Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავარ მტრად რუსეთი დასახელდა 


„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC) მიერ გამოქვეყნებული გამოკვლევის - "კავკასიის ბარომეტრი 2017"-ის თანახმად, გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი რუსეთს მთავარ მტრად, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებს მთავარ მეგობრად მიიჩნევს. მართალია, წლების მიხედვით გარკვეული ცვლილებები შეინიშნება, მაგრამ ორგანიზაციის ინფორმაციით, სტაბილურია მოსახლეობის განწყობები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ და გამოკითხულთა უფრო მეტი ნაწილი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს. თუმცა საყურადღებო სურათი გამოიკვეთა ნეიტრალიტეტის მომხრეთა რაოდენობის ზრდის კუთხით, რაც, ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის ზეგავლენის შედეგად შეიძლება მივიჩნიოთ.

გადმოწერა

"კავკასიის ბარომეტრი 2017"-ის გამოკვლევა

"კავკასიის ბარომეტრი 2017"-ის თანახმად:

  • მომავლისადმი იმედიანად განწყობილი რესპონდენტები უფრო მეტად ემხრობიან საქართველოს გაწევრიანებას ნატოსა და ევროკავშირში.
  • რესპონდენტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მთავრობა დაქირავებულია ხალხის მიერ და ხალხი მის საქმიანობას უნდა აკონტროლებდეს, უფრო მეტად ემხრობიან საქართველოს გაწევრიანებას ნატოსა და ევროკავშირში.
  • რესპონდენტები, რომლებიც თვლიან, რომ მთავრობამ უნდა იზრუნოს ადამიანებზე, როგორც შვილებზე, მეტად ემხრობიან ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას.

გამოკითხულთა 25 % საქართველოს მთავარ მეგობრად ასახელებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, 7 % - აზერბაიჯანსა და უკრაინას, ხოლო 6% -იანი მაჩვენებელი თურქეთსა და რუსეთზე მოდის. რაც შეეხება მთავარი მტრის სტატუსს, ამ მხრივ მნიშვნელოვნად ლიდერობს რუსეთი 40%-იანი მაჩვენებლით. როგორც „CRRC - საქართველოს“ პოლიტიკის უფროსმა ანალიტიკოსმა დავით სიჭინავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, გამოკითხულებს ქვეყნების დასახელების სრული თავისუფლება ჰქონდათ:

„რესპონდენტებს შეეძლოთ თავად დაესახელებინათ ქვეყანა. ინტერვიუერი იწერს და შემდეგ ხდება შეჯამება. პრინციპში, როგორც ხედავთ, მტრის დასახელებასთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად ერთსულოვანია ხალხი, ხოლო მეგობართან დაკავშირებით ბევრი სხვადასხვა ქვეყანაა დასახელებული. თუმცა გასათვალიწინებელია, რომ თითქმის მეოთხედი აცხადებს, რომ არ იცის ან უარს ამბობს ამ კითხვაზე პასუხის გაცემაზე“.

„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ თანახმად, თუკი 2012 წლიდან კლება შეინიშნებოდა, 2017 წელს მაჩვენებლები ზრდისკენ წავიდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რიგებში. გაირკვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა 45 %-მა, ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა 41 %-მა , ხოლო რუსეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა გამოკითხულთა 19 %-მა გამოხატა. თუმცა იმის გამო, რომ “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ გამოკითხვაში (მის საველე სამუშაოებსაც, სხვათა შორის, ასევე „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი“ ატარებს) მაჩვენებლები ბევრად მაღალი იყო, დავით სიჭინავას განმარტებების გაკეთება მოუხდა. მისი თქმით, ერთსა და იმავე თემაზე განსხვავებულად დასმული შეკითხვები, როგორც წესი, განსხვავებულ შედეგებს გვაძლევს და ამ შემთხვევაში „კავკასიის ბარომეტრს“ საგანგებო მიზანი ამოძრავებდა:

„ჩვენ გვინდოდა იმის გარკვევა, თუ რამდენად უჭერენ მხარს რესპონდენტები საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, ნატოში ან ევრაზიულ კავშირში. გვაქვს 5-ბალიანი სკალა, სადაც „1“ ნიშნავს, რომ რესპონდენტი საერთოდ არ უჭერს მხარს, ხოლო „5“ მაქსიმალურ მხარდაჭერას ნიშნავს... ჩვენ ამ შემთხვევაში გვაინტერესებს მხარდაჭერის სიძლიერე. ასეთი სკალა რომ არ გვქონოდა, წარმოდგენა არ გვექნებოდა ჩამოუყალიბებელი ადამიანების შესახებ. ამიტომ მხარდაჭერის სიძლიერის შესაფასებლად ჩვენ ვიყენებთ ასეთ მიდგომას“.

"კავკასიის ბარომეტრი 2017"-ის თანახმად:

მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არ იცის, რომ აშშ-ი ყოველწლიურად 600 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფს, ხოლო რუსეთი 100 მილიარდზე ნაკლებს გამოყოფს. რუსეთი მესამე ადგილზეა აშშ-ისა და ჩინეთის შემდეგ...
ნიკა ჩიტაძე

მომავლისადმი იმედიანად განწყობილი რესპონდენტები უფრო მეტად ემხრობიან საქართველოს გაწევრიანებას ნატოსა და ევროკავშირში.

რესპონდენტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მთავრობა დაქირავებულია ხალხის მიერ და ხალხი მის საქმიანობას უნდა აკონტროლებდეს, უფრო მეტად ემხრობიან საქართველოს გაწევრიანებას ნატოსა და ევროკავშირში.

რესპონდენტები, რომლებიც თვლიან, რომ მთავრობამ უნდა იზრუნოს ადამიანებზე, როგორც შვილებზე, მეტად ემხრობიან ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას.

დავით სიჭინავას თქმით, გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ყოველდღიურად მეტს ფიქრობს უმუშევრობასა და სიღარიბეზე, ვიდრე, ვთქვათ, რომელიმე კავშირში გაწევრიანებაზე და, ამასთან, რომელიმე კონკრეტულ კავშირში გაწევრიანების საკითხის განხილვისას გადამწყვეტ როლს კვლავ ეკონომიკური დაინტერესება თამაშობს.

ის, რომ გამოკითხულთა უფრო დიდი ნაწილი ამერიკას მეგობრად, ხოლო რუსეთს მტრად მიიჩნევს, არ უკვირს პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს. მას უფრო NDI-ს ბოლო კვლევაში გამოკვეთილი სურათი აოცებს, როცა გამოკითხულთა უფრო დიდი ნაწილი რუსეთს სამხედრო თვალსაზრისით ამერიკაზე უფრო ძლიერ ძალად აღიქვამს. თუმცა ამ მცდარ წარმოდგენებს თავისი ახსნა მოეძებნება:

ნიკა ჩიტაძე
ნიკა ჩიტაძე

„რუსეთის საოკუპაციო ძალები არიან საქართველოში და ძალის დემონსტრირებას საქართველოს ტერიტორიაზე რეალურად ისინი ახდენენ და, შესაძლოა, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ამიტომაც აქვს ასეთი მცდარი წარმოდგენა... მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არ იცის, რომ აშშ-ი ყოველწლიურად 600 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფს, ხოლო რუსეთი 100 მილიარდზე ნაკლებს გამოყოფს. რუსეთი მესამე ადგილზეა აშშ-ისა და ჩინეთის შემდეგ“.

რაც შეეხება „კავკასიის ბარომეტრი 2017“-ის კიდევ ერთ მიგნებას, იკვეთება იმ გამოკითხულთა რიცხვის ზრდა, ვინც საქართველოს ნეიტრალიტეტს ემხრობა და თვლის, რომ კონფლიქტებიც უფრო იოლად დარეგულირდება და ქვეყანაც უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს თავს, თუკი ის არც ერთ სამხედრო ბლოკში არ გაწევრიანდება:

ჩვენ გვინდოდა იმის გარკვევა, თუ რამდენად უჭერენ მხარს რესპონდენტები საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, ნატოში ან ევრაზიულ კავშირში...
დავით სიჭინავა

„მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მაღალია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს უჭირს თავისი ქვეყნის ადგილის დანახვა რომელიმე ამ გაერთიანებაში და, შეძლებისდაგვარად, მაინც ნეიტრალიტეტს ამჯობინებს“.

ამ ტენდენციას შემაშფოთებლად მიიჩნევენ ანალიტიკოსები, რადგანაც თვლიან, რომ ის დიდწილად რუსეთის ინტერესების წისქვილზე ასხამს წყალს. როგორც ნიკა ჩიტაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, თავისი საოკუპაციო პოლიტიკისა და აგრესიული ქმედებების გადასაფარად, რუსეთი ცდილობს საქართველოს მოსახლეობაში დანერგოს სიძულვილი სხვა ქვეყნების და, განსაკუთრებით, შეერთებული შტატებისა და თურქეთის მიმართ.

„CRRC-საქართველომ“ 2017 წლის 23 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში 2,379 რესპონდენტი გამოკითხა მთელი საქართველოს მასშტაბით.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG