Accessibility links

ქართველ მეზღვაურებს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ლეგალურად მუშაობის უფლება ექნებათ


საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე გაფორმებული მემორანდუმი ქართველ მეზღვაურებს საშუალებას აძლევს დასაქმდნენ ევროკავშირის ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. გაფორმებული შეთანხმებით, ორმა ქვეყანამ, გერმანიამ და ხორვატიამ, ქართველ მეზღვაურთა სერტიფიკატები აღიარა, ეს კი, როგორც ფორუმზე აღინიშნა, 11 ათასზე მეტ მეზღვაურს საშუალებას მისცემს შეიქმნან უკეთესი დასაქმების პირობები შესაბამისი ანაზღაურებით.

„ევროკავშირის ფაქტიურად ყველა ქვეყანასთან ჩვენ უკვე გაფორმებული გვაქვს მემორანდუმი. დარჩენილია ჰოლანდია, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი, რომლებთანაც ვაგრძელებთ მუშაობას. ის ქვეყნები კი აღიარებენ ჩვენს საზღვაო საგანმანათლებლო და საზღვაო საწვრთნელ სისტემას და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაცემულ სამუშაო სერტიფიკატებს“, - ამბობს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი.

ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატების აღიარების ორმხრივ მემორანდუმს გერმანიის მხრიდან ხელი მოაწერა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საზღვაო და სანაოსნო ადმინისტრაციის გენერალურმა დირექტორმა რაინჰარდ კლინგელმა:

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და ვაღიარეთ მეზღვაურთა სერტიფიკატი, რითიც ქართველ მეზღვაურებს ვაძლევთ შანსს იმუშაონ გერმანულ და გერმანიის დროშით მცურავ გემებზე. გარდა ამისა, შეთანხმება მოიცავს მეზღვაურთა მომზადების ხარისხის გასაუმჯობესებლად საქართველოში ტრენინგების ჩატარებას და განათლებას. იმედია, პირველ შედეგებს უმოკლეს პერიოდში ვნახავთ“.

ახალი წესები შემოდის, ეს არის უსაფრთხოების რეგულაციები. ეს ყველაფერი აგრეთვე უნდა იყოს გათვალისწინებული საგანმანათლებლო ერთეულში. ჩვენ უნდა მივცეთ სტუდენტებს თანამედროვე განათლება, რომელიც დღევანდელი მსოფლიოს მოთხოვნებს შეესაბამება და არა ის განათლება რომელიც კლასიკურია და მიღებული.
ნინო ყურშუბაძე

მეზღვაურთა გადამზადების ხარისხის ამაღლების მიზნით საზღვაო ფორუმზე ხელი მოეწერა აგრეთვე ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ბათუმის საზღვაო აკადემიასა და შანხაის საზღვაო სასწავლებელს შორის, რომელიც სამომავლოდ აკადემიის როგორც სტუდენტების გადამზადებას, ასევე ტრენერ პედაგოგების გაცვლით პროგრამაში ჩართვას გულისხმობს. ბათუმის საზღვაო აკადემიის „აისოს“ სტანდარტის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინო ყურშუბაძე ამბობს, რომ შანხაის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა არ უნდა იყოს მხოლოდ ინფორმაციის გაცვლა, არამედ იგი უნდა ემსახურებოდეს სასწავლო მასალების დახვეწას:

„რომელშიც უნდა იყოს გათვალისწინებული თანამედროვე კონვენციური მოთხოვნები. ეს არის რეგულირებადი სფერო. შესაბამისად, არსებობს საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ავალდებულებს განათლების რა უნარები და შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს ნებისმიერი რანგის მეზღვაურს. ახალი წესები შემოდის, ეს არის უსაფრთხოების რეგულაციები. ეს ყველაფერი აგრეთვე უნდა იყოს გათვალისწინებული საგანმანათლებლო ერთეულში. ჩვენ უნდა მივცეთ სტუდენტებს თანამედროვე განათლება, რომელიც დღევანდელი მსოფლიოს მოთხოვნებს შეესაბამება და არა ის განათლება რომელიც კლასიკურია და მიღებული“.

მიღებული და დამკვიდრებულია აგრეთვე ის, რომ საზღვაო ინდუსტრიაში მსოფლიოს მასშტაბით კაცები დომინირებენ. საზღვაო სფეროში სწორედ ქალების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, საზღვაო ფორუმზე კიდევ ერთი ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მას ხელი მოაწერეს საქართველოს ქალთა საერთაშორისო სანაოსნო და სავაჭრო ასოციაციიისა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებმა, აგრეთვე გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ:

„როგორც წესი, მსოფლიოში საზღვაო ბიზნესში დასაქმებული ქალების წილი დაბალია. არსებული სტატისტიკით, დაახლოებით 2 %-ია, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ამ სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე ქალების დასაქმებისთვის. ზღვაოსნობა ტრადიციული საქმიანობაა და ვფიქრობ, სტერეოტიპები უნდა დაინგრეს“.

საქართველოში საზღვაო სფეროში ქალთა დასაქმების მიზნით ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში ოთხი მეზღვაური ქალის სახელობის ფონდის ჩამოყალიბებაა დაგეგმილი. ფონდი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საზღვაო ფაკულტეტის ოთხი სტუდენტი გოგოს სწავლას დააფინანსებს, მთელი საქართველოს მასშტაბით კი შეირჩევა 20 ქალი, რომლებიც საკრუიზო ლაინერებზე დასაქმებისთვის პროფესიულ გადამზადებას გაივლიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG