Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შენიშვნები ვენეციის კომისიიდან - დეოლიგარქიზაცია, სასამართლო სისტემა და კანდიდატის სტატუსის პერსპექტივა


ევროინტეგრაციის მოთხოვნით გამართული აქცია თბილისში. 3 ივლისი, 2022 წელი.
ევროინტეგრაციის მოთხოვნით გამართული აქცია თბილისში. 3 ივლისი, 2022 წელი.

ვენეციის კომისიას არაერთი შენიშვნა აქვს დეოლიგარქიზაციასა და სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებულ, მანამდეც სადავო კანონპროექტებზე. ეს კანონპროექტები, და შესაბამისად შენიშვნებიც, პირდაპირ უკავშირდება ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებას.

კანონპროექტები „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მომზადდა და საბოლოო დამტკიცებამდე ვენეციის კომისიაში გაიგზავნა.

14-15 მარტს მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ვენეციის კომისიას შენიშვნები არა აქვს, ხოლო რეკომენდაციები პუნქტობრივად განიხილება დეოლიგარქიზაციის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინულიდან თარგმნეს. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში კი ვენეციის კომისიის მიერ კვლავ გამეორებული ძველი რეკომენდაციების გათვალისწინებას „ოცნება“ ამ ეტაპზე შეუძლებლად თვლის.

ახალ დასკვნებში ვენეციის კომისია ხელისუფლებას არაერთი ძველი რეკომენდაციის შესრულებისკენ მიუთითებს და მათ შორის არის - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმირება.

პოლიტიკური ოპონენტები შიშობენ, რომ თუკი ამ რეკომენდაციების შესრულებაზე ხელისუფლება უარს იტყვის, აუცილებლად შეფერხდება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებისა და შედეგად - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების პროცესი.

დეოლიგარქიზაციის შესახებ

ევროკომისიის მიერ 2022 წლის 17 ივნისს გამოქვეყნებულ 12 რეკომენდაციაში, დეოლიგარქიზაცია #5 და თავიდანვე ერთ-ერთი ყველაზე სადავო პირობა იყო. „ქართული ოცნების“ ინიციატივით, უკრაინული კანონპროექტი ითარგმნა იმ განსხვავებით, რომ ქართულ ვარიანტში ოლიგარქების რეესტრის უფლებამოსილება მთავრობას მიენიჭა.

ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი მთავრობას ჭარბ გავლენას ანიჭებს და ანგარიშსწორების შესაძლებლობას აძლევს, „ბუნდოვანი კრიტერიუმების“ გამო და ასევე „პერსონალური მიდგომის“ გათვალისწინებით, კანონპროექტის ამ სახით დამტკიცებამ შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ფუნდამენტური უფლებების დარღვევა „დასახული მიზნების შესრულების ნაცვლად“.

„კანონის თვითნებური გამოყენების რისკი უფრო მაღალია საჯარო განცხადებების ფონზე, რომ დამტკიცების შემთხვევაში მისი გამოყენება მოხდება ოპოზიციის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ტექსტში, სადაც ასევე მითითებულია საფრთხეები - პერსონალური ინფორმაციის შენახვასა და მთავრობის მიერ შედგენილ რეესტრში ოლიგარქებად აღიარებული პირების სტიგმატიზებასთან დაკავშირებით.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასწარვე განაცხადა და ამ დრომდე იმეორებს, რომ ოლიგარქის სტატუსი არცერთ შემთხვევაში არ მიესადაგება პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს და თუკი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით უკრაინის მსგავს კანონმდებლობას მიიღებენ, ოლიგარქთა სიაში აღმოჩნდება არა ივანიშვილი, არამედ, მაგალითად - პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და ტელეკომპანია „ფორმულის“ ერთ-ერთი მეწილე დავით კეზერაშვილი.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ ქვეყანაში ერთადერთი ოლიგარქი - ბიძინა ივანიშვილი - ეგულებათ.
ერთადერთ ოლიგარქად სწორედ ბიძინა ივანიშვილია მოხსენიებული ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ 3 რეზოლუციაში. "ოცნებისთვის" ევროპარლამენტის რეზოლუციას "ჩალის ფასი" აქვს.

ასევე ადამიანის უფლებებთან შეუსაბამობის რისკებზეა ლაპარაკი „ოლიგარქებად“ აღიარებული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო კამპანიებისა თუ მანიფესტაციების დაფინანსების აკრძალვასთან დაკავშირებით.

კომისია გასცემს რეკომენდაციებს საკითხისადმი სისტემურ მიდგომასთან დაკავშირებით, რაც მოიცავს:

  • სასამართლო სისტემის სტრუქტურული რეფორმების გატარებას, მისი დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის განმტკიცების მიზნით;
  • ოლიგარქების გადამეტებული ზემოქმედების კონტროლს კონკურენციის სფეროში, სადაც ასევე იგულისხმება, მაგალითად, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გაუმჯობესება;
  • ახლად შექმნილი ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს გაუმჯობესება;
  • მედიამფლობელობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და სხვა.

„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 15 მარტს განაცხადა, რომ ვენეციის კომისიას არ აქვს შენიშვნები კანონპროექტის დემოკრატიულ ღირებულებებებთან შეუსაბამობის კუთხით და, რომ კანონპროექტი აუცილებლად დამტკიცდება, ყველა რეკომენდაციის პუნქტობრივი განხილვის შემდეგ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ვენეციის კომისიამ საკუთარ დასკვნაში აღნიშნა, რომ საკითხის კანონით მოწესრიგება სავსებით შესაძლებელია.

„ვენეციის კომისიას იმ ფორმით გავუგზავნეთ, რა ფორმითაც ის უკრაინამ მიიღო და რომელიც მოწონებულ იქნა ევროკომისიის მხრიდან, რათა სასპეკულაციო სივრცე არ დაგვეტოვებინა. ვენეციის კომისიის მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები ჩვენ დასაწყისშივე გვქონდა, ამიტომ საკითხს დავუბრუნდებით, ვიმსჯელებთ, გავაანალიზებთ და შესაბამის გამართულ კანონს მივიღებთ, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება", - ამბობს ოხანაშვილი.

კანონპროექტს ხელისუფლების ოპონენტები ქართული რეალობისთვის იმთავითვე შეუსაბამოდ მიიჩნევდნენ და დღეს აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიამ მათი შიში დაადასტურა.

„ვენეციის კომისიის დასკვნა ცალსახად უარყოფითია. კომისია საკუთარ დასკვნაში ამბობს, რომ კანონპროექტი ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება, ახდენს სტიგმატიზებას - შესაძლოა რეპრესიული ინსტიტუტების მიერ იმ ადამიანების განპირობება მოხდეს, რომელიც შესაძლოა ამ კანონის მოქმედების ქვეშ მოხვდეს. გარდა ამისა, უკრაინაში არის სხვა რეალობა, საქართველოში - სხვა და ეს თქვა ვენეციის კომისიამ. ესეც ჩვენს ნათქვამს დაემთხვა“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ხატია დეკანოიძე, რომელიც ამ კანონპროექტის ისეთივე გზით ჩაგდების ინიციატივით გამოდის, როგორც ეს ახლახან, მასშტაბური მიტინგების შემდეგ, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების შემთხვევაში მოხდა.

ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი ნაწილი თვლის, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ცალკე კანონის მიღება არ არის საჭირო და ეს პრობლემა ევროკომისიის ყველა სხვა რეკომენდაციის ფუნდამენტური შესრულების გზით უნდა გადაწყდეს. ამ კუთხით, საგანგებო აქცენტი კეთდება სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომელსაც შეეხება კიდევ ვენეციის კომისიის მეორე დასკვნა.

2022 წლის 17 ივნისს, ევროკომისიამ საქართველოს 12 პირობის შესრულების რეკომენდაცია მისცა. მათი შესრულება აუცილებელია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს ეს სტატუსი ამ ეტაპზე არა აქვს მიღებული და საკითხი, პროგრესის ხელახალი შეფასებით, წლის ბოლოსთვის უნდა გადაიხედოს. ივნისში საქართველომ მხოლოდ „ევროპული პერსპექტივა“ მიიღო, რაც მანამდე ევროკავშირის არცერთ დოკუმენტში არ იყო მოხსენიებული.

სასამართლო სისტემის რეფორმაზე

სასამართლო სისტემის კომპლექსური რეფორმირების საკითხი ევროკომისიის #3 რეკომენდაციაშია ასახული.

ვენეციის კომისიას, თავის დასკვნაში სიტყვასიტყვით მოჰყავს ევროკომისიის მითითება, 2022 წლის 17 ივნისს გამოქვეყნებული რეკომენდაციების მესამე პუნქტთან დაკავშირებით და იმეორებს, რომ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ქმედითი სასამართლო სისტემა აუცილებელია იმისთვის, რომ მოხდეს „კანონზე დამყარებული მიუკერძოებელი მართლმსაჯულების აღსრულება და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების პრევენცია“.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი შეზღუდულია და „არ გულისხმობს სასამართლო სისტემის კომპლექსურ რეფორმირებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩათვლით“.

12-პუნქტიანი რეკომენდაციების მესამე პუნქტში ევროკომისია საქართველოს აძლევს რეკომენდაციას: „დაამტკიცოს და განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა პოსტ-2021, რომელიც დაფუძნებული იქნება ფართო, ინკლუზიურ და პარტიათაშორისი კონსულტაციების პროცესზე. უზრუნველყოს მართლმსაჯულება, რომელიც იქნება სრულად და ნამდვილად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სამართლებრივი ინსტიტუტების მთელ ჯაჭვში; ასევე ძალაუფლების გადანაწილების პრინციპის დასაცავად; არსებითად უზრუნველყოს სასამართლოსა და პროკურატურის ყველა ინსტიტუტის შესაბამისი ფუნქციონირება და მთლიანობა, კერძოდ - უზენაეს სასამართლოში და აღმოფხვრას ნებისმიერი გამოკვეთილი ხარვეზი, მათ შორის - ყველა დონის მოსამართლეთა და გენერალური პროკურორის წარდგენის პროცესში. გაატაროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა და დანიშნოს უზენაესი საბჭოს დარჩენილი წევრები. ყველა ეს ზომა უნდა იყოს სრულ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან“.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირების საჭიროება 2022 წელს შემუშავებულ რეკომენდაციებშიც იყო მითითებული. ამ საკითხთან მიმართებით ახალ დასკვნაში ნახსენებია სიტყვა „კორპორატიზმი“, რაც, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების განმარტებით, სწორედ „კლანის“ სინონიმია.

ვენეციის კომისია აცხადებს, რომ დაუშვებელია კორპორატიზმი, რომელიც ემსახურება „მოსამართლეთა ერთი ჯგუფის პირად ინტერესებს მოსამართლეთა სხვა ჯგუფის ინტერესების საზიანოდ“.

„ვენეციის კომისია ისურვებდა ხაზი გაესვა, რომ მუდმივი და ფართოდ გავრცელებული განცხადებები კორპორატიზმისა [ე.წ. კლანის] და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასარგებლო დაინტერესების შესახებ, ზიანს აყენებს სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობას და საჭიროა მათი სერიოზულად გათვალისწინება“, - წერია კომისიის დასკვნაში.

სწორედ კორპორატიზმს შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტიც: „სასამართლო კორპორატიზმისა და კერძო ინტერესების პრობლემების გადაჭრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რაც მოიცავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას“.

„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 15 მარტს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვენეციის კომისია „კორპორატიზმის“ ხსენებისას საკუთარ პოზიციას არ გამოხატავს და ამ საკითხზე მხოლოდ გაგებულ, მისი აზრით - დაუსაბუთებელ - განცხადებებს ეყრდნობა.

შეიძლება ითქვას, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის ქვაკუთხედს იუსტიციის საბჭოს ფუნდამენტური რეფომირების საჭიროებაზე მითითება წარმოადგენს. ამ რეკომენდაციის კონტექსტში, ვენეციის კომისია ხელისუფლებას შეახსენებს მთელ რიგ ძველ რეკომენდაციებს, რომლებიც ამ დრომდე არ არის შესრულებული და ისინი არც 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე მუშაობის პროცესში შექმნილ საკანონმდებლო პაკეტში დევს.

პრობლემურ საკითხთა ნუსხაშია:

  • მოსამართლეთა იძულებითი მივლინება ან სხვა სასამართლოში გადაყვანა - ვენეციის კომისიის შეფასებით, ეს მხოლოდ „გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება იყოს დაშვებული“ და უნდა განისაზღვროს „ნათელი და შეზღუდული“ კრიტერიუმები „კანონიერი მიზნისთვის“;
  • საოლქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა საქმეებიდან ჩამოცილება, იუსტიციის საბჭოს მიერ დისციპლინური დევნის პირობებში - ვენეციის კომისია ამბობს, რომ ამ საჭიროების დასასაბუთებელი კრიტერიუმები მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული კანონში, რაც ახლა „ბუნდოვანი და ფართოა“;
  • მოსამართლეთა ანაზღაურება - ვენეციის კომისია თვლის, რომ მოსამართლეს არ უნდა შეუწყდეს ანაზღაურება, ვიდრე არ დასრულდება დისციპლინარული საქმის წარმოება და არ დაეკისრება პასუხისმგებლობა.

ეს და სხვა სადავო საკითხები გათვალისწინებული იყო იმ ცვლილებებში, რომლებიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში უმრავლესობამ 2021 წლის დეკემბრის მიწურულს, დაჩქარებული წესით დაამტკიცა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის შენიშვნები. დამტკიცებულ ნორმებს ექსპერტები არამორჩილ მოსამართლეთა დასჯის შესაძლო ინსტრუმენტებად განიხილავენ.

ვენეციის კომისია ხელისუფლებას შეახსენებს ასევე ძველ რეკომენდაციას - იუსტიციის საბჭოს წევრების მხოლოდ ერთი ვადით არჩევის შესახებ.

სასამართლოს სისტემის მიმართ შინ თუ გარეთ დასმული მრავალი შეკითხვისა და წუხილის ფონზე, 2021 წლის 30 დეკემბერს, დაჩქარებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა "ქართული ოცნების“ 79-მა და „ევროპელი სოციალისტების“ ორმა დეპუტატმა. არ დაელოდნენ ვენეციის კომისიას, რომელმაც თავისი რეკომენდაციები უკვე 2022 წელს გამოაქვეყნა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამართლიანი ბალანსის აღდგენის მიზნით, ვენეციის კომისია კვლავ სწრაფად გადასაწყვეტად თვლის არამოსამართლე წევრების არჩევის პრობლემური საკითხის გადაწყვეტას, რაც ასევე ხაზგასმულია ევრკომისიის რეკომენდაციებში.

კონსტიტუციის თანახმად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების არჩევა ახლა დეპუტატების 3/5-ის მხარდაჭერას მოითხოვს და ხმების შეგროვება არ არის იოლი. ვენეციის კომისიის თვალთახედვით, არსებობს 2 გზა: ან საკონსტიტუციო ცვლილებები, ან საპარლამენტო პოლიტიკური ძალების კონსენსუსის მიღწევა.

ვენეციის კომისია ასევე ურჩევს ხელისუფლებას, რომ „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ კონტექსტში დისციპლინური სასჯელი არ უნდა იყოს გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუკი აზრის გამოხატვა შეეხება რეფორმებსა და მართლმსაჯულების სისტემას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, "სასამართლოს გუშაგის" დამფუძნებელი, ნაზი ჯანეზაშვილი ვარაუდობს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლად, საქართველოს შესრულებულად ვერ ჩაეთვლება ევროკომისიის მიერ გაწერილი რეკომენდაციები და იმედს იტოვებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს, ყველა ამ რეკომენდაციის შესასრულებლად. „ჯერ არის ამის დრო“, - გვეუბნება ჯანეზაშვილი, რომელიც უკვე წლებია ლაპარაკობს ყველა იმ პრობლემაზე, რომლებიც ვენეციის კომისიის დასკვნაშია ასახული.

საკონსტიტუციო დავა - როგორც არგუმენტი?

იმის ასახსნელად, თუ რატომ არ ასახავს წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ვენეციის კომისიის ძველ რეკომენდაციებს, ხელისუფლების არგუმენტია, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმის წარმოება. ეს არგუმენტი დასკვნაშიც წერია და 15 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემაც გაიმეორა.

მდინარაძემ თქვა, რომ „ვენეციის კომისიამ ეს არგუმენტი მიიღო“, რადგან „ახლა რაიმე ცვლილება ძველიდან გამომდინარე რომ შეიტანო, საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება გააუქმოს გარკვეული ნაწილი“. მდინარაძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე - „შეუძლებლად“ თვლის ვენეციის კომისიის ძველი რეკომენდაციების კანონპროექტში ასახვას.

თავად ვენეციის კომისია ურჩევს ქართულ მხარეს, რომ რეკომენდაციები მიღებულ იქნას ყოველგვარი „გაუმართლებელი დაგვიანების“ გარეშე.

საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაშია საქმე, რომლის ფარგლებშიც მოსამართლეები „საერთო სასამართლოების ორგანული კანონის“ ნორმების თაობაზე დავობენ. მათ უფლებებს იურისტი, კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი იცავს და როგორც ის აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დააჩქაროს წარმოება, რადგან „კონსტიტუციის 78-ე მუხლით დაკისრებული, ევროინტეგრაციის ხელშეწყობის ვალდებულება აკისრია საკონსტიტუციო სასამართლოსაც“ და თუკი ეს არ მოხდება, გამყარდება ეჭვები, რადგან - „ხელისუფლებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მეცადინეობით სასამართლო რეფორმაზე უარი და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფა კონსტიტუციის 78-ე მუხლით დაკისრებული ევროასოცირების ხელშეწყობის ვალდებულების დარღვევის დასტურია“.

2023 წლის 11 თებერვალს ალაფიშვილმა მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს - მოსამართლეთა სარჩელის ოპერატიულად განხილვის მოთხოვნით, მათ შორის - ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ჭრილში; თუმცა, როგორ აღნიშნავს, რეაგირება არ ყოფილა. მოსამართლეების სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო 2022 წლის ნოემბერში.

ჩართულობის პრობლემა

ვენეციის კომისია, ამ ბოლო დასკვნაში აცხადებს, რომ „დემოკრატიული კანონშემოქმედების სტანდარტებს არ შეესაბამება პარლამენტის მიერ მნიშვნელოვანი სამართლებრივი ასპექტების დამტკიცება - ოპოზიციასთან, ექსპერტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან სრულფასოვანი კონსულტაციების გარეშე“.

„ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ ოპოზიციური პარტიები არ ერთვებოდნენ განხილვების პროცესში; თუმცა, მეორე მხრივ, მან უარი თქვა პროცესში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ჩართვაზე, რის შემდეგაც პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის - საიამ.

ორგანიზაცია "სასამართლოს გუშაგის" დამფუძნებელი, ნაზი ჯანეზაშვილი გვეუბნება, რომ მან უარი მიიღო საპარლამენტო მუშაობის პროცესში მონაწილეობაზე, დასაწყისშივე, როდესაც „ოცნებამ“ პარლამენტში სამუშაო ჯგუფები შექმნა.

ამ ჯგუფში ჩართულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არაერთხელ უთხრეს რადიო თავისუფლებას, რომ ხელისუფლება პრობლემურ საკითხებში ჩაღრმავების გარეშე, მათი აზრის გაუთვალისწინებლად ამზადებდა საკანონმდებლო ცვლილებებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG