Accessibility links

ყოფილმა საჯარო მოხელემ სასამართლოში დაამტკიცა, რომ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს


უზენაესი სასამართლო

თელავის მერიას სასამართლოს გზით კიდევ ერთმა თანამშრომელმა დაუმტკიცა, რომ თავის დროზე ის სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, უწყება ვალდებულია, 2018 წლის იანვარში სამსახურიდან გათავისუფლებული მამუკა ჭამაური სამსახურშიც აღადგინოს და განაცდური ხელფასიც აუნაზღაუროს, რაც, დაახლოებით, 14 000 ლარამდეა. მერიას უკანონო გათავისუფლებაში სხვა თანამშრომლებიც უჩივიან.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, თელავის მერიას თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაევალა. მამუკა ჭამაური 2018 წლის იანვრიდან რეორგანიზაციის მოტივით სამსახურიდან გაათავისუფლეს. ეს ის დროა, როდესაც თელავმა, როგორც თვითმმართველმა ქალაქმა, სტატუსი დაკარგა და თვითმმართველი თემი და ქალაქი თელავი გაერთიანდა. შესაბამისად, გამოცხადდა რეორგანიზაცია და გაერთიანდა სამსახურები.

ეს ყველაფერი ნათლად ადასტურებდა, რომ თელავის მერიის მიერ არ განხორციელდა ჯეროვანი ადმინისტრაციული წარმოება მოხელეთა მობილობის განსახორციელებლად და სრულიად დაუსაბუთებლად მოხდა მამუკა ჭამაურის ჩარიცხვა მოხელეთა რეესტრში...
მარეხ მგალობლიშვილი

რეორგანიზაციის შედეგად მერიიდან 50-მა თანამშრომელმა მიიღო შეტყობინება, რომ მათ ეძლეოდათ 3 თვის კომპენსაცია და გადადიოდნენ მოხელეთა რეზერვში, თუმცა იურისტები ამბობენ, რომ მერიამ, ფაქტობრივად, ამ ადამიანებთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა.

ერთ-ერთი, ვინც მერიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მამუკა ჭამაური იყო. ის თვითმმართველ თემში, თელავის გამგეობაში 2014 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მას აწინაურებდნენ კიდეც. ბოლოს იყო შესყიდვების განყოფილებაში.

საქმის მასალების მიხედვით, მამუკა ჭამაურს მერიიდან 2018 წლის 30 იანვარს ეცნობა, რომ მისი დასაქმება ვერ ხერხდებოდა და მომდევნი ორი წელი ჩარიცხული იქნებოდა მოხელეთა რეზერვში.

მამუკა ჭამაურმა დღეს ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. მის ინტერესებს სასამართლოს სამივე ინსტანციაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. საია-ს კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც მერიამ 50-მდე თანამშრომელს შრომითი ხელშეკრეულება, ფაქტობრივად, შეუწყვიტა, უწყებამ 43 ადგილზე ახალი კონკურსი გამოაცხადა, მათ შორის, მამუკა ჭამაურის პოზიციაზე.

„თავის დროზე თელავის მუნიციპალიტეტის მერმა საჯარო სამსახურის ბიუროს აცნობა, რომ საჯარო მოხელეების ნაწილის მობილობა ვერ განხორციელდა, რადგან ვერ მოიძებნა შესაბამისი ტოლფასი ან უფრო დაბალი თანამდებობა. რეალურად კი, თელავის მუნიციპალიტეტში არაერთ პოზიციაზე გამოცხადდა ვაკანსია, მათ შორის, უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე, და ეს ყველაფერი ნათლად ადასტურებდა, რომ თელავის მერიის მიერ არ განხორციელდა ჯეროვანი ადმინისტრაციული წარმოება მოხელეთა მობილობის განსახორციელებლად და სრულიად დაუსაბუთებლად მოხდა მამუკა ჭამაურის ჩარიცხვა მოხელეთა რეესტრში“.

მამუკა ჭამაურმა სასამართლოს სამივე ინსტანცია მოიგო, თუმცა მანამდე პირველი და მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებები საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის მერიამ. მერიის იურიდიული სამსახურის უფროს ლევან ბერძენაშვილს ვკითხეთ, როდის აპირებს მერია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. ​

მე არ ვიცი, რა სიტუაცია იქნება კადრების კუთხით, მაგრამ თუ არ იქნება შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა, კანონის შესაბამისად, საჯარო პირს დამატებით ეძლევა 6 თვის სახელფასო სარგო და ის ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში...
ლევან ბერძენაშვილი

იურიდიული სამსახურის უფროსი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მერიაში მამუკა ჭამაურისთვის შესაბამისი პოზიცია ვერ მოიძებნა, საჯარო სამსახურის შესახებ კანონით მათ აქვთ უფლება, ჭამაურს დამატებით კიდევ 6 თვის კომპენსაცია გადაუხადონ და კვლავ მოხელეთა რეზერვში ჩარიცხონ:

„პროცედურულად უზენაესიდან ქვედა ინსტანციის სასამართლოს უკან დაუბრუნდება საქმე. შემდეგ სააღსრულებლო დოკუმენტი უნდა გაიცეს. ამის შემდეგ მერია დაიწყებს აღსრულებას. მანამდე ჯერ არაფერი იქნება. სასამართლოს გადაწყვეტილებით დაგვევალა პირის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება, მაგრამ, კანონის შესაბამისად, იმ შემთხვევაში ექვემდებარება აღდგენას, თუკი ვაკანტური თანამდებობა არის ამ მსგავს პოზიციაზე. მე არ ვიცი, რა სიტუაცია იქნება კადრების კუთხით, მაგრამ თუ არ იქნება შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა, კანონის შესაბამისად, საჯარო პირს დამატებით ეძლევა 6 თვის სახელფასო სარგო და ის ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში“.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მამუკა ჭამაურის გარდა თელავში კიდევ ოთხი ყოფილი საჯარო მოხელის ინტერესებს იცავს. საია-ს წარმომადგენელი მარეხ მგალობლიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ოთხი პირი უსამსახუროდ 2018 წლის 30 იანვარს დარჩა. ოთხივე საქმეზე სასამართლოს პირველი ორი ინსტანცია ყოფილმა საჯარო მოხელეებმა მოიგეს, რაც მერიამ გაასაჩივრა და საქმეები ახლა უზენაეს სასამართლოშია.

აღსანიშნავია, რომ მამუკა ჭამაურს თელავის მერიამ, დაახლოებით, 14 000 ლარი უნდა გადაუხადოს განაცდურის საკომპენსაციოდ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თელავის მერიიდან გაშვებულმა საჯარო მოხელეებმა სასამართლო პროცესები მოიგეს. თორნიკე გრიშიკაშვილი საჯარო სამსახურში მუშაობდა და მოულოდნელად გაათავისუფლეს, თუმცა საქმემ სასამართლოს რამდენიმე ინსტანცია მოიარა და, საბოლოოდ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის სამსახურშიც აღადგინეს და განაცდურიც აუნაზღაურეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG