Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი გენერალი ცოლთან უკრაინელი ტყვეების მოჭრილი ყურებით ტრაბახობდა - ეს არ იყო ერთადერთი წამება, რომლითაც ის ამაყობდა

რამზან კადიროვი აჯილდოებს გენერალ რომან დემურჩიევს. კოლაჟი
რამზან კადიროვი აჯილდოებს გენერალ რომან დემურჩიევს. კოლაჟი

რუსი გენერალ-მაიორი საკუთარ მიმოწერაში უკრაინელი სამხედროების წამებითა და სხეულის დასახიჩრებით ტრაბახობდა. 2022–2024 წლების არქივი, რომელიც გამოიკვლიეს საგამოძიებო პროექტებმა სქემები და სისტემა, მძიმე სამხედრო დანაშაულების სავარაუდო პრაქტიკაზე მიუთითებს.

რუსი სამხედრო მეთაური რომან დემურჩიევი თავის ნათესავებთან და თანამებრძოლებთან ტრაბახობდა უკრაინელი სამხედროების წამებით, სიკვდილით დასჯითა და გვამების შეურაცხყოფით. ეს ყველაფერი ჩანს მისი 2022–2024 წლების მიმოწერიდან, რომელიც შეისწავლეს საგამოძიებო პროექტებმა „სქემები“ და „სისტემა“. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადასტურეს მიმოწერის ავთენტურობა და აღადგინეს მასში აღწერილი მოვლენების კონტექსტი. მხეცობების მრავალრიცხოვანი აღწერები, ფოტოები და ვიდეოები ამტკიცებს, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა არა მხოლოდ საქმის კურსშია მსგავსი პრაქტიკის შესახებ, არამედ გარკვეულწილად ახალისებს კიდევაც მას.

გაფრთხილება: მასალა შეიცავს შოკისმომგვრელ დეტალებს, წამებისა და მკვლელობების აღწერებს. ციტატებში შენარჩუნებულია ავტორისეული ორთოგრაფია და არანორმატიული ლექსიკა — ეს გაკეთებულია იმისთვის, რომ დოკუმენტირებული იქნას ჩადენილი ქმედებების რეალური ხასიათი და მათი განხილვის ფორმა.

„მალე ყველას ზედ დავაფსამ <...> ჩემ ყ..-ს ავიყვან ტყვეს, ყველას ჩავაძაღლებ, მაგის დედაც ...“

„გუშინ ტყვე ავიყვანეთ <...> მოთავხედო უკროპი... ჰოდა ჯარისკაცებმა იქვე, თხრილში ჩაბრიდეს, ნაბოზარი.“

„მე ადამიანებს ვხვრეტდი, მაგალითად. თვალში ვესვრი - და კეფიდან ტრასერი გამოდის. მესმის, რომ ის მტერია, კი, ის განდონია. <...> მაგრამ ჩვენ ყველანი მაინც ადამიანები ვართ.“

ყველა ეს ციტატა ეკუთვნის არა რიგით რუს ჯარისკაცს, რამედ მაღალი რანგის სამხედრო მეთაურს. ასე აღწერს ფრონტზე თავის ყოველდღიურ რუტინას რუსი გენერალ-მაიორი რომან დემურჩიევი, რომელიც ამჟამად იკავებს რუსეთის 20-ე საერთო-საჯარისო არმიის სარდლის მოადგილის თანამდებობას.

გენერალ-მაიორი დემურჩიევი
გენერალ-მაიორი დემურჩიევი

49 წლის რომან დემურჩიევი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის აქტიური მონაწილეა, დიდად დაფასებულია რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან: რეგულარულად მონაწილეობდა უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის თათბირებში, მიღებული აქვს პრემია მოსკოვის ოლქის გუბერნატორისგან და ორდენი რამზან კადიროვისგან. 2023 წელს ვლადიმირ პუტინმა დემურჩიევს გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა.

რა თქმა უნდა, სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებით დემურჩიევი საჯაროდ არ ტრაბახობს. ზემოთ მოყვანილი ციტატები ამოღებულია მისი პირადი მიმოწერიდან და აუდიომესიჯებიდან, რომლებიც მან კოლეგებს, მეგობრებსა და თანამოაზრეებს გაუგზავნა. მიმოწერა „სქემებს“ — რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის საგამოძიებო პროექტს -გადასცა წყარომ უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან.

„სისტემისა“ და „სქემების“ ჟურნალისტებმა შეისწავლეს 2022–2024 წლების მიმოწერის არქივი და დაადგინეს როგორც უშუალო თანამოსაუბრეების, ასევე მასალებში მოხსენიებულ სხვა პირთა ვინაობა.

როგორ დადასტურდა მიმოწერის ავთენტურობა: რუსი სამხედრო მეთაურის, რომან დემურჩიევის მიმოწერისა და აუდიომესიჯების მასივი მოიცავს 2022–2024 წლებს — პერიოდს, როდესაც ის უკრაინაში შეჭრის მონაწილე ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობდა. „სქემებმა“ არქივი უკრაინის შეიარაღებული ძალების წყაროსგან მიიღეს და შეტყობინებების ნამდვილობა სამი მეთოდით გადაამოწმეს. აშშ-ის მედია-ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა (დენვერში კოლორადოს უნივერსიტეტთან არსებული კვლევითი ცენტრი) მონაცემთა მასივიდან შემთხვევით შერჩეული რამდენიმე აუდიოჩანაწერი შეადარეს დემურჩიევის საჯაროდ გავრცელებულ ხმოვან ჩანაწერებს. ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ჩანაწერებში ერთი და იგივე ადამიანის ხმა ფიქსირდება. არქივი ასევე გადაეცა მონაცემთა კვლევის საერთაშორისო ცენტრ DARC-ს, რომლის პასუხში აღნიშნულია, რომ შემოწმებისას არ გამოვლენილა ტექნიკური ან სტრუქტურული მანიპულაციის ნიშნები და არქივის მახასიათებლები არ მიუთითებს გაყალბებაზე. გარდა ამისა, „სქემების“ ჟურნალისტებმა დემურჩიევის მიმოწერაში მოცემული თარიღები და მოვლენები შეადარეს ფრონტზე ცნობილ მოვლენებს, რაშიც მათ დახმარება გაუწიეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 საარმიო კორპუსის სამხედროებმა, რომლებიც სწორედ იმ ქვედანაყოფების წინააღმდეგ იბრძოდნენ, რომელთა ერთ-ერთი მეთაურიც დემურჩიევი იყო.

ეს ტექსტი სპეციალური პროექტის ნაწილია, რომელიც ეფუძნება რომან დემურჩიევის მიმოწერის მონაცემთა მასივის შესწავლას.

რას საუბრობდა გენერალი დემურჩიევი, როგორ აფასებდა როგორც სამხედრო ხელმძღვანელობას, ასევე დაქვემდებარებულებს — ამის შესახებ შეიტყობთ პროექტ „სქემების“ამ ვიდეოდან (უკრაინულ ენაზე, რუსული სუბტიტრებით).

კოლეგებთან, ნათესავებთან, დაქვემდებარებულებთან და სარდლობასთან ურთიერთობისას დემურჩიევი, მისივე სიტყვებით, განსაკუთრებულად მგრძნობიარე ან საიდუმლო ინფორმაციას არ აზიარებს. როგორც ჩანს, ტყვეებზე ძალადობის შესახებ საკუთარ მონათხრობს, რუსი გენერალი ასეთ ინფორმაციად არ მიიჩნევს და ამაზე რამის სიამაყითაც კი ლაპარაკობს.

მაგალითად, 2022 წლის 18 ოქტომბერს დემურჩიევი რამდენიმე ნაცნობს ერთდროულად ატყობინებს, რომ „აიღო საყრდენი პოზიცია“, რომელსაც სამი დღე უტევდა (ამ მოვლენაზე ქვემოთ უფრო ვრცლად იქნება საუბარი). შემდეგ დასძენს, რომ შედეგად ოთხი უკრაინელი სამხედრო აიყვანეს ტყვედ.

ამ შეტყობინებას ის თან ურთავს სასტიკი შინაარსის ფოტოს: სურათზე ჩანს ადამიანების მოჭრილი და გაშავებული ყურები, რომლებიც ლითონის მილზეა ასხმული.

ფოტო მიმოწერიდან, რომელშიც რომან დემურჩიევი წერს, რომ ყურებისგან „გირლიანდის“ გაკეთებას გეგმავს.
ფოტო მიმოწერიდან, რომელშიც რომან დემურჩიევი წერს, რომ ყურებისგან „გირლიანდის“ გაკეთებას გეგმავს.

ერთ-ერთ ასეთ შეტყობინებას, ფოტოსთან ერთად, დემურჩიევი საკუთარ მეუღლეს, ალექსანდრას უგზავნის. შემდეგ მათ შორის ასეთი დიალოგი იმართება:

— მერე რას უპირებ მათ? — ეკითხება მეუღლე.

— გირლანდას შევკრავ და გაჩუქებ.

— ლუდთან მისაყოლებელ ღორის ყურებივით?

— ჰო.

არცერთ მიმოწერაში დემურჩიევი არ აკონკრეტებს, სად და რა გარემოებაში არის გადაღებული ეს ფოტო. მისი კომუნიკაციის კონტექსტიდან ჩანს, რომ ეს ყურები, დიდი ალბათობით, უკრაინელებს ეკუთვნოდათ. თუმცა უცნობია, ისინი ცოცხალ ადამიანს მოაჭრეს თუ გარდაცვლილს.

თავად დემურჩიევმა „სქემების“ ჟურნალისტის სატელეფონო ზარს უპასუხა, მაგრამ როდესაც სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის შესახებ კითხვა მოისმინა, ტელეფონი გათიშა.

ახმატი, ელი და ადამი (კადიროვის შვილები) ტყვეებით ტრაბახობენ

საჯაროდ უცნობი საყრდენი პოზიციის აღების დამსახურება ჩეჩნურმა ქვედანაყოფებმა მიიწერეს. 2022 წლის 20 ოქტომბერს ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა თავის ტელეგრამ-არხზე განაცხადა, რომ ბატალიონმა „ახმატ-დასავლეთმა“ მოწინააღმდეგის პოზიციები აიღო და უკრაინის შეიარაღებული ძალების „ექვსი სამხედრო“ ტყვედ აიყვანა. კადიროვმა ცალკე აღნიშნა, რომ ოპერაციაში მონაწილეობდნენ მისი არასრულწლოვანი შვილები - ახმატი, ელი და ადამი, რომლებიც, მისი თქმით, ფრონტზე იბრძოდნენ.

კადიროვის კრიტიკოსები უკვე მაშინ ეჭვობდნენ, რომ მისი შვილები რეალურად წინა ხაზზე იბრძოდნენ. გამომძიებელი ჟურნალისტების მოპოვებული მიმოწერა აჩვენებს, რომ კადიროვის შვილების „დამსახურებების“ ნამდვილობაში სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი 42-ე დივიზიის ხელმძღვანელებიც (სწორედ ამ დივიზიის შემადგენლობაში მოქმედებდა „ახმატი“).

კადიროვის ტელეგრამ-პოსტს თან ერთოდა ვიდეო: ორ ჩეჩენ მებრძოლს მიჰყავს სამი უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომლებსაც სახეები ღია აქვთ. კადიროვი ასახელებს მათ სახელებს: ალექსანდრე, ვლადიმირი და ვიქტორი.

უკრაინელი სამხედრო ტყვეები რომან დემურჩიევის მიმოწერიდან (2022 წლის 18 ოქტომბერი)
უკრაინელი სამხედრო ტყვეები რომან დემურჩიევის მიმოწერიდან (2022 წლის 18 ოქტომბერი)

დემურჩიევის მიმოწერის შესწავლით დადგინდა, რომ კადიროვის პოსტში ნახსენები „ალექსანდრე, ვლადიმირი და ვიქტორი“ სწორედ ის უკრაინელი სამხედროები არიან, რომლებიც 2022 წლის 18 ოქტომბერს რუსმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს. დემურჩიევი თანამოსაუბრეებს უგზავნიდა ვიდეოს, სადაც ტყვეები საკუთარ სახელებსა და გვარებს ასახელებდნენ.

ჩეჩნეთის ხელისუფლებამ გადაიღო ექვსწუთიანი ვიდეო იმაზე, თუ როგორ ჩაჰყავთ კადიროვის შვილებს ტყვეები ჩეჩნეთში და როგორ ესაუბრება მათ პირადად რამზან კადიროვი (ავტომატებით შეიარაღებული ახმატი, ელი და ადამი მამის გვერდით დგანან). ტყვეების წარმომავლობის გაგების შემდეგ კადიროვი ეკითხება: „და დონეცკში რას აკეთებდით?“

თუმცა ვიდეოში უკვე სხვა ტყვეები ჩანან და არა ისინი, რომლებიც იყვნენ იმავე დღეს გამოქვეყნებულ ტელეგრამ-პოსტში.

მოგვიანებით ყველა ექვსი ტყვე - როგორც დემურჩიევის მიმოწერაში ნახსენები, ასევე ჩეჩნეთში გადაღებულ ვიდეოში ნაჩვენები - გამოჩნდა ერთ საერთო ვიდეოში, სადაც სულ ოცი სამხედრო ტყვეა ასახული. ვიდეოს ერთ-ერთ წყაროში მითითებულია, რომ ტყვეები აიყვანეს სოლედარისა და იაკოვლივკას მიდამოებში. ორივე დასახლებული პუნქტი მდებარეობს დონეცკის ოლქში, ავდიივკიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში, სადაც იმ პერიოდში ფრონტის ხაზი გადიოდა.

მედიის ცნობით, 2023 წლის გაზაფხულზე ალექსანდრე, ვლადიმირი და ვიქტორი უკრაინაში დაბრუნდნენ — სამხედრო ტყვეების ერთ-ერთი დიდი გაცვლის ფარგლებში.

დემურჩიევი, რომელიც ტყვეების დაკავების დროს ჩეჩნურ ქვედანაყოფებსაც ხელმძღვანელობდა, სკეპტიკურად აფასებდა „ახმატის“ როლს 18 ოქტომბრის მოვლენებში. როდესაც გენერალმა ერთ-ერთ თავის თანამებრძოლს „საყრდენი პოზიციის აღების“ შესახებ შეტყობინება გაუგზავნა, მას ასეთ კომენტარსაც დაურთო: „მზვერავებმა ყველა მოტ*ნეს. სიბრაზისგან „ახმატი“ კვერცხებს იგლეჯს.“

დემურჩიევი მიმოწერებში ხშირად აკრიტიკებს ჩეჩენ მებრძოლებს, ამბობს, რომ არაფერში ვარგიან და უწოდებს მათ „მშიშარებსა და პიარის მოყვარულებს“ და, რომ „შედეგებს მხოლოდ სლავები აჩვენებენ“.

როდესაც გენერალს მისმა შტაბის უფროსმა კადიროვის პოსტი (ტყვეებისა და მისი შვილების შესახებ) გადაუგზავნა, დემურჩიევმა ასე უპასუხა: „ეს მამლები!!! “

თუმცა ჩეჩნური ქვედანაყოფებისადმი ასეთ დამოკიდებულებას, დემურჩიევისათვის არ შეუშლია ხელი, ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის ნოემბერში, ორდენი მიეღო რამზან კადიროვისგან. „ოქროსია, ბრილიანტებით“, — ასე აღწერს ის ჯილდოს ერთ-ერთ მიმოწერაში. ორდენის მიღების დღესვე იგი თავის დივიზიის შტაბის უფროსს ურეკავს და „ცხოვრებისეულ რჩევას“ აძლევს: „გული არ დაწყვიტო ჩეჩნებს, მიეცი არტილერია, ტანკები — ვინ იცის, იქნებ ჩეჩნეთის გმირიც გახდე“.

დემურჩიევი კადიროვისგან იღებს ჯილდოს (ფოტო მიმოწერის არქივიდან)
დემურჩიევი კადიროვისგან იღებს ჯილდოს (ფოტო მიმოწერის არქივიდან)
დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ. დემურჩიევს (მარჯვნიდან მეოთხე) მკერდზე ჰკიდია ოქროსგან დამზადებული და ძვირფასი ქვებით მორთული ახმატ კადიროვის ორდენი (ფოტო მიმოწერის არქივიდან).
დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ. დემურჩიევს (მარჯვნიდან მეოთხე) მკერდზე ჰკიდია ოქროსგან დამზადებული და ძვირფასი ქვებით მორთული ახმატ კადიროვის ორდენი (ფოტო მიმოწერის არქივიდან).

ჩვევები ჩეჩნეთიდან

იმის დადგენა, თუ ვის ეკუთვნოდა მოჭრილი ყურები, რომლითაც დემურჩიევი მეუღლესთან და თანამსახურებთან ტრაბახობდა, ვერ მოხერხდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი ეკუთვნოდა იმ უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც 2022 წლის 18 ოქტომბერს აიყვანეს ტყვედ - იმ დღეს გადაღებულ ვიდეოში ტყვეებს არც სახვევები აქვთ და არც სისხლჩაქცევები.

თუმცა მიმოწერის მიხედვით, ყურების ფოტო სწორედ უკრაინის ომს უკავშირდება და 2022 წლის მეორე ნახევარშია გადაღებული.

თავდაპირველად ეს ფოტო დემურჩიევმა გაუგზავნა თავის ძველ ნაცნობს - იმ დროისთვის რუსეთის 36-ე საერთო-საჯარისო არმიის სარდლის პირველ მოადგილეს, გენერალ-მაიორ იგორ ტიმოფეევს.

„საყრდენი პოზიციის აღების“ შესახებ შეტყობინების შემდეგ, ტიმოფეევი ეკითხება თანამოსაუბრეს:

— ყურებს ხომ არ შეეხეთ? როგორც ბავშვობაში?

დემურჩიევი უპასუხებს, რომ ტყვეები „ხელუხლებლად მიჰყავთ“, თუმცა უგზავნის ფოტოს მოჭრილი ყურებით და წერს: „ცოტა ხნის წინანდელი“.

— არაფერი იცვლება. მხოლოდ დრო გადის და ჩვენ ვბერდებით. შრება, — ასეთ კომენტარს ურთავს დემურჩიევი ფოტოს.

„ბავშვობაში“ რუსეთის არმიის გენერალი, სავარაუდოდ, გულისხმობს ჩეჩნეთის ომის გამოცდილებას: დემურჩიევიც და ტიმოფეევიც მონაწილეობდნენ მეორე ჩეჩნურ კამპანიაში. ინტერნეტში შემორჩენილია 2001 წლის ვიდეოც, სადაც ახალგაზრდა დემურჩიევი — „მზვერავი ღმერთისგან ბოძებული ნიჭით“, როგორც რეპორტაჟში უწოდებენ — რუკებზე დახრილი ჰყვება, რა იგრძნო, როდესაც „ქარავანი“ (მტრის ავტოკოლონა) ჩაიგდო ხელში. დემურჩიევი ღიმილით უპასუხებს, რომ ეს განცდა პირველი შვილის დაბადებას ჰგავს.

ახალგაზრდა დემურჩიევი ალექსანდრ სლადკოვის ფილმში „კავკასიური ჯვარი“, რომელიც მეორე ჩეჩნეთის ომს ეხება.
ახალგაზრდა დემურჩიევი ალექსანდრ სლადკოვის ფილმში „კავკასიური ჯვარი“, რომელიც მეორე ჩეჩნეთის ომს ეხება.

ჩეჩნეთი, მოჭრილი ორგანოების კონტექსტში, ასევე გაახსენდა დემურჩიევის მეუღლესაც, როდესაც ქმრისგან ადამიანთა სხეულის ნაწილების ფოტო მიიღო:

- მეგონა, ეს ჩეჩნეთის დროინდელი ზღაპრები იყო. აღმოჩნდა, მართალი ყოფილა.

ჩეჩნეთის ომების პერიოდში ჟურნალისტები და უფლებადამცველები წერდნენ, რომ რუსეთის არმიის სამხედროები სხეულთა დასახიჩრების პრაქტიკას იყენებდნენ.

1996 წელს „ტროფეის“ სახით მოჭრილი ყურებით კამერის წინაშე იწონებდნენ თავს რუსი სამხედროები, რომლებიც თავისი პუბლიცისტური გადაცემისათვის („Дни“) ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა, ალექსანდრ ნევზოროვმა ჩაწერა. რეპორტაჟში პირველი ჩეჩნური ომის ერთ-ერთი მონაწილე, „კოსტია პიტერსკი“ კამერაში აჩვენებს ცისფერ ბერეტზე დაადებულ მოჭრილ ყურს და ამბობს, რომ ასე მოექცევიან ყველა ჩეჩენს, ვინც რუსების წინააღმდეგ იბრძოლებს.

ნევზოროვი მაყურებელს არწმუნებს: „შემიძლია ზუსტად გითხრათ, რთულია იპოვო მზვერავი, რომელსაც ფორმის ჯიბეში გამხმარი ჩეჩნური ყური არ უდევს. განსაკუთრებულ შემთხვევებში მას წარადგენენ ხოლმე როგორც მოწმობას“.

2000–2001 წლებში უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა „მემორიალმა“ და Human Rights Watch-მა განაცხადეს, რომ ჩეჩნეთში მიაკვლიეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სამარხებს და, რომ ბევრ ცხედარს მძიმე დასახიჩრების კვალი ემჩნეოდა: აძრობილი ჰქონდათ კანი, მათ შორის სკალპიც; მოტეხილი ჰქონდათ კიდურები და დაჭრილი, როგორც თითები, ასევე ყურები.

რუსული მედია ამტკიცებდა მსგავსი პრაქტიკა არსებობდა ჩეჩენ სამხედროებშიც. „მეორე დღეს სანიტრებმა გვამი ვაგონ-რეფრიჟერატორიდან გამოიტანეს და ღია ცის ქვეშ, იასამნის ბუჩქის ქვეშ მდგარ მაგიდაზე დაასვენეს. საშინელი, აუტანელი სუნი იდგა. გვამს ყურები ჰქონდა მოჭრილი, რადგან ჩეჩნებს აქვთ ჩვეულება — მოკლულ მტერს ყურები ტროფეის სახით მოაჭრან,“ — წერდა ჟურნალი „კომერსანტ-ვლასტი“ (Коммерсантъ-Власть) 1997 წელს.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული, რუსი სამხედროების მიერ ყურების მოჭრის შემთხვევები საჯაროდ არ გამხდარა ოფიციალური გამოძიებების ან სამხედრო დანაშაულის ბრალდებების საგანი.

თუმცა შემთხვევა, რომლითაც დემურჩიევი ტრაბახობს, სავარაუდოდ, ერთადერთი არ არის. 2022 წელს პროექტმა „სქემები“ შეისწავლა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩაწერილი რუსი სამხედროების საუბრები. ერთ-ერთ ჩანაწერში სამხედრო ჰყვებოდა უკრაინელის ტყვის შესახებ: „ლაპარაკი არ უნდოდა. ყური მოაჭრეს“.

გენერალი დემურჩიევი ყურების მოჭრას 2022 წლის შემდეგაც ახსენებს. 2024 წლის ბოლოს იგი ხმოვან შეტყობინებას უგზავნის „ვალერი ნეპოპს“:

— თქვენ ხართ ბოსი სუპერ ორგანიზაციაში, ჩემი ოცნების სამსახურში. თქვენ კიდევ ყურებს ჭრით. თუმცა ჩვენს ასაკში ამას უკვე აღარ აკეთებენ, სხვებს თუ უბრძანებენ რაღაცის გაკეთებას.

მიმოწერაში დემურჩიევი „ვალერი ნეპოპს“ სახელითა და მამის სახელით მიმართავს და აღნიშნავს, რომ იგი „საიდუმლო ოფიცერია“. ნეპოპი ვალერი ნიკოლოზის ძე - სახელისა და გვარის ასეთი კომბინაცია რუსეთში ძალიან იშვიათია. ჟურნალისტურმა პროექტმა „სისტემამ“ მხოლოდ ერთ ასეთ ადამიანს მიაკვლია: რუსეთის მონაცემთა ბაზებიდან გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით, ასეთი გვარ-სახელის ადამიანი საცხოვრებელ მისამართად უთითებს მოსკოვში მდებარე საერთო-საჯარისო აკადემიის საერთო საცხოვრებელს, ხოლო სატელეფონო წიგნებში ჩაწერილია როგორც „ვალერა ვიმპელი“ და „ვალერა ФСБ“.

ბოლო წლებში ყურების მოჭრის ყველაზე ცნობილი შემთხვევა უკრაინის ფრონტზე არ მომხდარა, თუმცა პირდაპირ უკავშირდება სპეცსამსახურების საქმიანობას. 2024 წლის მარტში, მოსკოვის საკონცერტო კომპლექს Crocus City Hall-ში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა ერთ-ერთი ეჭვმიტანილის დაკავების ვიდეო. მოკლე ჩანაწერში, რომელიც სოციალური ქსელებით გავრცელდა, კამუფლაჟში ჩაცმული ადამიანი დანით აჭრის ეჭვმიტანილს ყურს და ცდილობს მისთვის ყურის ფრაგმენტის პირში ჩატენას.

„უტილიზაცია თუ შენ გადმოგცე?“

დემურჩიევი სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობაზე ხშირად მსჯელობს თანამოსაუბრესთან, რომელიც რუს გენერალს თავის ტელეფონში ჩაწერილი ჰყავს „გრეკად“. მიმოწერის კონტექსტიდან ჩანს, რომ „გრეკი“ სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომელია, სახელად რომანი. დემურჩიევი მას რეგულარულად გადასცემს ტყვეებს, რომლებსაც „საჩუქრებს“ უწოდებს.

— ერთი ტყვე მყავს... შემიძლია გაჩუქო. აგე, ზის იქ, ორმოში... რა ვუყო — უტილიზაცია თუ შენ გადმოგცე? — ეკითხება გენერალი კონტრდაზვერვის ოფიცერს 2023 წლის ოქტომბერში.

„გრეკი“ თანხმდება წაიყვანოს ტყვე, თუმცა დემურჩიევი ამატებს:

— უბრალოდ დრო არ გვქონდა მის საწამებლად, ამიტომ ინფორმაცია მშვიდობიანად მივიღეთ... მაგრამ თქვენ ხომ ბევრი დრო გაქვთ — შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა მეთოდი, რაც ადამიანს სიმართლის თქმას აიძულებს.

ტყვის ფოტოსა და დაკითხვის ოქმის მიხედვით, რომლებიც კონტრდაზვერვის ოფიცერმა და დემურჩიევმა ერთმანეთს გაუზიარეს, დადგინდა უკრაინელი სამხედროს ვინაობა: 40 წლის მოხალისე ზაპოროჟიედან, რომელმაც ტყვეობაში ერთი წელი და ათი თვე გაატარა. პროექტ „სქემების“წყაროების ცნობით, რუსები ამ უკრაინელ ტყვეს ალთაის წინასწარი დაკავების იზოლატორში ამყოფებდნენ, 2025 წლის ზაფხულში კი იგი ტყვეთა გაცვლის შედეგად დაბრუნდა უკრაინაში.

„სქემების“ ჟურნალისტებმა სცადეს ყოფილ ტყვესთან დაკავშირება მისი ოჯახის წევრების დახმარებით, თუმცა მან განაცხადა, რომ კვლავ მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და, რომ წამებაზე საუბარი არ შეეძლო, თუმცა აღნიშნა, რომ მას სასტიკად სცემდნენ და ელექტროშოკითაც აწამებდნენ.

მაშინ, 2023 წლის სექტემბრის ბოლოს, მხოლოდ ის არ ჩავარდნილა ტყვედ.

— კიდევ ერთი იყო, მაგრამ ვერ გადარჩა. ნაბიჭვარი, — მიწერა დემურჩიევმა თანამოსაუბრეს ტყვის გადაცემის შემდეგ.

— სწორია. პირადად მე უტილიზაციის მომხრე ვარ. სხვანაირად ვერ გავიმარჯვებთ, — უპასუხებს „გრეკი“.

თუმცა „გრეკი“ მხოლოდ „საჩუქრების“ - ტყვეების მიღებით არ შემოიფარგლება. ზოგჯერ თავადაც გადასცემს ადამიანებს დემურჩიევს, თხოვნით, რომ ისე „გააქროს“ ისინი, რომ ამის შესახებ არავინ გაიგოს.

2023 წლის აგვისტოში მათ შორის ასეთი დიალოგი შედგა:

— საქმე მაქვს. ფარული, - ატყობინებს „გრეკი“. - რამდენიმე „პიდარასი“ დავაკავეთ ასაფეთქებელი მოწყობილობების სამალავებთან. რეზიდენტურის ნამდვილი წევრები... მაგრამ გამოძიებისთვის მათი გადაცემა არ შეიძლება. წინადადება მაქვს - რამდენიმე დღით შენ მოგცეთ, სანგრების სათხრელად... და მერე იქვე რომ დარჩნენ. სამუდამოდ.

„გრეკი“ ითხოვს საიმედო, „არამოლაყბე“ ადამიანებს, რათა ამ გეგმის შესახებ სხვა კოლეგებმა სამხედრო კონტრდაზვერვიდან არაფერი გაიგონ.

დემურჩიევი თანხმდება და თან ატყობინებს კონტრდაზვერვის ოფიცერს, რომ სურს მისთვის კონტრაბანდული შავი ხიზილალის „ჩუქება“.

ხშირად გენერალი თავის ხელქვეითებთან უკვე განხორციელებულ მკვლელობებსა და ტყვეებზე ძალადობასაც განიხილავს.

2024 წლის დეკემბრის მიმოწერაში ჩნდება რუსული თერმოგრაფით (თბოვიზორით) გადაღებული ვიდეო. ვიდეო-ჩანაწერში ასეთი დიალოგი ისმის:

— ანაწევრებენ?

— ჰო, ნიჩბით.

— ჩვენები?

— ჰო.

— რა ჩემი ... !

ვიდეო: ყოფილი პატიმარი კლავს უკრაინელს მესანგრის ნიჩბით

ყოფილი პატიმარი კლავს უკრაინელს მესანგრის ნიჩბით
please wait
ყოფილი პატიმარი კლავს უკრაინელს მესანგრის ნიჩბით

No media source currently available

0:00 0:00:35 0:00

დემურჩიევისა და მისი კოლეგების სხვა შეტყობინებების მიხედვით შესაძლებელია იმის გარკვევა, თუ რა მოხდა: რუსმა სამხედროებმა, ყოფილმა პატიმრებმა სამი უკრაინელი სამხედრო მოკლეს მესანგრის ნიჩბებით მას შემდეგ, რაც ისინი ტყვედ ჩაბარდნენ. ერთ-ერთ ხმოვან შეტყობინებაში დემურჩიევი ამბობს:

— უკვე მოგახსენე. ორი „ზეკი“ (პატიმარი) შევიდა „საყრდენზე“, პოზიციაზე, იქ კიდევ სამი ხოხოლია. ტყვედ აიყვანეს და მერე ნიჩბებით დაჩეხეს, მაგათი დედაც... მხეცები.. აი, ნახე, განაჩენის ნიჩბებით აღსრულება, ამის დედაც... - ამბობს რუსი გენერალი.

თანამოსაუბრეები უპასუხებენ:

— მერე რა მოხდა? იმ „ზეკებს“ დრონით დაარტყეს? ბოლო ვიდეოში რაღაც ფეთქდება თუ რა არის?

— იქნებ ჯერ მოკლეს და მერე გაჟიმეს... (იცინიან).

პროექტმა „სქემები“ დაადგინა უკრაინის ის ქვედანაყოფი, რომლის სამხედროებიც დახოცეს. ქვედანაყოფში დაადასტურეს, რომ შემთხვევა მოხდა დონეცკის ოლქში, მაკეევკას მახლობლად. მათი თქმით, საუბარში ნახსენები „ზეკები“ იყვნენ რუსეთის არმიის 20-ე საერთო-საჯარისო არმიის შემადგენლობაში მყოფი 252-ე მოტომსროლელი პოლკის „შავი მამბას“ ქვედანაყოფის წევრები. უკრაინულმა მხარემ დაღუპულთა სახელების გასაჯაროებაზე უარი თქვა, რათა მათი ოჯახებისთვის დამატებითი ტრავმა არ მიეყენებინათ.

სამხედრო ტყვეების მკვლელობა, თვითნებური ანგარიშსწორება, წამება და სხეულის ნაწილების მოჭრა აკრძალულია სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის 1949 წლის ჟენევის კონვენციით შესახებ, რომლის მონაწილედაც ითვლება რუსეთი როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე. კონვენციის მიხედვით, განზრახ მკვლელობა და მძიმე დასახიჩრება მძიმე დანაშაულებად კლასიფიცირდება.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ასევე განსაზღვრავს სამხედრო მეთაურების პასუხისმგებლობას იმ ქმედებებზე, რომლებსაც მის დაქვემდებარებაში მყოფი ძალები ახორციელებენ.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ასევე განსაზღვრავს მეთაურების პასუხისმგებლობას იმ ქმედებებზე, რომლებსაც მათი დაქვემდებარებულები სჩადიან: მეთაური პასუხისმგებელია არა მხოლოდ მკვლელობის ან წამების ბრძანების გაცემაზე, არამედ იმ შემთხვევებშიც, თუ მან იცოდა კანონდარღვევის შესახებ და არ სცადა დანაშაულის აღკვეთა ან დამნაშავეებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება.

გენერალმა დემურჩიევმა არა მხოლოდ იცოდა ნიჩბებთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ. როგორც მიმოწერიდან ჩანს, მან ამის შესახებ აცნობა თავის უშუალო უფროსს, 20-ე არმიის სარდალს, გენერალ ოლეგ მიტიაევს.

ამ უკანასკნელმა ქმედებას მაღალი შეფასება მისცა:

— ზეკებმა, რომლებმაც პოზიცია აიღეს, ნიჩბებით დაჩეხეს მოწინააღმდეგეები. ღმერთმა ქნას, გადარჩნენ, აუცილებლად წარადგინეთ დაჯილდოებაზე. ნელ-ნელა მიაწექით, ყოჩაღ. <...> კარგები ხართ, მიაწექით, მიაწექით ამ ნაძირალებს, მაგათი დედაც ....

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ არ უპასუხა რედაქციის მოთხოვნას, კომენტარი გაეკეთებინათ სამხედრო ტყვეების წამებისა და მკვლელობების შესახებ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG