Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეხვედრა საარჩევნო კანონმდებლობაზე - პრიორიტეტების ჭიდილი


ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა პარლამენტში საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირებისთვის დანიშნული სამუშაო შეხვედრა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ორგანიზებით 13 ივნისს პირველად მოეწყო.

ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებები სურს, რათა ქვეყანა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზევე, 2020 წლისთვის, შერეული სისტემიდან (მაჟორიტარულ-პროპორციული) გადავიდეს მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ხელისუფლება კი ამბობს, რომ დღეს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია განსახილველი.

ხელისუფლების თქმით, ისინი, ეუთოს რეკომენდაციების კონტექსტში, კანონმდებლობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ აპირებდნენ მსჯელობას და არა საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ეუთომ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ 27 რეკომენდაცია მისცა ხელისუფლებას:საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობის გადახედვა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენცია, კამპანიის მიმდინარეობისას სიძულვილის ენის თავიდან აცილება და სხვა.

13 ივნისის შეხვედრის პარალელურად, საქართველოს პარლამენტში 300 000 მოქალაქის ხელმოწერაც შევიდა, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა შეაგროვეს. ხელმომწერებიც 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვენ.

რას ამბობს ოპოზიცია

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. დარბაზი ერთ-ერთმა პირველმა “ევროპული საქართველოს” დეპუტატმა სერგი კაპანაძემ დატოვა.

არ შეიძლება მნიშვნელოვანი საკითხები იყოს ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხების მძევალი და ჩვენ მოწყალების იმედზე ვიყოთ.
სერგი კაპანაძე

„მთავარი საკითხი, რასაც ოპოზიციური სპექტრი სვამს, არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება და ამ მოთხოვნის პირობებში ყველა სხვა საკითხი მეორეხარისხოვანია. არ შეიძლება მნიშვნელოვანი საკითხები იყოს ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხების მძევალი და ჩვენ მოწყალების იმედზე ვიყოთ. ახლა სწორედ ამას ვხედავთ“, - უთხრა ჟურნალისტებს სერგი კაპანაძემ.

შეხვედრა დატოვა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამაც.

“თუ სურთ, რომ რაღაც კოსმეტიკური ცვლილებები მიიღონ, მეორეხარისხოვან საკითხებზე იმსჯელონ ამ სამუშაო ჯგუფში, ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია და სხვა ოპოზიციური პარტიებიც ვერ დაინახავენ აზრს, რომ ამ ფასადური ცვლილებების ნაწილი გახდნენ”, - თქვა ბოკუჩავამ.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ის საკითხია, რაც ოპოზიციურ სპექტრს აერთიანებს. მას მხარს უჭერს როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიცია.

ოპოზიციის ლიდერები თავის განცხადებებში ხშირად აღნიშნავენ, რომ პროპორციული სისტემა უფრო სამართლიანი და წარმომადგენლობითია, რომ ის სხვადასხვა პარტიებისთვის პარლამენტს აქცევს პოლიტიკური დებატების პლატფორმად. მათი აზრით, მოქმედი სისტემა უსამართლოა და ხმების მოპარვის საშუალებას აძლევს ხელისუფლებას.

რას ამბობს ხელისუფლება

სამუშაო შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკითხი, რომელიც ოპოზიციას აღელვებს, საპარლამენტო ფორმატში განიხილება, როცა ოპოზიციის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყება.

მისი თქმით, 2017 წელს ოპოზიციამ საკონსტიტუციუო რეფორმის იმ ვერსიას თავად არ დაუჭირა მხარი, სადაც ცვლილება 2020 წლისთვის უნდა ამოქმედებულიყო. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა რისკებს, რომელსაც ხელისუფლება მომავალში ასამოქმედებელ სრულად პროპორციულ სისტემაში ხედავს:

“ჩვენ ევროპულ პრაქტიკასაც ვხედავთ, როცა პრობლემები ისეთ ქვეყნებშიც კი გაჩნდა, სადაც კონსოლიდირებული პარტიული სისტემაა ჩამოყალიბებული. არის ქვეყნები, სადაც ნახევარი წლის განმავლობაში მთავრობა ვერ ჩამოყალიბდა. ამიტომ, თუკი ვართ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტიები, ჩვენი საქმიანობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია და პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაცია უზრუნველვყოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კი განაცხადა, რომ ოპოზიციას არ სურს პასუხისმგებლობის გაზიარება და “ფეხის ბაკუნს” ირჩევს.

ახლა, როცა რეკომენდაციებზე მუშაობა დავიწყეთ, მათ [ოპოზიციამ] თქვეს, რომ ეს მეორეხარისხოვანია
არჩილ თალაკვაძე

„საპარლამენტო ოპოზიცია დღემდე ყველა გამოსვლაში იმეორებდა, რომ ეუთოს რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა, როცა შევქმენით სამუშაო ფორმატი და რეკომენდაციებზე მუშაობა დავიწყეთ, მათ თქვეს, რომ ეს მეორეხარისხოვანია”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის აზრით, ოპოზიცია განზრახ ახდენს სამუშაო ფორმატში დასმული საკითხების დისკრედიტაციას.

„ნებისმიერი დაინტერესებული მხარის, მათ შორის ოპოზიციის სურვილი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მეტ საკითხზე მოხდეს კონსენსუსი და არა პირველივე დღეს ულტიმატუმის ენით საუბარი. მაშინაც კი, როცა არ იციან, რა არის დღის წესრიგი, თუ როგორი თანამიმდევრობით უნდა ვიმსჯელოთ, აკეთებენ ასეთ განცხადებებს”, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღევანდელი მოცემულობით, პროპორციული სისტემა 2024 წლისთვის ამოქმედდება. მანამდე კი ქვეყანას ძველი წესით 2020 წლის არჩევნები აქვს ჩასატარებელი.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG