Accessibility links

ფაშიზმის სამსახურში - ინტერვიუ ბექა მინდიაშვილთან


ბექა მინდიაშვილი, თეოლოგი

ქართველი ულტრანაციონალისტების, ან, როგორც მათ ასევე უწოდებენ, ნეოფაშისტების სახელი საქართველოში ფართო საზოგადოებამ 2018 წლის მაისში გაიგო, როდესაც მათი ერთი ჯგუფი კონტრაქციის მოსაწყობად რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა. მაშინ, პარლამენტის წინ მოქალაქეების, ძირითადად ახალგაზრდების მეორე ჯგუფი თბილისის ღამის კლუბებში პოლიციის რეიდებს აპროტესტებდა. პირველად სწორედ მაშინ მოექცა საქართველოს ეროვნული ერთობა არაერთი მედიის ყურადღების ცენტრში. ისინი თავიანთ იდეებს "ეროვნულს", "პატრიოტულს", "ქართულს" უწოდებენ. რა დგას ამ იდეების უკან, რას იცავენ და რისი სჯერათ და რამდენად საშიშია ეს ძალა? რადიო თავისუფლება ამ საკითხებზე თეოლოგ ბექა მინდიაშვილს ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: ამ ჯგუფებს საქართველოში სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ: ულტრანაციონალისტები, ულტრამემარჯვენეები, ნეონაცისტები, ნეოფაშისტები. დაახლოებით ბოლო ორი წელია, რაც ისინი აქტიურად გამოჩნდნენ, ქუჩაშიც გამოვიდნენ. თქვენი აზრით, რამდენად საშიშია ეს მოძრაობები?

ბექა მინდიაშვილი: საშიშია იმდენად, რამდენადაც მათი საჯარო აქტივიზმი დაკავშირებულია ძალადობის კულტივაციასთან, მათი რიტორიკა გაჯერებულია ძალადობისკენ მოწოდებით და, ამავდროულად, ისინი შემჩნეულები არიან ძალადობრივ დანაშაულებშიც. ერთი ნაცისტური ჯგუფის წევრი რასისტული დანაშაულის გამო იხდის სასჯელს. იარაღთან დაკავშირებული საქმის გამოა დაკავებული მეორე ნეოფაშისტური ჯგუფის ლიდერი. ასევე, ყველაზე ფაშისტური ყაიდის, რადიკალური ორგანიზაცია „ქართული მარში“ ხშირად იმუქრება ძალადობით და, ზოგ შემთხვევაში, მიმართავს კიდეც ძალადობას. ისინი იმუქრებიან გაუპატიურებით, ფიზიკური ანგარიშსწორებით. თავს დაესხნენ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მანქანას. ასე რომ, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ეს ძალა, რომელიც, ჩემი აზრით, არ არის მასშტაბური და ძლიერი, მაინც სახიფათოა.

რადიო თავისუფლება: ამ ძალადობრივი რიტორიკისა და ქცევის გარდა, კონკრეტულად რაში იგრძნობა, თქვენი აზრით, ეს სახიფათოობა? რაში ვლინდება?

ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენს საზოგადოებაში საკმაოდ სერიოზული პრობლემაა შეუწყნარებლობა, ქსენოფობია, განსხვავებულის მიუღებლობა. აი, მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო გამოკვლევის თანახმად, საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოქალაქეებს არ სურთ ოჯახის წევრებად იხილონ ებრაელი და მუსლიმი ადამიანი.

ბექა მინდიაშვილი: ამ სახიფათოობას, უმეტესწილად, ხელს უწყობს და ქმნის ის, რომ ხელისუფლება სრულიად უსუსურია დაუპირისპირდეს ამ ძალას, როცა ის დანაშაულს სჩადის. ზოგ შემთხვევაში კი ჩანს, რომ ის ამ ტიპის ძალებს იმისთვის იყენებს, რომ საკუთარ მიზნებს მიაღწიოს. მაგალითად, ასე იყო 2018 წლის მაისის გამოსვლების დროს. მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ ამ ძალის გამოყენებით სცადა დაეშანტაჟებინა კლუბებში რეიდების წინააღმდეგ გარეთ გამოსული ახალგაზრდობა.

რადიო თავისუფლება: ანუ, ამ ძალის ხელისუფლებას კი არ ეშინია, არამედ მხოლოდ იყენებს?

ბექა მინდიაშვილი: დიახ, იყენებს, თუმცა მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის მთლიანად ხელისუფლებაზე დამოკიდებული ძალა, იმიტომ რომ თითქმის ყველა ეს ორგანიზაცია, ამა თუ იმ სახით, დაკავშირებულია რუსულ გავლენებთან, მაგალითად, რუსულ ფონდებთან, როგორიც არის პრიმაკოვის ფონდი ან გორჩაკოვის ფონდი. ეს ხალხი ძირითადად არის ან „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები, ან ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები, ან ნინო ბურჯანაძის პარტიის ძველი წევრები. რუსული გავლენა ამ ორგანიზაციებზე აშკარაა. მკაფიოა ისიც, რომ ასეთი მოძრაობების ლიდერები, როგორც წესი, ინსტრუმენტები არიან ამ თითქოს ფაშისტური, შეუწყნარებლობის ნაკადების მობილიზაციისა, რასაც კონკრეტული მიზანი აქვს - საქართველოში დასავლური ვექტორის შეცვლა და დაპირისპირება ლიბერალურ-დემოკრატიულ ძალებთან.

რადიო თავისუფლება: ამ ფონზე საზოგადოების დამოკიდებულებას როგორ შეაფასებდით ამ ჯგუფებისადმი, ხომ არ არის საზოგადოება ზედმეტად ლოიალური მათ მიმართ? ან ინფანტილურად თუ არასერიოზულად ხომ არ უყურებს მათ გამოჩენა/გაძლიერებას?

როგორც წესი, ფაშიზმის მთავარი მკვებავი არის რევანშიზმი. მაგალითად, ვერც იტალიამ და ვერც გერმანიამ ვერ იპოვა საკუთარი დიდების აღდგენის სხვა გზა, თუ არა გამორჩეულობისა და ძალადობრივი იდეოლოგის ქადაგების ფორმაში საკუთარი თავის დანახვა. ეს რევანშიზმი ჩვენთან თუ ვინმეს მიმართ უნდა იყოს, უნდა იყოს რუსეთის მიმართ.

ბექა მინდიაშვილი: ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენს საზოგადოებაში საკმაოდ სერიოზული პრობლემაა შეუწყნარებლობა, ქსენოფობია, განსხვავებულის მიუღებლობა. აი, მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო გამოკვლევის თანახმად, საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოქალაქეებს არ სურთ ოჯახის წევრებად იხილონ ებრაელი და მუსლიმი ადამიანი. გარდა ამისა, წლების განმავლობაში, ისეთი გავლენიანი ორგანიზაცია, როგორიც საპატრიარქოა, ფაქტობრივად, ნერგავს შეუწყნარებლობას განსხვავებულისადმი. საპატრიარქო თამამად შეგვიძლია განვიხილოთ როგორც რუსული რბილი ძალის მთავარი აგენტი საქართველოში. მასაც ჰყავს ისეთი ექსტრემისტული ორგანიზაციები, - მათ შორის მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, -რომელიც სწორედ შეუწყნარებლობის კულტივაციით არის დაკავებული. მოკლედ, ეს განწყობები არსებობს საქართველოში და განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც უფრო და უფრო მეტად ვხედავთ საქართველოს ქალაქებში განსხვავებული კანის ფერისა და წარმომავლობის ადამიანებს, რომლებიც აქ ან ბიზნესს აკეთებენ, ან ტურისტულად არიან ჩამოსულები და ა.შ.. სწორედ ეს ქსენოფობიური და რასისტული მოტივი არის ამ განწყობების მკვებავი.

რადიო თავისუფლება: ყველა ის ჯგუფი, რომელზეც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, ქართველობის იდეის დაცვის სახელით გამოდის. ისინი ამბობენ, რომ პატრიოტები არიან. მათ „ეროვნულობას“ უსვამდა ხაზს სხვათა შორის, ის 14 ადვოკატიც, რომელიც გიორგი ჭელიძის უფლებებს სასამართლოში იცავს. თქვენი აზრით, რას აპროტესტებენ ისინი, რა კვებავს მართლა მათ პროტესტს?

ბექა მინდიაშვილი: როგორც წესი, ფაშიზმის მთავარი მკვებავი არის რევანშიზმი. მაგალითად, ვერც იტალიამ და ვერც გერმანიამ ვერ იპოვა საკუთარი დიდების აღდგენის სხვა გზა, თუ არა გამორჩეულობისა და ძალადობრივი იდეოლოგის ქადაგების ფორმაში საკუთარი თავის დანახვა. ეს რევანშიზმი ჩვენთან თუ ვინმეს მიმართ უნდა იყოს, უნდა იყოს რუსეთის მიმართ, იმიტომ რომ ბოლო ორასი წლის განმავლობაში საქართველო რომ არ არსებობდა სახელმწიფოებრივად, რომ მოისპო მთელი კულტურული, ეკონომიკური, რელიგიური, სამეცნიერო ელიტა, ამაში დამნაშავე არის რუსული საბჭოთა იმპერია. ეს უნდა იყოს ნაციონალიზმის მკვებავი, ლოგიკურად თუ მივყვებით, მაგრამ ეს ლოგიკა ქართული ნაციონალიზმისა არ არსებობს. და ამის ნაცვლად იკვებება ანტიგლობალიზმით, რომელიც თავისთავად საქართველოში არ არის ისე მკაფიო, როგორც ევროპაში. არც მიგრაციის ნაკადებია დიდი და არც უმუშევრობის პრობლემა იქმნება იმიტომ, რომ სხვები პოულობენ სამუშაოს. და არც ევროკავშირში ვართ გაწევრიანებული, სადაც ანტიგლობალისტები წუხან იმაზე, რომ, მაგალითად, ეროვნული ვალუტა არ არსებობს. ასეთი ნიშნები საერთოდ არ არსებობს საქართველოში.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რა ხიბლავთ ახალგაზრდებს იმ იდეებში, რომლებიც, მაგალითად, აქვს საქართველოს ეროვნულ ერთობას? რატომ მოსწონთ ის, რასაც თუნდაც ეს გაერთიანება ქადაგებს?

ბექა მინდიაშვილი: ამის მიზეზი, შესაძლოა, იყოს ჭარბი მასკულინობა, უპერსპექტივობის განცდა, ეკონომიკური სიდუხჭირე. განსაკუთრებით უძლური და საკუთარი თავის ვერმპოვნელი ახალგაზრდებისთვის ეს არის დაცულობის შეგრძნება - ისინი ეძებენ ხალხის სიმრავლეში გათქვეფას, რადგან პიროვნული ძალა არასაკმარისად აქვთ, რომ საკუთარი ვინაობა დაადასტურონ საჯარო სივრცეში, და, რა თქმა უნდა, ნაკლები განათლება. აი, თუნდაც, ამასწინათ წავიკითხე ერთი ქობულეთელი ფაშისტის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებიდან ისწავლა ის, რომ საქართველო იყო მუდამ ჩაგრული ქვეყანა, ვისაც მუდამ თავს ესხმოდნენ უცხოტომელები და, მართლაც, თუ თვალს გადავავლებთ ჩვენი სკოლების სახელმძღვანელოებს, უამრავ ასეთ მაგალითს ვიპოვით. მთელი დისკურსი აგებულია იმაზე, რომ ჩვენ ვართ კუნძული და გარშემო ყველა მტერი და ჩვენ ხმალამოღებული ვიბრძოდით ყველას წინააღმდეგ. იმის მაგივრად, რომ აქცენტი გაკეთდეს კულტურულ ღიაობაზე, „ვეფხისტყაოსნის“ კულტურაზე, რომელიც ყველაზე თვალსაჩინო არქეტიპია ქართული ღიაობისა, ქართული ლიტერატურის და საქართველოს ისტორიის მთავარი პარადიგმა არის ის, რომ ვართ ჩვენ, ეთნიკურად ქართველები, მართლმადიდებლები და არის დანარჩენი სამყარო, რომელიც ჩვენს წინააღმდეგაა მომართული.

რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, რას იცავენ ისინი?

ბექა მინდიაშვილი: ჩემი აზრით, ისინი, ვინც შედარებით გულწრფელად არიან ჩართულები ამ მოძრაობაში, გაურბიან საკუთარ თავს, საკუთარ უსუსურობას და იცავენ სიმართლისგან საკუთარ თავს, რომ ეს ყველაფერი უნდა აღიარო და წინ წახვიდე. ეს არის გაქცევის ფორმაც. ფაშიზმიც ესაა, რეალობისგან და თავისუფლებისგან გაქცევის ფორმა. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც საჯარო სივრცეებში ჩანან და მოუძღვიან ამ ადამიანებს, მათი უმრავლესობა, როგორც წესი, ფაშისტებად მუშაობს დღეს - პირობით, ფაშისტებად - და ხვალ შეიძლება ისინი ნებისმიერი სხვა იდეოლოგიის, სხვა ინტერესების გამტარი ჯგუფის მოწინავე ფლანგზე ვიხილოთ. ჩემი აზრით, ისინი იცავენ, უბრალოდ, საკუთარ შემოსავალს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG