Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქციები ყულევის ქარხანას „6 თვის შემდეგ“ - ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი

1 ივლისს ქარხნის მფლობელმა ფირმამ განაცხადა, რომ გეგმავს, აგვისტო-სექტემბრიდან სრულად თქვას უარი რუსული ნავთობის გადამუშავებაზე.
1 ივლისს ქარხნის მფლობელმა ფირმამ განაცხადა, რომ გეგმავს, აგვისტო-სექტემბრიდან სრულად თქვას უარი რუსული ნავთობის გადამუშავებაზე.

2026 წლის 23 ივლისს ევროკავშირმა ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტში შეიყვანეს - თუმცა იმ დათქმით, რომ სანქციები მასზე მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ დაწესდება, თუკი პრაქტიკა არ შეიცვლება.

თავის მხრივ, ქარხნის მფლობელმა კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმმა“ 2026 წლის 1 ივლისს განაცხადა, რომ გეგმავს, მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან სრულად თქვას უარი რუსული ნავთობის გადამუშავებაზე.

რა ხდება - ფართო კონტექსტი

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა 23 ივლისს საბოლოოდ შეათანხმეს სანქციების ახალი, 21-ე პაკეტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მალე ამოქმედდება.

ახალი სანქციები ძალაში შევა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების მიერ დამტკიცებისა და ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ, - სავარაუდოდ, 23 ივლისავე.

საქართველოს შემთხვევაში პაკეტში შეაქვთ ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა.

საუბარია ყულევის ქარხანაზე და არა ყულევის პორტზე, - რომელიც, თავის მხრივ, 2026 წლის პირველ ნახევარში უკვე გადაურჩა ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვედრას.

ამასთან, სანქციები დაუწესდათ 14 კრიპტოვალუტების სერვისის პლატფორმას, რომლებიც ფუნქციონირებდნენ საქართველოში, პანამაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მარშლის კუნძულებზე, ყირგიზეთსა და ბელარუსში.

„ექვს თვეში შევა ძალაში“

როგორც რადიო თავისუფლებას ბრიუსელში ინფორმირებული წყარო ეუბნება, ახალი პაკეტი „ქმნის შესაძლებლობას, აიკრძალოს ტრანზაქციები რუსეთში და მესამე ქვეყნებში არსებულ კონკრეტულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებთან, რომლებიც ამუშავებენ ან ახდენენ რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამუშავებას“.

„ამ ჩარჩოებში, ევროკავშირი ყულევში რუსული ნავთობის ვაჭრობითა და გადამუშავებით დაკავებული ქართული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიმართ ტრანზაქციების აკრძალვას აწესებს, - რომელიც ექვს თვეში შევა ძალაში“, - წერს ევროკავშირი.

შეზღუდვის ამოქმედების თარიღად ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებულ დოკუმენტში 2027 წლის 1 იანვარია მითითებული.

რადიო თავისუფლების კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, ეს კონკრეტული ზომა - ექვსთვიანი ვადის, ერთგვარი „დედლაინის“ დაწესება - ევროკავშირმა თავის პრაქტიკაში პირველად მიიღო.

ინფორმირებული წყაროს განმარტებით, ამის საფუძველი გახდა მზაობა, რომ [სასანქციო] მოთხოვნებს (შე)ასრულებდნენ.

ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის პერსპექტივიდან, თუკი ექვსი თვის განმავლობაში ქარხნის გარშემო არაფერი შეიცვლება, - ესე იგი, რუსული ნავთობის გადამუშავებას განაგრძობს, - სანქციები ამოქმედდება; ასევე, ქარხანაზე მომდევნო პაკეტითაც გავრცელდება ტრანზაქციების შეზღუდვები.

რა ვიცოდით აქამდე

თებერვლიდან, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში განიხილებოდა ყულევის პორტის შეყვანა, თუმცა ასე არ მოხდა.

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის თანახმად, „პოზიცია გადაიხედა“ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა აიღეს რიგი ვალდებულებები.

კერძოდ, ხელისუფლებაში თქვეს, რომ გეგმავენ, არ დაუშვან სანქცირებული გემების პორტში შესვლა ან მომსახურება.

„ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო განმარტებები გაკეთდა. ყულევის პორტი, ქარხანა, ტერმინალი არ გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის, რასთან დაკავშირებითაც კონკრეტული მტკიცებულებები წარადგინა ქართულმა მხარემ ევროკავშირის წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 16 მარტს.

  • ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელი კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“ (BSP) 1 ივლისს აცხადებდა, რომ მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან საწარმო სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას იწყებს.
  • კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მიმდინარე საქმიანობას და სტრატეგიულ გეგმას შეეხება, ნათქვამი არაა, რომელი ქვეყნის ნედლეულზეა საუბარი.
  • Black Sea Petroleum-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი დავით ფოცხვერია BMG-სთვის მარტში მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ საქმიანობა რუსული ნავთობის გადამუშავებით დაიწყო, თუმცა „ნედლეულის დივერსიფიკაციაზე აქტიურად მუშაობს“.
  • ის თურქმენული ნედლი ნავთობის სარკინიგზო გზით შემოტანის შესახებ არსებულ შეთანხმებაზეც საუბრობდა, რასაც, მისი სიტყვებით, ხელი შეეშალა "მეგობარი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანზიტის განხორციელების" თვალსაზრისით. ფოცხვერია ამავე ინტერვიუში იმედს გამოთქვამდა, რომ საკითხი დადებითად გადაწყდებოდა და თურქმენულ ნავთობს შემდგომში ყაზახური ნავთობიც მოჰყვებოდა.
  • 1 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში კომპანია წერს, რომ 2026 წლის პირველი ნახევრისთვის „ბლექ სი პეტროლიუმმა“ 650 ათას ტონაზე მეტი ნედლეული გადაამუშავა.
  • 2027 წლის I კვარტლიდან კომპანია აპირებს საგზაო ბიტუმის წარმოების დაწყებას შიდა და საექსპორტო ბაზრებისათვის.
  • 2027 წლის II კვარტლიდან კი - საავიაციო საწვავის წარმოების დაწყებას.
  • ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელი Black Sea Petroleum-ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი და დიზაინერი მაკა ასათიანია.
  • პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა „საქართველოს განვითარების ფონდმა“ და ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკმა“. ქარხნის პრეზენტაციას 2024 წლის ოქტომბერში დაესწრო „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG