Accessibility links

site logo site logo

შეზღუდვები უქმეებზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 3 მაისს


შეზღუდვები, რომლებიც 3 მაისს და შემდეგ დღეებში იმოქმედებს

3 მაისს, ორშაბათს საქართველოში მიცვალებულთა მოხსენიების დღეა, თუმცა პანდემიასთან დაკავშირებული ზომების ფარგლებში სასაფლაოებზე გადაადგილება შეზღუდული იქნება. ჩაკეტილია სასაფლაოებთან მისასვლელი გზები; შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.

2-დან 4 მაისამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს გააკონტროლებს. შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა - 2 000 ლარის ოდენობით.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ აღდგომის შემდეგ ქვეყანაში უქმე დღეები გამოაცხადა, რომელიც სამშაბათს, 4 მაისიდან შევა ძალაში და 11 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში ქვეყანაში შეიზღუდება:

  • მუნიციპალური ტრანსპორტის მიმოსვლა ყველა ქალაქში.
  • საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

შეზღუდვა არ შეეხება სავაჭრო ცენტრებსა და სხვა ობიექტებს.

ამ თემაზე ასევე ნახე:

აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთმა პასპორტიზაციის პროცესი გაააქტიურა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ზოგიერთ ნაწილში, სადაც რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტული ფორმირებები აწარმოებენ ომს კიევის წინააღმდეგ, დაახლოებით 527 000 ადამიანს მიენიჭა რუსეთის მოქალაქეობა გასული ორი დღის განმავლობაში.

ამის შესახებ სამინისტროს პრესსამსახურმა 2 მაისს გააკეთა განცხადება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასის" საშუალებით. იქამდე რუსეთმა 650 000 ახალი პასპორტი გასცა ამ რეგიონში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2019 წელს გამოსცა განკარგულება ამ რეგიონის მცხოვრებთათვის მოქალაქეობის მინიჭების უფრო გამარტივებული და დაჩქარებული პროცედურის შესახებ.

მოსკოვის პოლიტიკამ უკრაინაში მოქალაქეობის მინიჭების შესახებ მკაცრი საერთაშორისო კრიტიკა დაიმსახურა, როგორც ვითარების კიდევ უფრო დესტაბილიზაციის მცდელობამ ამ რეგიონში, სადაც 13 000-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული 2014 წლის აპრილში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან.

წაიკითხე მეტი.

აღდგომა ოკუპაციის ხაზთან

სხვებისგან განსხვავებით, სასაფლაოების შესასვლელებთან პოლიციელების სიმრავლე სულ არ უკვირთ ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებლებს.

სოფლების - გუგუტიაანთკარის და კოშკას სასაფლაო ოკუპირებულ დისევს ესაზღვრება და იქვე ახლოს საპოლიციო საგუშაგოცაა მოწყობილი. ოკუპაციის ხაზი პირდაპირ სასაფლაოზე გადის. საფლავების ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა დარჩენილი და იქ მისვლა სახიფათოა.

აღდგომის დღეებში, ადგილობრივი მოსახლეობა ნათესავების საფლავებზე ისედაც პოლიციელთა მეთვალყურეობით გადიოდა ხოლმე, რადგან ამ სასაფლაოზე მოქალაქეების დაკავების და ცხინვალში გადაყვანის საფრთხე მუდმივადაა. ოკუპირებულ სოფელ დისევში საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზაა, იქიდან კი ქართულ სოფლებს მუდმივად აკონტროლებენ.

წაიკითხე მეტი გოგა აფციაურის სტატიაში.

„ღვთის წინაშე დრო ერთიანია“ - მკვდრეთით აღდგომა ისლამსა და ქრისტიანობაში

მიცვალებულის მკვდრეთით აღდგომის იდეა ერთ-ერთი ბაზისური თემაა როგორც ქრისტიანობაში, ასევე ისლამშიც. ქრისტიანობასა და ისლამს შორის არსებულ პარალელებზე რადიო თავისუფლება აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძეს ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: 70-წლიანი კომუნისტური წყობის გამო ხალხს ძალიან ბევრი რიტუალის მნიშვნელობა აღარ ახსოვს, მაგრამ ქრისტიანულ ტრადიციაში აღდგომას საფლავებზე გასვლა მიცვალებულთა მომავალი აღდგომის სიმბოლოა. ამით ჭირისუფალი თავის მიცვალებულს თითქოს ახსენებს, რომ სიკვდილი დროებითია, შენც აღდგები, ისევე როგორც ქრისტე აღდგა.

გიორგი ლობჟანიძე: ზოგადად რელიგია ადამიანის მკვდრეთით აღდგომის იდეას უკავშირდება. ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არსებობს, რომ ეს სიცოცხლე ცირკულირებს და ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა, ისევ შემოვიდეს ამ ქვეყანაში, მკვდრეთით აღდგეს. ეს იდეა თავდაპირველად ძველ რელიგიებში იყო და შემდეგ აბრაამულ რელიგიებშიც (ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი) დამკვიდრდა.

ქრისტიანობაში, ისევე როგორ ისლამში, მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომა უკავშირდება მეორედ მოსვლის დღეს, როდესაც აღდგება ყველა მიცვალებული, რომელსაც ოდესმე დედამიწაზე უცხოვრია და მათ იესო განსჯის. თუკი ქრისტიანობაში არის ანტიქრისტეს ცნება, ისლამში მეორედ მოსვლას წინ უსწრებს დაჯალის გამოჩენა. დაჯალი არის ბოროტების განსხეულება, რომელიც თავს უმაღლეს სიკეთედ გაასაღებს. ტრადიციულ ისლამში დაჯალს შეებრძოლება იესო, შიიტურ ისლამში იესოსთან ერთად მას ებრძვის მაჰდი, გაუჩინარებული იმამი.

სრული ინტერვიუ წაიკითხე აქ.

რატომ უჭირთ ფერმერებს მიწის რეგისტრაცია რეგიონებში, მაშინ როცა ეს ადვილია თანამდებობის პირებისთვის? რატომ ვერ დასრულდა დღემდე მიწის რეფორმა, რომელიც გასულ საუკუნეში დაიწყო? "თავისუფლების მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG