Accessibility links

"ქართული ოცნება" ოპოზიციისთვის მიუღებელი შეთავაზებით


ოპოზიციური ერთობა არ იზიარებს საარჩევნო სისტემის იმ მოდელს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივად და ფრაგმენტულად გაასაჯაროვა, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით გამართული შეხვედრების შემდეგ. ხელისუფლებისგან განსხვავებით, გაუთქმელობის შეთანხმებას იცავს და დეტალებზე არ ლაპარაკობს ოპოზიციური ერთობა. თუმცა, ოპოზიციონერების თქმით, „ქართული ოცნების“ მოდელი არ შეესაბამება მთავარ პრინციპს - მანდატები გადანაწილდეს სამართლიანად, ამომრჩევლების ნების შესაბამისად.

რას შეთავაზება აქვს „ქართულ ოცნებას“ და რას ფიქრობს ოპოზიციური ერთობა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით? რა ვადაში უნდა შეთანხმდნენ მხარეები და რა მოხდება მაშინ, თუკი შეთანხმება ვერ შედგება?

რა შეთავაზება აქვს „ქართულ ოცნებას“?

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა თქვეს, რომ ოპოზიციურ ერთობას შესთავაზეს საარჩევნო სისტემის მოდელი, რომელიც ოპონენტების მოთხოვნიდან გამომდინარეობს და, წესით, არაფერი დაეწუნება. ბრიფინგი გაიმართა 1 მარტს, პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

ყველაფერი არ თქმულა, მაგრამ ითქვა, რომ:

  • პარტია, რომელიც 2020 წლის არჩევნებზე მიიღებს 40%-ს ან უფრო ნაკლებს, ვერ შეძლებს უმრავლესობის ჩამოყალიბებასა და მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტებას;
  • იმუშავებს ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი, რაც ამ პრინციპს უზრუნველყოფს და შედეგი იქნება იგივე, რასაც პროპორციული საარჩევნო სისტემა მოგვცემდა;
  • 40%-იანი ზღვრის პირობებში მნიშვნელობა აღარ ექნება მაჟორიტარული წესით არჩეული მანდატების რაოდენობას;
  • „ქართული ოცნება“ არ არის თანახმა, რომ 150-კაციან პარლამენტში 40-ზე ნაკლები იყოს მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობა;
  • „ქართული ოცნებისთვის“ მისაღები იქნება თანაფარდობა 100/50-ზე ან 110/40-ზე.

„შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია. იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ხელს შეუშლის ამ შეთანხმებას და დაბლოკავს ამ შეთანხმებას, მოუწევს, რომ საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს აუხსნას, თუ რა იყო რეალური მიზეზები და მოტივაცია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ კი თქვა, რომ თუკი სათანადო მოცულობით არ იქნება წარმოდგენილი ამ სისტემაში მაჟორიტარული კომპონენტი“, „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება გუნდის მობილიზება საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად.

რას ფიქრობს ოპოზიციური ერთობა?

ოპოზიციური ერთობისთვის გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ არაფორმალურ შეხვედრების შინაარსის გასაჯაროება მაშინ, როცა ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. ამასთან, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით გამართულ შეხვედრებზე მხარეები დეტალების გაუთქმელობაზე შეთანხმდნენ.

ოპოზიცია არც ნათქვამის შინაარსს ეთანხმება და არც იმას, რის შესახებაც საჯაროდ არ ულაპარაკია „ქართულ ოცნებას“.

ოპოზიციური ერთობა ერთიანია მიდგომაში, რომ:

  • თანაფარდობები 100/50-ზე და 110/40-ზე აბსოლუტურად მიუღებელია და მას არ ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა;
  • ამომრჩეველთა ხმების შედარებით სამართლიანად, პროპორციულად გადასანაწილებლად აუცილებელია მაჟორიტარების რიცხვის 20-მდე ან 25-მდე შემცირდება (ანუ თუკი იქნება თანაფარდობა 130/20-ზე ან 125/25-ზე);
  • „ქართული ოცნება“ ცდილობს ცრუ კონსტრუქციულობის დემონსტრირებას და მისი შემოთავაზება „თვალში ნაცრის შეყრას“ ისახავს მიზნად;
  • „ქართული ოცნება“ აპირებს მაჟორიტარული ოლქების თავისთვის სასარგებლო პრინციპით შემცირებასა და სხვა საკანონმდებლო ხვრელების ასევე სათავისოდ გამოყენებას.

ოპოზიცია დეტალებს არ აკონტროლებს, ისევ გაუთქმელობის შეთანხმების გამო.

2 მარტს, ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული მორიგი შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციურ პარტიათა ლიდერები აცხადებდნენ, რომ - „ქართული ოცნების“ შეთავაზება არ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების სამართლიან ასახვას და მმართველი პარტიას, დამატებითი მაქინაციებით, მაინც იმაზე მეტი მანდატის აღების იმედი აქვს, ვიდრე ეკუთვნის.

შეთანხმების ვადები

თუკი ადრე „ქართული ოცნება“ შეთანხმების მაქსიმალურ ვადად თებერვლის ბოლოს ასახელებდა, ახლა უკვე ახალ, უფრო ხანგრძლივ ვადაზეა ლაპარაკი.

როგორც ირაკლი კობახიძემ 1 მარტს თქვა:

  • იმისათვის, რომ მოესწროს საკონსტიტუციო ცვლილების დამტკიცება და შემდეგ უკვე საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა, შეთანხმება უნდა მოხდეს მომავალ ორშაბათამდე (9 მარტი);
  • ხოლო პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ინიცირებული უნდა იყოს 11 მარტს.

ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, ვეღარაფერი მოესწრება და 2020 წლის არჩევნები ისევ მოქმედი შერეული სისტემით ჩატარდება.

2 მარტს, ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევა მოგვიანებით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესშიც შეიძლება, თუკი „ქართული ოცნება“ მოახდენს თავისი შეთავაზების ინიცირებას პარლამენტში.

ოპოზიციონერებისთვის ცხადია, რომ ხელისუფლებამ მეტ-ნაკლებად გაიაზრა საერთაშორისო წნეხის სერიოზულობა და გარკვეული უკან დახევაც სწორედ ამით არის განპირობებული. შესაბამისად, ამ ვითარებაში, ნაწილს ძნელად წარმოუდგენია, რომ „ქართული ოცნება“ შეძლებს მხოლოდ მისთვის ხელსაყრელი ვარიანტის გატანას.

თუკი ეს მაინც ასე მოხდება, ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, 2020 წლის არჩევნებისთვის გართულდება პოლარიზაციის დაძლევა, ვითარების ნორმალიზაცია და სადავოდ დარჩება არჩევნების შედეგები.

პოლიტიკური ანგარიშსწორება და საარჩევნო სისტემა

ოპოზიციური ერთობის მეორე დიდი მოთხოვნა - პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ოპოზიციონერი ლიდერების პოლიტიკური დევნის შეწყვეტას უკავშირდება.

პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებისა და გასამართლების პრობლემის გადაწყვეტის გარეშე, ოპოზიციას შეუძლებლად მიაჩნია ხელისუფლებასთან პოლიტიკური შეთანხმება და ვითარების ნორმალიზება არჩევნებისთვის.

თუმცა, თუკი „ქართული ოცნება“ თანახმა იქნება სრულად პროპორციულ სისტემაზე ანდა მასთან მაქსიმალურად მიახლოებულ მოდელზე (თანაფარდობით 130/20-ზე), საპარლამენტო პარტია „ევროპული საქართველო“ მხარს დაუჭერს ამ საკითხის გატანას.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ 2 მარტს განაცხადა:

  • „ორივე კომპონენტი უნდა იყოს დაკმაყოფილებული, რომ იყოს პოლიტიკური შეთანხმება და ნორმალიზება, მაგრამ... (ხმა რომ არ მივცეთ) გაიქცევიან ჩვენს პარტნიორებთან და ეტყვიან - ნახეთ, რა უცნაური ხალხიაო... პროპორციული არჩევნები რომ შემოიტანოს ხვალ, აბა, არ მივცემთ ხმას?! ...ხმას მივცემთ იმას, რაც კარგია ქვეყნისთვის“;
  • „პროპორციული რომ შემოიტანოს ხვალ ივანიშვილმა, რაც არარეალისტურია, ჩვენ სასაცილო მდგომარეობაში არ ჩავიგდებთ თავს არც დასავლელ პარტნიორებთან და არც სხვასთან, რომ ვთქვათ - რახან გვიჭერენ, ხმას არ მივცემთო“.

„ნაციონალური მოძრაობა“ ამ საკითხს განსხვავებულად უყურებს. როგორც პარტიის წარმომადგენელმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა 2 მარტს:

„ჩვენთვის პრინციპულია, ნებისმიერი შეთანხმება ეხებოდეს არა მხოლოდ საარჩევნო სისტემას, არამედ ის ეხებოდეს არსებულ პოლიტპატიმრებსა და პოლიტიკური დევნის შეჩერებას“.

„ქართული ოცნება“ კატეგორიულად უარყოფს პოლიტიკური დევნის არსებობას და ამ საკითხს არანაირად არ განიხილავს საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების კონტექსტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG