Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის „ფინლანდიზაცია“, რომელიც აბნევს და აღიზიანებს


ემანუელ მაკრონისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია კიევში. 2022 წლის 8 თებერვალი
ემანუელ მაკრონისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია კიევში. 2022 წლის 8 თებერვალი

თუ უკრაინაში ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის კონტექსტში „ფინლანდიზაციის“, როგორც ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ამასწინანდელი კომენტარით გამოწვეული წყენა, ჰელსინკიში ამ ტერმინის ხსენებამ მწარე მოგონებები აღძრა.

1939-1940 წლების „ზამთრის ომის“ შემდეგ, საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის 1948 წელს დადებულმა ხელშეკრულებამ ცივი ომით გაყოფილ ევროპაში ნატოს მიღმა დატოვა ფინეთი და მომავალი ათწლეულის განმავლობაში განსაზღვრა ჰელსინკის ნეიტრალური კურსი.

არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის კონტექსტში კრემლი უკრაინისგან სწორედ „ფინლანდიზაციის“ მოდელის მიღწევას ესწრაფვის. ცივი ომისდროინდელი ეს გეოპოლიტიკური ტერმინი ნიშნავს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის შენარჩუნებას საკუთარი საგარეო პოლიტიკის კრემლის კურსთან ჰარმონიზაციის პარალელურად.

თუ ფინეთში ეს ტერმინი ზოგიერთებისათვის სალანძღავად ითვლება, დღევანდელ კიევში „ფინლანდიზაციის“ მოდელზე საუბარი პრაქტიკულად ეროვნული ღირსების შეურაცხყოფაა, რაც ემანუელ მაკრონის ვიზიტის კონტექსტში ამ ტერმინის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმაც დაადასტურა.

არის თუ არა „ფინლანდიზაცია“ ევროპის დისკურსის ნაწილი?

უკრაინის „ფინლანდიზაციაზე“, როგორც ემანუელ მაკრონის დიპლომატიური დისკურსის ნაწილზე, საუბარი დასავლურ მედიაში, მოსკოვში საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ დაიწყო. ამ თემას ვრცელი სტატია მიუძღვნა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“.

„საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ორშაბათს გამოიყენა ცივი ომისდროინდელი ტერმინი, როდესაც მოსკოვში გამგზავრებისას ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინის „ფინლანდიზაცია“ იქნებოდა რუსეთთან დაძაბულობის განსამუხტად მოლაპარაკების მაგიდასთან განსახილველი ერთ-ერთი მოდელი“, - წერს ამერიკული გამოცემა.

„ფინლანდიზაციის“ მოდელის გამოყენებას უკრაინასთან მიმართებით ცალსახად მიუღებელს უწოდებს ევჰენ მაგდა, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი.

„თუ მართალია უკრაინის ფინლანდიზაციის შესახებ წინადადება, რასაც ემანუელ მაკრონს მიაწერენ, ეს მისი სერიოზული პოლიტიკური შეცდომაა და ადასტურებს იმას, რომ ბოლომდე არ ესმის უკრაინაში შექმნილი სიტუაცია. ყოველ შემთხვევაში, ამაზე უკვე წერს დასავლეთის პრესა და მე ვფიქრობ, რომ ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს ევჰენ მაგდამ.

8 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, მაკრონმა „ბლუმბერგის“ შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ მას არ გამოუყენებია ტერმინი „ფინლანდიზაცია“. „მე პირიქით ვთქვი, რომ ჩვენ არ შეგვიძლია შევწყვიტოთ ნატოს ღია კარის პოლიტიკა, რადგან ბევრ ქვეყანას შეექმნება პრობლემა, კერძოდ, ფინეთს. მაგრამ მე ასეთი ფორმულირება უკრაინის მიმართ არასოდეს გამომიყენებია და არ ვიცი, თუ საიდან გაჩნდა ეს ტერმინი“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოგვიანებით მხარი დაუჭირა ემანუელ მაკრონს და 8 თებერვალს განაცხადა, რომ საფრანგეთის ლიდერისგან ასეთი ტერმინი არ მოუსმენია.

მაგრამ „ფინლანდიზაციასთან“ ოდნავ მიახლოებულ მოდელზე მსჯელობამაც კი უკრაინის ისტებლიშმენტის გაკვირვება და შეშფოთება გამოიწვია.

„ეს მიუღებელია უკრაინისთვის. თუ თქვენ იღებთ ისეთ რამეს, რასაც თავს გახვევენ, მაგალითად, მუდმივ ნეიტრალიტეტს, ლოგიკურად, სანაცვლოდ რაღაც უნდა მიიღოთ. მაგრამ რას მიიღებს უკრაინა სანაცვლოდ? ამის შესახებ რუსეთი არაფერს ამბობს?“ - აცხადებს ალექსეი მელნიკი, კიევში მდებარე რაზუმკოვის ანალიტიკური ცენტრის „საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების“ პროგრამების თანახელმძღვანელი.

დღევანდელი ფინეთი და „ფინლანდიზაცია“

თავად ფინეთში ტერმინი ფინლანდიზაცია ექოსავით ატარებს გასული ეპოქის წუხილსა და უხერხულობას.

„ფინელების თვალსაზრისით ეს შეურაცხმყოფელი ტერმინია. იგი ფინელებს არ მოსწონთ. ისინი ამ ტერმინს არავის არასოდეს შესთავაზებენ პოლიტიკური ვარიანტის სახით. ფინელები არასოდეს ისურვებდნენ, რომ ეს წინადადება გარედან ყოფილიყო თავს მოხვეული“, - ამბობს მატი პესუ, ჰელსინკის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

ფინეთ-საბჭოთა კავშირს შორის 1948 წელს ხელმოწერილი მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმება ჰელსინკისა და მოსკოვს შორის ომისშემდგომი ურთიერთობების განმსაზღვრელ ფუნდამენტურ დოკუმენტად იქცა.

ამ შეთანხმებით მოსკოვი, კერძოდ, იძლეოდა გარანტიას, რომ არ დაესხმოდა თავს ფინეთს.

მაგრამ ტერმინი „ფინლანდიზაცია“ 1960-იან წლებში თავდაპირველად გერმანიაში გავრცელდა, იმ მდგომარეობის აღსაწერად, რომელიც ხსნიდა, თუ როგორ შეეძლოთ საბჭოთა კავშირის მახლობლად განლაგებულ ქვეყნებს თავიანთი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ისე შენარჩუნება, რომ არ განეცადათ საბჭოთა არმიის ან ვარშავის ბლოკში შემავალი ქვეყნების მხრიდან ინტერვენცია.

„თუ ჩვენ ამ მდგომარეობას განვხილავთ, როგორც მოსკოვთან ასიმეტრიული ურთიერთობების პროცესში ფინეთის გადარჩენის მექანიზმსა და ინსტრუმენტს, მაშინ შეგვიძლია მასზე დადებითი საუბარი. მაგრამ ამას ჰქონდა მომწამვლელი ზემოქმედება შიდა პოლიტიკაზე“, - ამბობს ჩარლი სალონიუს-პასტერნაკი, ჰელსინკიში მცხოვრები საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი.

ეს ნეგატიური გავლენა აშკარად აღიქმებოდა 1970-იან წლებში და მისი განსახიერება იყო მაშინდელი პრეზიდენტი ურჰო კეკონენი, რომელიც 25 წლის განმავლობაში იმყოფებოდა სახელმწიფო მეთაურის პოსტზე.

ფინელი ექსპერტების თქმით, პრეზიდენტ კეკონენის მმართველობის დროს ფინეთის პოლიტიკა უხერხულად დამთმობად და „შეფერუმარილებულად“ გამოიყურებოდა მოსკოვთან მიმართებით. ფინელი პოლიტიკოსებისთვის შეუძლებელი იყო დაწინაურებულიყვნენ პარლამენტსა თუ სხვა სახელისუფლებო ვერტიკალში მოსკოვის ნებისმიერი ხმამაღალი საჯარო კრიტიკის შემთხვევაში. ხოლო ფინეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იშვიათად აკრიტიკებდნენ მოსკოვს.

როგორც მატი პესუ ამბობს, სწორედ ასეთი ურთიერთობის გამო, „ცივი ომის“ პერიოდში ფინეთში არასოდეს გამოუქვეყნებიათ ალექსანდრ სოლჟენიცინის, ნობელის პრემიის ლაურეატის ნაწარმოებები. ამის მაგივრად, სოლჟენიცინი ფინურ ენაზე შვედმა გამომცემლებმა თარგმნეს და გამოსცეს.

მაგრამ „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ფინეთმა აქტიურად დაიწყო დასავლეთთან დაახლოების პოლიტიკა. 1995 წელს ფინეთი ოფიციალურად გახდა ევროკავშირის წევრი, ხოლო 2014 წელს, როდესაც რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს.

და მიუხედავად იმისა, რომ ფინეთი არ არის ნატოს წევრი, იმაზე უფრო მეტად არის ინტეგრირებული ალიანსში, ვიდრე ეს გარედან ჩანს. ამ ინტეგრაციის ხაზგასმა იყო აშშ-ისგან 64 ერთეული F-35 გამანადგურებელი თვითმფრინავის შეძენის თაობაზე ფინეთის მთავრობის შარშანდელი დეკემბრის გადაწყვეტილება, რაც ჰელსინკის 9,4 მილიარდი ამერიკული დოლარი დაუჯდა. ფინური მედიის თანახმად, ეს გამანადგურებლები სწორედ რუსეთის საზღვრებთან განლაგდება სამხედრო ამოცანების შესასრულებლად.

ექსპერტების აზრით, ამგვარად, ფინეთი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ბუფერული სახელმწიფო იყო საბჭოთა კავშირსა და ნატოს შორის, ამჟამად მთლიანად თავსებადია დასავლეთის ალიანსთან და მისი ნატოში გაწევრიანება მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობის არჩევანზეა დამოკიდებული.

ნეიტრალიტეტი და საქართველო

თუ რამდენიმე მარგინალურ პოლიტიკურ ძალას არ მივიღებთ მხედველობაში, საქართველოში, ისტებლიშმენტში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის იდეა სერიოზულად არ განიხილება. თუმცა, არასწორია იმის თქმა, რომ ნეიტრალიტეტის მოდელს საქართველოში მომხრეები არ ჰყავს.

ამ მხრივ რამდენიმე გარემოებაზე შეიძლება ყურადღების გამახვილება.

პირველი ეს არის „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC) მიერ 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევა სახელწოდებით „კავკასიის ბარომეტრი 2017“.

იმხანად სერიოზული კრიტიკა მოჰყვა „კავკასიის ბარომეტრი 2017“-ის ერთ მიგნებას. კერძოდ, გამოიკვეთა იმ გამოკითხულთა რიცხვის ზრდა, ვინც საქართველოს ნეიტრალიტეტს ემხრობა და თვლის, რომ კონფლიქტებიც უფრო იოლად დარეგულირდება და ქვეყანაც უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს თავს, თუკი ის არცერთ სამხედრო ბლოკში არ გაწევრიანდება:

„მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მაღალია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს უჭირს თავისი ქვეყნის ადგილის დანახვა რომელიმე ამ გაერთიანებაში და, შეძლებისდაგვარად, მაინც ნეიტრალიტეტს ამჯობინებს“, - ნათქვამი იყო კვლევაში.

შეკითხვაზე, თუ საქართველო ნეიტრალური იქნება, შეიძლება თუ არა ეს დაგვეხმაროს კონფლიქტების მოგვარებასა და უსაფრთხოების გაძლიერებაში? - გამოკითხულ რესპონდენტთაგან ამ შეკითხვას სრულად 31 %, ხოლო გარკვეულწილად 20 % დაეთანხმა.

რაც შეეხება მეორე მოსაზრებას: მეტ სარგებელს მოუტანს თუ არა საქართველოს რომელიმე ბლოკში გაწევრიანება? - ამ შეკითხვას სრულად გამოკითხულთა 12%, გარკვეულწილად კი - 20% დაეთანხმა.

ამ ტენდენციას შემაშფოთებელი უწოდეს ანალიტიკოსებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ის დიდწილად რუსეთის ინტერესების წისქვილზე ასხამს წყალს.

საქართველოს ნეიტრალიტეტის კონტექსტში ასევე დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა 2019 წლის აპრილის დასაწყისში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისათვის მიცემულ ინტერვიუს, რომელშიც სააკაშვილმა გაიხსენა, რომ 2008 წლის ომამდე პუტინთან საუბარში მზაობა გამოთქვა, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სანაცვლოდ ნატოს წევრობის ამბიციაზე უარი ეთქვა.

იმხანად სოციალურ ქსელებში ითქვა, რომ სააკაშვილი არ ყოფილა პროდასავლური კურსის პრინციპული მომხრე და რომ დიდი განსხვავება არ ყოფილა მასსა და იმ პრორუსულად შერაცხილ ძალებს შორის, ვინც სწორედ ამას ამბობს: უარი ვთქვათ ნატოზე და ამით აფხაზეთს დავიბრუნებთო.

მიხეილ სააკაშვილის ამ მოსაზრებას რადიო თავისუფლებაში მაშინ ბლოგი მიუძღვნა პოლიტოლოგმა გია ნოდიამ. მესამე პრეზიდენტის მისამართით გამოთქმული ასეთი შეფასებები მან პრინციპულად არასწორად მიიჩნია და შეეცადა აეხსნა, თუ რატომ გაიხსენა სააკაშვილმა პუტინთან თავისი კონფიდენციალური საუბარი, რომელიც მას ადრეც ჰქონია მოყოლილი.

„ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს ეს არჩევანი მართლაც აქვს: ის აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას და აღარ აქვს რუსეთის მხრიდან ეგზისტენციალური საფრთხე, მაგრამ ამას აღწევს ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმით. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა საკითხის ასეთ გადაწყვეტას დაეთანხმებოდა და ეს სრულიად ბუნებრივი იქნებოდა“, - წერს ნოდია.

პოლიტოლოგის აზრით, ნატო თვითმიზანი არაა, ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტია და თუ ამ მეთოდით შეგიძლია, გვერდი აუარო მთავარ საფრთხეს, რომელსაც ნატოზე ორიენტაციით ვერ წყვეტ, მაშინ ეს მეთოდი უნდა აირჩიო.

„ასეთი გადაწყვეტილება თავისთავად არც საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციაზე უარის ტოლფასი იქნებოდა. ეს ორიენტაცია ევროპული ცივილიზაციის ღირებულებების და ინსტიტუტების არჩევას ნიშნავს. ფინეთი, შვედეთი, ავსტრია სხვადასხვა მოსაზრებებით ნატოში არ შესულან, მაგრამ ევროპული ტიპის ინსტიტუტები აქვთ და რუსეთს არ გვანან“, - წერს გია ნოდია, რომელიც დარწმუნებულია, რომ პუტინთან სააკაშვილის საუბრის გახსენებით არ შეიძლება დავასკვნათ, რომ მესამე პრეზიდენტი რეალურად აპირებდა საქართველოს პროდასავლური კურსიდან გადახვევას.

„მით უმეტეს, ეს არანაირად არ გამოდგება იმის არგუმენტად, რომ დასავლურ ორიენტაციაზე უარის თქმით რუსეთთან ურთიერთობაში რაიმე მხრივ ვიხეირებთ. ზუსტად პირიქით: ის იმის კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ დასავლური ორიენტაცია ჩვენთვის ერთადერთი სწორი არჩევანია, მათ შორის უსაფრთხოების პოლიტიკის პრაგმატული მოსაზრებებით“, - წერს ნოდია.

ამ „პრაგმატული მოსაზრებით“, საქართველოში სტაბილურად იზრდება ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი.

  • აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით საქართველოში 2021 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა კვლავაც აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას.
  • საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი - ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, მისაღებია 83%-ისთვის, ივლისის შემდეგ ამ გადაწყვეტილების მომხრეთა რაოდენობა 7%-ით არის გაზრდილი. NDI-ის მიერ 2021 ივლისში გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას 76% ემხრობოდა.
  • გაზრდილია ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრეთა პროცენტული რიცხვი. თუ გასული წლის ივლისში ამ აზრის მომხრე იყო 74%, დეკემბერში ეს რიცხვი 77%-მდე გაიზარდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG