Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკანასკნელი მეფაიტონე - ბუბა კიკაბიძის წასვლა


ბუბა კიკაბიძე
ბუბა კიკაბიძე

„აი, ჩიტო-გვრიტოც წავიდა“! „გავჩუმდები, „მიმინო“, რა თქმა უნდა, კლასიკაა, მაგრამ…“ - ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ქართულ და რუსულ ფორუმებზე სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. ყოფილ საბჭოთა სივრცეში საყოველთაოდ ცნობილი ქართველი არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბუბა დაიბადა 1938 წლის 19 ივლისს, თბილისში, ავბედითი 1937 წლიდან ერთი წლის შემდეგ, რეპრესირებულ და კომუნისტურ საქართველოში. მალე ომიც დაიწყო, მამა - ჟურნალისტი კონსტანტინე კიკაბიძე - ბრძოლის ველიდან არ დაბრუნებულა. ბავშვი დედამ გაზარდა - პროფესიონალმა მომღერალმა მანანა ბაგრატიონმა. სწავლა სკოლიდანვე არ გამოსდიოდა. 14 წელი ვსწავლობდი, სამჯერ ჩავრჩი კლასებშიო - იხსენებდა ინტერვიუებში. მერეც ორჯერ ჩააბარა სხვადასხვა ინსტიტუტში, მაგრამ არ დაუმთავრებია. მღეროდა ანსამბლებში: „დიელო“, „რერო“ „ორერა“... რამდენიმე ინსტრუმენტზე უკრავდა, მათ შორის დასარტყამზე, რაც მაშინ იშვიათი იყო.

„თან ძალიან კარგად ცეკვავდა. როგორც მახსოვს, ის იყო პირველი მომღერალი, რომელიც სცენაზე ამოძრავდა. მანამდე მხოლოდ იდგნენ. ფეხს წინ წაწევდნენ და ხან ერთ მხარეს გაშლიდნენ ხელს, ხან - მეორე მხარეს, - ამბობს ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური, - განსაკუთრებული ხმის ტემბრი ჰქონდა, რომელიც იმ დროის ესტრადას ძალიან მიესადაგა. გიჟდებოდნენ ბუბაზე, ქალიან-კაციანად ყველა გიჟდებოდა ბუბაზე“.

ბუბა კიკაბიძე და ნანი ბრეგვაძე - 1985 წელი
ბუბა კიკაბიძე და ნანი ბრეგვაძე - 1985 წელი

მომღერლის კარიერას სამსახიობო კარიერა მოჰყვა. 1966 წელს პირველად გადაიღეს ფილმში „შეხვედრა მთაში“. სულ ოცამდე ფილმში მონაწილეობდა, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი სახეები „მიმინოსა“ და „არ დაიდარდოში“ შექმნა. რადიო თავისუფლების რუსულენოვან არხთან, „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ საუბარში კიკაბიძე ამბობს, რომ რეჟისორს ხშირად აცვლევინებდა სცენარს, რომ როლი საკუთარ თავზე უკეთ მოერგო. მისი გმირები მას ძალიან ჰგავდნენ.

კადრი ფილმიდან „მიმინო“
კადრი ფილმიდან „მიმინო“

60-იან წლებში ბუბამ მომავალი მეუღლე ირინა ქებაძე გაიცნო, ის, ვისთან ერთადაც შემდეგ მთელი ცხოვრება გაატარა.

„ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი ჩემი მეუღლეა, ირა. ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით რუსული შოუბიზნესიდან, უკვირთ, როგორ შეიძლება ერთ ცოლთან ამდენი ხანი იყოო. იქ მეგობრები ერთმანეთს ცოლებს ართმევენ. ჩვენ კი ვართ, სამი შვილიშვილი გვყავს და ერთი შვილთაშვილი“, - უთხრა მან „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ 2019 წელს.

ბუბა კიკაბიძე იყო საქართველოს სახალხო არტისტი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. საქართველოსა და რუსეთში ერთნაირი წარმატებით გამოდიოდა, ოღონდ 2008 წლამდე. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კიკაბიძემ რუსულ სცენაზე უარი თქვა, უარი თქვა „მეგობრობის ორდენზეც“, რომელსაც რუსეთში აძლევდნენ.

„ის ორდენი რომ გამომიგზავნეს და ამ დროს დავინახე, ტანკები შემოვიდნენ, უარი ვთქვი და რუსეთის არც ერთ ქალაქში აღარ ჩავსულვარ. ჩემი შვილიშვილებისთვის თვალებში როგორ უნდა შემეხედა. არც მიფიქრია, რომ ამას ასეთი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა“, - უთხრა ბუბა კიკაბიძემ რადიო თავისუფლებას 2019 წელს.

რუსეთში ბუბა კიკაბიძის პოზიციამ მართლაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

„ის, რაც ბუბამ გააკეთა, ან არავის გაუკეთებია, ან მხოლოდ ერთეულებს. ყველაფერი გადაფარა ამით. ალბათ, ამის თქმაც შეიძლება, რომ 90-იან წლებში ჰქონდა შეცდომები, გამსახურდიას წინააღმდეგ იყო, ვიღაცებთანაც იყო გაერთიანებული, მაგრამ ბოლო წლებმა ყველაფერი გადაფარა. საწყენია, რომ ჩვენ ამას დღეს ვამბობთ და თავის დროზე არ ვუთხარით, რომ გახარებოდა და გამხნევებულიყო. თავად ჩვენ ძალიან გვამხნევებდა მისი არსებობა“, - ამბობს ლელა ოჩიაური.

2008 წლის შემდეგ კიკაბიძე რუსეთში აღარ, მაგრამ უკრაინაში კი ხშირად ჩადიოდა გასტროლებზე. ცხოვრობდა თბილისში, იყო ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გულმხურვალე მხარდამჭერი. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი და დეპუტატიც გახდა. ბოლო დრომდე აკითხავდა და ამხნევებდა სააკაშვილს, რომელმაც მისი გარდაცვალების შემდეგ ფეისბუკზე დაწერა, ბუბას სახით საუკეთესო მეგობარი დავკარგეო.

კიკაბიძის პროტესტს რუსეთში ის-ის იყო ივიწყებდნენ, რომ რუსული ჯარი უკრაინაში შეიჭრა. მაშინ სხვა ქართველ არტისტებთან ერთად ბუბა კიკაბიძემაც მიმართა უკრაინელ ერს: „უკრაინის წარმატება, საქართველოს წარმატებაა! თქვენი გამარჯვება, ჩვენი გამარჯვება! გაუმარჯოს თავისუფალ უკრაინას! გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“

მერეც კიკაბიძე ხშირად გამოდიოდა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ. „პუტინი არის სატანა! უკრაინამ უკვე გაიმარჯვა, იმარჯვებს და გაიმარჯვებს! ამაში ეჭვიც არ მეპარება!“ - თქვა მან 15 მარტს უკრაინულ არხზე Freedom.

კიკაბიძის გარდაცვალებას რუსულ ფორუმებზე არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

„გავჩუმდები, „მიმინო“, რა თქმა უნდა, კლასიკაა, მაგრამ კიკაბიძემ რუსებზე დიდი ხნის წინ გამოთქვა აზრი“, „თავისი რუსოფობიით ყველაფერი გადახაზა“, „მსუბუქი იყოს მისთვის მიწა, კარგი მსახიობი იყო“, „მსახიობი კარგი იყო, მაგრამ ადამიანი“, „ვერ იტანდა ვერც რუსებს, ვერც რუსეთს“... - წერდნენ სოციალურ ქსელში.

კიკაბიძის გარდაცვალებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მასთან ერთად გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებით გამოეხმაურა. „ვახტანგ კიკაბიძე - მეგობარი, რომელიც ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგა. დიდებული ერის დიდებული ადამიანი. ლეგენდა, რომლისგანაც ყოველთვის მაგალითს ვიღებდით. ნათელი ხსოვნა მას და თანადგომა ახლობლებს“, - დაწერა ზელენსკიმ.

ბუბა კიკაბიძე და ვოლოდიმირ ზელენსკი
ბუბა კიკაბიძე და ვოლოდიმირ ზელენსკი

2015 წელს „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ კითხვაზე, ყველაზე მეტად თავის რომელ პერსონაჟს ჰგავს, ბუბა კიკაბიძემ უპასუხა:

„მიმონოს - ძალიან, ბენჟამენსაც, ისე კი, მე პატივს ვცემ ხალხს, რომლებიც საკუთარ თავზე პასუხს აგებენ. ამის გამო კინოში ჰაჯი მურატის როლზე ვოცნებობდი. ამის შემდეგ შეიძლებოდა საერთოდ აღარ მეთამაშა“.

ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 17 და 18 იანვარს ქაშვეთის ეკლესიაში. 19 იანვარს მას ფილარმონიის დიდი დარბაზიდან გამოასვენებენ და ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG