Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიქოზი - "ფაქტობრივად მთელი სოფელი არის ომის მსხვერპლი"


ნიქოზი - "ფაქტობრივად მთელი სოფელი არის ომის მსხვერპლი"
please wait

No media source currently available

0:00 0:23:13 0:00

“ზემო ნიქოზში ათეულობით ოჯახი დღემდე ელოდება ომით დაზარალებულის სტატუსს”, - ამბობს უჩა ნანუაშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ პროექტის დირექტორი რადიო თავისუფლების ეთერში: „დიდი ნაწილი ამბობს, რომ ომის შემდეგ მოხდა მათი გამოკითხვა ომთან დაკავშირებულ საკითხებზე. მოხდა იმ მოსახლეებისთვის კომპენსაციის გადახდა, რომელთა სახლებიც დაიბომბა ომის დროს. ასეთი არის რამდენიმე სახლი, თუმცა, ფაქტობრივად მთელი სოფელი არის ომის მსხვერპლი. მოგეხსენებათ, რომ სწორედ ნიქოზი ესაზღვრება ცხინვალს და საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა ამ სოფლის ტერიტორიაზეც და ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული დასახლებული პუნქტია ამ რეგიონში. მოსახლეობის გულისწყრომა არის სრულიად გასაგები. ხელისუფლებას თავიდანვე უნდა მიენიჭებინა მათთვის სტატუსი, რადგან ყველამ დაკარგა რაღაც. აქედან გამომდინარე მათი მოლოდინი იყო, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოხდებოდა არა მხოლოდ დაბომბილი სახლებისთვის კომპენსაციის მიცემა, არამედ თუნდაც, სხვა კუთხით - სტატუსის მინიჭებით, რომ მორალური მხარდაჭერა იგრძნონ სახელმწიფოსგან“. უჩა ნანუაშვილის თქმით, ეს არ არის მხოლოდ ნიქოზელების პრობლემა. მსგავს პრობლემას სხვა დასახლებებშიც შეხვდნენ ის და მისი კოლეგები: „სახეზე გვყავს ათასობით ადამიანი, რომელიც არის ომის მსხვერპლი. მას აქვს საკუთარი დღის წესრიგი, საკუთარი პრობლემები და ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც ყოველთვის ამ სოფლებში ვიზიტების დროს ვაწყდები, არის ის, რომ ფაქტობრივად რეგიონი იცლება. შიდა მიგრაცია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც აქ დგას, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები“. ერთი კვირის წინ უჩა ნანუაშვილი იმყოფებოდა სტრასბურგში, სადაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კენჭს უყრიდა რუსეთის ფედერაციისთვის ხმის უფლების დაბრუნების საკითხს. როგორც ქართველი უფლებადამცველი ყვება, მან და მისმა კოლეგებმა ასამბლეის სხდომის პარალელურად გამართეს საპროტესტო აქცია. რუსეთისთვის ხმის უფლების დაბრუნებას ეწინააღმდეგებოდნენ უჩა ნანუაშვილის კოლეგები რუსეთიდანაც. „შეიძლება ითქვას, რომ იყო სამარცხვინო ფურცელი ევროსაბჭოს ისტორიაში, როდესაც მოხდა რუსეთისთვის ხმის უფლების დაბრუნება, ანუ სანქციები შეჩერდა. 5 წლის წინ მოხდა ამ სანქციების დაკისრება. მას შემდეგ რეალურად არაფერი შეცვლილა. ეს მოხდა სწორედაც რომ უკრაინის ომის შემდეგ - ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაციის შემდეგ - როგორც იქნა, საერთაშორისო თანამეგობრობა შეთანხმდა იმაზე, რომ რუსეთი იყო აგრესორი და ევროსაბჭოს უნდა გამოეყენებინა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. სტრასბურგში შევხვდით სხვადასხვა დელეგაციას უკრაინელ და რუს უფლებადამცველებთან ერთად იმის სათქმელად, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს აგრესიას და მატულობს მის მსხვერპლთა რიცხვი. ცალკე პრობლემაა, რომ რუსეთი არ ასრულებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს მათ შორის, საქართველოსთან დამოკიდებულებაში. 2006 წელს 5 ათასამდე ეთნიკური ქართველი იყო გამოძევებული და სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ არის აღსრულებული. როცა ევროსაბჭოზე ვლაპარაკობთ, რატომ არის ის განსაკუთრებული ჩვენთვის? იმიტომ, რომ ამის უკან არის ევროპული კონვენცია, ევროსასამართლო. ევროსაბჭო განსხვავდება სხვა ევროსტრუქტურებისგან, რადგან მისი ფუძემდებლური პრინციპებია ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. როცა ხდება რუსეთის უპირობო დაბრუნება, რა გზავნილია ეს იმ ადამიანებისთვის, ვინც დაზარალდა და არის რუსეთის პოლიტიკის მსხვერპლი?“.

XS
SM
MD
LG