Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში განახლდა აქცია „ნუ მომკლავ!“


აქციის მონაწილეები ქუთაისში
აქციის მონაწილეები ქუთაისში

„აღასრულე სამართალი, ნუ მომკლავ!“ - ამ სლოგანით გამართეს დღეს ქუთაისში სოლიდარობის აქცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა.

ქუთაისში განახლდა აქცია „ნუ მომკლავ!“
please wait

No media source currently available

0:00 0:03:46 0:00
გადმოწერა

სტუდენტები დილიდან უნივერსიტეტში შეიკრიბნენ და მსვლელობით გაემართნენ ქალაქის ცენტრალური მოედნისა და ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრისკენ. ძლიერი წვიმის მიუხედავად, დღის განმავლობაში აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე მოაწყვეს მოედნიდან მსვლელობა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში და თავიანთი მოთხოვნები დააფიქსირეს. მათ ქალაქის ქუჩებში ავტომანქანებით მოძრავი მოქალაქეები გზადაგზა საყვირებით შეუერთდნენ. ორგანიზატორთა განცხადებით, აქცია სოციალური ქსელით დაიგეგმა გვიან ღამით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დასრულების შემდეგ და მათი მთავარი მოთხოვნაა სამართლის აღსრულება და დავით სარალიძის მკვლელების პასუხისგებაში მიცემა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სკოლის მე-12 კლასის მოსწავლის თედო მესხის განცხადებით, აქციაზე შეკრებილი ახალგაზრდების სურვილია პოლიტიკისებისგან გაიმიჯნონ და საკუთარი მოთხოვნა დააფიქსირონ, რათა მომავალში არ განმეორდეს ისეთი ტრაგედია, როგორიცაა დავით სარალიძის მკვლელობა.

აქციის მონაწილეები ქუთაისში
აქციის მონაწილეები ქუთაისში

აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორის, უნივერსიტეტის სამართლის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტის თეკლა ნიქაბაძის განცხადებით, ახალგაზრდების მოთხოვნა სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრების უფლებას უკავშირდება, რათა დაცული იყოს ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.

აქციის მონაწილე ბექა ძოწენიძის თქმით, ახალგაზრდები სოლიდარობას უცხადებენ გასული წლის 1 დეკემბერს მოკლული დავით სარალიძის ოჯახს, მის მამას, ზაზა სარალიძეს, და აქციის ფორმით საკუთარი მომავლისა და სიცოცხლის უფლების დაცვას ცდილობენ.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა სტუდენტმა თეონა ლაღიძემ, აქციას შეუერთდა, რადგან სურს ცხოვრება მშვიდობიან ქვეყანაში, სადაც თავს დაცულად იგრძნობს.

მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის, ოჯახის მხარდამჭერი აქცია ქუთაისში 31 მაისსაც გაიმართა. საღამოს 7 საათზე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელბი და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ პლაკატებით: „ნუ მომკლავ!“, „სისტემა უნდა დაინგრეს“ და „ არა ძალადობას!“. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს პარლამენტამდე და პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან გვიან ღამემდე აფიქსირებდნენ საკუთარ პოზიციებსა და მოთხოვნებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG