Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფითი კონფლიქტი თუ „პოლიციელზე თავდასხმა“ მედიაზე ზეწოლის მიზნით?


დაკავებული ხუთივე პირი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 21 სექტემბერს გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.
დაკავებული ხუთივე პირი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 21 სექტემბერს გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

„მესიჯი მედიასაშულებების მიმართ“, - ასე აფასებს გაზეთ “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი გაზეთის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის ოჯახის წევრების სამართლებრივ დევნას.

პროკურატურა მზია ამაღლობელის ოჯახის წევრებს პოლიციელზე ჯგუფურ თავდასხმას ედავება. კომპანია, რომელსაც ამაღლობელი ხელმძღვანელობს და ამავე დროს მისი დამფუძნებელიცაა, ფლობს ონლაინგამოცემებს - “ნეტგაზეთსა” და “ბათუმელებს”.

“ბათუმელების” მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ შესაძლოა საქმეში მონაწილე პოლიციის მაღალჩინოსანი საკუთარი გავლენით სარგებლობდეს და პოლიციის მიერ განხორციელებული ღონისძიება იყოს მესიჯი გამოცემების – “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” მიმართ.

აგრეთვე გვაქვს ჩვენების ოქმი, სადაც საუბარია, რომ დაპირისპირების დროს მაღალჩინოსანმა სამსახურებრივი იარაღი ამოიღო და შეშინების მიზნით დაუმიზნა კონფლიქტში მონაწილეებს. სწორედ ამ დროს გაიგეს მოქალაქეებმა, რომ ეს პირი პოლიციელი იყო...
პაატა დიასამიძე


მზია ამღლობელის ოჯახის 5 წევრის (ძმისშვილებისა და სიძეების) წინააღმდეგ გამოძიება თავდაპირველად დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით – ფიზიკური ძალადობა. მოგვიანებით კი გამოძიების მუხლი შეიცვალა და დამძიმდა. პროკურატურამ ინციდენტში მონაწილეებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლის მიხედვით წაუყენა, რაც გულისხმობს პოლიციელზე ჯგუფურ თავდასხმას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.

ბრალის დამძიმებას არ ეთანხმება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი პაატა დიასამიძე, რომელიც ბრალდებულების ინტერესებს სასამართლოში იცავს. იგი ამბობს, რომ ინციდენტი რომელიც ბათუმში ბარათაშვილის ქუჩაზე 16 სექტემბერს მოხდა პოლიციის მაღალჩინოსანსა და მოქალაქეებს შორის, იყო პირადული დაპირისპირება, რადგან პოლიციელი, რომელიც საქმეში ფიგურირებს, იმ დროს არ ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, მას არ ეცვა ფორმა და შვებულებაში იმყოფებოდა.

„ლაპარაკია შსს-ს მაღალჩინოსანზე, რომელიც თბილისიდან ბათუმში იყო ჩამოსული დასასვენებლად. რა დროსაც მასა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს შორის კონფლიქტი მოხდა. მათ არც კი იცოდნენ, რომ ეს პოლიციელი იყო. ამ დროს მას სპორტულები ეცვა. ჩვენ სასამართლოზე წარვადგინეთ აუდიოჩანაწერიც, სადაც ისმის, თუ როგორ აგინებს პოლიციელი მოქალაქეებს, რამაც კონფლიქტი გამოიწვია. აგრეთვე გვაქვს ჩვენების ოქმი, სადაც საუბარია, რომ დაპირისპირების დროს მაღალჩინოსანმა სამსახურებრივი იარაღი ამოიღო და შეშინების მიზნით დაუმიზნა კონფლიქტში მონაწილეებს. სწორედ ამ დროს გაიგეს მოქალაქეებმა, რომ ეს პირი პოლიციელი იყო. ჩვენ გამოვკითხეთ არაერთი მოწმე, ისინი კი გამორიცხავენ, რომ პოლიციელზე თავდასხმას ადგილი ჰქონდა, რითიც ირკვევა, რომ ეს ურთიერთშელაპარაკება იყო“, - ამბობს პაატა დიასამიძე, საიას ადვოკატი.

ინციდენტი 16 სექტემბერს, ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მოხდა. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულები ბარათაშვილის ქუჩაზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ღონისძიების სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსს – როინ კოჩალიძეს დაესხნენ თავს მაშინ, როცა კოჩალიძე მათ პოლიციის შეურაცხყოფისა და გინების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.

ბრალდებულების თქმით კი, ისინი ახლობლის ბინიდან 01.30 სთ-ზე გამოვიდნენ, იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში და ტაქსის ელოდნენ. მათივე მონათხრობის თანახმად, სადარბაზოსთან იდგა “შკოდას” მარკის მანქანა, რომლის დანახვაზე ერთ-ერთ მათგანს გაუჩნდა პოლიციის ასოციაცია და უცენზუროდ მოიხსენია „ცუდი პოლიციელები“.

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ხუთივე პირი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 21 სექტემბერს გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. თითოეულ მათგანს გირაოს სახით 25 ათასი ლარის გადახდა დააკისრეს.


სწორედ ამ დროს იმავე სახლის სადარბაზოდან გამოვიდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით, რომელსაც ეცვა სპორტული შარვალი და მაისური. მან კორპუსთან შეკრებილებს გინება დაუწყო პოლიციელების ცუდად მოხსენიებისთვის. ბრალდებულების თქმით, მათ აღნიშნულ პირს უთხრეს, რომ თავადაც ჰყავდათ პოლიციელი მეგობრები და არავის შეურაცხყოფა არ ჰქონდათ განზრახული. სიტყვიერი შელაპარაკება გადაიზარდა დაპირისპირებაში, აღნიშნულმა პირმა მათ დაუმიზნა ცეცხლსასროლი იარაღი და ერთ-ერთ მათგანს სცემა კიდეც.

მამაკაცი, რომელსაც ინციდენტისას ეცვა სპორტული შარვალი და მაისური, აღმოჩნდა პოლიციელი როინ კოჩალიძე. ის ინციდენტის დროს შვებულებაში იყო და სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, რაც თავად მისი ჩვენებითაც დასტურდება.

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ხუთივე პირი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 21 სექტემბერს გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. თითოეულ მათგანს გირაოს სახით 25 ათასი ლარის გადახდა დააკისრეს. ბრალდების მხარე კი მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. რადგან პროკურატურა წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG