Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველთა ქვეყანა „აშხარაცუიცში“ - როგორ აღწერს სომხური ხელნაწერი მე-7 საუკუნის საქართველოს  


ბონდო არველაძე

მე-7 საუკუნის სომხური ისტორიული თხზულება „აშხარაცუიცი“ (გეოგრაფია სომხურ ენაზე) დღემდე ისტორიკოსების შესწავლისა და დავის საგანია. ამ ხელნაწერში თავმოყრილია ცნობები ევროპისა და აზიის ქვეყნებზე, მათ მდებარეობაზე, ქალაქებსა თუ მდინარეებზე, ასევე სხვადასხვა ეთნოსზე.

2020 წელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, არმენოლოგმა ბონდო არველაძემ გამოიკვლია „აშხარაცუიცის“ ის ნაწილი, სადაც საქართველოზეა საუბარი. ეს კვლევა რადიო თავისუფლებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გამოაქვეყნა სტატია „აშხარაცუიცი“ - რა წერია უძველეს სომხურ ხელნაწერში კავკასიურ ტომებზე“. ამ უძველესი ისტორიული წყაროს შესახებ „თავისუფლება“ ამჯერად ბონდო არველაძეს ესაუბრა.

- ვინ არის „აშხარაცუიცის“ ავტორი?

- ჯერ ფიქრობდნენ, მოვსეს ხორენაცის ნაწარმოები იყო, შემდეგ შეთანხმდნენ, რომ ანანია შირაკაცის დაწერილია. ანანია შირაკაცმა ტრაპიზონში ძალიან კარგი განათლება მიიღო. ეს იქიდან ჩანს, რომ მრავალმხრივი შრომები აქვს, მაგალითად, ტრაქტატი: „მათემატიკა წონისა და ზომის შესახებ“, ტრაქტატი: „კალენდრისა და კოსმოგრაფიის შესახებ“ და ასევე თავად „აშხარაცუიცი“.

- საბოლოოდ დადგინდა, რომ ძეგლი მე-7 საუკუნისაა?

- ამის შესახებაც იყო სხვადასხვა მოსაზრებები, მაგრამ საბოლოოდ ამ თარიღზე შეთანხმდნენ. „აშხარაცუიცის“ რამდენიმე გამოცემა არსებობს, მათგან ყველაზე სოლიდური - აკადემიკოს სურენ ერემიანის 1963 წლის ვერსიაა, რომელსაც მე ვეყრდნობი. მან ეს თხზულება ძველი სომხურიდან ახალზე თარგმნა, კომენტარები დაურთო და პირველმა აღმოაჩინა, რომ „აშხარაცუიცი“ 15 რუკის კრებულია.

სურენ ერემიანი თბილისელი სომეხი იყო, ჩვენზე უკეთ იცოდა ქართული. ერთხელ გარეჯში ჩამოვიდა, იქ პურმარილი გაგვიშალეს. სადღეგრძელო რომ თქვა, „ქართლის ცხოვრებიდან“ ნაწყვეტებს ზეპირად კითხულობდა.

ჩემს წიგნში მის განმარტებებს კრიტიკული შენიშვნებიც დავურთე, რადგან ყველაფერში არ ვეთანხმები.

მაგალითად, ერემიანმა თავიდან სვანები და მეგრელები შეცდომით სხვა ტომად მიიჩნია, მაგრამ შემდეგ ნაშრომში გამოასწორა და დაწერა, რომ ისინი ქართველური ტომებია.

- რას წერს ანანია შირაკაცი საქართველოზე?

- წერს კოლხეთზე, ქართლზე, ჩამოთვლილია ჯავახეთი, სამცხე, მანგლისის ციხე, აჩაბეთი, არტაანი, მტკვარი და ბევრი სხვა. არ დაგვავიწყდეს, ეს მე-7 საუკუნეაა, ამით არის ფასეული. აბა, დამისახელეთ სხვა რომელიმე წყარო, სადაც ქართული ტოპონიმები ასეა ჩამოთვლილი. ალაგ-ალაგ კი არის, მაგრამ არა ასე სისტემურად. ასეთი წყარო იმ პერიოდის სხვა არ გვაქვს. თან „აშხარაცუიცში“ თბილისი პირველად არის დასახელებული საქართველოს დედაქალაქად.

რამდენიმე ნაწყვეტი მაგალითისთვის, ანანია შირაკაცი კოლხეთის და ქართლის შესახებ („აშხარაცუიცის“ მიხედვით):

„კოღქის (კოლხეთი - რ.თ.) ქვეყანა, იგივე ეგერი (ეგრისი - რ.თ.) მდებარეობს აზიაში, პონტოს ზღვის დასავლეთით - სარმატიამდე. იგი ვრცელდება მდინარე დრაკონიდან (ენგური) კავკასიონის მთაგრეხილის განშტოებამდე, რომელიც კოღქს ყოფს ვირქისგან (ქართლი - რ. თ.). აქედან კოღქის საზღვრის ნაწილი აღწევს დიდ სომხეთსა და პონტოს კაბადოკიამდე... კოღქში არის აგრეთვე სხვა მდინარე - აკმისი, იგივე ვოჰ (ჭოროხი - რ.თ.), რომელიც მოედინება დიდ სომხეთიდან...“

„ქართველთა ქვეყანა იწყება ეგრისის აღმოსავლეთიდან და ვრცელდება კავკასიის სარმატიის მთებამდე, შემდეგ ალბანეთსა და სომხეთის საზღვრამდე - მდინარე მტკვრამდე.

ვირქის გავარები (ადმინისტრაციული ერთეული - რ.თ.) იწყება მდინარე ვოჰიდან, ტაოს ჩრდილოეთის საზღვრებიდან. ესენია კლარჯეთი, შავშეთი, არტაანის გავარები, რომელიც ვირქმა წაართვა სომხეთს...“

„...მტკვარი მიემართება ქართველთა ქვეყნის დედაქალაქ ტფღისს (თბილისი)“...

„...სამხრეთით მდებარეობს ჯავახეთის ზეგანი, რომლის მრავალრიცხოვანი ტბები მდიდარია სხვადასხვა სახის თევზით“...

ხელნაწერთა ინსიტუტი ერევანში
ხელნაწერთა ინსიტუტი ერევანში

- გარდა გეოგრაფიისა, კიდევ რას აღწერს ამ თხზულებაში ანანია შირაკაცი?

- პირველ რიგში გეოგრაფიას, სახელწოდებებს, მდინარეებს, მთებს, ზღვებს, ტბებს... ეს თხზულება მთელი მსოფლიოს გეოგრაფიას მოიცავს, აქ არის ევროპა, აფრიკა... ყველაფერი, რა თქმა უნდა, ზუსტი არ არის, ზოგი რამ გაზვიადებულია, მაგრამ ნაშრომი ძალიან საინტერესოა.

- თავად ანანია შირაკაცი მთელ მსოფლიოს ვერ მოივლიდა. რა წყაროებს ეყრდნობა, როდესაც ამ ქვეყნების, მათ შორის საქართველოს გეოგრაფიაზე წერს?

- თავად ამ წყაროებს არ ასახელებს. საქართველო მაინც გვერდით იყო და იცოდა, მსოფლიო კი ნამდვილად არ შემოუვლია, პტოლემაოსის (ალექსანდრიელი ასტრონომი, გეოგრაფი. მოღვაწეობდა პირველ-მეორე საუკუნეებში - რ.თ.) რუკებს ეყრდნობოდა.

- დღევანდელი გადასახედიდან რამე თუ დარჩა „აშხარაცუიცში“ გაუგებარი?

- არა, უკვე ყველაფერი გაშიფრულია. სადავო შეიძლება იყოს, მაგრამ გაუგებარი არაფერი.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    თეა თოფურია არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2012 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG