Accessibility links

ახალი ამბები

ქონების მართვის სააგენტო ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობას საპრივატიზაციოდ ამზადებს

ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობა, რომელიც თბილისში, ინგოროყვას N8-ში მდებარეობს, ავარიულ მდგომარეობაშია. შენობას ბზარები და ნაპრალები ყოველდღიურად ემატება. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებით, თბილისში, ინგოროყვას ქ. N8-ში მდებარე 981 კვ.მ უძრავი ქონება, რომელშიც ენათმეცნიერების ინსტიტუტი არის განთავსებული, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. ამ ეტაპზე სააგენტო განიხილავს აღნიშნული ინსტიტუტისთვის ალტერნატიული საოფისე ფართის მოძიების საკითხს, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება უძრავი ქონების საპრივატიზებოდ მომზადება.

„ცისფერი მთები“ - ენათმეცნიერების ინსტიტუტი ინგრევა
please wait

No media source currently available

0:00 0:03:21 0:00

ყველა ახალი ამბავი

აშშ-ში 4,000-ს გადააჭარბა კორონავირუსის პანდემიის მსხვერპლთა რიცხვმა

1 აპრილის მონაცემებით, აშშ-ში 4,000 ადამიანს გადააჭარბა კორონავირუსის პანდემიის მსხვერპლთა რიცხვმა - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელები გააფრთხილა, რომ "ძალიან რთული ორი კვირა" კიდევ წინ არის.

აშშ-ში 1 აპრილისთვის აღრიცხულია 4,079 გარდაცვალება COVID-19-ით, ანუ რესპირატორული დაავადებით, რომელსაც ახალი კორონავირუსი იწვევს, - იუწყება ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი. ინფიცირებულია 190,000 ადამიანზე ოდნავ ნაკლები.

დიდი ქალაქების სიახლოვეს ხელისუფლება აშენებს საგანგებო დროებით საავადმყოფოებს, რათა შეამსუბუქოს ზეწოლა ჯანდაცვის არსებულ ინფრასტრუქტურაზე. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მომავალ კვირებში ვითარება გაუარესდება და დაღუპულთა საერთო რიცხვმა შესაძლოა 240,000-ს მიაღწიოს, მაშინაც კი, თუკი ამერიკელები კვლავ შინ დარჩებიან და სხვა ადამიანებთან ფიზიკურ კონტაქტს შეამცირებენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო

გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ეს თანხა მიმართული იქნება სამუშაო ადგილების, კომპანიების, მიმდინარე წარმოებებისა და ბიზნესების შესანარჩუნებლად:

„ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამეთუ კრიზისის ფაზის დაძლევისთანავე ქართული ეკონომიკა იყოს მზად სწრაფად განვითარდეს და აღადგინოს ის სასტარტო პოზიციები, რომელიც ჩვენს ეკონომიკას ჰქონდა წლის დასაწყისში. ამ მიმართულებით ერთმნიშვნელოვნად ჩვენი გადაწვეტილება გახლავთ ის, რომ ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ, ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის პირობებში შევინარჩუნოთ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები ისევე, როგორც მხარი დავუჭიროთ და მივცეთ საშუალება სისტემურ წარმოებებს გააგრძელონ მუშაობა და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სისტემურ დარგებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას განმარტებით, ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად, ჯანდაცვის მიმართულებით ცალკე გამოიყო 351 მილიონი ლარი:

„ეს არის ის თანხა, რომელიც კრიზისულ ბიუჯეტში არის დღეის მდგომარეობით რეზერვირებული იმისთვის, რომ ჩვენ ვიბრძოლოთ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ხელი შევუშალოთ ინფექციის როგორც მასშტაბის, ასევე გეოგრაფიული გავრცელების სწრაფ ზრდას. ეს თანხა უნდა იყოს უაღრესად რაციონალურად გამოყენებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

1 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 115 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან აქტიურია - 91.

გაეროს წარმომადგენელი ავღანელებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს

გაეროს უშიშროების საბჭო ავღანეთის პოლიტიკურ მეტოქეებს მოუწოდებს, გაერთიანდნენ და საბოლოო წერტილამდე მიიყვანონ თალიბანთან მოლაპარაკება, რათა დასრულდეს ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარე სისხლიანი ომი.

ავღანეთის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენლის მოადგილემ, ინგრიდ ჰეიდენმა 31 მარტს განაცხადა, ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ და მისმა პოლიტიკურმა მეტოქემ, აბდულა აბდულამ ქვეყნის ისტორიაში ამ მნიშვნელოვანი მომენტით უნდა ისარგებლონო.

"ავღანეთი, როგორც ჩანს, გადამწყვეტ მომენტს უახლოვდება. [აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი] კოალიციის ჩარევიდან თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ, ამ ისლამური რესპუბლიკისთვის მთავარი შეკითხვა ახლა შემდეგია: შეძლებენ ქვეყნის ლიდერები გაერთიანებას, თალიბანთან საგნობრივი მოლაპარაკებისთვის და ამით მდგრადი მშვიდობის მიღწევისთვის?" - ამბობს ჰეიდენი და დასძენს: "არჩევანი კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა COVID-19-ის ყოვლისმომცველმა საშიშროებამ, რომელიც მწვავე საფრთხეს უქმნის ავღანეთის მოსახლეობის ჯანმრთელობას და, პოტენციურად, მისი ინსტიტუტების სტაბილურობას".

ავღანეთის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელმა, ზალმაი ხალილზადმა 29 თებერვალს დოჰაში მოაწერა ხელი თალიბანთან შეთანხმებას, რომელიც, ვაშინგტონის იმედით, დაასრულებს ავღანეთში თითქმის 19 წლის განმავლობაში მიმდინარე ომს და პენტაგონს საშუალებას მისცემს, დაიწყოს თავისი ძალების გამოყვანა.

ოკუპირებული გალის რაიონის 7 მცხოვრები კარანტინს ანაკლიაში გაივლის

ანაკლია

ოკუპირებული გალის რაიონიდან სამეგრელოს რეგიონში გადაიყვანეს 7 მოქალაქე, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ COVID-19-ით დაავადებულ ქალთან.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ, დღეს, 1 აპრილს ჟურნალისტებს აცნობა, რომ ამ პირებს ინფიცირებულ ქალთან კონტაქტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰქონდათ. შვიდივე მოქალაქე ანაკლიაში მდებარე საკარანტინო ზონაში მოათავსეს და მეთვალყურეობას ექიმები უწევენ.

რწმუნებულის ინფორმაციით, ინფიცირებულ ქალთან კონტაქტი არ ჰქონია გალის რაიონის სოფელ საბერიოში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც ოკუპირებული რეგიონიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წუხელ გადაიყვანეს. მისი ტესტირების პასუხს თბილისის „ლუგარის ლაბორატორიიდან“ ელოდებიან.

50 წლის ქალი გალის რაიონის სოფელ საბერიოდან, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან დაბრუნდა 29 მარტს, დილით, ღამით კი, კორონავირუსის სიმპტომებით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 30 მარტს პაციენტს COVID-19 დაუდასტურდა. 31 მარტს, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ გალის რაიონში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი 14 მარტს დაკეტა. თუმცა, ბოლო დღეებში პაციენტებისთვის გზა რამდენჯერმე გახსნა.

მოქალაქეთა ნაწილს დენისა და გაზის გადასახადი 3 თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველას, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3- ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი 3 თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც.

„აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

1 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 115 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან აქტიურია - 91.

ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმი: "5 პაციენტში შეინიშნება გამოჯანმრთელების კარგი ტენდენცია"

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი მკურნალობს. მათგან 2 ახალი პაციენტია, მათ covid-19 გუშინ, 31 მარტს ჩატარებული ტესტირების საფუძველზე დაუდგინდათ.

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განმარტებით, ორი ახალი ინფიცირებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მათგან ერთს მოგზაურობის ისტორია აქვს, მეორე კი ვირუსით საქართველოში დაინფიცირდა:

„ბოჭორიშვილის კლინიკაში დღეს ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს 14 პაციენტი. აქედან 7 პაციენტს დადასტურებული აქვსcovid-19. გუშინდელი კვლევიდან 2 პაციენტს დაუდასტურდა კორონავირუსი და ორი პაციენტი დღეს ჩაერთვება კვლევაში. დადასტურებული პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ძველ 5 პაციენტში შეინიშნება გამოჯანმრთელების კარგი ტენდენცია”, - მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ აღნიშნული პაციენტების ლაბორატორიული მონაცემები ამ დღეებში გადამოწმდება, შემდგომ კი მათი კლინიკიდან გაწერის საკითხი დადგება.

1 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით იმფიცირების 115 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან გამოჯანმრთელებულია - 2.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე ლაბორატორიულად დადასტურებული 115-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაამგზავრეს.

შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 91 აქტიური შემთხვევაა.

მარინა ეზუგბაია: გვყავს 5 მძიმე პაციენტი

მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, საავადმყოფოში ამ დროისათვის 5 მძიმე პაციენტი მკურნალობს:

„ჩვენთან მძიმე პაციენტების მონაცემები არ შეცვლილა, უბრალოდ დაგვემატა კიდევ ერთი ახალი მძიმე პაციენტი. როცა შემოვიდა იგი იყო საშუალოზე მძიმე, მაგრამ დაავადებამ განიცადა პროგრესირება მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა, მაგრამ არა კრიტიკული.

დანარჩენი 4 პაციენტის მდგომარეობა უცვლელია. ამ ოთხიდან ორი გვყავს კრიტიკული, რომელთა სტაბილიზირება ჯერ ვერ მოხერხდა, თუმცა დანარჩენი 2-ის სტაბილიზაცია არის, რამოდენიმე დღეს დავაკვირდებით და მერე ვიტყვით ალბათ ვიტყვით პროგნოზურად გამოსავალი როგორი გვექნება“, - უთხრა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს.

მისი განმარტებით ამ დროისათვის კლინიკაში სულ 32 პაციენტი მკურნალობს. მათგან გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით მომატებული 7 ახალი პაციენტიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილია - 2. გუშინ კლინიკა დატოვა კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა. მარინა ეზუგბაიას თანახმად, ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებული 22 პაციენტიდან 19 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

1 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით იმფიცირების 115 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან გამოჯანმრთელებულია - 2.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე ლაბორატორიულად დადასტურებული 115-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაამგზავრეს.

შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 91 აქტიური შემთხვევაა.

COVID-19-ზე ტესტირების პასუხს კიდევ ერთი გალელი პაციენტი ელოდება

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოს კიდევ ერთი მკვიდრი, რომელსაც კორონავირუსის COVID-19-ის სიმპტომები აქვს.

შუახნის მამაკაცი ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოს რეგიონში გვიან ღამით გადაიყვანეს. პაციენტის ბიოლოგიური მასალა თბილისში, „ლუგარის ლაბორატორიაში“ გაიგზავნა და ტესტირების პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კლინიკიდან, სავარაუდოდ, დღეს, 1 აპრილს გაწერენ საბერიოდან 31 მარტს, ღამით გადმოყვანილ ორ მცირეწლოვან ბავშვს და მათ მშობლებს. მათ ვირუსული ინფექციის ნიშნები ჰქონდათ, თუმცა, ექიმების შეფასებით, COVID-19-ზე ტესტირება არ სჭირდებათ.

1 აპრილის დილის მდგომარეობით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 7 პაციენტია. ორ მათგანს COVID-19 აქვს - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მცხოვრებ 67 წლის მამაკაცს, რომელიც თურქეთში მოგზაურობდა და 50 წლის ქალს გალის რაიონის სოფელ საბერიოდან. გალელი ქალი რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 29 მარტს, დილით დაბრუნდა, იმავე ღამით კი, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი 14 მარტს დაკეტა. თუმცა, ბოლო დღეებში პაციენტებისთვის გზა რამდენჯერმე გახსნა.

მას შემდეგ, რაც სოფელ საბერიოს მცხოვრებ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, დე ფაქტო მთავრობამ გალის რაიონში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

ნიკოლოზ გამყრელიძე COVID-19-ისგან განიკურნა

ამირან და ნიკოლოზ გამყრელიძეები

კორონავირუს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ვაჟი ნიკოლოზ გამყრელიძე. მან დღეს, 1 აპრილს ფეისბუკზე დაწერა, რომ კლინიკა დაავადების დადასტურებიდან 26-ე დღეს დატოვა და ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.

ნიკოლოზ გამყრელიძე მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის და უდიდეს მადლიერებას გამოხატავს სამედიცინო პერსონალის მიმართ.

„ჩვენ კი როგორც მოქალაქებმა ჩვენი ვალდებულება აუცილებლად უნდა შევასრულოთ, ვალდებულება კი არის რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს რომ გამოუსწორებელი ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს ირგვლიც მყოფებს, დავრჩეთ აუცილებლად სახლში. მხოლოდ ამ გზით დავამარცხებთ ყველა ერთად ამ გამოწვევას. ვულოცავ ყველა გამოჯანმრთელებულს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა ინფიცირებულს!“ - წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.

ნიკოლოზ გამყრელიძემ 7 მარტს განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. მას კონტაქტი ჰქონდა COVID-19-ით დაავადებულ თანამშრომელთან.

1 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ინფიცირების სულ 115 შემთხვევა. მათგან 22 უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5-ით გაიზარდა

ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 115 შეადგინა.

ოფიციალური საიტის STOPCOV.GE-ის მონაცემების თანახმად, ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 22 ადამიანი.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე ლაბორატორიულად დადასტურებული 115-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაამგზავრეს.

შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 91 აქტიური შემთხვევაა.

შსს: ე.წ. კომენდანტის საათის ღამემ მშვიდად ჩაიარა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მთელი ღამის განმავლობაში, 31 მარტის 21:00 საათიდან 1 აპრილის 6:00 საათამდე აკონტროლებდნენ ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებულ რეგულაციებს.

შსს-ს განცხადებით, „მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფორმირებულნი იყვნენ საგანგებო რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში ამოქმედებული რეგულაციების შესახებ, შესაბამისად, ღამემ მშვიდად ჩაიარა. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დარღვევების შემთხვევებზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა“.

კონკრეტულ დარღვევებს შსს არ ასახელებს და მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით ჯარიმდება. განმეორებითი დარღვევა კი უკვე სისხლის სამართლის დანაშაულად ფასდება და 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქართველოში კარანტინის რეჟიმი 31 მარტის დილის 8 საათიდან მოქმედებს. 21:00 საათიდან 6:00 საათამდე აკრძალულია როგორც ქვეითად, ისე ავტოტრანსპორტით გადაადგილება.

მთავრობამ „ფაქტობრივად სრული კარანტინის“ ზომას მიმართა კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად 21 აპრილამდე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში. მანამდე კარანტინი გამოცხადებული იყო მხოლოდ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში.

1 აპრილის 09:30 საათის მდგომარეობით საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 110 შემთხვევა. მათგან 21 უკვე გამოჯანმრთელებულია.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს დილით საქართველოში მოხდა 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი მდებარეობდა ქალაქ ახალციხიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 16 კილომეტრში და სოფელ აწყურიდან 5 კილომეტრში.

მიწისქვეშა ბიძგი 6 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ტრამპი: თვითიზოლაციის დაცვა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელებს უჩვენებს COVID-19-ის სწრაფი ტესტირების საშუალებას

კორონავირუს COVID-19-ის პანდემიის შედეგად აშშ-ში შესაძლოა, 100 000-დან 250 000-მდე ადამიანი დაიღუპოს. ასეთია აშშ-ის მთავრობის ექსპერტების პროგნოზი, რომელიც თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა. შეფასებაში გათვალისწინებულია ქვეყანაში უკვე მიღებული პრევენციული ზომები - მასობრივი ღონისძიებების აკრძალვა, სასწავლო და სხვა დაწესებულებების დახურვა და თვითიზოლაცია.

კორონავირუსთან ბრძოლის სამთავრობო ჯგუფის შეფასებით, სიკვდილიანობა პიკს უახლოეს ორ-სამ კვირაში მიაღწევს

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელები გააფრთხილა, რომ უახლოესი ორი კვირა ძალიან რთული და მტკივნეული იქნება. ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ამის შემდეგ გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდება. პრეზიდენტმა აშშ-ში მცხოვრებთ მოუწოდა, აპრილის ბოლომდე დაიცვან სოციალური დისტანცირების წესები, რადგან ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.

სამუშაო ჯგუფის წევრმა, ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ამერიკა მზად უნდა იყოს 100 000-მდე ადამიანის პოტენციური სიკვდილისთვის, თუმცა, ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს არ მოხდეს.

1 აპრილის დილის მდგომარეობით, აშშ-ში კორონავირუსით დაავადდა 188 578 ადამიანი. მათგან გამოჯანმრთელდა 7251. გარდაცვლილია 4054.

ოკუპირებული გალის რაიონიდან ზუგდიდში კიდევ რამდენიმე პაციენტი გადაიყვანეს

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოდან საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს ქალი და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებს მომატებული ტემპერატურა და ვირუსული ინფექციის სხვა ნიშნები აქვთ. ექიმები გამოკვლევის და პაციენტებზე დაკვირვების საფუძველზე გადაწყვეტენ, საჭიროა, თუ არა ტესტირების ჩატარება კორონავირუს COVID-19-ზე.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 29 მარტიდან იმყოფება გალის რაიონის სოფელ საბერიოდან მიყვანილი ქალი, რომელსაც COVID-19-ით დაავადება დაუდასტურდა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი 14 მარტს დაკეტა. თუმცა, ბოლო დღეებში პაციენტებისთვის გზას პერიოდულად ხსნის.

ამერიკული ატომური ავიამზიდის ეკიპაჟის წევრები COVID-ით დაავადდნენ

"თეოდორ რუზველტი"

ამერიკული ატომური ავიამზიდის, „თეოდორ რუზველტის“ კაპიტანმა სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობას აცნობა, რომ გემზე კორონავირუს COVID-19-ითაა ინფიცირებული სულ მცირე 70 მეზღვაური. ავიამზიდის ეკიპაჟში 4 000-მდე წევრია.

CNN-ის ცნობით, გემის კაპიტანი სარდლობას აფრთხილებს, რომ ვირუსი სწრაფად ვრცელდება და ზომების დაუყოვნებლივ მიღებაა საჭირო. კაპიტანი წერს, რომ მეზღვაურები ომში არ არიან და არ უნდა დაიღუპონ.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა CBS-ს განუცხადა, რომ მეზღვაურების ევაკუაციაზე საუბარი არ არის. ესპერის თქმით, სარდლობის წარმომადგენლები ავიამზიდზე არსებულ ვითარებას შეაფასებენ და ეკიპაჟს სრულყოფილ დახმარებას გაუწევენ.

პოლიციამ ფლორიდელი პასტორი დააკავა ხალხმრავალი მრევლის წინაშე ქადაგებისთვის

პასტორი ჰოვარდ-ბრაუნი

ორშაბათს ფლორიდის პოლიციის შერიფის თანაშეწმეებმა დააპატიმრეს ევანგელისტი პასტორი, როდნი ჰოვარდ-ბრაუნი, რომელიც პოლიციის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად განაგრძობდა ქადაგებას ხალხმრავალი მრევლის წინაშე და აცხადებდა, რომ არ დაკეტავდა ქალაქ ტამპაში მდებარე "მეგაეკლესიის" კარებს, ბოლო ჟამის დადგომამდე.

ტელეკომპანია „სი-ენ-ენის“ თანახმად, პასტორ ჰოვარდ-ბრაუნს ბრალი ედება საგანგებო ჯანდაცვის წესების დარღვევისა და უკანონო შეკრების ორგანიზებისთვის.

27 მარტიდან ჰილსბოროს ოლქში ძალაში შევიდა ბრძანება, რომელიც მოქალაქეებს ავალდებულებს დარჩნენ სახლებში და გარეთ გამოვიდნენ მხოლოდ „გადაუდებელი მომსახურების“ მისაღებად, როგორიცაა სურსათის შეძენა, აფთიაქში წამლის ყიდვა, თუ ექიმთან ვიზიტი. ასეთ „გადაუდებელ მომსახურებას“ არ განეკუთვნება ეკლესიებში წირვაზე დასწრება.

ფლორიდის შტატის სამედიცინო დეპარტამენტის ცნობით, ამ დრომდე შტატში 5200 ადამიანს აღმოაჩნდა კორონავირუსი. სულ მცირე 63 პაციენტი გარდაიცვალა.

პოლიციამ ურჩი პასტორი ჰოვარდ-ბრაუნი ერნანდოს ოლქში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში დააპატიმრა.

საქართველო არ ცნობს მთიან ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ გამოხატავს თავის მხარდაჭერას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არ ცნობს ე.წ. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც გაიმართა მთიან ყარაბაღში 2020 წლის 31 მარტს“, - ვკითხულობთ საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

თბილისი მხარს უჭერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრას საერთაშორისოდ აღიარებული სამართლის ნორმებისა და პრინციპების გათვალისწინებით.

სეპარატისტულ მთიან ყარაბაღში 31 მარტს ჩატარდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც უკვე მოჰყვა კრიტიკა ევროკავშირის მხრიდან. „ევროკავშირი არ აღიარებს მთიან ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართული საერთაშორისო შუამავლების ძალისხმევას“, - ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის, პეტერ სტანოს, განცხადებაში.

ე.წ. არჩევნები მთიან ყარაბაღში ჩატარდა კორონავირუსის შესაძლო გავრცელებით გამოწვეული საერთო შიშის ფონზე.

თუმცა მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ დღემდე რეგიონში არ გამოვლენილა კორონავირუსით დაავადებული არც ერთი პაციენტი.

კახა კალაძემ მღვდლებს და ეპისკოპოსებს გაძლიერებული ლოცვა სთხოვა

თბილისის მერმა კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში კორონავირუსის გავრცელების შესახებ საუბრისას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს მიმართა.

„ქართული სამოციქულო ეკლესია, ყოველთვის იდგა და დგას ქვეყნის ინტერესების მხარეს. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ, რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და მრევლს მოუწოდონ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან. დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა. თუ ჩვენ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ეკლესია ძნელბედობის ჯამს ყოველთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და მე დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება მომავალშიც“, - თქვა კახა კალაძემ.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 20 მარტის სხდომაზე კორონავირუსის (COVID-19) შესახებ მიიღეს განჩინება, რომლის თანახმად, საერთო კოვზით ზიარებაზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.

საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე აკრძალულია გადაადგილება.

31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 110 შემთხვევა, მათგან 21 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4995 ადამიანი, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 278.

კორონავირუსი: 800 ათასზე მეტი დაინფიცირებული, 41 ათასზე მეტი დაღუპული

კუბოები იტალიის ერთ-ერთ ეკლესიაში

31 მარტის ღამის მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 800 ათასს გადააჭარბა. მხოლოდ განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ეს ციფრი 60 ათასით გაიზარდა. ყველაზე მეტი დაინფიცირებული, 175 ათასი კაცი, აშშ-ი დაფიქსირდა, დაავადებულთა თითქმის ნახევარი - ნიუ-იორკის შტატში ირიცხება.

COVID-19-ის ინფექციის შედეგად გარდაიცვალა სულ მცირე 41 ათასი პაციენტი. კორონავირუსი მარტის თვეში გავრცელდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და პანდემიის ხასიათი შეიძინა

ყველაზე რთული ვითარებაა იტალიაში, სადაც 31 მარტის მონაცემებით კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 12 ათასზე მეტი ადამიანი. სამშაბათს იტალიაში საყოველთაო გლოვის დღე იყო გამოცხადებული.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა კორონავირუსს უწოდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კაცობრიობის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი კრიზისი და განაცხადა, რომ თითოეული ქვეყნის მოსახლეობისათვის საფრთხის შემცველ ამ პანდემიასთან ბრძოლა ეკონომიკის რეცესიას გამოიწვევს.

სალომე ზურაბიშვილი: სრული სიჩუმე სუფევს ... ეტყობა თბილისი იცავს რეკომენდაციებს

საქართველოში კომენდანტის საათის ამოქმედებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუკზე“ გამოეხმაურა.

„სრული სიჩუმე სუფევს ... ეტყობა თბილისი #იცავსრეკომენდაციებს!
მეამაყება ეს ჩვენი მოქალაქეობრივი და პასუხსმგებელი ქცევა ... ასეთ მოწესრიგებულ და კანონმორჩილ მიდგომით დავამარცხებთ კორონასაც და მეტსაც...“ - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოში 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება აიკრძალა. მოქმედებს კომენდანტის საათი, რაც ნიშნავს იმას, რომ აკრძალულია გადაადგილება, როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით.

დაუმორჩილებლობის შემთხვევაში არის გათვალისწინებული ჯარიმა - ფიზიკურ პირებზე 3 000 ლარი, ხოლო იურიდიულ პირებზე - 15 000. გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალური საშვების მქონე პირებისა და ავტომანქანებისთვის.

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად საქართველოში 21 აპრილამდე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ამოქმედებული „ფაქტობრივად საკარანტინო რეჟიმი“ სხვა შეზღუდვებსაც ითვალისწინებს.

31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 110 შემთხვევა, მათგან 21 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4995 ადამიანი, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 278.

პუტინთან დაახლოებულმა მიტროპოლიტმა ტიხონმა შეზღუდა მრევლის დაშვება ეკლესიებში

მიტროპოლიტი ტიხონი

ფსკოვისა და პორხოვის მიტროპილიტმა ტიხონმა (შევკუნოვმა), რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინთან, დაახლოებულ სასულიერო პირს უწოდებენ, გამოსცა განკარგულება, რომლითაც, კორონავირუსის გამო, იზღუდება მრევლის მონაწილეობა საეკლესიო ღვთისმსახურების დროს.

ტიხონის დაქვემდებარებაში არსებულ ეპარქიაში ღვთისმსახურება შესრულდება მხოლოდ სასულიერო პირების მონაწილეობით, მრევლის გარეშე. მორწმუნების ზიარება, განკარგულების თანახმად, მოხდება წინასწარი შეთანხმებით თითო ჯერზე არა უმეტეს ორ ადამიანისა.

ზიარების დროს, მრევლს მღვდლები სპირტით გაწმენდილი ხელით მიაწოდებენ სეფისკვერს, ხოლო კოვზის ნაცვლად, ნაკურთხ ღვინოს- ერთჯერადი ჭიქებით დაალევინებენ.

უფრო ადრე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ მორწმუნეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ეკლესიებში სიარულისგან და სახლში ილოცონ.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები აქამდე ეწინააღმდეგებოდნენ მრევლის მიერ ეკლესიების მონახულებაზე შეზღუდვების დაწესებას.

ეკლესიაში აცხადებენ, რომ ზომები მიიღეს კორონავირუსის ინფექციის გავრცელებასთან საბრძოლველად - კერძოდ, მრევლს ურჩიეს, არ ემთხვიონ ჯვარსა და მღვდლის ხელს, გამოიყენონ ერთჯერადი ჭურჭელი და ა.შ.

გაეროს გენერალურმა მდივანმა კორონავირუსს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გლობალური კრიზისი უწოდა

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში, რომელიც კორონავირუსს უწოდებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კაცობრიობის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ კრიზისს, შიშობს, რომ თითოეული ქვეყნის მოსახლეობისათვის საფრთხის შემცველ პანდემიასთან ბრძოლა ეკონომიკის რეცესიას გამოიწვევს.

გუტერეშმა ეს განცხადება გააკეთა 31 მარტს, COVID-19-ის სოციო-ეკონომიკური გავლენის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციის დროს.

ანგარიში შეიცავს დასკვნას, რომლის თანახმად არსებობს საფრთხე იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიამ და მისგან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად განხორცილებული ეკონომიკური ზომების ერთობლიობამ, შესაძლოა „ხელი შუწყოს არასტაბილურობის, არეულობებისა და კონფლიქტების გაძლიერებას“.

გაეროს გენერალური მდივნის თანახმად ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და COVID-19 ისგან მომდინარე გამანადგურებელი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების თავიდან ასაცილებლად საჭიროა გლობალური მასშტაბის უფრო ეფექტური და გადამჭრელი ზომების მიღება.

ასეთი პასუხი შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ერთად დავდგებით, თუ დავივიწყებთ პოლიტიკურ თამაშებს და შევიგნებთ, რომ საფრთხე მთელ კაცობრიობას ემუქრება“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

მანამდე გაეროს გენერალურმა მდივანმა „დიდი ოცეულის“ ლიდერებს მოუწოდა, ძლიერი ნაბიჯები გადადგან, ვინაიდან „მსოფლიო საომარ მდგომარეობაშია ვირუსთან და ვერ იმარჯვებს“.

„დიდი ოცეულის“ ლიდერებმა ვიდეოკონფერენციის დროს 26 მარტს განაცხადეს, რომ ისინი კოლექტიურად იმუშავებენ იმაზე, რომ 5 ტრილიონ დოლარზე მეტი ჩადონ მსოფლიო ეკონომიკაში და დასძინეს, რომ „მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ერთიანი ფრონტით გამოვიდნენ ამ საერთო საფრთხის წინააღმდეგ“.

მთავრობის ცხელი ხაზი 144 - მოქალაქეებს შეუძლიათ, შეზღუდვების შესახებ ნებისმიერი შეკითხვით დარეკონ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რა შემთხვევაში შეუძლიათ მოქალაქეებს მთავრობის ცხელ ხაზზე (144) დარეკვა. მოქალაქეებს შეუძლიათ ინფორმაცია მიიღონ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის ეხებათ თუ არა მათ შეზღუდვა; მაგალითად, ოჯახის სამზე მეტ წევრს შეუძლია თუ არა ერთი ავტომანქანით გადაადგილება; იმ შემთხვევაში თუ პირს აქვს სასურსათო მაღაზია, უნდა დაკეტოს 20:00 საათზე თუ შეუძლია, სპეციალური საშვი მიიღოს და დავუშვათ, 12:00 საათამდე იმუშაოს და ა.შ.

ცხელი ხაზი 30 მარტს, ფაქტობრივად საკარანტინო რეჟიმზე გადასვლის შესახებ პრემიერ-მინისტრის განცხადების დასრულებისთანავე ამოქმედდა და, როგორც ადმინისტრაციაში ამბობენ, თავიდანვე აქტიურად მუშაობს: „პირველი ერთი საათის განმავლობაში რამდენიმე ათასობით ზარი შევიდა. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ ყველა შეზღუდვის შესახებ აინტერესებთ მოქალაქეებს ინფორმაცია“. დიდი ინტერესის გამო ცხელი ხაზის სიმძლავრეების გაძლიერება იგეგმება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი განმარტავს, მოქმედებს ორი საკომუნიკაციო საშუალება 144 და 112. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ 112-ზე, ყველა სხვა შეკითხვაზე - 144-ზე.

მთავრობა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ შეზღუდვებსა და დაშვებებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ შეკითხვებსა და პასუხებს აქვეყნებს:

🔴„ 1. რა შემთხვევაშია ავტომობილით გადაადგილება ნებადართული?

ნებადართულია მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის 2 უნდა იჯდეს უკანა სავარძელზე. ამასთან, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე სრულად იკრძალება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით.

🔴 2. როგორ შეიძლება მანქანით 3-ზე მეტი წევრისგან შემდგარი ოჯახის ქალაქგარეთ გაყვანა?

მსუბუქი ავტომობილით მხოლოდ 3 პირის მგზავრობაა დასაშვები. ეს შეზღუდვა ეხება ოჯახის წევრებსაც, მათ შორის - ბავშვებს.

🔴 3. რა შემთხვევაშია ნებადართული საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრება?

3-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა შესაძლებელია მხოლოდ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განხორციელებისას. მათ შორის, სურსათისა და სამედიცინო/ფარმაცევტული საქონლის/პროდუქტის რეალიზაციისას, ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.

ეს შეზღუდვა არ ეხება: სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას, მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით; ასევე, სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.

🔴 4. როდის შეუძლია 70 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეს სახლიდან გასვლა?

70 წელს ზემოთ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, თუ ისინი მიდიან სურსათისა და სამედიცინო/ფარმაცევტული პროდუქტის შესაძენად. ასევე, ისეთი სამედიცინო მომსახურების მისაღებად, რომელსაც სახლიდან გაუსვლელად ვერ მიიღებენ.

ეს შეზღუდვა არ ეხებათ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებს.

🔴 5. თუ 70 წელს გადაცილებული მარტოხელაა?

იმ შემთხვევაში თუ, 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, მათ დაეხმარება ეკონომიკის სამინისტრო (საქართველოს ფოსტა) და ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. ასეთ შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე - 144.

🔴 6. რას ნიშნავს სრული კარანტინი - ე.წ „კომენდანტის საათი“?

მთელი ქვეყნის მასშტაბით, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე სრულად იკრძალება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.

🔴 7. როდის და ვისთვისაა აუცილებელი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ტარება?

ნებისმიერ ფიზიკურ პირს, ნებისმიერ დროს გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

🔴 8. იმ შემთხვევაში თუ არ მაქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა?

ასეთ შემთხვევაში იქონიეთ ნებისმიერი სხვა დოკუმენტი რომლითაც შესაძლებელია თქვენი პიროვნების იდენტიფიცირება. მაგალითად, მართვის მოწმობა.

🔴 9. იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვანი დაარღვევს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?

16 წლამდე ასაკის პირის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება მის მშობელს ან ბავშვის სხვა კანონიერ წარმომადგენელს.

🔴 10. კომენდანტის საათის დროს შემიძლია შინაური ცხოველის გასეირნება?

კომენდანტის საათის დროს აკრძალულია გადაადგილება.

🔴 11. საღამოს 9 საათის შემდეგ იმუშავებს თუ არა სურსათის მაღაზიები, აფთიაქები?

9 საათის შემდეგ იმუშავებს მხოლოდ აფთიაქი, რომლით სარგებლობა შეეძლებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილების უფლება (მაგალითად პოლიციელები, ექიმები და სხვა პირები, რომლებსაც აქვთ გადაადგილების ნებართვა მათი საქმიანობიდან გამომდინარე).

🔴 12. მაქვს ეკონომიკური საქმიანობის უფლება, თანამშრომლები სამსახურში როგორ ვატარო?

თანამშრომლების ტრანსპორტირება სახლიდან და უკან უნდა უზრუნველყოთ თავად, მიკროავტობუსის, ავტობუსის მეშვეობით, რომლებზეც არ ვრცელდება 3-კაციანი შეზღუდვა. ტრანსპორტირების შესახებ თანხმობა უნდა აიღოთ მუნიციპალიტეტებიდან. აღნიშნული არ ეხება თანამშრომლების გადაყვანას მსუბუქი ავტომანქანებით, რაზეც ვრცელდება 3-კაციანი შეზღუდვა.

🔴 13. ტაქსისტი ვარ, შემიძლია თუ არა განვაგრძო საქმიანობა?

დიახ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი - თქვენს გარდა, ორი ადამიანი უნდა მგზავრობდეს უკანა სავარძელზე. ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე სრულად იკრძალება გადაადგილება.

🔴 14. ითვლება თუ არა ბავშვი 3-კაციან შეზღუდვაში?
დიახ.

🔴 15. მაქვს თუ არა ეკონომიკური საქმიანობის უფლება?

იზღუდება ყველა საქმიანობა, გარდა:

  • სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;
  • სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;
  • წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;
  • ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;
  • კომერციული ბანკების საქმიანობისა;
  • იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;
  • საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;
  • ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;
  • საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;
  • სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;
  • სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;
  • მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა;
  • საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);
  • კერძო დაცვითი საქმიანობისა;
  • საადვოკატო საქმიანობისა;
  • ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა;
  • პრესის ჯიხურებისა.

ზემოაღნიშნულის გარდა, მთავრობის დადგენილებით პერიოდულად განისაზღვრება დამატებითი ეკონომიკური საქმიანობები, რომელთა განხორციელებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს. ყველა ცვლილება ქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეს ყველასათვის ხელმისაწვდომ ბმულზე - https://matsne.gov.ge/ka/document/search…

ყველა ასეთი საგამონაკლისო საქმიანობა უნდა განხორციელდეს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მკაცრი დაცვით.

🔴 16. ოჯახში სამზე მეტი პირი ვცხოვრობთ, ვარღვევთ თუ არა ამ დადგენილების მოთხოვნას?

რა თქმა უნდა, არა.

🔴 17. ვრცელდება თუ არა 3-კაციანი შეზღუდვა მიკროავტობუსებსა და ავტობუსებზე?

მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.

დაშვებულია იმ შემთხვევაში თუ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ნებადართული საქმიანობის განმახორციელებელი კომპანია თავად უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას სახლიდან და უკან, მიკროავტობუსის/ავტობუსის მეშვეობით. ამასთან, ასეთმა კომპანიებმა ტრანსპორტირების შესახებ თანხმობა უნდა აიღონ მუნიციპალიტეტებიდან.

🔴 18. საქმიანობა უჩერდებათ თუ არა სავალუტო ჯიხურებს და ლომბარდებს?

დიახ, უჩერდებათ".

საქართველოში 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება. მოქმედებს კომენდანტის საათი, რაც ნიშნავს იმას, რომ აკრძალულია გადაადგილება, როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით.

დაუმორჩილებლობის შემთხვევაში არის გათვალისწინებული ჯარიმა - ფიზიკურ პირებზე 3 000 ლარი, ხოლო იურიდიულ პირებზე - 15 000. გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალური საშვების მქონე პირებისა და ავტომანქანებისთვის.

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად საქართველოში 21 აპრილამდე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ამოქმედებული „ფაქტობრივად საკარანტინო რეჟიმი“ სხვა შეზღუდვებსაც ითვალისწინებს.

ჩეხეთში კორონავირუსის პანდემიის გამო 11 აპრილამდე გახანგრძლივდა კარანტინის მოქმედება

ჩეხეთის რესპუბლიკაში 31 მარტისათვის 3237-ს მიაღწია კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით 31 პაციენტი გარდაიცვალა. 45 დაავადებული განიკურნა.

30 მარტს კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად ჩეხეთის ხელიუსფლებამ 11 აპრილამდე გააგრძელა მკაცრი კარანტინის მოქმედების ვადა. ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის, თანახმად, მთავრობა განიხილავს საგანგებო მდგომარეობის კიდევ 30 დღით გახანგრძლივების შესაძლებლობას, რისთვისაც საჭიროა პარლამენტის მხარდაჭერა.

საგანგებო მდგომარეობის კანონით ჩეხეთის ტერიტორიაზე აკრძალულია ყოველგვარი მასობრივი თავყრილობა, ქუჩაში გამოსვლა ნებარდართულია მხოლოდ პირბადეებით, ჩაკეტილია საზღვარი მეზობელ ქვეყნებთან და შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა, გარდა ჩარტერული რეისებისა, რომლითაც ქვეყანაში შემოდის სამედიცინო აჭურვილობა და პრეპარატები კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.

თალიბების ჯგუფი პირველად ჩავიდა ქაბულში პატიმართა გათავისუფლების პროცესზე დასაკვირვებლად

პატიმრობაში მყოფი თალიბები

ორგანიზაცია თალიბანის სამკაციანი ჯგუფი ჩავიდა ქაბულში, რათა, გავრცელებული ცნობით, „დააკვირდეს“ ავღანეთის ხელისუფლების მიერ ტყვეობაში მყოფი თალიბი მეამბოხეების გათავისუფლების პროცესს, რომელიც აშშ-სა და თალიბანს შორის თებერვლის ბოლოს ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.

თალიბების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიულაჰ მუჯაჰიდმა, განაცხადა, რომ 31 მარტს ქაბულში ჩავიდა „ტექნიკური“ ჯგუფი, რაც არის პირველი შემთხვევა ავღანეთის დედაქალაქში თალიბების დელეგაციის გამოჩენისა მას შემდეგ, რაც 2001 წლის ნოემბერში, აშშ-ის ლიდერობით მოქმედმა კოალიციამ დაამხო თალიბების ხელისუფლება.

ქაბულში თალიბების ჯგუფის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია ავღანეთის ხელისუფლებას. მაგრამ ავღანეთის ეროვნული უშიშროების მრჩეველთა ოფისის სპიკერმა, ჯავედ ფეისალმა, ჟურნალისტებს აცნობა, რომ მიღწეულია შეთანხმება ავღანეთის მთავრობას და თალიბებს შორის, რაც ქაბულში მეამბოხეთა დელეგაციის ჩასვლას და პატიმრების გათავისუფლების თაობაზე პირისპირ შეხვედრას ითვალისწინებს.

29 თებერვლს აშშ-სა და თალიბანს შორის ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმება მოუწოდებს ავღანეთის მთავრობას, რომ საპატიმროებიდან გაათავისუფლოს პატირმობაში მყოფი 5000 თალიბი მებრძოლი, რამაც უნდა უზრუნველყოს ნდობის ატმოსფეროს შექმნა ფართომასშტაბიანი შიდა ავღანური სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის.

თალიბანი პირობას დებს, რომ თავის მხრივ ტყვეობიდან გაათავისუფლებს ავღანეთის მთავრობის 1000 ჯარისკაცსა და სამოქალაქო მუშაკს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG