Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეხვედრა ლავროვთან: რა გაიგეს პარლამენტში?


ვინ იცოდა წინასწარ, რომ სერგეი ლავროვთან აპირებდით შეხვედრას? მიიღეთ თუ არა რჩევები ბიძინა ივანიშვილისგან? რაზე ილაპარაკეთ და რას მოელოდით? რატომ დააცინინეთ თავი ლავროვს? რატომ ლაპარაკობდით დამნაშავის პოზიციიდან? - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის მიმართ პარლამენტის სხდომაზე დასმული შეკითხვების უმრავლესობა უკავშირდებოდა მის შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ოპოზიციის გარდა, ბევრი რამ „ქართულ ოცნების“ დეპუტატებსაც აინტერესებდათ.

რა პასუხები აქვს საგარეო საქმეთა მინისტრს? რით ხსნის დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ კომენტარს, რომ შეხვედრას ქართული მხარე ითხოვდა?

შანსის გამოყენება ოპერატიულ რეჟიმში

17 ოქტომბერს, პარლამენტის სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, საგარეო მინისტრმა თქვა, რომ რუს კოლეგასთან შეხვედრის მოულოდნელად გამოჩენილ შანსს გამოყენება სჭირდებოდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთ-საქართველოს ოფიციალური პირების პირველი პირისპირ შეხვედრა შედგა 26 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში.

დავით ზალკალიანმა პარლამენტში თქვა:

  • ლავროვთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი იყო „ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის ძალიან მძიმე ტალღა“, რომელიც აგვისტოში დაიწყო და „განსაკუთრებული სიმწვავით მიმდინარეობდა როგორც გუგუტიანთკარში, ასევე ჩორჩანასა და სხვა მიმდებარე ტერიტორიებზე“;
  • მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს მიერ მოხდა საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური მობილიზება, „ეს პროცესი მაინც გრძელდებოდა და ვერ ხერხდებოდა მისი შეჩერება“;
  • სერგეი ლავროვთან შეხვედრის ინიციატივა მასთან (ზალკალიანთან) გააჟღერა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე;
  • რატომ არ უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა, როდესაც ვიმყოფებით გაეროში - „სადაც ყველა ყველას ელაპარაკება?!“
  • არ მივიღებ შეფასებებს, რომ შეხვედრა გასაიდუმლოებული იყო, მე ჟურნალისტებს წინა დღით ვუთხარი.

დავით ზალკალიანის თქმით, შეხვედრის შესახებ სწორედ წინა დღით (25 სექტემბერს) უთხრა ქართული ტელევიზიების ჟურნალისტებს და კომენტარი გაავრცელა მედიამ. მან „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს, გიგა ბოკერიას გადასცა კომენტარის ტექსტური ვერსია, თუმცა ბოკერიასთვის ტექსტის შინაარსი სრულიად ბუნდოვანი და გაუგებარი იყო. მინისტრმა განმარტა, რომ - ლავროვის გვარს პირდაპირ ვერ ახსენებდა, დიპლომატიაში არსებული პრაქტიკის შესაბამისად.

„როგორც მაშინ, ასევე დღესაც - ვიყავი და ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეხვედრა იყო დროული, აუცილებელი და საჭირო“, - თქვა ასევე ზალკალიანმა.

ვინ იმართლებს თავს?

პარლამენტის სხდომაზე მალევე გამოჩნდა, რომ მინისტრის გამოსვლის შინაარსი არ იყო ამომწურავი დეპუტატებისთვის, მათ შორის - „ქართული ოცნებიდან“. გამოიკვეთა არაერთი დამატებითი შეკითხვა-შეფასება:

  • „რატომ მოხდა ასე? ვისი ინიციატივა იყო ეს შეხვედრა? მართლაც შვეიცარიის ინიციატივით მოხდა... მერე სულ სხვა კომენტარები წავიდა... არავითარი საჭიროება არ არის, რომ თავი იმართლოთ, თუ შეხვედრის აუცილებლობა დგება“ - ნუკრი ქანთარია, „ქართული ოცნება“;
  • „რატომ დღეს (შედგა ეს შეხვედრა) და რატომ ადრე არა? იმიტომ რომ - რუსეთთან ურთიერთობები დაძაბულა გაცილებით სხვა მიმართულებებითაც და არანაკლები სიმწვავის საკითხებიც წამოჭრილა?“ - რომან კაკულია, „ქართული ოცნება“;
  • „რა კონკრეტული შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა ან შეიძლება მოჰყვეს ამ შეხვედრას? თქვენც ისაუბრეთ, რომ ძალიან გამწვავებულ ფონზე მოხდა... მძიმე აგვისტო იყო და ამ ფონის გათვალისწინებითაც მნიშვნელოვანია“ - თამარ ჩუგოშვილი, „ქართული ოცნება“.

უშუალოდ სერგეი ლავროვთან შეხვედრის ფაქტი არც ოპოზიციას გაუპროტესტებია, მაგრამ ოპონენტებისთვის გაუგებარი ბევრი რამ და მათ შორის - რატომ გაავრცელა განსხვავებული ვერსიები რუსეთმა მაგალითად შეხვედრის ინიციატივასთან კავშირში.

  • „გადაწყვეტილებას რომ იღებდით, ლავროვთან შეხვედრის, დაურეკეთ ბიძინა ივანიშვილს? ესაუბრეთ? მიიღეთ მისგან გზავნილები? ... წამოხვედით შეხვედრიდან დაცინული, მასხრად აგდებული და რაც მთავარია, გითხრეს, რომ - არანაირი განხილვა არ იქნება ოკუპაციის თემისა რუსეთის მხრიდან" - სალომე სამადაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“;
  • „გაგიკვირდათ, რომ ხალხმა არ იცოდა, რომ ხვდებოდით ოკუპანტი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრს?... თქვენი უმრავლესობის წევრები იყვნენ გაკვირვებული, როცა გაიგეს ამის შესახებ... ვისთან გქონდათ კონსულტაციები? ... შეხვედრა არ არის პრობლემა, ოღონდ - დამნაშავეებივით რატომ იქცევით?... თვითონ ლავროვმა რა გითხრათ, ამაზე რატომ არ ლაპარაკობთ?“ - გიგა ბოკერია, „ევროპული საქართველო“.

ოპონენტებმა მინისტრს გაახსენეს შეხვედრის შემდგომ დღეებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ - მასთან შეხვედრას თავად დავით ზალკალიანი ითხოვდა და რომ ღიმილის მომგვრელი იყო ქართული მხარის მიერ შეხვედრის შემდეგ გაკეთებული კომენტარები - „მე წავიკითხე მისი ვრცელი კომენტარები, რომლებმაც, ჩემი აზრით, მას იმაზე მეტი დრო წაართვა, ვიდრე თავად ამ შეხვედრამ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 27 სექტემბერს ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე ისიც თქვა, რომ დავით ზალკალიანს, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის მხრიდან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი აინტერესებდა.

ოპონენტები მაშინ სვამდნენ შეკითხვას - თუკი სიმართლე დაიმალა შეხვედრის ინიციატივასთან დაკავშირებით, რატომ უნდა დაიჯეროს ხალხმა ხელისუფლების განცხადებები შეხვედრის მიზნებთან და შინაარსთან დაკავშირებით?

ეჭვები კიდევ უფრო გაღრმავდა მაშინ, როდესაც სერგეი ლავროვის ნათქვამი თავისი კომენტარით 30 სექტემბერს დაადასტურა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ. კომენტარის შინაარსი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს საგარეო უწყების პოზიციას.

მანამდე გაკეთებულ ყველა განცხადებაში, წერილობითსა თუ ზეპირში, საგარეო უწყება და მინისტრი ზალკალიანი მუდმივად იმეორებდნენ, რომ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

ვინ რა თქვა - ამას დავით ზალკალიანი 17 ოქტომბერს აღარ ჩაღრმავებია. ინიციატორად ისევ შვეიცარია დაასახელა და არ უარყო, რომ ლავროვთან ავიამიმოსვლის აღდგენაზეც ილაპარაკა - „დღესაც მივესალმები თუკი იქნება გადაწყვეტილება ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით“. ითქვა ასევე, რომ საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატსა და იმის დაზუსტებას შეეხებოდა, ხომ არ მოხდებოდა ამ ფორმატის დონის დადაბლება. არაო - ყველაფერი ძველებურად დარჩებაო, თქვა ზალკალიანმა.

პარლამენტში დასმულ შეკითხვებზე პასუხად, დავით ზალკალიანმა ზოგი რამ კიდევ დააზუსტა. მან თქვა, რომ:

  • არ მოელოდა „გარღვევას“ ომიდან მე-12 წელს გამართულ პირველსავე შეხვედრაზე;
  • შეხვედრის შედეგად ლავროვი თავის პოზიციაზე დარჩა, ხოლო ქართული მხარე - თავისაზე;
  • არ შეთანხმებულან პირისპირ საუბრების ფორმატის შემდგომ გაგრძელებაზე;
  • შეხვედრის შესახებ მას საქმის კურსში არ ჩაუყენებია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი;
  • შეხვედრის შესახებ კონსულტაციები (ოპერატიულ რეჟიმში) ჰქონდა მხოლოდ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან;
  • მისი და ლავროვის შეხვედრის შესახებ ასევე იცოდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ (რომელიც ასევე ნიუ-იორკში იმყოფებოდა).

საბოლოო გამოსვლებით თუ ვიმსჯელებთ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეკითხვები აღარ ჰქონდათ. შეფასებებში ოპონენტებში ისინი ოპოზიციას უტევდნენ.

უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, ოპოზიცია წინა ხელისუფლების ხელწერას აგრძელებს და გვთავაზობს (რუსეთთან) შევიდეთ „დაპირისპირების ისეთ ფორმაში“, როცა საქართველოს ისეთი „ეკონომიკური მუშტი“ მოხვდება, რომელიც „კიდევ უფრო დაამძიმებს ჩვენს ეკონომიკას და უკიდურეს ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს იმ ხალხს, ვინც კახეთში, აჭარაში, შიდა ქართლში, სხვა რაიონებში შრომობენ და თავის პროდუქციას ასაღებენ რუსულ ბაზარზე“. ვოლსკი ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ (ეკონომიკური ურთიერთობის) არსებულ ფორმატზე უარის თქმა უმეცრება იქნება.

ლავროვთან შეხვედრის მიზნებზე და ამოცანებზე საბოლოოდ ოპოზიციამ მაინც ვერაფერი გაიგო და ძველ აზრზე დარჩა - ეს იყო უშედეგო შეხვედრა შეხვედრისთვის, რომელმაც საქართველოსთვის არაფერი მოიტანა, ხოლო (საერთაშორისო სანქციების გაუქმებისთვის მებრძოლმა) რუსეთმა შესაძლოა გარკვეული ქულები დაეწერა საერთაშორისო დონეზე. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ თქვა, რომ მოსკოვი აშანტაჟებს საქართველოს ხელისუფლებას.

„პირდაპირი ტექსტით საუბრობენ რუსეთის მაღალჩინოსნები - თუ გინდათ ძალაუფლება შეინარჩუნოთ, კეთილი ინებეთ - წამოდით მეტ დათმობებზე... აი ეს იყო ლავროვის პირდაპირი სიგნალი“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG