Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი - რა არ უნდა გამოგრჩეს 8 თებერვალს


რა შეზღუდვები მოიხსნება დღეიდან?

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან გარკვეული შეზღუდვები იხსნება. 8 თებერვლიდან მთელ საქართველოში ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გამონაკლისი იქნება შაბათ-კვირა. 8 თებერვლიდანვე გაიხსნება ბაზრობები.

ყოველდღიურად ჩატარდება თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის დეზინფექცია. გუშინ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ განცხადებაც გაავრცელა. მასში ვკითხულობთ:

„უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, დაიგეგმა მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები. დეზინფექცია ჩაუტარდა როგორც თბილისის მეტროსადგურებს, ასევე მოძრავ შემადგენლობებსა და მუნიციპალურ ავტობუსებს. სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ჩატარდება“.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

105 დღე - 105 ღამე: ბრძოლა რიონის ხეობისთვის

ნამახვანჰესის მშენებლობა 7 თებერვალს მასშტაბური აქციით გააპროტესტეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში. უწყვეტი პროტესტის 105-ე დღეს ხეობის მცხოვრებლებმა სოფელში, მდინარე რიონის ჭალის მიმდებარედ დადგეს კარავიც, რომელიც წინა კვირას სამართალდამცველებმა აიღეს სოფელ ჟონეთში, იმ მოტივით, რომ კარავი იდგა ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას“ ტერიტორიაზე.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნა უცვლელია, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, სამოქალაქო აქტივისტები, გარემოსდამცველები და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენელები, რომლებსაც სოლიდარობა სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულმა მოქალაქეებმაც გამოუცხადეს, მოითხოვენ სამუშაოების შეჩერებას, კომპანიისგან ხეობის დატოვებას და მძიმე ტექნიკის გაყვანას. დღეს ამ მოთხოვნებს დაემატა კიდევ ერთი მოთხოვნა: ერთი კვირის წინ სამართალდამცველების მიერ აღებული ჯვრის დაბრუნება იმავე ტერიტორიაზე.

წაიკითხე მეტი.

დღეს 31 ოქტომბრის არჩევნების შესასწავლად პარლამენტში დადგენილებას წარადგენენ

8 თებერვალს პარლამენტის ბიუროს წარედგინება დადგენილების პროექტი, რომელიც 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნებაა“.

„იმისათვის, რომ არჩევნების მიმართ ყველა დასაბუთებულ თუ დაუსაბუთებელ კრიტიკას, ბრალდებას თუ მოსაზრებას პასუხი გაეცეს, კომისიის ფარგლებში გამოძიებულ უნდა იქნეს თითოეული ის საკითხი, რომელიც ოპოზიციური პარტიების მიერ ისმება“, - ამბობენ მმართველ პარტიაში.

უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია არ აპირებს ჩაერთოს საგამოძიებო კომისიის მუშაობაში.

თელ-ავივის საავადმყოფოში წარმატებით გამოიყენეს კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი

ისრაელში მკვლევრებმა დიდ წინსვლას მიაღწიეს კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატის განვითარების საქმეში. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკით გაავრცელა ისრაელის ელჩმა საქართველოში, რონ გიდორმა, რომლის თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის კვლევის პირველი ფაზა დასრულდა.

30 პაციენტიდან, რომლებსაც მისცეს EXO-CD24, 29-მ საავადმყოფო დატოვა 3-5 დღემდე, უთხრეს თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის (იხილოვის საავადმყოფო) მკვლევრებმა ისრაელის KAN News-ს. 30-ე „პაციენტიც გამოჯანმრთელდა, მაგრამ მას რამდენიმე დღით მეტი დასჭირდა“, ამბობს სამედიცინო ცენტრის კოვიდ-19-ის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ნადირ არბერი.

პრეპარატი, რომელიც წარმოადგენს ნოვატორულ ნაერთს, ეფუძნება გამდიდრებულ CD24-ეზოსომებს და პირდაპირ ფილტვებში ხდება მისი შესუნთქვა, რათა კოვიდ-19-ის მიერ გამოწვეული ციტოკინური ქარიშხალი არ განვითარდეს.

წაიკითხე მეტი.

12 წლის თინას და სხვა ბავშვების გაურკვეველი მომავალი საქართველოსა და ავსტრიაში

12 წლის თინას ბედი ბოლო დღეების მთავარ სალაპარაკო თემად იქცა ავსტრიაში - ქვეყანაში, სადაც დაიბადა, გაიზარდა, სწავლობდა, ჰყავს მეგობრები და რომელიც 27 იანვარს პოლიციის ბადრაგის თანხლებით დატოვა საქართველოსკენ მომავალი სპეცრეისით.

დეპორტაციის მიზეზი აღმოჩნდა თინას დედის რამდენიმეწლიანი უშედეგო მცდელობა, მიეღო თავშესაფარი. ავსტრიის საიმიგრაციო სამსახურისთვის ახალგაზრდა ქალის არგუმენტები დამაჯერებელი არ აღმოჩნდა და არალეგალურად ცხოვრების მეოთხე წელს, 6 უარის შემდეგ, 12 და 5 წლის შვილებით სამშობლოში დააბრუნეს. თინას დედა ავსტრიაში 2006 წლიდან ცხოვრობდა, თავიდან სტუდენტის სტატუსით, შემდეგ მუშაობის უფლებით - ვენაში დაიბადა თინაც და მისი უმცროსი დაც. 2006 წლიდან 2021 წლამდე ახალგაზრდა ქალი რამდენჯერმე იმყოფებოდა სამშობლოში, თუმცა საემიგრაციო სამსახურს არწმუნებდა, რომ საქართველოში მას ფიზიკურად განადგურების საფრთხე ემუქრებოდა მისი ძმის მიერ ჩადენილი მკვლელობის და შურისძიების მუქარის გამო.

თინას დეპორტაციას გამოსვლები მოჰყვა ვენაში, მისი კლასელები და მასწავლებლები მართავდნენ აქციებს, პოლიტიკოსები კი მსჯელობდნენ, რამდენად ჰუმანურია კანონი, რომელიც ბავშვებს მშობლიური და ბუნებრივი გარემოდან უცხო ადგილას გაურკვეველი მომავლით აძევებს.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ნასტასია არაბული გიამბობთ თინასა და სხვა დეპორტირებული ქართველი ბავშვების შესახებ. წაიკითხე და ნახე მეტი აქ.

გურიის სოფელი ბუკნარი ეროვნული ტელემაუწყებლების ფოკუსში მას შემდეგ მოექცა, რაც ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის მუსლიმური სალოცავის გარშემო მიმდინარე დავა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გამოჩნდა, რომ რელიგიური მტრობის ისტორიული ნარატივი 21-ე საუკუნის სეკულარულ საქართველოში ისევ აქტუალურია, თუმცა ახალ ამბებში მიმოფანტული ინფორმაცია ფრაგმენტული დარჩა. რატომ დაუპირისპირდა ბუკნარელი ქრისტიანების ნაწილი მუსლიმ მეზობლებს, რომლებთანაც ათწლეულებია უკონფლიქტოდ თანაცხოვრობდნენ? მოგვარდა თუ არა პრობლემა კამერების წინ შერიგებისა და ხელის ჩამორთმევის შემდეგ?

XS
SM
MD
LG