Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეძლებენ სკოლები სისუფთავის დაცვას კორონავირუსის გავრცელების პარალელურად?


საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლებს სანიტარული ნორმების გამკაცრება მოსთხოვა. მოახერხებენ თუ არა სკოლები საქართველოს მასშტაბით სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვას? ხომ არ შეიცავს საფრთხეს ბავშვებისათვის სასკოლო გარემო? - ეს კითხვები განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა.

მშობელთა ნაწილი ფიქრობს, რომ სკოლებში არსებული ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები ვერ პასუხობს გამოწვევებს და ისინი კონკრეტულ მიზეზებსაც ასახელებენ. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში ვკითხულობთ, მაგალითად, სკოლებში არ არის საპონი, საპირფარეშოში კიდია ერთი პირსახოცი, არ არის წყალი ან წყალი ცივია და ა.შ.

27 თებერვალს სამინისტრომ სკოლების ადმინისტრაციას მოუწოდა სათანადოდ უზრუნველყონ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და სკოლები ყოველდღიურად დაალაგონ სველი წესით;

  • გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, საკლასო ოთახები, სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახები, დალაგდეს გაღებულ ფანჯრებში;
  • ორი ცვლის შემთხვევაში, დალაგდეს ორჯერ;
  • ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება როგორც სარეცხი, ასევე სადეზინფექციო საშუალებებით;
  • ტუალეტები, ბუფეტი, სასადილო და სამედიცინო კაბინეტი დასუფთავდეს სადეზინფექციო საშუალებებით;
  • დეზინფექციის დროს ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს იმ ნივთების დამუშავებას, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ინფექციის გადაცემაში (კარის სახელურები, კარები, მაგიდის ზედაპირები) და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრო სკოლებს სანიტარული ნორმების გამკაცრებისკენ მოუწოდებს, უკანასკნელი წლების არაერთი გამოკვლევა მიუთითებს, რომ სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის თვალსაზრისით, საკმაოდ რთული ვითარებაა.

ერთ-ერთი ასეთი ანგარიში 2019 წლის თებერვალში, სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, 108 საჯარო სკოლიდან, რომელიც მათ შეამოწმეს, 16 სკოლაში სასმელი წყალი საერთოდ არ არის, გამოკვლეული სკოლების უმრავლესობაში საპირფარეშოები მოუწესრიგებელია და იქ ანტისანიტარული მდგომარეობაა. კიდევ უფრო მძიმე იყო მდგომარეობა 2017 წელს. სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის თანახმად, 94 საჯარო სკოლას წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდა. ხოლო ქვეყნის მასშტაბით მდებარე 2084 საჯარო სკოლიდან, მხოლოდ მცირე ნაწილში თუ მოწმდებოდა წყლისა და სანიტარული ნორმების დაცვა, თუმცა, გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა და ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება.

ის, რომ სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური თვალსაზრისით არასახარბიელო მდგომარეობაა, ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან ლაპარაკობს მეგი კავთუაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი. მისი თქმით, ორგანიზაციის ათთვიანი ანგარიში მიუთითებს იმაზე, რომ მშობლებისათვის უპირველეს პრობლემას სწორედ სკოლებში არსებული სანიტარული მდგომარეობა წარმოადგენს.

ამონარიდები ორგანიზაციის ანგარიშიდან -„რა აწუხებთ მოსწავლეთა მშობლებს სკოლაში?! - 2018-2019“

„საკლასო ოთახი სველი წესით თვეობით არ ლაგდება. ბავშვებს განათლების მიღება ანტისანიტარიაში უწევთ. სკოლაში 700 ბავშვი და 3 დამლაგებელია. მათი ძირითადი საქმიანობა დერეფნების და სველი წერტილების მეტ ნაკლები დასუფთავებით შემოიფარგლება. საკლასო ოთახებში თითქმის არასდროს შედიან. კანონის თანახმად, სკოლის ადმინისტრაცია მშობლებს ფულის აგროვებას უკრძალავს, თუმცა ვერც თავად ართმევს თავს სკოლაში ჰიგიენის დაცვას. მოსწავლეები და მათი მშობლები გამოუვალ მდგომარეობაში ვართ“.

„მთელ სკოლაში საპირფარეშოს სუნი დგას. სკოლიდან ბავშვის გამოყვანის დროს, რეგულარულად, დერეფნები და საკლასო ოთახები ყარს. სუნი იმდენად გაუსაძლისია, რომ გაკვეთილების დასრულების მოლოდინშიც კი ბავშვების მომლოდინე მშობლები დერეფანში ვერ ჩერდებიან და ეზოში ელოდებიან შვილებს. მშობლებმა დირექტორთან შესვლა გადაწყვიტეს, რის შესახებაც კლასის დამრიგებელმა გაიგო და შემდეგი სიტყვებით მიმართა მათ. „ჩემი კლასის მშობლები არ შეხვიდეთ“. ბებია იხსენებს „წარმოგიდგენიათ, იმ საშინელი სუნის გასაპროტესტებლად, მასწავლებლის თხოვნის გამო, მხოლოდ სამი მშობელი შევედით დირექტორთან. გვეუბნებიან სკოლა გასარემონტებელია, 900 ბავშვია და როგორ გავაკონტროლოთო. პირობა და იმედიც კი არ მომცეს რომ გამოსწორდება მდგომარეობა. ბავშვმა ორჯერ სკოლაში აღებინა, 3 - ჯერ მძიმე გულისრევის შეგრძნებით წამოვიყვანე. ყოველ დღე დილიდან ბავშვი სკოლაშია, ფანჯრები დახურულია“.

რას ფიქრობენ მშობლები სკოლების სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებზე?
please wait

No media source currently available

0:00 0:05:49 0:00

რადიო თავისუფლება სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის დასათვალიერებლად თბილისის, ქუთაისისა და ზუგდიდის სკოლებს ეწვია. თბილისში, 35-ე საჯარო სკოლა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩა. სკოლაში საპირფარეშოები დასუფთავებულია, მოდის წყალი, არის ქაღალდი და თხევადი საპონი. დირექტორის მოადგილის თქმით, სკოლას დამლაგებლები სისტემატურად ასუფთავებენ.

ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცულია, მაგრამ, შესაძლოა სკოლის დერეფნებში მიუსაფარ ძაღლს გადააწყდეთ. ზუგდიდის მეთერთმეტე საჯარო სკოლის შენობა, რომელიც 1976 წელსაა აშენებული, სარემონტოა, თუმცა, სკოლის საპირფარეშოები გასული წლის ზაფხულში გაარემონტეს. სკოლის დირექტორი, მანუჩარ ხარებავა ამბობს, რომ დამლაგებლებს უჭირთ სკოლაში სისუფთავის შენარჩუნება, მაგრამ ცდილობენ.

სანიტარული მდგომარეობა სკოლებში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:26 0:00

რა შეიცვალა სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების თვალსაზრისით უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში? რა პერიოდულობით მოწმდება სკოლებში ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები? ვინ ამოწმებს? რამდენ სკოლაში რჩება მსგავსი ტიპის პრობლემები? - ამ კითხვებზე რადიო თავისუფლებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ წერილობით უპასუხა:

  • რეაბილიტირებულია/კარგ მდგომარეობაშია - 1142 საჯარო სკოლის შენობის საპირფარეშო;
  • ნაწილობრივ რეაბილიტირებულია - 844 საჯარო სკოლის შენობის საპირფარეშო;
  • რეაბილიტაციას საჭიროებს - 456 საჯარო სკოლის შენობის საპირფარეშო;
  • სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა სისტემატურად კონტროლდება საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ. სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სკოლების რაოდენობის შესაბამისად, თვეში მინიმუმ 2-ჯერ ან საჭიროების შემთხვევაში მეტჯერ.
  • სკოლის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაა სკოლებში სანიტარული ნორმების დაცვა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო ფიზიკური გარემოს შექმნა.
  • მიუხედავად იმისა, რომ რეაბილიტაციას საჭიროებს 456 საჯარო სკოლის საპირფარეშო, სისუფთავის კონტროლი და ჰიგიენის დაცვისთვის საჭირო პირობები - წყალი (თუნდაც რეზერვუარით), საპონი, ხელსახოცი და მათი შეძენისთვის საჭირო ფინანსები ყველა სკოლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.
  • ბოლო დღეებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, 25 სკოლაში არ იყო მოწესრიგებული საპირფარეშოების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, რაზეც სკოლებს მიეცათ მითითება. რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგს გააგრძელებენ რესურსცენტრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG