Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვეყნები წიაღისეულ საწვავზე უარს იტყვიან, ოღონდ ნელ-ნელა - კომპრომისული შეთანხმება კლიმატის კონფერენციაზე


COP28-ის კონფერენციის ლოგო. დუბაი, 12 დეკემბერი, 2023 წ.
COP28-ის კონფერენციის ლოგო. დუბაი, 12 დეკემბერი, 2023 წ.

გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის მონაწილე ქვეყნების 28-ე კონფერენცია (COP28) დუბაის საამიროში 30 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე მუშაობდა.

დუბაიში შეკრებილი 200 ქვეყანა შეთანხმდა, რომ წიაღისეულ ენერგომატარებლებზე უარი უნდა ითქვას ნელ-ნელა - ინგლისურად ამას “Transitioning way” ჰქვია.

დუბაის სამიტის მონაწილენი
დუბაის სამიტის მონაწილენი

შეხვედრას, რომელსაც, ბუნებრივია, უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებსა და ბუნების დაცვის საქმესთან დაკავშირებულ ადამიანებთან ერთად, სანავთობო და გაზის მრეწველობის სფეროს რეკორდული რაოდენობის წარმომადგენელი დაესწრო, ხელმძღვანელობდა გაერთიანებული არაბული საამიროების მრეწველობისა და მომავლის ტექნოლოგიების მინისტრი, სულთან აჰმედ ალ-ჯაბერი, რომელსაც აბუ-დაბის სახელმწიფო სანავთობო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაც უკავია. ამ გადაწყვეტილებას, კლიმატის დაცვის კონფერენციის თავმჯდომარედ სანავთობო ფირმის ხელმძღვანელი დაენიშნათ, თავიდანვე კრიტიკულად შეხვდა ბევრი ექსპერტი და ბუნების დაცვის აქტივისტი.

კლიმატის დაცვის საქმეში აქტიურად არის ჩართული რომის პაპი ფრანცისკე, მან კონფერენციის დაწყების წინა პერიოდში საგანგებო ტექსტიც მიუძღვნა თემას, რომელშიც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისკენ მოწოდებით გამოდის. პაპი დუბაიში ჩასვლასაც აპირებდა, მაგრამ ავადმყოფობამ ხელი შეუშალა.

კონფერენციის მსვლელობისას გაიმართა არაერთი აქცია, რომლებზეც ბუნების დამცველები წიაღისეულ საწვავზე სრული უარის თქმას მოითხოვდნენ.

აქტივისტები აპროტესტებენ წიაღისეული საწვავის მოპოვებას. 2023 წლის 5 დეკემბერი, დუბაი.
აქტივისტები აპროტესტებენ წიაღისეული საწვავის მოპოვებას. 2023 წლის 5 დეკემბერი, დუბაი.

ბევრისთვის კონფერენციის საბოლოო მიზანი წიაღისეული ენერგომატარებლების გამოყენებაზე სრული უარი იყო, მაგრამ ეს არ მოხდა.

ეკოაქტივისტებმა დემონსტრაციები გამართეს საკუთრივ დუბაიში.

ეკოაქტივისტების აქცია დუბაიში. 11 დეკემბერი, 2023 წ.
ეკოაქტივისტების აქცია დუბაიში. 11 დეკემბერი, 2023 წ.

გადაწყვეტილება, რომ ნავთობსა და გაზზე უარის თქმა იურიდიული ვალდებულებაა, დუბაიში შეკრებილებს არ მიუღიათ.

კონფერენციის დასრულების წინა დღეს, ეს სიტყვა, „წიაღისეული“, ნახსენებიც კი არ იყო დოკუმენტში, ევროკავშირმა მიუღებელი უწოდა მის 12 დეკემბრის ვერსიას, რომლის გარშემო მოლაპარაკების გამო კონფერენციის საბოლო განცხადება ერთი დღის შემდეგ მიიღეს.

თავიდან, COP28-ის მუშაობის პირველ დღეს, მონაწილეები შეთანხმდნენ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზიანის და ზარალის დასაძლევად შექმნილი ფონდის გამოყენების წესების შესახებ. დასაწყისისთვის ხუთი სახელმწიფო არის მზად, 414 მილიონი დოლარი გამოყოს ამ საქმისთვის. გერმანია და არაბთა გაერთიანებული საამიროები არიან ყველაზე მსხვილი დონორები. ევროკავშირი აპირებს 114 მილიონი დოლარის შეტანას ფონდში. ფონდის გარშემო მიღწეული შეთანხმებით, მასში 2030 წლისთვის წლიურად ასი მილიარდი დოლარი უნდა იქნეს შეტანილი.

დუბაის კლიმატის დაცვის კონფერენციაზე აშშ-მა, საფრანგეთმა, ბრიტანეთმა, იაპონიამ, კანადამ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გაავრცელეს ერთობლივი მოწოდება ბირთვული ენერგიის გაძლიერებული მოხმარებისკენ.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ატომური ენერგიის მოხმარების გაფართოების მომხრეებთან ერთად. დუბაი, 5 დეკემბერი, 2023 წელი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ატომური ენერგიის მოხმარების გაფართოების მომხრეებთან ერთად. დუბაი, 5 დეკემბერი, 2023 წელი

დუბაიში შეკრებილმა 200-მა ქვეყანამ მიიღო დოკუმენტი, რომლის თანახმად, გარემოსთვის მავნე წიაღისეულ ენერგომატარებლებზე უარი ნელ-ნელა უნდა ითქვას - ინგლისურ ტექსტში ამას “Transitioning way” ჰქვია - ასე უნდა მოხდეს გადასვლა წიაღისეული საწვავიდან სხვაგვარ ენერგეტიკულ სისტემაზე.

არ არის ცხადი, იგულისხმება მხოლოდ ელექტროენერგიის წარმოების სფერო თუ გათბობა და ტრანსპორტი. ამას დაერთვის კიდევ ერთი ელემენტი: ეს ყველაფერი უნდა მოხდეს 2050 წლამდე. ამ შეთანხმების მისაღწევად 10 შეხვედრა გაიმართა და მიღწეულია მინიმალური წინსვლა, რაც გაზსა და ნავთობზე უარის თქმას ოდნავ უფრო რეალურს ხდის.

გერიტ ჰანზენი, ბერლინის საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის მეცნიერებისა და ტექნიკის ფონდის მკვლევარი კლიმატის ცვლილების და გარემოს დაცვის სფეროში, ამბობს, რომ დუბაის კონფერენციის დაწყების წინ ძალიან ძნელი იყო იმის წინასწარმეტყველება, რას მიაღწევდნენ მონაწილეები, რადგან ერთნი წიაღისეული საწვავისთვის სრულ უარს ითხოვდნენ და სხვებს, განსაკუთრებით, ვინც ნავთობსა და გაზს მოიპოვებს და ამუშავებს - რუსეთსა და საუდის არაბეთს - ამ საკითხის ხსენებაც არ სურდათ.

„გულწრფელად რომ გითხრათ, საკმაოდ კმაყოფილი ვარ შედეგით, განსაკუთრებით, წინა ღამის შემდეგ, როცა პირველი ტექსტი გავრცელდა და ყველა შოკირებული გახლდით. არ ვიყავით დარწმუნებული, რომ ამ შედეგს მიაღწევდნენ. რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაც მსოფლიოს სჭირდება, არ არის საკმარისად მომთხოვნი, ეს არ არის ის ნაბიჯი წინ, რომლის იმედი ყველას ჰქონდა. მაგრამ სხვა მხრივ, ასეთი წინადადებაა, გადასვლა წიაღისეული საწვავიდან ენერგეტიკულ სისტემაზე ასე მკაფიოდ, ეს დიდი ნაბიჯია გაეროს კონტექსტში“, - უთხრა კლიმატის ცვლილების ექსპერტმა რადიო თავისუფლებას.

ჰანზენი კლიმატის კონფერენციის საბოლოო ტექსტს უწოდებს „კომპრომისულს“, რომელსაც ბევრი სუსტი ადგილი აქვს, მაგრამ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, ამბობს ის და განმარტავს, რომ ამგვარი შეხვედრების როლი სამყაროს „კლიმატური კატასტროფისგან ხსნა“ არაა. „არცერთ ცალკეულ შეხვედრას, არცერთ ცალკეულ გადაწყვეტილებას, მარტო არ შეუძლია მსოფლიოს გადარჩენა ამ მხრივ“, - მიიჩნევს ჰანზენი. მისი თქმით, ამგვარ ფორუმებზე განსაკუთრებით სუსტ და მოწყვლად ქვეყნებს საკუთარი აზრის გამოხატვა შეუძლიათ, მათ იქ უსმენენ და ამ თვალსაზრისით, თანასწორობაა. „და ასეთი ფორუმი კონსენსუსის მისაღწევად ტარდება. გაეროს კლიმატის კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებები მიმართულების მომცემია. ახლა მნიშვნელოვანია მათი რეალიზება. ამიტომ, მე ვთვლი, რომ ახლა, სახელმწიფოთა დონეზე, ასევე ევროკავშირში, უნდა გავაქტიურდეთ ამ მხრივ და ვაკეთოთ ის, რაც საჭიროა“.

გერიტ ჰანზენმა განმარტა ასევე, რას უნდა გულისხმობდეს ეს “Transitioning way“, რატომ ვლაპარაკობდით ხოლმე ეტაპობრივ უარის თქმაზე, ახლა კი გადასვლაზე შევჩერდით? რას ნიშნავს ეს? მისი თქმით, ამაზე კიდევ დიდხანს ვიმსჯელებთ, რადგან არ არის ცხადად გარკვეული, რამდენ ხანს უნდა გასტანოს ამ გადასვლამ. “Transitioning way-ზე” შეთანხმება იმიტომ მოხერხდა, რომ ქვეყნებს უტოვებს საკმარის ადგილს იმისთვის, რომ თითოეულმა თქვას: საკუთარ „პირობებში მოვახერხებთ გადასვლას ამა თუ იმ სისწრაფით“.

შეთანხმება დუბაის შეხვედრის მონაწილეებმა, ჰანზენის აზრით, ამიტომაც შეძლეს, რომ ეს ტერმინი აირჩიეს, და კიდევ ალბათ იმის გამო, რომ ამგვარ ფორუმებზე გვხვდება სიტყვები, რომლებიც არ არის „შხამიანი“, როგორიცაა „წიაღისეულ საწვავზე უარის თქმა“ - ეს სიტყვები რუსეთისა და საუდის არაბეთისთვის მიუღებელი იქნებოდა, “Transitioning way“ - გარდამავალი გზა - კი სხვაა.

ევროპის კავშირი მთლიანობაში კმაყოფილია კონფერენციის საბოლოო დოკუმენტით, რომელიც ბლოკის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს.

უფრო თავშეკავებული იყო აშშ-ის, ასევე გაეროსა და ბუნების დამცველი ორგანიზაციების პოზიცია.

ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა „წიაღისეულის შემდგომი ერის“ დასაწყისი გამოაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელმა კლიმატის ცვლილებების სფეროში, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ მისი მთავრობა უფრო ცხად ფორმულირებებს ისურვებდა, მაგრამ აღფრთოვანებული იყო „თანამშრომლობის სულისკვეთებით, რომელმაც ყველა გააერთიანა“.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ წიაღისეულ საწვავზე უარის თქმა გარდაუვალია. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს არ იქნება დაგვიანებული.

მეტი სიცხადე ისურვეს საბოლოო დოკუმენტში ასევე გარემოს დამცველებმა. Germanwatch-ის ხელმძღვანელმა, ქრისტოფ ბალსმა განაცხადა, რომ ამის მიუხედავად, წიაღისეულ ენერგიებზე სამომავლო უარის თქმა ძლიერი სიგნალია. ბალსი თვლის, რომ თუ ეს მიზანი მართლაც განხორციელდა, მსოფლიოში დრამატულად შეიცვლება გეოპოლიტიკა.

ბუნების დამცველი ორგანიზაციების, Destination Zero-ს, ასევე WWF-ის Global Citizen-ის აზრით, საბოლოო დოკუმენტი უკეთესია, ვიდრე მისი წინა ვარიანტი, თუმცა შედეგი სუსტია და ტექსტს აკლია დეტალები, როგორიცაა ნავთობსა და გაზზე საერთოდ უარის თქმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG