Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არასდროს გვითქვამს, რომ ჰესების წინააღმდეგი ვართ! არამედ ჩვენ ვსვამთ საკითხს - სად გვინდა და როგორი გვინდა?"


“პანკისის მოსახლეობას არ ჰქონდა შესაძლებლობა ხმა მიეწვდინა გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის და ეთქვა, რომ, მაგალითად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელიც ინვესტორმა მოამზადა, კოპირებულია, პირდაპირ გადმოტანილია სვანეთში დაგეგმილი ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშიდან და ის არის უხარისხო. რას ნიშნავს გადმოტანილია? ეს ნიშნავს, რომ ინვესტორმა არ შეისწავლა რეალური მდგომარეობა და ის, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის მიერ დაგეგმილ საქმიანობას პანკისის მოსახლეობაზე”, - ამბობს „მწვანე ალტერნატივის“ პოლიტიკის ანალიტიკოსი, ქეთი გუჯარაიძე „დილის საუბრებში“. 21 აპრილიდან მოყოლებული არ წყდება მსჯელობა პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებაზე მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის. მსჯელობა ძირითადად ეხება შემდეგ საკითხებს: ვინ და როგორ უნდა აგოს პასუხი პანკისის ხეობაში მომხდარზე? ვინ არის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მომხრე და მოწინააღმდეგე? ვის უნდა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა და ვინ უშლის ამას ხელს? ამას მოსდევს - ვინ პატრიოტია და ვინ მოღალატე? შემდეგ, პრობლემის გაუბრალოება - განა, ასეთს რას გააფუჭებდა „ხუთმეგავატიანი მწვანე ჰესი“? შემდეგ, „მთავარი დამნაშავის“ ძებნა - ვინ შეუწყო ხელი მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდას? და ა.შ.. „არ უარვყოფ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმარებიან ადგილობრივ მოსახლეობას, მაგრამ ეს დახმარება არის მხოლოდ ექსპერტული დახმარება: ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ ის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, ვუთხრათ სუსტი წერტილები და ასევე შევატყობინოთ მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ - რა გზით შეუძლიათ მათ თავიანთი აზრის კომუნიკაცია გადაწყვეტილების მიმღებთან. ეს არის ჩვენი ფუნქცია და ჩვენი ვალდებულებაც საზოგადოების წინაშე. ჩვენ ვალდებულებებით ვარსებობთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ქეთი გუჯარაიძემ, რომელიც ასევე პასუხობს მისი და მისი კოლეგების მიმართ მუდმივ ბრალდებას: „ხშირად გვაწებებენ ამ იარლიყს - ჰესების წინააღმდეგი ხართ! ყველაფრის წინააღმდეგი ხართ! არასდროს გვითქვამს, რომ ჰესების წინააღმდეგი ვართ! არამედ ჩვენ ვსვამთ საკითხს - სად გვინდა და როგორი გვინდა? ასევე ვამბობთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული“. უპასუხოდ რჩება კითხვა, რომელიც ნებისმიერს შეიძლება გაუჩნდეს: რისი უფლება აქვს მოქალაქეს კანონით და რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მას რეალურად იმაზე, რაც მთავრობამ და ინვესტორმა უკვე გადაწყვიტეს? როგორ იმსჯელოს საზოგადოებამ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშზე, რომელიც ჰესების შემთხვევაში დაკოპირებული ფორმალობაა?  დღემდე არსებული გამოცდილებით, როცა მოსახლეობა უკმაყოფილოა და აპროტესტებს კონკრეტული პროექტის განხორციელებას, სახელმწიფო ინვესტორის გვერდით დგას - მის ინტერესს თვლის უფრო მნიშვნელოვნად და ლეგიტიმურად. რა კანონიერი უფლებები აქვს მოქალაქეს და რა ბერკეტებია მის ხელთ? ანუ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუკი ხედავთ, რომ თქვენი ინტერესები მნიშვნელოვნად ილახება, ანდა სულაც უგულებელყოფილია და თქვენი საცხოვრებელი გარემო შეიძლება ისე შეიცვალოს, რომ გაუსაძლისიც გახდეს? როგორ შეძლებთ დაეწიოთ სამართლებრივი გზით იმას, რაც შეიძლება ვეღარ გასწორდეს? „სასამართლო დავის პარალალურად პროექტის განმახორციელებელს აქვს შესაძლებლობა ამოთხაროს, გადათხაროს, ააშენოს. სასამართლოს დასრულებისას შეიძლება ობიექტი აშენებულიც იყოს და ექსპლუატაშიც იყოს გაშვებული“.  „დილის საუბრებში“ ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ პოლიტიკის ანალიტიკოსი, ქეთი გუჯარაიძე აღწერს იმ საკანონმდებლო საფუძველსა და პრაქტიკას, რაც საქართველოშია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქის მონაწილეობის თვალსაზრისით. ის ყვება: კანონმდებლობის ცვლილების დინამიკაზე ბოლო ოცი წლის განმავლობაში; პასუხისმგებლობების არასწორ გადანაწილებაზე; პრაქტიკაზე, როგორც კანონმდებლობა ხორციელდება და რეალობაზე, რომელშიც მოქალაქეს არ რჩება ეფექტიანი ბერკეტი დაიცვას გარემო და დაიცვას თავი.

XS
SM
MD
LG