Accessibility links

site logo site logo

მოსამართლეთა "გაციმბირება" თუ სასამართლოს საჭიროება - რა ცვლილებები შევიდა კანონში?


„მოსამართლეთა დასჯა“ და „გაციმბირება“, „წარსულში დაბრუნება“ - ასე აფასებენ ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ დეპუტატების ავტორობით დაჩქარებული წესით დამტკიცებულ კანონპროექტში ასახულ ერთ-ერთ ყველაზე სადავო ცვლილებას, რომელიც მოსამართლეთა იძულებით მივლინებას შეეხება.

4 წლამდე იძულებითი მივლინება შესაძლებელი ხდება სააპელაციო სასამართლოდან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოშიც, რაც დაქვეითებას წარმოადგენს. ოპოზიციაში თვლიან, რომ ეს და სხვა ცვლილებები მეტ სივრცეს ტოვებს მიკერძოებული გადაწყვეტილებებისთვის და ეს საბოლოოდ, საქართველოს მოქალაქეებს დააზარალებს.

ცვლილებებთან დაკავშირებულ დავას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ „ქართულ ოცნებაში“. ავტორები თვლიან, რომ ცვლილებების შედეგად, გაადვილდება ადმინისტრირების პროცესი საერთო სასამართლოების სისტემაში და მართლმსაჯულებაც უფრო სწრაფად და იოლად ხელმისაწვდომი გახდება მოქალაქეებისთვის.

სასამართლოს სისტემის მიმართ შინ თუ გარეთ დასმული მრავალი შეკითხვისა და წუხილის ფონზე, 30 დეკემბერს, დაჩქარებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა "ქართული ოცნების“ 79-მა და „ევროპელი სოციალისტების“ ორმა დეპუტატმა.

მოსამართლის იძულებითი მივლინება

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის 37-ე პრიმა მუხლში ჩაიწერა, რომ თუკი ამა თუ იმ სასამართლოში დამატებითი მოსამართლის საჭიროება გაჩნდება („მოსამართლის ნაკლებობა, განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა ან/და სხვა ობიექტური გარემოება“) და იუსტიციის საბჭოს მიმართვის შემდეგ, 5 დღის ვადაში, მივლინების მსურველი არავინ გამოჩნდა, მაშინ რომელიმე მოსამართლეს მივლინებაში იძულებით გაგზავნიან.

ეს ტერიტორიულად ძალიან შორს გაგზავნასთან ერთად, შესაძლებელია გულისხმობდეს ინსტანციის ცვლილებასაც - სააპელაციო სასამართლოდან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ანდა პირიქით.

დღემდე მოქმედი წესით, დაუშვებელი იყო სააპელაციო სასამართლოდან მოსამართლის საქალაქო სასამართლოში გადაყვანა (ანუ დაქვეითება), მისი სურვილის გარეშე.

  • იძულებით მივლინებაში მოსამართლე, პირველ ეტაპზე, შესაძლოა გაიგზავნოს არაუმეტეს 2 წლით;
  • მაგრამ შესაძლებელია „მივლინების ვადის მოსამართლის თანხმობის გარეშე გაგრძელებაც“ 2 წლამდე ვადით.
  • „ერთი და იგივე მოსამართლე მისი თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში შეიძლება მივლინებულ იქნეს 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ“.
  • „შესაბამისი საფუძვლების აღმოფხვრისას მივლინება დადგენილ ვადაზე ადრე შეწყდება“.

„თუკი მივლინებებს მივანდობთ მხოლოდ საჯარო მოხელეების ნებას, ბევრი სექტორი დაზარალდება... თუ არცერთ მოსამართლეს არ ექნება [სხვა სასამართლოში გადასვლის] სურვილი, მოქალაქეები ვერ მიიღებენ ნორმალურ და დროულ მართლმსაჯულებას“, - ასე უპასუხა სხდომათა დარბაზში ოპონენტების კრიტიკას კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა, უმრავლესობის წარმომადგენელმა გურამ მაჭარაშვილმა.

„ლელოს“ დეპუტატისთვის, ანა ნაცვლიშვილისთვის კი, იძულებითი მივლინება „მოსამართლეთა გადასახლებასა“ და „გაციმბირებას“ ნიშნავს და ახალ წესს „წინა ხელისუფლების დროს [2013 წლამდე] არსებული ბოროტი მეთოდის რესტავრაციად“ აღიქვამს.

„რა მნიშვნელობა აქვს, რას დაარქმევთ ამას... ხომ ვიცით, რომ ამის დიდი პრაქტიკა არსებობს, როგორ გავაციმბიროთ, დავსაჯოთ და ყური ავუწიოთ მოსამართლეს“, - თქვა ნაცვლიშვილმა 30 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე.

ამ ცვლილებას „კლანის ძალაუფლების შესუსტების პრევენციად“ აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, „სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი, ნაზი ჯანეზაშვილი. „გამოვლინდა ერთეული შემთხვევა და [„კლანმა“] დაინახა რისკი იმისა, რომ მოსამართლეები გახსნილობისკენ მიდიან“, - გვეუბნება ნაზი ჯანეზაშვილი.

რა წესები მოქმედებდა აქამდე?

მოსამართლეთა იძულებითი მივლინება აქამდეც არსებობდა, მაგრამ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეს „წილისყრის“ პრინციპით არჩევდა - იმავე ინსტანციისა და „ტერიტორიულად ახლოს მდებარე სასამართლოებიდან“.

მივლინება შესაძლებელი იყო 1 წლით და შესაძლოა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებულიყო.

მოსამართლეთა საქმიდან ჩამოცილება იოლდება

შეცვლილი 45-ე მუხლის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია („იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინსპექტორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე“), "სრული შემადგენლობის უმრავლესობით" მიმართოს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის „საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად“, თუკი:

  • მოსამართლის წინააღმდეგ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა;
  • მოსამართლის წინააღმდეგ დაწყებულია დისციპლინური დევნა და „არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იმავე თანამდებობაზე დარჩენით მოსამართლე ხელს შეუშლის დისციპლინურ სამართალწარმოებას ან/და დისციპლინური გადაცდომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ან/და განაგრძობს სამუშაო დისციპლინის დარღვევას“.

15-წევრიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილების მიღებას, ცვლილებების თანახმად, არა 10, არამედ უკვე 8 წევრი შეძლებს.

"ოცნების" წარმომადგენელი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ „მათ შორის არსებობს ვენეციის კომისიის დასკვნა, არსებობს კონსულტაციები და არსებობს პრაქტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ... ასეთი კვორუმი არის ეფექტური“.

„რა წესია კანონის ჭრა-კერვა იმის მიხედვით, თუ როდის რა ვითარებაა სასამართლოში სანდო კადრების მხრივ?!“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი და ვარაუდობს, რომ ხელისუფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფრო გარანტირებულ ბერკეტს უქმნის „ურჩების დასასჯელად“.

„თუკი მოსამართლეთა დანიშვნას [იუსტიციის საბჭოში] ხმათა 2/3 სჭირდება, სამართალწარმოებიდან მოსამართლის ჩამოშორებასაც უნდა სჭირდებოდეს 2/3“, - გვეუბნება ნაზი ჯანეზაშვილი. თუმცა ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს "ერთ აზრზე მყოფ" შემადგენლობაში ვერც 2/3-ის პრობლემას ხედავს.

„დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის“ წარმომადგენელი კახა წიქარიშვილი გვეუბნება, რომ ეს საკითხი პრობლემად საერთოდ არ დადგებოდა „ჩვენ რომ მართლა პლურალისტური და დამოუკიდებელი იუსტიციის საბჭო გვქონდეს“.

რა წესი მოქმედებდა აქამდე?

დღემდე მოსამართლის დისციპლინური დევნის პირობებში არ ხდებოდა საქმეების განხილვიდან მისი ჩამოცილება.

45-ე მუხლის ძველი ჩანაწერის თანახმად:

  • „მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე მოსამართლე ჩამოცილებულ უნდა იქნეს საქმეთა განხილვისაგან და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან“.
  • მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი წარდგინების საფუძველზე იღებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო „სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით" იღებდა "დასაბუთებულ გადაწყვეტილებას" მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების და მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ.

პოლიტიკური ნეიტრალიტეტი

საკანონმდებლო ცვლილებების თავდაპირველ ვერსიაში 75-ე პრიმა მუხლში, რომელიც მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და დისციპლინური გადაცდომის სახეებს განსაზღვრავს, მე-8 პუნქტის ქვეპუნქტში ვხვდებით შემდეგ ჩანაწერს:

„მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით“.

ანა ნაცვლიშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მოსამართლეს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევად ჩაუთვალონ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ლაპარაკიც, რაც "სიტყვის თავისუფლებაზე გალაშქრების“ მკაფიო მაგალითი იქნება.

„მოსამართლის დისციპლინურ გადაცდომებს ემატება დისციპლინური გადაცდომების ისეთი სახეები, რომლებიც ევროპული ქვეყნების კანონმდებლობაშიც გვხვდება (მაგალითად, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი); კერძოდ, ცვლილების მიხედვით, გადაცდომად ჩაითვლება აგრეთვე მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა, რადგან მოსამართლის მიერ ასეთი ქმედების ჩადენა ლახავს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და ავტორიტეტს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპებს“, - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

„ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმი“ აღარ გვხვდება უკვე დამტკიცებულ ვერსიაში. ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ ასეთი ჩანაწერი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ „უკვე ღია გალაშქრება“ იქნებოდა.

„აღნიშნული კანონპროექტი მნიშვნელოვნად ამცირებს ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიებს, ამასთან, ზრდის სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის მიერ მოსამართლეებთან დაკავშირებით თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების საფრთხეს“, - აცხადებს "დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი" და პრეზიდენტს კანონპროექტისთვის ვეტოს დადების თხოვნით მიმართავს.

ამ ჯგუფის წარმომადგენელი კახა წიქარიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პარლამენტი სავარაუდოდ იოლად დაძლევს პრეზიდენტის ვეტოსაც, მაგრამ ასეთ შემთხვევაში "პრეზიდენტის ვეტო იქნება წახალისება მოსამართლეებს შორის გამოჩენილი განსხვავებული აზრის მქონე ჯგუფებისთვის, რომ მათი შიშები გაზიარებულია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG