Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიძლებოდა თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება - რა ვიცით უკრაინის 128-ე ბრიგადაზე?


"ეს დანაკარგი 128-ე ბრიგადის ბრძოლისუნარიანობას არ დასტყობია", - ამბობს ირაკლი ქურასბედიანი
"ეს დანაკარგი 128-ე ბრიგადის ბრძოლისუნარიანობას არ დასტყობია", - ამბობს ირაკლი ქურასბედიანი

უკრაინის იმიერკარპატების რეგიონში დღეს დასრულდა 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადის ათობით მებრძოლის დაღუპვის გამო გამოცხადებული სამდღიანი გლოვა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქის ერთ-ერთ სოფელში, 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადაზე სარაკეტო იერიში 3 ნოემბერს იმ დროს მიიტანეს, როდესაც ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები არტილერისტთა დღის გამო ჯილდოების გადასაცემად ერთად იყვნენ შეკრებილი.

წინასწარი ინფორმაციით, რაკეტა „ისკანდერ მ“-ის დარტყმას 20-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი შეეწირა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა თავდაცვის სამინისტროს მთავარ ინსპექციას დაავალა „სრული შემოწმების“ ჩატარება.

გამოძიების მსვლელობის პერიოდში თანამდებობიდან დროებით გათავისუფლდა ბრიგადის მეთაური, დმიტრი ლისიუკი.

128-ე ბრიგადის ჯარისკაცების დაღუპვა - დეტალები

უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანის“ თანახმად, 3 ნოემბერს, ზაპოროჟიეს სოფელ ზარეჩნოედან არცთუ ისე შორს, 128-ე ცალკეული სამთო-მოიერიშე ბრიგადის ჯარისკაცები დაჯილდოებისთვის შეკრიბეს. იმ დროს, როდესაც მებრძოლები ჯილდოების მოლოდინში სამწყობრო პლაცზე იყვნენ გამწკრივებულები, რუსებმა მათი მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ“-ი ისროლეს.

მსხვერპლი შესაძლოა უფრო დიდიც ყოფილიყო.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა თვითმფრინავიდან მოახდინეს საცეცხლე იერიშის კორექტირება, მაგრამ შეცდომა მაინც დაუშვეს და რაკეტა სამხედროების მწკრივის უკან მდგარ შენობას მოარტყეს.

მოგვიანებით, ასევე ცნობილი გახდა, რომ ბრიგადის მეთაურმა, დმიტრი ლისიუკმა დაჯილდოების ცერემონიაზე დააგვიანა.

უკრაინამ, რომელიც თავდაცვის ძალების დანაკარგებს, როგორც წესი, არ ასაჯაროებს, განაცხადა, რომ რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადის 19 მებრძოლი და რამდენიმე სამოქალაქო პირი დაიღუპა.

უკრაინის წინააღმდეგ ომის მომხრე რუსი ე.წ. სამხედრო ბლოგერები წერდნენ, რომ სარაკეტო შეტევას სოფელ დიმიტროვოზე, ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 20 კილომეტრში, 50-მდე უკრაინელი მებრძოლი შეეწირა. უკრაინული მხარე ამ ცნობებს არ ადასტურებს.

რა არის ცნობილი 128-ე ბრიგადაზე?

იმერკარპატებში დისლოცირებული 128-ე ცალკეული სამთო-მოიერიშე ბრიგადა 2012 წლის ბოლოს, იმიერკარპატების 128-ე გვარდიული, ორგზის წითელდროშოვანი დივიზიის ბაზაზე ჩამოყალიბდა.

ამ ქვედანაყოფის შორეული ისტორია საბჭოთა კავშირის თურქესტანის 128-ე გვარდიული მოტომსროლელი დივიზიიდან იღებს სათავეს და ღია წყაროებში ამიტომ ზოგჯერ თურქესტან-იმერკარპატების ბრიგადადაც მოიხსენიება.

ბრიგადა 2014 წლიდან აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძოდა პრორუსულად განწყობილი სეპარატისტული ძალების წინააღმდეგ, ხოლო 2022 წლიდან რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომის ავანგარდში იმყოფება და ერთ-ერთ გამორჩეულად ითვლება უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.

„ერთ-ერთი საუკეთესო ბრიგადაა, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ცნობილი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. გამორჩეული კარგი ოფიცრებით, რომელთა შორისაც ბევრი მეგობარი მყავს. კარგად ვიცნობ ბრიგადის მეთაურსაც, რომელმაც საქმეში კარგი შთაბეჭდილება დატოვა“, - გვიყვება უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი, „საერთაშორისო ლეგიონის“ ქართული ასეულის მეთაური, ირაკლი ქურასბედიანი და განაგრძობს: „ჩემი აქ ყოფნის 9 წლის განმავლობაში ბრიგადასთან მჭიდრო კავშირი მქონდა. ჯერ კიდევ 2015 წელს ვამზადებდი სნაიპერებს ამ ბრიგადაში. ახლა კი ბოლო ერთი წელი, გაზაფხულიდან მოყოლებული, ერთ სექტორში და ამ ბრიგადის პასუხისმგებლობის ზონაში ვმოქმედებთ ჩემს ჯგუფთან ერთად“.

გასული წლის ოქტომბერში 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადის სახელმა უკრაინის არმიის მიერ ხერსონის მიმართულებაზე ჩატარებული წარმატებული კონტრიერიშის დროს გაიჟღერა.

2022 წლის 4 ოქტომბერს შეიარაღებული ძალების იმიერკარპატების 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადის სარდლობამ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც, აღწერილობის მიხედვით, ასახავდა ხერსონის ოლქის სოფელ მიროლუბოვკაში უკრაინის დროშის აღმართვას.

სარდლობა ტელეგრამარხით იუწყებოდა, რომ სოფელი გაათავისუფლა „იმიერკარპატების ლეგიონმა“.

უფრო ადრე, 2022 წლის მაისში კი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის 128-ე ბრიგადამ ხელთ იგდო დიდძალი სამხედრო ტექნიკა ჩრდილოეთ ოსეთიდან, მათ შორის, უახლესი მოდიფიკაციის ჯავშანმანქანა BMP-3, სხვადასხვა იარაღი, საბრძოლო მასალა და ჯარისკაცების პირადი ნივთები.

ღია წყაროებში იძებნება ცნობები, რომ ბრიგადამ აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლების დროს, 2020 მარტის მონაცემებით, 198 ჯარისკაცი დაკარგა. უცნობია ბრიგადის დანაკარგი რუსეთის ფართომასშტაბიან ომში, მაგრამ აშკარაა, რომ 3 ნოემბრის სარაკეტო იერიშის შედეგად ბრიგადამ მნიშვნელოვანი ფიზიკური დანაკარგიც განიცადა და მორალურიც.

„ეს არის ნამდვილად გმირული ბრიგადა, გმირი მებრძოლები და ჩვენ გულდამძიმებული ვართ და მძიმედ განვიცდით ამ ყველაფერს. ჩვენ სოლიდარულები ვართ მათ მიმართ, მაგრამ ერთი წუთითაც არ გვეპარება ეჭვი, რომ ეს ბრიგადა და მისი გმირი მებრძოლები შემდგომშიც გააგრძელებენ რუსული ფაშიზმის, რუსული ტერორისგან ჩვენი მიწების გათავისუფლებას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზორიან შკირიაკმა, სამხედრო ანალიტიკოსმა, უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მრჩეველმა.


128-ე ბრიგადის ბრძოლისუნარიანობაზე იმავე ამბობს ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ქურასბედიანიც:
„ამ ბრიგადას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის ზონა აქვს აღმოსავლეთით, ზაპოროჟიეს მიმართულებაზე. რა თქმა უნდა, ეს მტკივნეული დანაკარგია, მაგრამ რამდენი დღე გავიდა და ბრძოლა არ შეჩერებულა ფრონტის ხაზზე. ბრიგადის მართვა არ შეჩერებულა, ბრიგადა მოქმედებს, ასე რომ, ეს დანაკარგი ბრიგადის ბრძოლისუნარიანობას არ დასტყობია“.

შეიძლებოდა თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება?

ბრიგადაზე თავდასხმის დღესვე უკრაინის პრეზიდენტმა შეკრიბა შეიარაღებული ძალების სარდლობა, მოისმინა ოპერატიული ინფორმაცია, მათ შორის ბრიგადის მეთაურის დროებით თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე და გადაჭრით განაცხადა, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

„პასუხისმგებლობიდან არავითარი თავის არიდება არ მოხდება“, - თქვა ზელენსკიმ, რომელმაც თავის ვიდეომიმართვაში, კერძოდ, ახსენა „უსაფრთხოების ზომების“ დარღვევა მტრის აეროდაზვერვის წვდომის ზონაში.

ირაკლი ქურასბედიანი გვიხსნის, რომ უსაფრთხოების ზომებით დაუშვებელია დიდი რაოდენობის პირადი შემადგენლობის შეკრება ფრონტის ხაზის სიახლოვეს, სადაც მუდმივად დაფრინავენ მოწინააღმდეგის დრონები პოზიციების დასაზვერად.

„მე, ჩემი სადაზვერვო ქვედანაყოფით, ამ არეალში მიწევს ყოფნა და არაერთხელ ვარ ნამყოფი ზაპოროჟიეს ამ დასახლებულ პუნქტშიც, - ამბობს ვიცე-პოლკოვნიკი ქურასბედიანი, - ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, თუ რა აქტიურად დაფრინავს მოწინააღმდეგე და უშენს რაკეტებს ჩვენს პოზიციებს. მაგრამ ამ დასახლებულ პუნქტზე არ ყოფილა იერიში, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. საცეცხლე არეალში მდებარეობს. მოწინააღმდეგე სულელი არ გვყავს და, როგორც ჩანს, ჰქონდა ინფორმაცია და ელოდებოდა, როგორც იტყვიან, ღირებულ მიზანს. და ეს მიზანი, შესაძლებელია, რომ მან მიიღო აგენტურის, ან ასევე სადაზვერვო ფრენების საშუალებით. იმავეს ვაკეთებთ ჩვენ. ვაკვირდებით მოწინააღმდეგის აქტივობას დრონებით, ვსწავლობთ და ვაანალიზებთ, თუ სად იმყოფება მისი შტაბები, სად ხდება თავმოყრა. განსაკუთრებით ეს ხდება დღესასწაულების დროს... არ ვიცი, როგორაა დასავლეთის ჯარებში, მაგრამ საბჭოურში მიღებულია, რომ ასეთ დროს მოხდეს პირადი შემადგენლობის დაჯილდოება. ახლა ეს არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ეს ძველი საბჭოური ტრადიციაა და ბევრი ასეთი ტრადიცია, სამწუხაროდ, უკრაინის არმიაშიც არსებობს“.


უკრაინული მედია და რუსი სამხედრო ბლოგერები ადრე იტყობინებოდნენ რუსი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის შემთხვევებზე მსგავს გარემოებებში - სამხედრო ობიექტებზე თავდასხმების შედეგად სამხედრო ნაწილების მწყობრში დადგომის ან რაიმე საზეიმო ღონისძიებების დროს.

მაგალითად, ივნისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუგანსკის ოლქში, კრემენაიას მახლობლად, ათობით რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინული საარტილერიო ცეცხლის შედეგად, როდესაც ისინი მწყობრში იდგნენ გენერლის ჩასვლის მოლოდინში.

5 ოქტომბერს კი, ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაში რუსეთის რაკეტა მოხვდა კაფეს, სადაც იმ დროს ფრონტზე ადრე დაღუპული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ქელეხი იყო. თავდასხმის შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა.

ჟურნალისტმა მარია მალევსკაიამ, რომელიც დაბომბვის ადგილზე წინა დღით იმყოფებოდა, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ეთერში თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან სოფელში მხოლოდ ასამდე მცხოვრები დარჩა. „ანუ ფაქტობრივად ნახევარი სოფელი გაწყდაო“.

სოფელ გროზის კაფე-რესტორანზე სარაკეტო თავდასხმას რუსეთის „მიზანმიმართული ტერაქტი“ უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სააგენტო „უნიანის“ თანახმად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა ორი ეჭვმიტანილი, რომლებმაც 5 ოქტომბერს ხარკოვის რაიონის სოფელ გროზაში მდებარე კაფეზე რუსული სარაკეტო იერიშის კორექტირება მოახდინეს.
სავარაუდო ბოროტმოქმედები აღმოჩნდნენ ადგილობრივი მკვიდრები - 30 წლის ვლადიმირ მამონი და მისი უმცროსი ძმა, 23 წლის დმიტრი მამონი, რომლებიც რეგიონის ოკუპაციის დროს მოწინააღმდეგის მხარეზე გადავიდნენ და მათ სამსახურში ჩადგნენ.

3 ნოემბრის სარაკეტო იერიშის შესახებ ოფიციალური ვერსია ჯერჯერობით არ გამოკვეთილა.

128-ე ბრიგადა აცხადებს, რომ მიმდინარეობს ტრაგედიის ყველა გარემოების დეტალური შემოწმება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG