Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 ქართული თამაში: უსაფრთხო ინფორმაციის გზამკვლევი


Fake news-ები, კიბერბულინგი, პირადი მონაცემის მოპოვებისა და გამოყენების საფრთხე ინტერნეტის ეპოქაში ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მეტი იცოდნენ თავიანთი უფლებებისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაციები შემოქმედებით ჯგუფებთან ერთად სხვადასხვა აპლიკაციებსა და თამაშებს ქმნიან. რადიო თავისუფლება 5 მათგანის შესახებ მოგიყვებათ:

1. „კიბერბულინგი“ სიტუაციური მაგალითების მეშვეობით გასწავლის, თუ როგორ გაუმკლავდე ინტერნეტშემოტევას და ვის უნდა მიმართო.

თამაშის გმირი 16 წლის კირაა. მას უცნობი მეგობრებში დამატების მოთხოვნას უგზავნის, ფოტოს გაგზავნას სთხოვს, შემდეგ აშანტაჟებს და საჯაროდ არცხვენს. ჩაბნელებულ ოთახში კირა 7 კიბერმოჩვენებასთან ერთადაა, რომლებიც სწორი პასუხების გაცემისთანავე უჩინარდებიან. მოთამაშე უნდა დაეხმაროს კირას პრობლემის მოგვარებაში.

2. „შოპინგი მილანში“ ყოფით სიტუაციაზე აგებული თამაშია. 17 წლის მილამ სკოლის დამთავრების შემდეგ მშობლებისგან მილანში საგზური მიიღო. მზადების პროცესში და მოგზაურობისას მას უწევს 10 კითხვაზე პასუხის გაცემა, როგორც თამაშის აღწერაშია ნათქვამი:

„მილას პერსონალურ მონაცემებსა და კიბერუსაფრთხოების საკითხზე უწევს გადაწყვეტილების მიღება. სწორი პასუხის შემთხვევაში დაგროვებული მონეტებით მილანში შოპინგის შესაძლებლობა ეძლევა, არასწორი პასუხის შემთხვევაში კი მოთამაშე ეტაპობრივად ტანსაცმელს კარგავს“.

3. თამაში „გაზომე სიმართლე და საკუთარი ცხვირი!“ ინფორმაციის სანდოობის შემოწმებასა და ტყუილ-მართლის გარჩევაზეა აგებული, თამაშში მოცემული მაგალითები კი ინტერნეტში გავრცელებული რეალური და fake ამბებია.

„მოთამაშე ინფორმაციის სანდოობასა და პროპაგანდის სხვადასხვა მეთოდს აფასებს. ამისათვის მან 4 სავარაუდო პასუხიდან ერთ-ერთი უნდა მონიშნოს. არასწორ პასუხზე მას ცხვირი პინოქიოსავით ეზრდება, ხოლო სწორ პასუხზე უმოკლდება და, საბოლოოდ, იდეალურ ფორმას იღებს“.

4. „ლიტერატურუსის თავგადასავლები“ ქართულ ენაზეა თარგმნილი თამაშია, რომელიც 10 ტურისგან შედგება.

ლიტერატურუსი 10 სამყაროს მოივლის, რათა გაათავისუფლოს თავისი საყვარელი ვერიტასი, რომელიც მანიპულუსმა მოიტაცა.

გზად ლიტერატურუსს ამბების გადამოწმება სჭირდება, რაშიც,

სხვადასხვა საგნებისა და მინიშნებების გამოყენებით, მოთამაშე უნდა დაეხმაროს.

5. რამდენიმე დღეში ცრუ ამბებთან გასამკლავებლად კიდევ ერთი თამაში გამოვა. თამაშის მთავარი გმირი „დავითა“ ციფრულ სამყაროში გზის გაკვლევას ცდილობს. „ფეისბუკ მესენჯერში“ მასთან თამაში იქნება შესაძლებელი. იმისთვის რომ დავითა არ წაიქცეს და უსარგებლო ინფორმაციით არ გაევსოს თავი, შემოთავაზებული კითხვებიდან მომხმარებელი სწორ პასუხს უნდა მიხვდეს.


  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG