Accessibility links

შეწყალებულთა სია კონფიდენციალურია - რა ვიცით პრეზიდენტის კრიტერიუმებზე?


სალომე ზურაბიშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულისთვის 34 პატიმრის შეწყალება, ხმაურიანი აღმოჩნდა. ერთ-ერთი შეწყალებული რამაზ დევაძე ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. ამ ფაქტის გახმაურებას კი პრეზიდენტის მიმართ კრიტიკა მოჰყვა.

კიდევ ვინ შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა დევაძესთან ერთად უცნობია. ვიცით, რომ მათგან 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია. ადმინისტრაციაში გვითხრეს რომ სია კონფიდენციალურია.

რა მოხდა ბათუმში 2014 წელს?

რამაზ დევაძის საქმე მოკლედ ასეთია: 2014 წლის 27 დეკემბერს, ბათუმში, ღამის კლუბ ,,ვეგასში", 22 წლის პოლიციის ოფიცერი თარაშ მუკბანიანი მისივე ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. დევაძეს 2015 წლის 18 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, განზრახ მკვლელობისთვის, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიების მიხედვით კლუბში კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბესიკ მამულაძემ ( ამჟამად ისიც მსჯავრდებულია) კლუბში მყოფ აზერბაიჯანისა და უზბეკეთის მოქალაქეებს დაუწყო შევიწროება, ხოლო პოლიციელმა თარაშ მუკბანიანმა მას დამშვიდება სთხოვა.

ამით გაღიზიანებული, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამულაძე და მასთან ერთად მყოფი დევაძე თავს დაესხნენ და 5-6 წუთის განმავლობაში დაუნდობლად სცემდნენ მუკბანიანს, დევაძემ პოლიციელს წაართვა კუთვნილი ტაბელური იარაღი და თავის არეში გასროლით ადგილზე მოკლა. ინფორმაცია ამის შესახებ “სამართალდამცავთა დაცვის ლიგამაც” გამოაქვეყნა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეწყალებული პატიმრების სრული სიის გასაჯაროებაც მოსთხოვა.

ონლაინ გამოცემა „ბათუმელების“ მიერ 2015 წელს სასამართლოდან გამოთხოვილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, რამაზ დევაძემ და კიდევ ორმა პიროვნებამ ღამის კლუბის ინციდენტამდე რამდენიმე თვით ადრე – 2014 წლის 26 ივნისს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კიდევ ერთ პოლიციელს და სხვა პირებს. ამ შემთხვევაში სხვებთან ერთად პოლიციის ინსპექტორი – ილია კუკალაძე დაზარალდა. რამაზ დევაძე 2015 წლის თებერვალში პოლიციელებმა მაშინ დააკავეს, როცა იგი სარფის საბაჟო პუნქტიდან საქართველოს დატოვებას აპირებდა.

როგორ მიმდინარეობს შეწყალების პროცესი?

დღეს ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, ისევე როგორც უცნობია შეწყალების კომისია ფუნქციონირებს თუ არა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია დუმს, ოფიციალურ ვებ გვერდზე კი “შეწყალების კომისიის” გრაფაში მხოლოდ შეწყალებების ქრონოლოგია და საკანონმდებო აქტებია ჩამოთვლილი.

ამდენი კითხვის ნიშნების ფონზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში გადასვლა სურდა. ასე თქვა მან 2019 წლის მარტის დასაწყისში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს შეწყალების კომისია შემდეგნაირად მუშაობდა: შეწყალების მსურველთა განაცხადები და მათ შესახებ მასალები თავს იყრიდა კომისიაში, სადაც ხდებოდა მათი გაცხრილვა. ამის შემდეგ კი სია წარედგინებოდა პრეზიდენტს.

კანონითა და კონსტიტუციით პრეზიდენტს აქვს უფლება ნებისმიერი პირი შეიწყალოს ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე.

ლია მუხაშავრია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეწყალების კომისიაში მუშაობდა. ის ამბობს, რომ ზურაბიშვილის მიერ გაცემული შეწყალების აქტები არ ტოვებს სისტემურობის ხასიათს, რაც გაურკვევლობასა და კითხვებს აჩენს.

“როცა გიორგი მარგველაშვილმა შექმნა კომისია, ის იყო მისი სათათბირო ორგანო, ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევდით პრეზიდენტს ვინ შეეწყალებინა და ვინ არა, იმიტომ რომ ხანდახან გვიხდებოდა ათასამდე საქმის განხილვა, რაც ძალიან დიდი რაოდენობაა და ვეხმარებოდით მათ გაფილტვრაში. ვხელმძღვანელობდით დებულებით, რომელიც პრეზიდენტის განკარგულებით არსებობს შეწყალების თაობაზე და ასევე საუკეთესო ჰუმანური მოსაზრებებით”, - უთხრა ლია მუხაშავრიამ რადიო თავისუფლებას.

ასე გამოიყურებოდა ის კრიტერიუმები, რომლითაც წინამორბედი პრეზიდენტის კომისია შეწყალების მიზანშეწონილობას აფასებდა:

  • რა იყო ჩადენილი დანაშაული
  • პატიმრის წარსული
  • ყოფა-ქცევა საპატიმრო ადგილზე
  • რეკომენდაცია
  • სოციალური მუშაკის დასკვნა
  • დაზარალებულისა და ოჯახის პოზიცია

ლია მუხაშავრია ამბობს, რომ როგორც წესი მკვლელების შეწყალება მაშინ არ ხდებოდა. თუმცა იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა სამუდამო პატიმრობა მისჯილ ადამიანს გათავისუფლების ვადა განესაზღვრა.

“რა კრიტერიუმებით იწყალებს პატიმრებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ანდა ვინ უწევს რეკომენდაციას, ეს რთული სათქმელია. ჩემი მოსაზრებით პრეზიდენტი ამას სისტემატიზირებული ხასიათის სამუშაოდ არ მიიჩნევს. ამ პროცესისთვის სისტემატიზაცია მნიშვნელოვანია როდესაც განუჭვრეტადია ვის იწყალებს პრეზიდენტი და რატომ, ჩნდება მოსაზრება, რომ ეს არაინსტიტუციონალური გადაწყვეტილებაა და არ გამოირიცხება რომ კორუფციაც იყოს შესაძლებელი. განუჭვრეტელობა ყოველთვის წარმოშობს გარკვეულ შიშებს”, - ამბობს ლია მუხაშავრია.

პოლიტიკური შეფასებები რამაზ დევაძის გათავისუფლებაზე

მოქმედი პრეზიდენტის შეწყალების აქტს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა.

“ივანიშვილის მიერ „პრეზიდენტად“ გამწესებულმა ზურაბიშვილმა პოლიციელის მკვლელი კრიმინალი შეიწყალა და ამით კიდევ ერთხელ ფეხქვეშ გათელა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და სახელმწიფო ინსტიტუტები”, - წერს სააკაშვილი ფეისბუკ პოსტში.

ექს-პრეზიდენტის თქმით ბიძინა ივანიშვილმა "პოლიციელის მკვლელობას აუნთო მწვანე შუქი".

ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის გათავისუფლებას “ევროპული საქართველო” გამოეხმაურა. ირმა ნადირაშვილმა თქვა, რომ ეს პრეზიდენტის მხრიდან “სამარცხვინო საქციელია”.

“სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის უპასუხისმგებლო ადამიანი, როდესაც 4 წელი გაატარა პოლიციის მკვლელობაში მსჯავრდებულმა, 12 წლის ნაცვლად და პრეზიდენტმა გადაწყვიტა მისი შეწყალება. ასეთი საკითხები არღვევს სახელმწიფოს ფუნდამენტს.”- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტული გათავისუფლების აქტით პოლიციელის მკვლელობის წახალისება მოხდა.

ზურაბიშვილის გადაწყვეტილება გაუგებარია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამარ ხულორდავასთვის.

"შეწყალება იცით, რომ პრეზიდენტის პრეროგატივაა. ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა ჩემთვის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია. მეტ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ", - განაცხადა ხულორდავამ.

საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის 17 დეკემბრიდან იყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში პრეზიდენტს სულ 91 მსჯავრდებული ჰყავს შეწყალებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG