Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის მერიის კომპანიის მილიონიანი დავალიანება


ქუთაისი
ქუთაისი

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ქუთაისის მერიას მოუწოდებს მის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანია „პარკინგსერვისის“ აუდიტორული შემოწმებისკენ. ორგანიზაციის კვლევის თანახმად, სამწლიანი არსებობის პერიოდში კომპანიას არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მერიის მიმართ დაუგროვდა იჯარით აღებული ქონების გადასახადის დავალიანება - მილიონ ორასი ათას ლარზე მეტი.

გადმოწერა
ჯარიმების ოდენობამ 2016 წელს 166 762 ლარი, 2017 წელს 301 600 ლარი, ხოლო 2018 წლის სექტემბრის ჩათვლით 207 352 ლარი შეადგინა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ქუთაისის ოფისის კოორდინატორ ლელა მოწონელიძის ინფორმაციით, ორგანიზაციამ კვლევა შარშანაც ჩაატარა და ქუთაისის მერიას რეკომენდაციით მიმართა, თუმცა მდგომარეობა ამ დრომდე უცვლელია. ლელა მოწონელიძის შეფასებით, აშკარად ჩანს, რომ კომპანია არაეფექტურად იმართება და არაეფექტურია მერიის მხრიდან ზედამხედველობაც, რადგან თვითმმართველობამ 2016 -2018 წლებში ბიუჯეტში ვერ მიიღო „პარკინგსერვისისთვის“ იჯარით გადაცემული ქონების გადასახადი:

„მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, „პარკინგსერვისმა“ ბიუჯეტში ყოველწლიურად იჯარის 463 000 ლარი უნდა გადაიხადოს. ამ თანხის ნაცვლად 2016 წელს მხოლოდ 100 ათასი გადაიხადა, 2017 წელს - 50 ათასი, მიმდინარე წელს თანხა ჯერ არ არის შეტანილი და, ჯამში, ბიუჯეტმა დაკარგა 1 240 246 ლარი“.

ლელა მოწონელიძე
ლელა მოწონელიძე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ქუთაისის ოფისის კოორდინატორის, ლელა მოწონელიძის, განცხადებით, მერიამ უნდა გააანალიზოს, რამდენად ადეკვატური იყო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ქალაქში ავტომანქანების პარკირების მოსაწესრიგებლად კერძო კომპანიის შერჩევის ნაცვლად სახელმწიფო სტრუქტურა შეიქმნა. ლელა მოწონელიძის ინფორმაციით, გასულ წელს „პარკინგსერვისმა“ 41 თანამშრომლის შრომის ანაზღაურებისა და საოფისე ხარჯისთვის გამოყო 420 ათასი ლარი, რაც 2016 წლის ხარჯებს თითქმის 70 ათასი ლარით აღემატებოდა. ლელა მოწონელიძისავე ცნობით, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, ხელფასსა და ოფისს მოხმარდა 331 ათასი ლარი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევით, პარკირების მოსაკრებელი ირიცხება კომპანიის ანგარიშზე, ხოლო პარკირების წესის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის თანხა - მუნიციპალიტეტის ანგარიშზე. ჯარიმების ოდენობამ 2016 წელს 166 762 ლარი, 2017 წელს 301 600 ლარი, ხოლო 2018 წლის სექტემბრის ჩათვლით 207 352 ლარი შეადგინა.

„წლების მიხედვით რომ გავყოთ, საშუალოდ გამოდის 200 000 ლარი წლიურად, თუმცა ამ ჯარიმების თანხის მობილიზებისთვის რეალურად საჭიროა გაცილებით მეტი თანხა, რაც გამოიხატება პარკინგსერვისის თანამშრომელთა და ოფისის ხარჯში. რომ შევაფასოთ, ბიუჯეტში 1 ლარი ჯარიმის თანხის ასახვისთვის იხარჯება 1, 7 ლარი, რაც ცალსახად დანაკარგია“.

დღეის მდგომარეობით, თანხა გაზრდილია, „პარკინგსერვისმა“ გაზარდა. ის თანხაც, რომელიც მოსაკრებლის სახითაა დაწესებული კომპანიისთვის, რეალურია.
გიორგი გიორგობიანი

„პარკინგსერვისს“ ქუთაისის მერიისგან იჯარით აღებული აქვს 300-მდე ადგილი და მიწის ნაკვეთი ავტომანქანების საჯარიმო სადგომისთვის. კომპანიაში ამბობენ, რომ, სამწლიანი მუშაობის მიუხედავად, „პარკინგსერვისი“ მომგებიანი ვერ გახდა, რადგან ავტომფლობელები გადასახადს თავს არიდებენ. კომპანიის მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად მცირდება იმ ავტომფლობელების რიცხვი, რომლებიც ერთწლიანი პარკირებისთვის 40-ლარიან მოსაკრებელს იხდიან. კომპანიის ინფორმაციით, 2016 წელს 6 თვით და 1 წლით პარკირების საფასური გადაიხადა 15 ათასმა ავტომფლობელმა, შარშან - 13 ათასმა, წელს კი - 11 600-მა. „პარკინგსერვისის“ იურისტის, გვანცა კირკიტაძის, განცხადებით, კომპანიის შექმნის პერიოდში, 2015 წელს ჩატარებული კვლევით, ქუთაისში ყოველდღიურად მოძრაობდა 40 ათასამდე ავტომანქანა. მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა, კირკიტაძის თქმით, კომპანიას მოგება არ აქვს, რადგან ავტომფლობელები თავს არიდებენ პარკირების საფასურის გადახდას. გვანცა კირკიტაძისავე განცხადებით, მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემით, ბიუჯეტში, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი შევიდა პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის დაჯარიმებული ავტომფლობელებისგან, თუმცა მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, იჯარის თანხის გადახდა კომპანიის ვალდებულებად რჩება. „პარკინგსერვისის“ იურისტის ინფორმაციით, კომპანია შემოსავლების სიმცირის გამო ვერ იხდის იჯარის თანხას და ამიტომ მერიას მიმართეს თხოვნით, იჯარის ნაცვლად პარკირების ადგილები უსასყიდლო-უზურფრუქტის წესით გადასცეს:

„უკვე ოფიციალური წერილი გავაგზავნეთ მერიაში, თანხა გონივრული გრაფიკით რომ გადავიხადოთ ეტაპობრივად. და თუ შედგება შეთანხმება და მომავალში პარკირების ადგილები გადმოგვეცემა უსასყიდლო-უზურფრუქტით, დავალიანებას აუცილებლად დავფარავთ“.

გიორგი გიორგობიანი
გიორგი გიორგობიანი

კომპანია „პარკინგსერვისი“ რომ არამომგებიანია, ადასტურებს ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გიორგობიანი. მისი თქმით, ბიუჯეტის მიმართ დავალიანების მიუხედავად, ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევენ აუდიტის სამსახურის მიერ კომპანიის შემოწმებას. გიორგი გიორგობიანის განცხადებით, იგეგმება გრაფიკის შექმნა, რათა კომპანიამ დავალიანება ეტაპობრივად დაფაროს. გიორგობიანის ინფორმაციით, „პარკინგსერვისის“ შექმნამდე ქალაქის ტერიტორიაზე არსებული პარკირების ადგილების გაიჯარებით ბიუჯეტში 35 ათას ლარი შედიოდა, რაც ამჟამინდელ მონაცემს მნიშვნელოვნად ჩამორჩება:

„დღეის მდგომარეობით, თანხა გაზრდილია, „პარკინგსერვისმა“ გაზარდა. ის თანხაც, რომელიც მოსაკრებლის სახითაა დაწესებული კომპანიისთვის, რეალურია. თუმცა უმჯობესია, თუ შეიცვლება გადასახადი, რადგან გამოდის, რომ ჩვენ ჩვენივე შპს-ს ვუიჯარებთ არსებულ ადგილებს“.

ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი გიორგობიანის, შეფასებით, აუცილებელია გაიზარდოს მოქალაქეთა თვითშეგნება და პასუხისმგებლობა და მათ გადაიხადონ პარკირების საფასური და არა დარღვევისთვის დაწესებული საჯარიმო თანხა, რომელიც ზოგჯერ გაცილებით მეტია, ვიდრე პარკირების საფასური. თავის მხრივ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ „პარკინგსერვისმა“ ქუთაისში რეალურად ვერ მოაგვარა წლების განმავლობაში არსებული პარკირების პრობლემა. არასამთავრობო ორგანიზაცია მომავალ კვირაში გამართავს დისკუსიას კომპანიის საქმიანობის გაუმჯობესების, მოქალაქეთა ინფორმირებისა და პროცესში თვითმმართველობის ჩართულობის გასაზრდელად.

XS
SM
MD
LG