Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაქარაშვილის საქმე: სატელეფონო ანძებს აცდენილი ჩვენებები - რა არ უნდა გამოგრჩეს 7 ივლისს


სატელეფონო ანძები, რომლებიც შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმეების ჩვენებებს ცვლის

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში არსებული სატელეფონო ანძების ამონაწერებიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ვახტანგ ახვლედიანი, ინციდენტის ადგილას იმაზე გაცილებით დიდხანს დარჩა, ვიდრე ის ამის შესახებ საკუთარ ჩვენებებში წერს.

მისი ადგილმდებარეობა წიწამურის ანძამ უკანასკნელად 01:49 წუთზე დააფიქსირა. მაშინ, როდესაც ის ჩვენებებში მიუთითებს, რომ მას შემდეგ, რაც საქმის კიდევ ერთ მოწმეს, მდევრების მიერ ნაცემ გიორგი ქათამაძეს მცხეთის საავტომობილო ტრასასთან შეხვდა, პირდაპირ თბილისისკენ წამოვიდნენ.

ვახტანგ ახვლედიანი გიორგი ქათამაძეს ტელეფონით ბოლოს 01:11 წუთზე ელაპარაკა. გიორგი ქათამაძისა და ვახტანგ ახვლედიანის ჩვენებების თანახმად, ისინი სწორედ ამ, ბოლო სატელეფონო საუბრისას შეხვდნენ ერთმანეთს:

აი, რას წერს ვახტანგ ახვლედიანი 19 ივნისის ჩვენებაში:

გზაზე რომ გამოვედი, მე დავურეკე ჩემი მობილური ტელეფონიდან ჩემს მეგობარ გიორგი ქათამაძეს და ვკითხე, სად ხარ-მეთქი, რა დროსაც გიორგი იქვე, საიდანღაც ბუჩქებიდან გამოვიდა საავტომობილო გზაზე, ხოლო ის სამი ახალგაზრდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი, სად წავიდნენ და სად იყვნენ, არ ვიცი. ამის შემდეგ, მე დავურეკე ჩემს მეგობარ ლუკა ბეჟანიშვილს და ვთხოვე, მოსულიყო ჩვენთან და წავეყვანეთ სახლში. რამდენიმე წუთში ჩვენთან მოვიდა ჩემი მეზობელი კახა, გვითხრა, ლუკამ გამოგვგზავნაო, რის შემდეგაც, მე და გიორგი ქათამაძე ჩავჯექით კახას ავტომანქანაში და წავედით სახლში“.

არადა, სატელეფონო ამონაწერების თანახმად, ვახტანგ ახვლედიანი, თავის მეგობარ ლუკა ბეჟანიშვილთან, რეკავს არა გიორგი ქათამაძესთან შეხვედრის შემდეგ, არამედ მასთან შეხვედრამდე. პირველი ზარი ახვლედიანმა ბეჟანიშვილთან განახორციელა 00:49 წუთზე. ანუ, სატელეფონო ამონაწერები და ახვლედიანის ჩვენება ერთმანეთისგან აცდენილია.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება

დღეს ეროვნული გამოცდების მეორე დღეა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება. დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბიტურიენტთა მომდევნო ნაკადი ჩააბარებს.

კორონავირუსის გამო საგამოცდო ცენტრები ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესებით მუშაობენ:

აბიტურიენტებს და მეთვალყურეებს, რომლებმაც შენობაში შესვლამდე, თერმოსკრინინგი გაიარეს, დაკავებული აქვთ საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%. შენობაში ყველანი პირბადით შედიან;

აბიტურიენტებს მაგიდასთან ადგილის დაკავების შემდეგ, პირბადის გარეშე მუშაობის შესაძლებლობა მიეცათ. ამასთან, პირბადე უნდა გაიკეთონ საგამოცდო სექტორის დატოვების და სხვა პირებთან კომუნიკაციის დროს;

სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილია გამჭვირვალე დამცავი ფარით. მაგიდებს შორის დაშორება მინიმუმ 2 მეტრია, ხოლო ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი 1 მეტრი;

თუ საგამოცდო ცენტრში, სადაც ფანჯრები მუდმივად ღიაა, ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, ნებადართულია კონდიციონერის ჩართვა, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, ისევ სავალდებულო ხდება პირბადის გამოყენება;

აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში მუდმივად პირბადით უნდა იყოს, თუ აღენიშნება 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა, ან რომელიმე სხვა რესპირატორული სიმპტომი;

თუ გამოსაცდელს გამოცდის წინა დღეებში ექნება მაღალი ტემპერატურა, უნდა ჩაიტაროს PCR-ტესტი, რომელიც აბიტურიენტებისთვის უფასოა და წარმოადგინოს ცნობა, რომ არ არის კოვიდით ინფიცირებული;

თუ აბიტურიენტს აქვს ქრონიკული სიცხე, უნდა წარმოადგინოს სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის ცნობა;

თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე 2-3 დღით ადრე ჩატარებული და მიღებული PCR ტესტირების დასკვნა კოვიდუარყოფითი შედეგით, მისი განთავსება ხდება საერთო დარბაზში, შემთხვევა კი აღინიშნება შენიშვნით, რომელსაც მომდევნო გამოცდაზე უნდა მიექცეს ყურადღება;

თუ გამოსაცდელს არა აქვს გამოცდამდე 2-3 დღით ადრე ჩატარებული და მიღებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდუარყოფითი შედეგით, გამოცდაზე დაშვების საკითხს წყვეტს ექიმი.

წაიკითხე მეტი.

მეთერთმეტე აიპი გორში

გორის მერიამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კიდევ ერთი არასამეწარმეო იურიდიული პირის შექმნის თხოვნით მიმართა. გორის მუნიციპალიტეტში ათი აიპი უკვე მუშაობს, მერია კი მეთერთმეტეს ქმნის.

ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების სურვილმა ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ არჩევნების წინ კიდევ ერთი აიპის შექმნა ხელისუფლებას მხარდამჭერების დასაქმების და ამით ადმინისტრაციული რესურსის გაზრდის შანსს აძლევს, ეს ყველაფერი კი გორის ბიუჯეტის ხარჯზე ხდება. “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი, დავით მახნიაშვილი, მიიჩნევს, რომ ახალ აიპში დასაქმებულ ადამიანებს ხელისუფლება საარჩევნოდ აამუშავებს.

საკრებულოს სხდომაზე ახალი აიპის შექმნას მხარს არ დაუჭერს “ნაციონალური მოძრაობა”. “მოძრაობის” წევრ ვასილისა ჯაბახიძის განცხადებით, უკვე მოქმედი აიპები დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ და იქ დასაქმებული ადამიანებისთვის ბიუჯეტიდან ხელფასების სახით კოლოსალური თანხა იხარჯება. მისი აზრით, ყველაზე მასშტაბური აიპი, კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტო, სადაც ასობით ადამიანია დასაქმებული, მნიშვნელოვან შედეგს ვერ აჩვენებს.

გორის მუნიციპალიტეტის მეთერთმეტე აიპი მუნიციპალური ტრანსპორტის მართვის საკითხებით იქნება დაკავებული. ჯერ არ არის ცნობილი, რამდენი ადამიანი დასაქმდება. პროექტი საკრებულოში რამდენიმე დღეში შევა. გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე, ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ტრანსპორტის სააგენტოს შექმნა აუცილებლობით არის გამოწვეული, რადგან ქალაქს ავტობუსები აჩუქეს და ამ ტრანსპორტს მოვლა და მართვა სჭირდება. წაიკითხე მეტი გოგა აფციაურის სტატიაში.

ბავშვები კარანტინში: შეზღუდული თავისუფლება დასაბუთების გარეშე

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხარვეზი დაუდგინა ანა არგანაშვილის მიერ, კარანტინიდან გაგზავნილ სარჩელს, რომლითაც ის მოითხოვდა ბავშვის თვითიზოლაციაში გადაყვანას და ასაბუთებდა, რომ მისი უფლებები დაირღვა.

ანა არგანაშვილს საქალაქო სასამართლოდან უპასუხეს, გასაჩივრებული აქტი უნდა წარმოადგინო და აქტის რეკვიზიტებიც მიუთითოო.

ანა დღეს ისევ ელის მორიგ სასამართლოს, რადგან სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გასწორებისთვის მან ახალი განცხადება გაგზავნა.

კარანტინში განთავსებული სხვა ბავშვების დედები და მამები თუ ადვოკატები არ არიან და ვერ ერკვევიან ამ სამართლებრივ ლაბირინთებში, რა ქნან? არ უნდა იყოს ბარიერები ბავშვებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გზაზე. მოუსმინოს სასამართლომ ბავშვებს“, - წერს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი და ბავშვთა უფლებების დამცველი, ადვოკატი ანა არგანაშვილი.

ამასობაში საკარანტინო ვადის ამოწურვამდე მას და მის ოჯახს 6 დღე რჩება. თუმცა ჩავლილი 8 დღე არ იყო მარტივი.

წაიკითხე მეტი.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG