Accessibility links

ქუთაისში უწყვეტი წყალმომარაგების მოლოდინი კიდევ ერთხელ გახანგრძლივდა


ქუთაისი

ქუთაისის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის მიმდინარე სამუშაოები დათქმულ ვადაში კვლავ ვერ დასრულდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტი მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ნაცვლად წლის ბოლოს დასრულდება. ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი 2009 წელს, მეორე კი 2015 წელს დაიწყო და ბოლო ინფორმაციით, ამ გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო. თითქმის ათწლიანი სამუშაოების შედეგად 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს ქალაქის მხოლოდ 20%-ს. ქუთაისის დანარჩენ ნაწილს წყალი კვლავ სხვადასხვა გრაფიკით მიეწოდება. სამუშაოების დასრულების ვადის კიდევ ერთხელ გადაწევამ ქუთაისელების უკმაყოფილება გამოიწვია.

ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, გორაზე, მცხოვრები თამარ მახვილაძე, რომელიც გრაფიკის გამო წყალს იმარაგებს და ეკონომიურად მოიხმარს, ამბობს, რომ უწყვეტ წყალმომარაგებას ათი წელია უშედეგოდ ელოდებიან: „ყოველ დილით ვავსებ ავზს და სხვა ჭურჭლებს, რომ დღის განმავლობაში დასალევი წყალი გვქონდეს და მეორე დილამდე გვეყოს“.

ქუთაისის 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტის დასრულების ვადის გახანგრძლივებით უკმაყოფილოა აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის მცხოვრები ნათელა პაიჭაძეც: „მეთერთმეტე სართულზე ვცხოვრობ, საღამოს 7 საათზე მოდის წყალი სამი საათით, მაგრამ 2 ლარის წყალს მოვიხმარ და 10 ლარისას დენს, რადგან წყალს საქაჩით ვიღებ და თან გრაფიკით“.

ქუთაისელთა ნაწილი უკმაყოფილოა იმითაც, რომ წყალმომარაგების სისტემის რეკონსტრუქციისას ახალ ქსელზე გადართვის გამო ძველი მილების გადაჭრა პრობლემებს იწვევს. სულხან- საბას გამზირზე მცხოვრებთა ინფორმაციით, ცენტრალური მილების გამოცვლის შემდეგ სარდაფები ეტბორებათ:

„ვიდრე ახალ ქსელზე გადაგვრთავდნენ, სარდაფში წყალი არ დგებოდა, გადაჭრეს ძველი მილი და გაურჭვეს პალო. ეს შეაჩერებდა წყალს? ძველი მილები 32 წლისაა და კოროზირებული და დაზიანებულია, დროულად თუ არ გააკეთეს, ერთ წელიწადში დაგვეშლება კორპუსი. წყალი დგას სარდაფში 30 სმ-ზე და ნესტია პირველ სართულის ბინებში, დაგვიზიანდა იატაკი და კედლები. საძირკველს არ ექმნება საფრთხე?“

ქუთაისის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ მრავალბინიანი კორპუსების სარდაფების დატბორვას იწვევს ძველი და ამორტიზებული ქსელი და სწორედ მისი რეკონსტრუქციის აუცილებლობის გამო გახანგრძლივდა თავად პროექტიც. კომპანიის სერვის-ცენტრის დირექტორის ბექა ბარბაქაძის ინფორმაციით, ამ სამუშაოებისთვის პროექტს თანხაც დაემატა:

„აზიის განვითარების ბანკმა დაგვიმატა თანხა და მოსახლეობას ეს პრობლემები უნდა მოვუგვაროთ, რადგან ძალიან ძველი მილებია, კოროზირებული და აუცილებელია მათი შეცვლა. ამასთან დაგვემატა ქუჩები, აბონენტები, გამრიცხველიანება და დროც ამ მიზეზით გაიზარდა“.

როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრის ხელმძღვანელი ბექა ბარბაქაძე ამბობს, სარეკონსტრუქციო სამუშაოები ამჟამად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რაც პროექტის წლის ბოლომდე დასრულების შესაძლებლობას იძლევა. ბექა ბარბაქაძის ინფორმაციით, აბონენტებს უახლოეს მომავალში გაუხანგრძლივდებათ წყლის მიწოდების დრო, 24-საათიანი წყალმომარაგება კი ეტაპობრივად დაიწყება.

ქუთაისის მუდმივი წყალმომარაგების პროექტი მოიცავს გამრიცხველიანებას, სასმელი წყლის ქსელის მშენებლობა-რეკონსტრუქციასა და ორი ახალი რეზერვუარის და სატუმბი სადგურის მშენებლობას. პროექტს, რომლის ღირებულება 93 მილიონი ლარია, აზიის განვითარების ბანკი და საქართველოს მთავრობა აფინანსებენ. ამ სამუშაოების შემდეგ უნდა დაიწყოს წყალარინების სისტემის და კანალიზაციის წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის პროექტი, რომლის ღირებულება 100 მილიონი ევროა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG