Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ქართული ოცნებისა” და “პატრიოტთა ალიანსის” ჩინოვნიკები ჯავახეთში ნათესავების გამო ჩხუბობენ


ქართული ოცნების წევრი, პარლამენტის ფრაქცია "რეგიონების" წარმომადგენელი ენზელ მკოიანი, ამტკიცებს, რომ მისი ძმის, მარდუნ მკოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ მას თბილისში გადასაყვანად კატასტროფის ცენტრის დახმარება სჭირდება.

3 დღის წინ პარლამენტის დეპუტატის ძმა და ახალქალაქის საკრებულოს წევრის სამველ პეტროსიანის შვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც გევორქ პეტროსიანს (საკრებულოს წევრის შვილი) მარდუნ მკოიანის (დეპუტატის ძმა) მანქანამ ქუჩაში სწრაფად ჩაუარა და მტვერი შეაყარა.

მარდუნ მკოიანის სახლი
მარდუნ მკოიანის სახლი


"მარდუნ მკოიანმა ჰესზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულა და იქიდან რომ ბრუნდებოდა გზად გევო პეტროსიანი შეხვდა. გევო ვარჯიშობს და ამ დროს ქუჩაში მიდიოდა. ქალაქში გზებს აკეთებენ და ირგვლივ მტვერია. გევოს კიდევ ეგონა, რომ სიჩქარეს განზრახ მოუმატეს, რომ მტვერი შეყროდა, ჩხუბიც ამის გამო დაიწყო“, - ამბობენ ადგილობრივები, რომლებიც ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებენ.

"გევორქი გამოეკიდა და მარდუნს რესტორანთან გადაუსწრო. იქ საუბარი ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. გევორქმა სახეში გაარტყა და მანქანისკენ წავიდა, მარდუნი საჭეზე დაეკიდა, თუმცა [გევორქმა] გაასწრო", - ჰყვებიან ჯავახეთში.

ახალქალაქი
ახალქალაქი


დეპუტატის ძმა ჟურნალისტებს არ ხვდება, მისი დეპუტატი ძმა კი მედიას უმტკიცებს, რომ დაპირისპირებიდან მე-4 დღეს მარდუნ მკოიანის მდგომარეობა დამძიმდა: "დაახლოებით 50 მეტრი მანქანით ათრია, ფილმებში არ ხდება, ალბათ, ასე. წუხელ ცუდად იყო და თბილისში გადაყვანა გახდება საჭირო".

მომხდარზე არც პეტროსიანები საუბრობენ. ახალქალაქის საკრებულოს წევრი "პატრიოტთა ალიანსიდან" ამბობს, რომ მათი რეაქცია მკოიანების შემდგომ ნაბიჯებზეა დამოკიდებული.

ხათუნა კეკელაშვილი
ხათუნა კეკელაშვილი


"ევექსის" რეგიონული ჰოსპიტლების კოორდინატორი ამბობს, რომ კლინიკაში ორი პაციენტი 4 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 15:00 საათისთვის შევიდა, "რომელთაც აღენიშნებოდათ სახის არეში მიღებული დაჟეჟილობები, ორივე მათგანს თვალბუდის მიდამოში სისხლნაჟღენთი და სახის არეში ღია ჭრილობა ჰქონდათ. კლინიკაში გაჩერდნენ რამდენიმე საათის განმავლობაში, მოგვიანებით კი სათანადო რჩევა-დარიგებებითა და ამბულატორიული მკურნალობით გაეწერნენ ბინაზე. წესით ხვალ ნაკერების ამოსაღებად ისევ უნდა მოვიდნენ კლინიკაში", - აცხადებს ხათუნა კეკელაშვილი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "გ” ქვეპუნქტით, რომელიც გულისხმობს წამებას დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG