Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემოსავლების სამსახური ფასებსა და პროდუქციის მარაგს აკვირდება


გორი
გორი

გორის სასურსათო მაღაზიებისა და სუპერმარკეტების ქსელში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ. ისინი პროდუქტების მარაგისა და ფასების მონიტორინგს ახორციელებენ. სამსახურის თანამშრომლები ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ.

ქალაქის მაღაზიების ნაწილში ფასები მომატებულია. მაგალითად, კარტოფილის ფასი ერთ დღეში ლარნახევრიდან ორ ლარამდე გაიზარდა. ერთ-ერთ მაღაზიაში კილოგრამი წიწიბურა 5 ლარამდეც კი გააძვირეს. ფასს უმატებენ მაკარონს, ბრინჯს, ზეთს, შაქარს და სხვა პროდუქტებსაც. მომხმარებლების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ პროდუქტის გაძვირებას ეროვნული ვალუტის გაუფასურება იწვევს, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო პროდუქტებზე აჟიოტაჟური მოთხოვნაა, რაც ფასსაც ზრდის.

მოქალაქეების დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ მაღაზიებში სასურსათო პროდუქტების ნაკლებობა არ შეინიშნება. ამასვე ამბობენ მარკეტების მენეჯერები და აცხადებენ, რომ საწყობებში რამდენიმე თვის მარაგი აქვთ და როგორც კი პროდუქცია დახლზე ცოტავდება, მაშინვე გამოდის ქსელში.

კორონავირუსთან დაკავშირებით მაღაზიებში სასურსათო პროდუქტებზე მოთხოვნა გაიზარდა. ამის გამო მთავრობის მეთაური გიორგი გახარია ამას წინათ სუპერმარკეტების მფლობელებს შეხვდა.

გიორგი ხოჯევანიშვილი
გიორგი ხოჯევანიშვილი

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ხოჯევანიშვილი, რეგიონში მდებარე სასურსათო მაღაზიათა ქსელების წარმომადგენლებსა და მენეჯერებს შეხვდა.

შეხვედრაზე ითქვა, რომ სავაჭრო ქსელებში საკმარისი მარაგია და მომარაგების პროცესიც შეუფერხებლად მიმდინარეობს. აღნიშნეს ასევე, რომ სავაჭრო დაწესებულებები სრულად იცავენ უსაფრთხოებისა და ჰიგიენის წესებს, იყენებენ დეზობარიერებსა და ანტიბაქტერიულ სითხეებს.

ადგილებზე საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულთა ხელმძღვანელობით მოქმედებენ.

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებების რეგიონალურ დონეზე აღსრულება თქვენი პასუხისმგებლობაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რწმუნებულებთან შეხვედრისას.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ვირუსის შეჩერებიდან გავრცელების ეტაპზე გადადის და მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეფექტური, კოორდინირებული ღონისძიებების განხორციელება.

XS
SM
MD
LG