Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გეგმით - რა ხდება აქვე, უკრაინაში?


ვიდრე საქართველოში შიდაპოლიტიკური კრიზისი არ ნელდება, ვითარება სულ უფრო იძაბება უკრაინის აღმოსავლეთით, სადაც რუსეთი სწრაფად ზრდის სამხედრო წარმომადგენლობას და აგრძელებს მძიმე ტექნიკის კონცენტრირებას. 

ის, რაც რუსეთის წინასწარ გათვლილი გეგმით უკრაინაში ხდება, ექსპერტების აზრით, პირდაპირ უკავშირდება საქართველოს და დიდ საფრთხეს წარმოადგენს რეგიონისთვის. რა შეიძლება მოხდეს, თუკი შეიარაღებული დაპირისპირების ეპიზოდები ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება?

უკრაინული მხარე იტყობინება, რომ 4 აპრილს ისევ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ნაღმმტყორცნებითა და ავტომატური იარაღით შეუტიეს უკრაინელი სამხედროების პოზიციებს დონბასში. ამჯერად მსხვერპლი არ არის. სხვადასხვა ცნობის თანახმად, რუსულმა ჰიბრიდულმა ძალებმა მარტსა და აპრილში, სულ ცოტა, 7 უკრაინელი სამხედრო მოკლეს. მარტში მათ 248-ჯერ გახსნეს ცეცხლი.

შეიარაღებული დაპირისპირების გამწვავების მოლოდინს ის ფაქტი აჩენს, რომ სხვადასხვა სახის ოფიციალური თუ არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთს სულ უფრო მეტი სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა შეჰყავს უკრაინის საზღვრებთან.

  • The New York Times-ი იტყობინებოდა უკრაინის საზღვართან თავმოყრილი ოთხი ათასი რუსი სამხედროს შესახებ.
  • უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი რუსლან ხომჩაკი მარტის ბოლოს ავრცელებდა ცნობას, რუსეთის მიერ, დეკლარირებული სამხედრო სწავლებისთვის 30-მდე ბატალიონის მობილიზებისა და კიდევ 25 ბატალიონის დამატებასთან დაკავშირებული გეგმის შესახებ.

აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი ძალების გადასროლას ახდენს არა მხოლოდ დასავლეთისა და სამხრეთის სამხედრო ოლქებიდან, არამედ ცენტრალური სამხედრო ოლქიდანაც.

როსტოვის ოლქის გავლით მოძრავი სამხედრო ტექნიკის სანომრე ნიშნები შენიღბულია იდენტიფიცირების გასაძნელებლად, - იტყობინებიან თვითმხილველები.

რუსეთი არ უარყოფს. ამ საკითხზე დასმულ შეკითხვას კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 5 აპრილს ასეთი პასუხი გასცა:

„რუსეთი მსოფლიოში არცერთი ქვეყნისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს და მათ შორის - არც უკრაინისთვის. მაგრამ ჩვენ ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებას“.

მოსკოვმა მანამდე განაცხადა, რომ მისი შეიარაღებული ძალები უკრაინის საზღვართან ახლოს წვრთნას გამართავენ და ივარჯიშებენ უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიებაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნაში სავარაუდოდ მონაწილეობას მიიღებდა 50 ბატალიონზე მეტი, რაც დაახლოებით 15,000 სამხედრო პირს ნიშნავს.

რუსეთის აგრესიული ქმედებები ბოლო დღეებში სულ უფრო მზარდ შეშფოთებას იწვევს დასავლეთში. უკრაინას მხარდაჭერას აქტიურად უცხადებენ როგორც ევროკავშირიდან, ასევე ვაშინგტონიდან.

  • აშშ-ის ევროპული ძალების სარდლობამ 1 აპრილს უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა საკუთარი ჯარი, მას შემდეგ, რაც რუსეთმა აქტიურად დაიწყო სამხედრო ძალების მობილიზება უკრაინის საზღვართან და ყირიმში.
  • უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა, ანდრი ტარანმა რამდენიმე დღის წინ დახმარების მტკიცე პირობა მიიღო აშშ-ის თავდაცვის მინისტრისგან, ლოიდ ოსტინისგან - „რუსეთის აგრესიის ესკალაციის შემთხვევაში, აშშ არ დატოვებს უკრაინას მარტო და არ დაუშვებს რუსეთის აგრესიული მისწრაფებების განხორციელებას“.
  • პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ 1 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ინფორმირებული არიან უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების გადაადგილების შესახებ და ამ საკითხზე აშშ ნატოელ მოკავშირეებთან ერთად მსჯელობს.

უკრაინაში დაძაბულ ვითარებას ოფიციალური განცხადებებით არ გამოხმაურებია საქართველოს ხელისუფლება. კომენტარი ან განმარტება ვერც საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მივიღეთ.

რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი კი გვეუბნება, რომ შავი ზღვის რეგიონში შექმნილი ასეთი დაძაბული ვითარების ფონზე, საქართველოს ხელისუფლება უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომასაც უნდა იწვევდეს და სამომავლო ნაბიჯებს დეტალურად უნდა გეგმავდეს.

ბატიაშვილის თქმით, რუსეთის ქმედებები უკრაინასთან მიმართებით ერთი დიდი სცენარის ნაწილია. რუსეთი პოზიციების გამყარებას ჩქარობს მანამდე, ვიდრე აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ბოლომდე დაკომპლექტდება. ბატიაშვილის შეფასებით, თუკი უკრაინაში საწადელს მიაღწევს, რუსეთისთვის შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება:

„რუსეთი ცდილობს, რომ წაიღოს მაქსიმალური, თუკი მას ამის საშუალება მიეცემა. მას უნდა, მეტი ტერიტორია მიიტაცოს უკრაინის აღმოსავლეთ თუ სამხრეთ ნაწილში და შესაძლოა, შავ ზღვაზე გასასვლელიც კი ჩაუკეტოს უკრაინას.

ახალი საბჭოთა კავშირის გეგმაში, რომელიც რუსეთს აქვს, აუცილებლად იგულისხმება უკრაინა და საქართველო. ყარაბაღის მოვლენების შემდეგ ეს პროცესი გაძლიერდა და ამის ნაწილია სომხეთში მიმდინარე მოვლენები, სადაც მოსკოვს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ჩამოშორება და ლოიალური ფიგურით მისი შეცვლა სურს“.

ზურაბ ბატიაშვილი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ დღეს საქართველოს ოკუპაციის საკითხი უკრაინასთან ერთ კალათაში არ განიხილება, მაშინ როცა დასავლეთი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უფრო ხმამაღლა იწყებს ლაპარაკს.

„რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა ჩვენს ხელისუფლებას სირაქლემის პოზიციაში ჩადგომად ექცა. ეს კი იმით სრულდება ხოლმე, რომ სირაქლემასთან მხეცი მოდის და ჭამს მას“, - გვეუბნება ბატიაშვილი.

ექსპერტებისთვის სამწუხარო ფაქტია ის, რომ რუსეთის აგრესიის ჭრილში უკრაინაზე საუბრისას, მსოფლიო ლიდერები ხშირ შემთხვევაში აღარ ახსენებენ საქართველოს.

ბოლო წლებში უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობები ექსპერტებისთვის თვალსაჩინოდ გაცივდა და პროცესები ძირითადად საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ხელისუფლებაში საქმიანობას უკავშირდებოდა. 2020 წლის აგვისტოში, როცა საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ანდრი ტარანი ეწვია, მას იმდროინდელი ქართველი კოლეგის, ირაკლი ღარიბაშვილის გარდა, ხელისუფლების მაღალი და უმაღლესი თანამდებობის პირებიდან არავინ შეხვედრია.

საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთოდ არ ფლობდა ინფორმაციას ანდრი ტარანის ვიზიტის შესახებ. არადა, ტარანი მაშინ პოსტზე სულ ახალი დანიშნული იყო და თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტისთვის საგანგებოდ სწორედ საქართველო შეარჩია.

მას შემდეგ, რაც გასული წლის ივნისში ნატოს „გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსი (EOP) მიენიჭა, უკრაინამ დაიწყო აქტიური მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ მიიღოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP), რომელზეც, საქართველოსთან ერთად, მასაც უარი უთხრეს 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტზე.

ექსპერტთა ერთი ნაწილი თვლიდა, რომ ნატოსთან მიმართებით ერთ კალათაში უკრაინასთან ყოფნა მოგებიანი არ იყო საქართველოსთვის, რადგან საქართველო უფრო წარმატებული იყო ამ გზაზე. თუმცა GIPA-ს ასოცირებული პროფესორი, ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაციის საგარეო ურთიერთობათა ყოფილი მდივანი, თენგიზ ფხალაძე შიშობს, რომ თუკი საქართველო შიდაპოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის გზებს ვერ მოძებნის და დემოკრატიულ ინსტიტუტებს არ გააძლიერებს, შესაძლოა, მან რეალურად დაკარგოს როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის მხარდაჭერა.

პოლიტიკური კრიზისის პრობლემა, ექსპერტების შეფასებით, გარე საფრთხეების მიმართ საზოგადოების ყურადღებასაც ადუნებს და თითქმის აღარ რჩება სივრცე საგარეო გამოწვევებზე საზოგადოებრივი მსჯელობისთვის. ეს გამოწვევები კი, მათი აზრით, ყარაბაღის ზავის შემდეგ სულ უფრო სახიფათო სახეს იღებს. შიდა დაძაბულობის განმუხტვის გასაღები საქართველოს ჯერჯერობით ვერც ევროკავშირმა მოუძებნა.

„ვითარება საშიშია“, - გვეუბნება თენგიზ ფხალაძე. ის, რაც უკრაინაში ხდება, მისი შეფასებით, პირდაპირ უკავშირდება საქართველოს.

„ეს არ ხდება სხვა კონტინენტზე, ეს ხდება აქ, ჩვენთან ახლოს, შავი ზღვის რეგიონში. უკრაინაში განვითარებული მოვლენები პირდაპირ ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას...

რუსეთის წარმატება უკრაინაში გამოიწვევს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მილიტარიზაციის გაძლიერებას. ეს პირველ რიგში შეეხება აფხაზეთს და შემდეგ უკვე, რა საფრთხე და როდის წამოვა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, ეს ინსტრუმენტი რუსეთის ხელში იქნება.

ჩვენ ვნახეთ, რომ „ბოევიკების“ იგივე ჯგუფები აღმოჩნდნენ დონბასში, რომლებსაც რუსეთი ცხინვალის რეგიონში იყენებდა. ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თენგიზ ფხალაძე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG