Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკმაყოფილება სოფლის მეურნეობის მინისტრის შეთავაზების გამო


შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრთან გორში. 27 მაისი, 2019 წ.
შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრთან გორში. 27 მაისი, 2019 წ.

28 მაისს საღამოს საათზე მეტხანს გაგრძელდა სოფლის მეურნეობის მინისტრისა და შიდა ქართლის გუბერნატორის შეხვედრა სეტყვით დაზარალებულ მოსახლეობასთან. არც ამ შეხვედრას ჩაუვლია ხმაურის გარეშე. კულტურის ცენტრის დარბაზში შეკრებილი საზოგადოების უკმაყოფილება მთავრობის მიერ შემუშავებულმა წინადადებებმა გამოიწვია. ერთ-ერთი კომპონენტი დაზარალებულებისთვის 1 ჰექტარზე 200-ლარიანი ვაუჩერის გადაცემაა. სწორედ ამ შეთავაზებას მოჰყვა უკმაყოფილება და ხმაური.

200-ლარიანი ვაუჩერის გარდა, სახელმწიფო დაზარალებულებს საირიგაციო გადასახადისგან გათავისუფლებას, საბანკო სექტორთან შუამდგომლობით აგროსესხების გადავადებასა და ხეხილის ბაღების გადასარჩენად დონორული პროგრამის ამოქმედებას სთავაზობს.

დაზარალებულთა ნაწილმა ხელისუფლების ამ შეთავაზებებზე უკმაყოფილება გამოთქვა და იმ 70-პროცენტიანი წილით დახმარება მოითხოვა, რომელიც დაზღვევით სარგებლობის შემთხვევაში, თანამონაწილეობის სახით, სახელმწიფოს უნდა გაეღო. შეხვედრაზე დაზარალებულებმა მიწების რეგისტრაციისა და აგროდაზღვევის სისტემის დახვეწის აუცილებლობის საკითხიც დააყენეს.

შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრთან გორში. 27 მაისი, 2019 წ.
შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრთან გორში. 27 მაისი, 2019 წ.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს დაზარალებულებისთვის ამჟამად ამ შეთავაზებების მეტი არაფერი შეუძლია. მისი თქმით, მოლაპარაკება დონორ ორგანიზაციებთანაც მიმდინარეობს, იმისთვის რომ ახალი ხეხილის ბაღებისა და ნარგავების დროულად გადარჩენა მოხერხდეს.

შიდა ქართლის გუბერნატორის გიორგი ხოჯევანიშვილის აზრით, დაწყებულია მსჯელობა სხვა პროექტებზეც, რომელთა განხორციელება ადგილობრივ მოსახლეობას სტიქიისგან მიყენებულ ზარალს შეუმსუბუქებს.

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სეტყვამ 30-ზე მეტი სოფელი დააზარალა. ყველაზე მეტად საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობა დაზარალდა. ძირითადად კურკოვანი ხილი და ბოსტნეული კულტურებია განადგურებული. დაზარალებულებმა 27 მაისს ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს და პროტესტის ნიშნად ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს. იმავე დღეს მათ სოფლის მეურნეობის მინისტრი შეხვდა და აგროსესხების გადავადების პირობა მისცა,. და თუმცა გუშინ ლევან დავითაშვილი გორში უკვე კონკრეტული წინადადებებით ჩამოვიდა, დაზარალებულებისთვის არც მისი ახალი შეთავაზება აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი. მათი აზრით, სოფლები საშიმშილოდ არის განწირული, რადგან ხეხილი ისეა დაზიანებული, რომ რამდენიმე წელიწადს მოსავალს საერთოდ ვერ მიიღებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG