Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართველებს ევროპა დნმ-ში აქვთ" - ამანდა პოლი კანდიდატის სტატუსზე


ევროპის პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსი, ამანდა პოლი
ევროპის პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსი, ამანდა პოლი

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ეს შანსი მიეცა - ალბათ ქართველები კიდევ უფრო ბედნიერები ხართ. ეს მართლაც წარმოუდგენელი რამეა, ორი წლის წინ ამას ვერაფრით წარმოვიდგენდით“.

„და ვწუხვარ, რომ ევროკავშირს ომი დასჭირდა გასაღვიძებლად, იმის გასააზრებლად, რომ ამ ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაცია პირველ რიგში ევროკავშირის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვისვეა აუცილებელი. ეს ქვეყნები ჩვენთან უნდა იყვნენ - არა გარეთ, და არა ე.წ. ნაცრისფერ ზონაში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ამანდა პოლი, ევროპის პოლიტიკის ცენტრის ექსპერტი. ვაჟა თავბერიძე მას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის რეკომენდაციის გაცემის შემდეგ ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: რამდენად დიდი საფუძველი გვაქვს, ვივარაუდოთ, რომ ევროკომისიის რეკომენდაციას გაითვალისწინებენ და ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს?

ამანდა პოლი: ვფიქრობ, კარგი შანსი გაქვთ, რადგან ევროპის საბჭო, როგორც წესი, ევროკომისიის რეკომენდაციას ითვალისწინებს ხოლმე. მაგრამ რეკომენდაციაში ისიცაა ნათქვამი, რომ საქართველომ კიდევ ბევრი რამ უნდა გააკეთოს, თანაც დეკემბრამდე უნდა ჰქონდეს პროგრესი, ასე რომ, დასაკარგი დრო არ გაქვთ. ზეიმი კარგია, მაგრამ ბრიუსელს უნდა დაანახვოთ, რომ მთავრობა აგრძელებს რეფორმების გზას, ეს იქნება ძლიერი სიგნალი ევროპის საბჭოს ყრილობამდე. ასე რომ, არ აიღოთ ფეხი გაზიდან, პირიქით, უფრო უნდა მიაწვეთ რეფორმებს.

რადიო თავისუფლება: საგულისხმო იყო პრეზიდენტ ფონ დერ ლეიენის განცხადება, სადაც მან ხაზი გაუსვა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპულ მისწრაფებებს და დასძინა, რომ მთავრობა ამ მისწრაფებებს უნდა ასახავდეს. ისმის კითხვა - ვისი დამსახურებაა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია? ქვეყნის და ქართველი ხალხის, თუ მთავრობის? ვის ვეუბნებით მადლობას?

ამანდა პოლი: გულწრფელად გეტყვით, რომ პირველ რიგში, დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ საქართველოს მოსახლეობას, ქართველებს. ესაა ხალხი, ვინც ევროკავშირის წევრობის მიზანს არ ღალატობს, ასევე ნატოს წევრობისასაც, ხალხი, რომელსაც შეუძლია ქუჩას მიაშუროს ამ მიზნების და მისწრაფებების დასაცავად, და ეს უკვე რამდენჯერმე ვნახეთ კიდეც, ხალხი, რომელსაც მაღალი ხმა აქვს, და არ ეშინია ხმამაღლა თქვას, რა სურს.

საქმე გააკეთა მთავრობამაც, რა თქმა უნდა, მაგრამ შეეძლოთ მეტი გაეკეთებინათ, ბევრად მეტი, ვფიქრობ, საქართველოს მთავრობას შეეძლო სწრაფადვე დაეკმაყოფილებინა ის მოთხოვნები, რაც ბრიუსელს ჰქონდა, და ამის ნაცვლად, ბოლოს დარჩენილ 5 წუთში გააკეთეს რაღაცები, რაც, ნუ მიწყენთ და, ჭეშმარიტად ქართული მიდგომაა საქმესთან.

საქართველო ევროპული ქვეყანაა, ჩემთვის აქ ორი აზრი არ არსებობს, არანაირი კითხვის ნიშანი - კი, შეიძლება საქართველოს არ აქვს პირდაპირი საზღვარი ევროკავშირთან, მაგრამ ეს ევროპული ქვეყანაა, ქართველები ევროპელები არიან, ევროპა მათ დნმ-შია, მათ გულებში, მათ გონებაში.

რადიო თავისუფლება: როცა ამბობთ, რომ მთავრობას შეეძლო მეტი გაეკეთებინა და არ გააკეთა. რა არის ეს მეტი და რატომ არ გააკეთეს, თქვენი აზრით?

ამანდა პოლი: საქმის უფრო სწრაფად გაკეთება შეიძლებოდა. რამდენიმე კვირის წინ ბევრად უფრო ნაკლები იყო გაკეთებული, ვიდრე დღეს, მთავრობამ გასაკეთებელი საქმე ბოლო წუთებისთვის მოიტოვა, და ეს პრობლემად იქცა. ამ რეფორმების გატარება ძალიან მარტივად შეეძლოთ, მაგალითად, ერთი წლის წინ. ხალხი ამბობს, რომ ისინი იმიტომ ითრევენ ფეხს, რომ პრორუსები არიან. ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია, რომ საქართველოს მთავრობა პირწმინდად, ერთიანად პრორუსულია, ეს, ვფიქრობ, ქართულ დნმ-ს ეწინააღმდეგება.

მაგრამ რაც არ უნდა იყოს მიზეზი, მათ ბევრი შეცდომები დაუშვეს უკანასკნელი წლების განმავლობაში. საქართველოს არ აქვს შეცდომების დაშვების ფუფუნება. ახლა უნდა დასხდნენ და გაისარჯონ, რათა ეს სტატუსი მიიღოთ, რადგან საქართველოსთვის ეს უნიკალური შესაძლებლობაა, ისეთი, თაობაში ერთხელ რომ გაჩნდება ხოლმე. წელიწად-ნახევრის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს შეიძლება რეალობად ქცეულიყო, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, უკრაინა და მოლდოვა კი წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან ასე ახლოს იქნებოდნენ. ასე რომ, ნუ გაფლანგავთ ამ შანსს. ჩვენ უნიკალური, გარდამტეხი გეოპოლიტიკური მომენტის მომსწრენი ვართ, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიისთვის.

საქართველოს არ აქვს პირდაპირი საზღვარი ევროკავშირთან, ის ზღვის გაღმაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კავკასიის სამეზობლო ნაკლებად მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე უშუალო სამეზობლო, ვისთანაც საზღვრები გვაქვს. ვფიქრობ, ამაზე იფიქრეს ბრიუსელშიც - რა მოხდება, თუ საქართველო ამ სტატუსს ვერ მიიღებს, თუ ამ ნაბიჯს არ გადავდგამთ, არა მხოლოდ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის? აქ სასწორზე იყო ევროკავშირის, როგორც აქტორის გავლენა რეგიონშიც.

საქართველო ევროპული ქვეყანაა, ჩემთვის აქ ორი აზრი არ არსებობს, არანაირი კითხვის ნიშანი - კი, შეიძლება საქართველოს არ აქვს პირდაპირი საზღვარი ევროკავშირთან, მაგრამ ეს ევროპული ქვეყანაა, ქართველები ევროპელები არიან, ევროპა მათ დნმ-შია, მათ გულებში, მათ გონებაში. მე ვფიქრობ, ყველაფერი ეს გაითვალისწინეს, როცა კომისია გადაწყვეტილებას იღებდა. ახლა იმედი ვიქონიოთ, რომ ევროპის საბჭოშიც გამოიჩენენ სიბრძნესა და გამჭრიახობას და საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებენ.

რადიო თავისუფლება: 9 დათქმა - მათგან ზოგი ახალია, ზოგი კი ძველი, 12 დათქმიდან დაგვრჩა მემკვიდრეობად - რამდენად არის დამოკიდებული კანდიდატის სტატუსის მიღება მათ შესრულებაზე, დეკემბრისთვის?

ამანდა პოლი: ვფიქრობ, ბრიუსელისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს, რომ ქვეყანა წინ მიდის ამ კრიტერიუმების მიღწევის პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეოლიგარქიზაციის, მართლმსაჯულების რეფორმის და, რა თქმა უნდა, პოლარიზაციის თემები, ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ დიდ პრობლემად რჩება საქართველოში. და აქ თითს მხოლოდ „ქართული ოცნებისკენ“ ვერ გავიშვერთ, ალბათ მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობაზეც უნდა ვისაუბროთ. მათაც უნდა აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და გადადგან ნაბიჯები ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შესუსტებისკენ, რადგან დღეს საქართველოში, პოლიტიკური გარემო, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად ტოქსიკურია. ასე რომ, უნდა დასხდნენ და თქვან: მოდით, ხვალიდან ყველანი შევიკრიბოთ ოფისებში და ახალი ძალით განვაგრძოთ რეფორმები, რათა მივაღწიოთ იმას, რასაც ქართველები იმსახურებენ.

რადიო თავისუფლება: დეოლიგარქიზაცია ძველ, 12 მოთხოვნაშიც იყო და ახლანდელ 9-შიც დარჩა. ოღონდ ამჯერად ბრიუსელი საუბრობს სტრუქტურულ დეოლიგარქიზაციაზე. შეგიძლიათ, მარტივად, გასაგები ენით აგვიხსნათ, რას მოითხოვს ამ კუთხით ჩვენგან ევროკავშირი? რა უნდა გაკეთდეს?

ამანდა პოლი: პირველ რიგში ვიტყოდი, რომ დეოლიგარქიზაცია მხოლოდ საქართველოს არ ეხება, ეს პრობლემად რჩება უკრაინისა და მოლდოვისათვისაც. ვფიქრობ, საქართველომ უნდა გაითვალისწინოს და მისდიოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, სადაც მოცემულია ერთგვარი სამოქმედო გეგმა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ამ კუთხით. და ისევ და ისევ, არა მხოლოდ საქართველომ - სამივე ქვეყანამ, სამივესთვის ჯერჯერობით გადაუჭრელ პრობლემად რჩება ეს ყველაფერი. მეტიც, ვიტყოდი, რომ საქართველოს უფრო „სუფთა“ ისტორია აქვს ოლიგარქებთან მიმართებით, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვას. შესაბამისად, მათ უფრო ადვილი გამოწვევა აქვთ წინ, თუ შეიძლება ამ საქმეში რაიმეს ადვილი დავარქვათ.

დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ ოლიგარქებისთვის პოლიტიკურ ცხოვრებაში ადგილი არ დარჩება.

რადიო თავისუფლება: და რას მოასწავებს ეს ყოველივე ოლიგარქებისთვის საქართველოში?

ამანდა პოლი: ეს ნიშნავს, რომ ოლიგარქებისთვის პოლიტიკურ ცხოვრებაში ადგილი არ დარჩება, იქნება ეს მთავრობა, პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა თუ სხვა. მათ არ უნდა ჰქონდეთ როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

რადიო თავისუფლება: და რამდენად რეალისტურად გეჩვენებათ მსგავსი მოლოდინები საქართველოში? რომ აქაური ოლიგარქები უეცრად იტყვიან - ოჰ, უკაცრავად, ძალიან ვწუხვართ, ხელები დაგვიბანია, აწი აღარ ჩავერევით პოლიტიკაში?

ამანდა პოლი: ვფიქრობ, აქ ბევრი რამ მთავრობაზეა დამოკიდებული, ამას პოლიტიკური ნება სჭირდება. მარტივი არ არის და, რა თქმა უნდა, არც იმის ილუზია მაქვს, რომ ეს ერთ ღამეში მოხდება, მაგრამ, როგორც იტყვიან, წინ უნდა გავიხედოთ და თვალი არ უნდა მოვაშოროთ იმ სამიზნეს, რასაც ევროკავშირში ინტეგრაცია ჰქვია. გრძელვადიან მომავალში, საქართველოს ინტერესებშია ამ პოლიტიკური ნების გამოჩენა, შესაბამისად, მთავრობის ინტერესებშიც.

რადიო თავისუფლება: მთავრობის თუ ქვეყნის ინტერესებში?

ამანდა პოლი: მოდით ასე ვიტყვი - მთავრობა ხომ ამბობს, რომ ევროპული ინტეგრაცია სურს? რომ ეს მთავარი პრიორიტეტია, რომ სურთ, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდეს, გაწევრებაზე მოლაპარაკება დაიწყოს და რომ მზად არიან, ამისთვის საჭირო ნაბიჯები გადადგან? შესაბამისად, მოუწევთ პოლიტიკური ნების გამოჩენა, სიტყვის საქმედ გადაქცევა. ადვილი არ არის, მაგრამ გაკეთებადია.

წინააღმდეგ შემთხვევაში ვერავინ მოიგებს - წააგებს ყველა და დაზარალდება საქართველოს ინტერესები.  

რადიო თავისუფლება: გამოწვევად რჩება პოლარიზაციაც - თანაც უკვე ათ წელზე მეტია. ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც 10 წელიწადზე მეტში ვერ მოგვარდა, ნაკლებად სავარაუდოა, თვე-ნახევარში გადაიჭრას. რა გამოსავალს ხედავთ?

ამანდა პოლი: ტანგოს ორი სჭირდება, ასე არაა? და გეთანხმებით, რომ დარჩენილ თვე-ნახევარში ეს პრობლემა არ აღმოიფხვრება. მაგრამ ბრიუსელში უნდა გაიგზავნოს კონკრეტული სიგნალი, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები იდგმება, რომ ორივე მხარე მზადაა ამაზე წავიდეს, ქვეყნის საკეთილდღეოდ. ორივე მხარე, მთავრობა და ოპოზიციაც, აცხადებს, რომ სურთ საქართველო ევროკავშირის წევრი იყოს, რომ ეს საქართველოს გრძელვადიანი პრიორიტეტია. ამიტომ ორივე მხარეს მოუწევს უკან დაიხიოს და ნაბიჯი ამ მიმართულებით გადადგას. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერავინ მოიგებს - წააგებს ყველა და დაზარალდება საქართველოს ინტერესები.

რადიო თავისუფლება: და თუ ეს ნაბიჯები არ გადაიდგა - ხომ ორივე მხარე აცხადებს, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი ევროპული ინტეგრაციაა - მაშინ ალბათ ლოგიკური იქნება, ვთქვათ, რომ ის, ვინც ამ ნაბიჯს არ გადადგამს, ტყუის, როდესაც ამბობს, რომ ქვეყნის ევროკავშირში ხილვა სურს, ასე არაა?

ამანდა პოლი: ნამდვილად ასეა. თუ ეს მართლაც ნომერი პირველი პრიორიტეტია მთავრობისა და ოპოზიციისთვის, მაშინ ორივე გადადგამს ამ ნაბიჯს. ერთის ძალისხმევა საკმარისი არ იქნება, ორივე უნდა გაისარჯოს.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG