოვა ბევრი - როგორ პოლიტიკოსების, ასევე ექსპერტებისა და სამოქალაქო საზოგადოების რიგებში. ისინი თვლიდნენ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დასანიშნი მოსამართლეები აბსოლუტურად გაუმჭვირვალედ და მიკერძოვებულად შეარჩია.

სასამართლო სისტემაში მოძლიერებული „კლანის“ გავლენებზე ლაპარაკობენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები. მათი თქმით, სწორედ ამ „კლანის“ გამოკვეთილი წარმომადგენელია უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა სიაში შეყვანილი მიხეილ ჩინჩალაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. სწორედ ამ ე.წ. „კლანს“ უკავშირებდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის პოსტიდან მოულოდნელ წასვლასაც.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დასანიშნთა სიაში ერთ-ერთ ყველაზე მიუღებელ ფიგურად სწორედ მიხეილ ჩინჩალაძე სახელდება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომლის გვარსაც ხშირად სწორედ ვანო ზარდიაშვილს უკავშირებდნენ. ამ კავშირებზეა ლაპარაკი სტუდია „მონიტორისა“ და რადიო თავისუფლების ჟურნალისტურ გამოძიებაში.

  • ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის წევრი „ქართული ოცნების“ სიით 2016 წელს გახდა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
  • მანამდე, ვანო ზარდიაშვილი 2004 წლიდან მუშაობდა ზურაბ ადეიშვილთან და ამავე წრეში მუშაობდა მიხეილ ჩინჩალაძეც.
  • როდესაც ზურაბ ადეიშვილი გენერალურ პროკურორად დაინიშნა, ზარდიაშვილი მისი მრჩეველი გახდა.
  • სასამართლო სისტემაში ზარდიაშვილი 2010 წლიდან დასაქმდა. იმავე წელს ზარდიაშვილის ცოლი თინათინ აბრალავა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაინიშნა კონსულტანტად.
  • 2012 წლიდან ზარდიაშვილმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაინაცვლა, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე.
  • ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ვანო ზარდიაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დასაქმდა. იმავე პერიოდში, მან მიხეილ ჩინჩალაძის ცოლი და დედა დაასაქმა აუდიტის სამსახურში. ხოლო ზარდიაშვილის ცოლი იუსტიციის საბჭოში მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.
  • ზარდიაშვილს სამსახურებრივის გარდა, ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს ჩინჩალაძესთან, ისინი მეჯვარეები და ნათელმირონები არიან.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აღნიშნავდა, სწორედ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი ლობირებდა სასამართლო სისტემის გავლენიან ჯგუფს, „რადგან სწორედ ის არის ყველა იმ კანონპროექტის თანაავტორი, რამაც ამ ჯგუფისა და მიხეილ ჩინჩალაძის სასარგებლოდ იმუშავა.“

რა როლი ითამაშა ბიძინა ივანიშვილმა?

ეკა ბესელიას გადადგომასთან და უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესის წარმართვა-შეჩერებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. ეკა ბესელიას სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ,ივანიშვილი საქმის კურსშია და პროცესის სამართლიანად წარმართვას უჭერს მხარს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ვის მხარეს ხედავს ის სიმართლეს.

„ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა პოზიცია, რომ პროცესი უნდა წარიმართოს სამართლიანად, პროცედურის დაცვით, კანონის დაცვით და გადაწყვეტილების მიღებისას ყველას აქვს თავისუფალი ნება. ეს იყო მისი პოზიცია. მე არ ვიქნები მართალი, რომ ეს თქვენ არ გითხრათ... სხვა კითხვები - ვინ, რატომ, ვინ მოიაზრება, ამაზე სხვა დროს....“ - განაცხადა ეკა ბესელიამ 27 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.

გადადგა თუ არა ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილისგან არასაკმარისი მხარდაჭერის გამო, ეს შეკითხვა ჯერ ისევ უპასუხოა. თუმცა ფაქტია ისიც, რომ „ქართული ოცნების“ სათავეებიდან ამ პოლიტიკურ გუნდთან მყოფი ეკა ბესელია მაისიდან აღარ არის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი. „პარტიის თავმჯდომარე ბუნებრივია, ისევე, როგორ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად არ იღებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება გუნდში“, - უთხრა ჟურნალისტებს სოფიო კილაძემ ეკა ბესელიას გადადგომის შეფასებისას.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG