Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითელი ზღვის კრიზისი: საქართველოში ფასების მატებას 2-3 თვეში ელიან


ავტომობილებსა და საბურავებს აზიიდან ზღვით იმპორტირებულ პროდუქტებს შორის მნიშვნელოვანი წილი უჭირავს.
ავტომობილებსა და საბურავებს აზიიდან ზღვით იმპორტირებულ პროდუქტებს შორის მნიშვნელოვანი წილი უჭირავს.

ორ თვეზე მეტია, ჰუთები წითელ ზღვაში სავაჭრო გემებს თავს ესხმიან. ვითარების განმუხტვა ჯერჯერობით ვერც აშშ-ის და ბრიტანეთის საჰაერო კამპანიამ შეძლო. ქართველი იმპორტიორები ტრანსპორტირების გაზრდილ ფასებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მომხმარებელი ფასების მატებას, სავარაუდოდ, 2-3 თვეში იგრძნობს.

წითელი ზღვა მნიშვნელოვანი სავაჭრო არტერიაა, რომელიც აზიას აკავშირებს ევროპასთან, მათ შორის, საქართველოსთან.

„არა ვართ იზოლირებული იმ სამწუხარო კატაკლიზმებისგან, რაც მსოფლიოში ხდება“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან TBC-ის კვლევითი ორგანიზაციის, „TBC კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია.

ჩინეთიდან საქართველომდე კონტეინერის ჩამოტანის ფასი გაორმაგდა

წითელ ზღვაში არსებული დაძაბულობის გამო, მსოფლიოს უმსხვილესმა გადამზიდავებმა გადაწყვიტეს, აფრიკას შემოუარონ და ისე შევიდნენ ხმელთაშუა და შავ ზღვებში.

„თუ აქამდე ტვირთის ჩინეთიდან შემოსვლას თვე-ნახევარი სჭირდებოდა, ახლა დასჭირდება სამი თვე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვახტანგ ალანიამ, ფოთში დაფუძნებული გადამზიდავი კომპანია „სოფმარის“ დირექტორმა.

ვახტანგ ალანიას თქმით, ტვირთის უფრო გრძელი და რთული გზით შემოსვლას უკვე მოჰყვა ტრანსპორტირების ფასების მატება - თუ წითელი ზღვის კრიზისის დაწყებამდე თითო 40-ფუტიანი კონტეინერის ჩინეთიდან ფოთამდე ჩამოტანის ფასი $2800-ის გარშემო იყო, ახლა $6000-მდეა გაზრდილი. 20-ფუტიანი კონტეინერის ტრანსპორტირების ფასი კი $1700-დან იწყებოდა და ახლა $4000-ს აღწევს.

ამასთან, ვახტანგ ალანია დასძენს, რომ შეფერხებებისა და გახანგრძლივებული მარშრუტების გამო ჩინეთში კონტეინერების დეფიციტია შექმნილი, რომლის ამოვსებაც რთულია და, შესაბამისად, ეს ტრანსპორტირების ფასის მატების დამატებითი ფაქტორია.

როგორ აისახება გადაზიდვების ფასის მატება მომხმარებელზე?

ადრე თუ გვიან გაძვირდება იმპორტირებული პროდუქტიც.

როდის? ეს ერთი მხრივ იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს ეყოფათ ქართველ იმპორტიორებს საქონლის არსებული მარაგები.

„ჯერ მარაგები გვაქვს“, - თქვა BMG-ის ეთერში სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიის, „გორგიას“ ხელმძღვანელმა, თორნიკე გურულმა.

„გორგიას“ პროდუქციის თითქმის ნახევარი ჩინეთიდან შემოაქვს, დიდი წილი უჭირავს ინდოეთიდან შემოტანილ პროდუქციასაც.

თორნიკე გურულმა თქვა, რომ „მომავალში შესაძლოა მოხდეს ფასების კორექტირება, ვინაიდან გაზრდილი საზღვაო ხარჯები არ მოგვცემს საშუალებას, იგივე ფასში შევთავაზოთ მომხმარებელს პროდუქტი, რაც ეს იყო 300-400%-ით იაფი ტრანსპორტირების შემთხვევაშიო“.

ვახტანგ ალანია კი ვარაუდობს, რომ მომხმარებლები ფასების მატებას გაზაფხულიდან იგრძნობენ.

„ძველი კონტეინერები, რომელიც [კრიზისის დაწყებამდე] დაჯავშნილი იყო, უკვე გზაშია და ამას ფასი ვერ მოემატება.

ახალს, რომელიც შემდეგ დაიჯავშნა და რომელიც მომავალში უნდა ჩამოვიდეს, კიდევ 2-3 თვე დასჭირდება. ალბათ, როცა უკვე ახალი ფასებით შეძენილი ტვირთი ჩამოვა, 2-3 თვეში ფასები აიწევს“, - ამბობს ის რადიო თავისუფლებასთან.

რა სახის საქონელს შეიძლება შეეხოს ფასების მატება? ჩინეთიდან ზღვით შემოტანილი პროდუქტების ათეული ასე გამოიყურება:

თავის მხრივ, იაპონიიდან ზღვით შემოტანილი იმპორტული საქონლის უდიდესი წილი ავტომობილებზე მოდის.

დეჟავიუ

ქართველი იმპორტიორები ამბობენ, რომ წითელი ზღვის კრიზისის შედეგად შექმნილი დაბრკოლებები ძალიან ჰგავს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს.

ვახტანგ ალანია გვეუბნება, რომ პანდემიის დროს ტრანსპორტირების ფასები გაიზარდა, რასაც მალევე დაემატა კონტეინერების დეფიციტი და, შესაბამისად, ფასებმა კიდევ უფრო მოიმატა.

პანდემიის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური კრიზისის კიდევ ერთი გაკვეთილი კი ისაა, რომ კრიზისამდელი მდგომარეობის დაბრუნება არ გამოიწვევს სამომხმარებლო ფასების ავტომატურ შემცირებას

„მინიმუმ სამი თვე გვინდა, რომ ფასები დაუბრუნდეს ძველ ნიშნულს. ასე მოხდა პანდემიისას და გამოცდილება გვაქვს“, - ამბობს ალანია.

ფასების შესაძლო ზრდის ეკონომიკური მასშტაბი

ბოლო მონაცემებით, საქართველოს მთლიან იმპორტში დაახლოებით 15% მოდის იმ ქვეყნებზე, საიდანაც საქართველოში წითელი ზღვის გავლით შემოდის პროდუქტი.

მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩინეთია, მას მოსდევს იაპონია.

კრიზისის ეკონომიკურ გავლენას ისიც ამძიმებს, რომ ტრანსპორტირების ფასების ზრდას, პირდაპირის გარდა, ირიბი შედეგიც აქვს.

„ჩინეთის ეკონომიკაზე ბევრი სხვა ეკონომიკაა დამოკიდებული. მიუხედავად ბოლო პერიოდში განვითარებული „დეგლობალიზაციის“ ტენდენციებისა, მსოფლიო ეკონომიკა ძალიან ინტეგრირებულია.

თუ ჩვენი სხვა სავაჭრო პარტნიორები დამოკიდებულები არიან ასევე ამ ეკონომიკაზე, ირიბი ეფექტიც დიდი იქნება. საერთაშორისო ვაჭრობაში მნიშვნელოვანი, მკვეთრი შეფერხებები ჩვენზეც უარყოფითად იმოქმედებს, ეს ცალსახად ასეა, როგორც ფასების კუთხით, ისე სხვა მიმართულებით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია.

ამასთან, მისივე თქმით, კიდევ ერთი ფაქტორი, რაც უარყოფითად აისახება საქართველოში იმპორტის ფასებზე, დოლარის კურსის მატებაა.

„მოსალოდნელია, რომ დოლარი გამყარდება - ასეთი დაძაბულობებისა და კრიზისების დროს, ზოგადად, დოლარი მყარდება, რაც ჩვენთვის ძალიან ნეგატიურია“, - ამბობს ოთარ ნადარაია.

ვახტანგ ალანიას თქმით კი, საქართველოში ბიზნესმა უკვე მიიღო დარტყმა:

„დაკვეთებს არ ვიღებთ, ბიზნესი შოკირებულია. ზოგი გაჩერდა, ზოგმა ფასები აწია და აგრძელებს მუშაობას, აქვს ფინანსური რესურსი. ზოგს არ აქვს“.

ფასების ზრდას არჩევნების წელს შესაძლოა პოლიტიკური ეფექტიც მოჰყვეს. საბოლოოდ კი საქართველოში პროდუქციის ფასებს ისევ ის განსაზღვრავს, შეძლებს თუ არა საერთაშორისო კოალიცია აშშ-ის ლიდერობით, სავაჭრო გემებზე თავდასხმაზე ხელი ააღებინოს ჰუთებს. არაერთი დაბომბვის მიუხედავად, ჰუთები იხტიბარს არ იტეხენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG