Accessibility links

ქვეყანაში „ფაქტობრივად სრული კარანტინი“ ამოქმედდა - რა არ უნდა გამოგრჩეს 31 მარტს


რა იკრძალება დღეიდან?

დადასტურებული შემთხვევა - 103

კარანტინში - 5114

სტაციონარში - 263

გამოჯანმრთელებული - 20

„საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი“, - ასე დაიწყო ბრიფინგი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა, აკრძალვები კი ასე გამოიყურება:

21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 6:00 საათამდე. ანუ, 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი. საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე (21 აპრილი) თბილისში მეტრო და ავტობუსებიც აღარ იმოძრავებს. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, ასევე ტაქსით მგზავრობა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს მანქანაში მხოლოდ ორი მგზავრი უზის და მგზავრები უკანა სავარძელს იკავებენ. მუშაობას განაგრძობს აფთიაქები და სასურსათო მაღაზიები.

70 წელს გადაცილებულ საქართველოს მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში.

რელიგიური დღესასწაულების შესახებ დაუსვეს შეკითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ჟურნალისტი დაინტერესდა, რას გეგმავს მთავრობა მაშინ, როდესაც რელიგიური დღესასწაულები ახლოვდება და როგორ აპირებს გაუმკლავდეს ხალხის ნაკადს. ამასთან, ჰქონდა თუ არა ხელისუფლებას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან კომუნიკაცია.

„ასეთი კომუნიკაცია იყო, ასეთი კომუნიკაცია გაგრძელდება და მისი შედეგია მაგალითად ის, რომ ბევრმა ეკლესიამ დააწესა სპეციალური წესები. ბევრმა ეკლესიამ მოახერხა და მოახდინა ეკლესიის ეზოების შესაბამისი ხმის ტექნიკით აღჭურვა, იმისთვის, რომ მრევლს შეეძლოს გარეთ იმყოფებოდეს. ჩვენ ამას გავაგრძელებთ, მაგრამ ერთ რამ გავითვალისწინოთ, ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობა არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და მის ჯანმრთელობას, ჩვენ ყოველთვის ვიპოვით შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან. მე ვერ წარმომიდგენია, ისევე, როგორც რიგით ადამიანს, მოქალაქეს, მრევლს, რიგით ქრისტიანს, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა, როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის“, - თქვა გიორგი გახარიამ.

წაიკითხე მეტი.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 103-ს მიაღწია

გუშინ სულ 4 მოქალაქეს დაუდგინდა ახალი კორონავირუსი. აქედან ორი დიდი ბრიტანეთის კლასტერს განეკუთვნება.

ლაბორატორიული კვლევით დადასტურდა, რომ კორონავირუსით COVID-19-ითაა ინფიცირებული 50 წლის გალელი ქალი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან 29 მარტს ღამით გადაიყვანეს საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. პაციენტი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება.

ასევე ცნობილია, რომ ინფიცირებულთაგან ერთ-ერთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, თუმცა რომელ საავადმყოფოში მუშაობს ის, ამ დრომდე უცნობია.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა კი მსოფლიოში 35 ათასს გადააჭარბა. ყველაზე მეტი ინფიცირებული აშშ-შია.

წაიკითხე მეტი.

დღეს ამსტერდამიდან საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან

დღეს სპეციალური რეისით ქვეყანაში დაბრუნდებიან აქართველოს მოქალაქეები ამსტერდამიდან. ეს ერთ-ერთია იმ რეისებს შორის, რომლის გრაფიკიც საკოორდინაციო საბჭოზე განისაზღვრა.

ავიარეისები 10 აპრილის ჩათვლით შესრულდება ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან. 3 აპრილს არის დაგეგმილი ბერლინი-თბილისის რეისი.

ჩამოსული მგზავრები სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გაივლიან, განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა ვირუსის სიმპტომები. ამ დროისთვის ქვეყანაში 4 ათასამდე მოქალაქე დაბრუნდა რეისებით, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არის ორგანიზებული.

საგანგებო მდგომარეობა და პაციენტების გზა ოკუპირებული აფხაზეთიდან

COVID-19-ის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად, საქართველოს მთავრობამ სამეგრელოს რეგიონში კონტროლი 29 მარტიდან გაამკაცრა. ერთ მიზეზად დასახელდა მოქალაქეების ნაწილის მიერ საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების იგნორირება და მეორე მიზეზად „აფხაზეთის რეგიონში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება“. ზომების გამკაცრებიდან რამდენიმე საათში, 29 მარტს ღამით, ზუგდიდის ინფექციურმა საავადმყოფომ მიიღო ცნობა, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან მოჰყავთ პირველი პაციენტი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით.

პაციენტი გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრი 50 წლის ქალია, რომელიც რუსეთიდან აფხაზეთში 29 მარტს დაბრუნდა. „სიცხე ჰქონია მოსკოვშიც, წამოსულა და სოჭში დახვედრია ძმისშვილი, იმან ჩამოიყვანა და პირდაპირ გადაიყვანა ზუგდიდში ისე, რომ არავისთან შეხება არ ჰქონია“, - უამბო რადიო თავისუფლებას გალელმა რესპონდენტმა, რომლის ვინაობას მისივე უსაფრთხოების მოტივით არ ვასახელებთ.

რადიო თავისუფლებას გალში მცხოვრებმა რესპონდენტმა შეატყობინა, რომ ოკუპირებული რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში გამომგზავრება სურდა კიდევ ერთ ქალს, რომელსაც ასევე ჰქონდა ცხელება და ხველა, თუმცა ის ე.წ. მესაზღვრეებმა არ გაატარეს.

საოკუპაციო ხაზზე რუსი სამხედროების მიერ გამკაცრებული კონტროლის მიუხედავად, მოქალაქეთა ნაწილი შემოვლითი გზით ზუგდიდში გადასვლას მაინც ახერხებს.

წაიკითხე მეტი.

დაგიცავს თუ არა აცრის კვალი მკლავზე კორონავირუსისგან?

ავსტრალიაში, ქალაქ მელბურნში, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის, ბცჟ (BCG)-ს გამოცდა დაიწყეს იმ სამედიცინო პერსონალზე, რომლებსაც შეხება აქვთ კორონავირუსით ინფიცირებულებთან.

საცდელი ვაქცინაციის მიზანია, გაირკვეს, ხომ არ დაიცავს ბცჟ-ს აცრა ექიმებს ინფიცირებისაგან. გამოკვლევას სათავეში უდგას მელბურნში მდებარე ბავშვთა კვლევის ინსტიტუტის, ინფექციური დაავადებების განყოფილების უფროსი, ნაიჯელ კერტისი. მისი სიტყვებით, რომელიც 30 მარტს გამოცემა „ბლუმბერგმა“ გამოაქვეყნა, „ვაქცინას შეუძლია იმუნური სისტემის გაძლიერება, რაც, თავის მხრივ, იცავს ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციისგან, ვირუსისგან და ბაქტერიისგან... ჩვენ ამას არ გავაკეთებდით, რომ არ ვთვლიდეთ, რომ შესაძლოა, შედეგი გვქონდეს. გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ შედეგი გვექნება და, რა თქმა უნდა, ამის გარკვევის ერთადერთი გზა, მხოლოდ გამოცდაა“.

დღეიდან, ანუ 30 მარტიდან, 6 თვის განმავლობაში, ამ გამოკვლევაში მონაწილეობას მიიღებს ავსტრალიის 4000-მდე მოხალისე სამედიცინო პერსონალი. მათ ნაწილს მხოლოდ სეზონურ გრიპზე აცრიან, ნაწილს - სეზონურ გრიპსა და ტუბერკულოზზე. „ბლუმბერგის“ თანახმად, ანალოგიური გამოკვლევა ტარდება ჰოლანდიასა და ბოსტონში.

კალმენტისა და გერენის ბაცილის ანუ ბცჟ (BCG)-ს ვაქცინაცია თითქმის ასი წელია გამოიყენება ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ. ვაქცინა დამზადებულია ხარის ტუბერკულოზის ბაქტერიიდან და არის ე.წ. დასუსტებული, ცოცხალი ვაქცინა.

ამ, საკმაოდ იაფფასიანი, ვაქცინით, მსოფლიოში, ყოველწლიურად, 130 მილიონი ახალშობილი იცრება.

წაიკითხე მეტი.

რომელია კარგი დიეტა? (არც ერთი!) რომელი საკვები დანამატი სჯობს მივიღოთ გასახდომად? (არც ერთი!) - ამ და სხვა მითებს ექიმი დერმატოვენეროლოგი, FIFA-ს სერტიფიცირებული სპორტული ექიმი ზაზა თელია გააქარწყლებს. (ისე, ვიდეო რამდენიმე კვირის წინათ ჩავწერეთ და შევინახეთ, სოციალური დისტანცირების აუცილებლობამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG