Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმრავლესობამ "თიბისის საქმის" საჯარო განხილვა ჩაშალა


მიუხედავად მოლოდინისა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სხდომას არ დაესწრებოდა, კობა გვენეტაძე შეხვედრაზე მაინც მივიდა.
მიუხედავად მოლოდინისა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სხდომას არ დაესწრებოდა, კობა გვენეტაძე შეხვედრაზე მაინც მივიდა.

რისი თქმა უნდოდათ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის პარტნიორ ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე საზოგადოებამ ვერ გაიგო. „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ინიციატივით მოწვეული სხდომა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ დასრულებულად გამოაცხადა.

მიუხედავად მოლოდინისა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სხდომას არ დაესწრებოდა, კობა გვენეტაძე შეხვედრაზე მაინც მივიდა. არმისვლის მოლოდინს კი აჩენდა სხდომამდე ერთი დღით ადრე ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული წერილი, რომლის თანახმაც ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა პარლამენტში "თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხის საჯაროდ განხილვას.

„კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპის და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, რომელიმე კონკრეტულ ბანკთან დაკავშირებული საზედამხედველო ზომების განხილვა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ამგვარი დისკუსიებით, შესაძლოა, ზიანი მიადგეს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს“, - ეწერა ეროვნული ბანკის წერილში.

საკომიტეტო მოსმენაზე იგივე არგუმენტი გამოიყენა კობა გვენეტაძემ და განაცხადა, რომ რადგან „თიბისი ბანკი“ ეროვნულ ბანკთან აღარ დავობს, ამ საკითხის განხილვისთვის პარლამენტი შესაფერისი ადგილი არ არის.

„ასეთ სიტუაციაში რეგულატორის გადაწყვეტილების ასე განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა, არის რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა და ვფიქრობ, რომ ეს არის გავლენის მოხდენის მცდელობა რეგულატორზე“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ და აღნიშნა, რომ არ ახსენდება მსგავსი პრეცედენტი საერთაშორისო პრაქტიკაში.

ამ განცხადების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს კობა გვენეტაძემ მზადყოფნა გამოთქვა, რომ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებდა. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა ჩათვალეს, რომ ის პასუხებისგან თავის არიდებას ცდილობდა უმრავლესობის დეპუტატების მხარდაჭერით.

​„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს მიმართა კიდეც.

„ბატონო, კობა მე მგონია, რომ თქვენ გაქვთ თავმოყვარეობა, ხომ ხედავთ აქ რა ხდება, ნუ შეეცდებით, რომ უმრავლესობა გადაგეფაროთ. ვერ გავიგე თქვენი პასუხი, ხან თქვით, რომ აპირებთ პასუხი გაგვცეთ, ხან თქვით, რომ საფრთხის შემცველია. ერთხელ კიდევ მზად ხართ თუ არა გაგვცეთ პასუხი იმ კითხვებზე, რომლებიც არ არის საფრთხის შემცველი, თუ იზიარებთ უმრავლესობის მოსაზრებებს, რომ ახლა ამ კითხვებზე პასუხის დრო არ არის. თქვენ, ალბათ, არ აპირებთ, რომ თქვენი მომავალი დაისამაროთ, თქვენზეა ეს პასუხიმგებლობა და გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და აგვიხსენით, რა წილი პასუხისმგებლობა გეკისრებათ“.

არშემდგარი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ პარლამენტში მისვლის მიზანი სიმართლის თქმა იყო.

„ჩვენ იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, რომ დაგვეტოვებინა ბანკი, მაგრამ ჩვენ ღირსებას და სიმართლეს არ დავთმობთ... ჩვენ ვართ ბიზნესმენები და არანაირი პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის ჩვენ, ასე ვთქვათ, არ გვჭირდება არც ერთი ტრიბუნა. ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ გვეთქვა სიმართლე, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად გავაჟღერეთ განცხადებების სახით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

​მამუკა ხაზარაძე არც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას ეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ საპარლამენტო კომიტეტზე მსჯელობას შესაძლოა ზიანი მიეყენებინა "თიბისი ბანკისთვის". მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ საკითხი გასცდა კერძო ბიზნესმენებსა და ბანკს და ქვეყნის სტაბილურობასა და რეპუტაციას ეხება.

„თუ თქვენ მოიკითხავთ მსოფლიოს ნებისმიერ სააგენტოში, რა ინფორმაცია გადის დღეს საქართველოზე, ჩვენ უკვე ასოცირებულები ვხდებით რაღაც ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ აბსურდულ ბრალდებებთან. მე ბოლო ერთი თვის განმავლობაში მაქვს შეხვედრები თითქმის ყველა წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან და ეს არის ნომერი პირველი სალაპარაკო თემა. სამწუხაროა, რომ უკვე კომენტარებია, რომ საქართველო მიდის სხვა მიმართულებით. ეს არის ძალიან ცუდი მოსასმენი“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. მან წუხილი გამოთქვა, რომ საკომიტეტო სხდომამ ვერ განიხილა "თიბისი ბანკის" საკითხი.

ორკესტრირებული შეტევა

მამუკა ხაზარაძის თქმით, ის და ბანკი ორკესტრირებული შეტევები მსხვერპლი გახდა.

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მადისკრედიტირებელ კამპანიაში, რომ ცხრა პროსახელისუფლებო ფეისბუკის გვერდია ჩართული ამის შესახებ "მედიის განვითარების ფონდის" (MDF) ანგარიშშიცაა საუბარი. მონიტორინგის თანახმად, ხაზარაძის საწინააღმდეგო პოსტების გავრცელებისათვის ტროლები ფეისბუკის გვერდებს ქმნიან, შემდეგ პოსტებს სხვადასხვა ჯგუფში აზიარებენ, რომელთაგან ერთ-ერთში 230 000 წევრია. MDF-ის კვლევის მიხედვით, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ ფეისბუკკამპანიის პირველი ტალღა 2019 წლის 9 იანვარს დაიწყო, როდესაც ცნობილი გახდა 11 წლის წინ "თიბისი ბანკში" სავარაუდო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ე.წ. ფულის გათეთრების ფაქტზე საქართველოს გენერალური პროკურატურის დაწყებული გამოძიების თაობაზე.

წერილში, რომელიც მამუკა ხაზარაძემ 21 თებერვალსაც გამოაქვეყნა, წერდა, რომ საქართველოში ბიზნესის წარმატებულ განვითარებას ეშლება ხელი.

„მივხვდი, რომ აქ, ჩვენთან, წარმატებას ებრძვიან, მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული“.

მამუკა ხაზარაძე წერილში ანაკლიის პორტზეც საუბრობდა და იმედს გამოთქვამდა, რომ პორტის მშენებლობის დასრულება დასცალდება, ვინაიდან 18 თებერვალს გამართულ ბრიფინგზეც აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტის დაფინანსებას მისდამი ბრალდებებმა შეიძლება ხელი შეუშალოს

ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მხარეების, მათ შორის ანაკლიის პორტის კონსორციუმის მოწვევას აპირებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით დღეს მისთვის ნათელი გახდა, რომ სახელმწიფო უწყებები შეთანხმებულად მოქმედებენ.

„დღევანდელი კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტში ნათელი გახდა, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფო უწყებების კოორდინირებულ ქმედებასთან, რომლის სამიზნე არის არა მხოლოდ "თიბისი ბანკი", არამედ ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის და თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, ანაკლიის პორტი. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის საბოლოო სამიზნეს წარმოადგენს სწორედ ანაკლიის პორტი. ამ პროექტის ჩაშლის მცდელობას უკვე დიდი ხანია ეწევა რუსეთი და საქართველოს ყველა მოქალაქეს და საქართველოს პარლამენტს აქვს სრული უფლება, ჰქონდეს ინფორმაცია იმაზე, თუ რა საფრთხე ემუქრება დღეს ანაკლიის პორტს.“

სახელმწიფოს მხრიდან შეუსრულებელ პროექტებს შორის აუდიტის სამსახური ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის საკითხს ასახელებს. აუდიტის სამსახურის დასკვნით, ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 11 000 000 ლარი იყო გამოყოფილი, სამუშაოების შესასრულებლად გამოცხადებული ტენდერი კი სამჯერ ჩაიშალა.

ინფრასტრუქტურის სამინისტრის შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულებები, მათ შორის ანაკლიის პორტის მიმართ, იყო საპარლამენტო უმცირესობის მთავარი კრიტიკის საგანი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მიმართ.

20 თებერვალს "მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა განაცხადა: “სამწუხაროდ, კონსორციუმისთვის უფრო რთული აღმოჩნდა დაფინანსების მოძიება, როგორც ეს თავდაპირველად იყო გათვალისწინებული.”

ის, რაც 26 თებერვლის ჩაშლილი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ საზოგადოებამ გაიგო ისაა, რომ, ბანკისგან დისტანცირების მიუხედავად, მამუკა ხაზარაძე სამართლებრივ ბრძოლას განაგრძობს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG