Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ვიცით პატრიარქ შიო III-ის ინტრონიზაციაზე

ინტრონიზაცია ხვალ, 12 მაისს, შედგება სვეტიცხოველში.
ინტრონიზაცია ხვალ, 12 მაისს, შედგება სვეტიცხოველში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო 11 მაისს აირჩიეს - 12 მაისს მისი აღსაყდრება (ინტრონიზაცია) გაიმართება.

რადიო თავისუფლებამ შეაჯამა, რა ვიცით ინტრონიზაციის, ანუ საპატრიარქო ტახტზე აყვანის, პატრიარქის კურთხევის ცერემონიაზე, - სად გაიმართება, რას უნდა ელოდოს საზოგადოება, როგორ მივლენ მოქალაქეები და რატომ იმართება ასე სწრაფად.

ახალი პატრიარქი - შიო III

ორშაბათს, 11 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი აირჩიეს.

39-წევრიან სინოდში მან მიიღო 22 ხმა და სძლია მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობსა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს, რომლებმაც 9 და 7 ხმა მიიღეს. კენჭისყრა ფარული იყო. ერთი ხმა გაუქმდა - ბიულეტენზე არცერთი კანდიდატი არ ყოფილა შემოხაზული.

ილია მეორის თითქმის 50-წლიანი პატრიარქობის შემდეგ, შიო მუჯირი იქნება 21-ე საუკუნის პირველი კათოლიკოს-პატრიარქი. გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

სად იმართება ინტრონიზაცია?

არჩევიდან მალევე, ახალმა პატრიარქმა შიომ განაცხადა, რომ მისი ინტრონიზაცია 12 მაისს გაიმართება - მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.

სწორედ აქ გაიმართა 1977 წლის 25 დეკემბერს მისი წინამორბედის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ინტრონიზაცია.

ილია მეორის ინტრონიზაცია, 1977 წლის დეკემბერი, სვეტიცხოველი
ილია მეორის ინტრონიზაცია, 1977 წლის დეკემბერი, სვეტიცხოველი

რატომ ასე სწრაფად?

როგორც თავად კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ განმარტა, ეს ტრადიციითაა განპირობებული.

„ტრადიციის მიხედვით, გამორჩევის შემდეგ პირველ კვირას ან დიდ დღესასწაულზე უკვე უნდა იმსახუროს კათოლიკოს-პატრიარქმა“, - თქვა მან.

მისი არჩევის შემდეგ უახლოესი დღესასწაული არის 12 მაისს, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს:

  • წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლას;
  • ასევე, საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობას.
  • 12 მაისი 2019 წლიდან სახელმწიფომ უქმე დღედ გამოაცხადა.

„ამიტომ ინტრონიზაცია ხვალ შედგება სვეტიცხოველში“, - განაცხადა პატრიარქმა შიომ.

როდის ჩატარდება ინტრონიზაცია?

დილიდანვე.

პატრიარქის თანახმად, მსახურება დილის 10:00 საათზე დაიწყება.

სავარაუდოდ, სასულიერო პირები და მრევლი გაცილებით ადრე დაიწყებენ მცხეთასა და სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შეკრებას.

რა მოხდება მსახურებისას

ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავრები ახალ პატრიარქს წაუკითხავენ პატრიარქად გამორჩევის ლოცვას.

გადასცემენ საპატრიარქო მიტრას, ასევე კუნკულ-ბარტყულს (თავსაბურავს) და ჯვარ-პანაღიასა და კვერთხს.

შიო მესამეს ასევე მიმართავს არქიდიაკონი, დემეტრე დავითაშვილი.

როგორ შეიძლება მისვლა?

მცხეთას საავტომობილო გზა რამდენიმე მხრიდან უდგება:

  • თბილისიდან, - თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილიდან მარჯვნივ გადახვევით;
  • დასავლეთიდან, ამავე გზატკეცილის საპირისპირო მხრიდან ასევე მარჯვენა გადასახვევით - ეს გზა ქალაქ მცხეთას გაივლის სვეტიცხოვლამდე;
  • ასევე, გორი-კავთისხევი-მცხეთა-ზაჰესის გზით, ძეგვისა და არმაზის გავლით, მარცხენა გადასახვევით.

სავარაუდოდ, დილის საათებში მცხეთის მისადგომებთან, მათ შორის მაგისტრალზე, ხერგილი წარმოიქმნება.

იქნება უფასო ავტობუსებიც

თბილისის მერიამ 11 მაისის საღამოს განაცხადა, რომ პატრიარქის ინტრონიზაციაზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

მერიის განმარტებით:

  • მოქალაქეები მუნიციპალური ავტობუსებით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან გაემგზავრებიან მცხეთისკენ;
  • მცხეთიდან ისევ პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაბრუნდებიან;
  • „საზოგადოებრივი ტრანსპორტი 12 მაისს, 08:00 საათზე გავა თბილისიდან მცხეთის მიმართულებით“, - წერს მერია.

ამ გზით ტრანსპორტირებაში მოქალაქეები თანხას არ გადაიხდიან. მერიას არ დაუზუსტებია ავტობუსების რაოდენობა ან რამდენი მოქალაქის მომსახურებას შეძლებენ.

რით შეიმოსება შიო III?

11 მაისს გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რით შეიმოსება პატრიარქი შიო ინტრონიზაციისას - პატრიარქის სამოსს დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს სასულიერო პირთათვის და მორწმუნეთათვის.

„რაც შეეხება საპატრიარქო რეგალიებთან მიმართებაში შესამოსელს - გეტყვით დაზუსტებულად, რომ მეუფე შიოს [ეს] არ გააჩნია“, - უპასუხა მიტროპოლიტმა.

„ხვალისათვის ალბათ ჩვენ გამოვიყენებთ მისი უწმინდესობის, ნეტარხსენებული ილია მეორის“ შესამოსელს.

დამაზუსტებელ კითხვაზე, იქნება თუ არა ეს სამოსი ის, რაც ილია მეორეს 1977 წელს სვეტიცხოველში ინტრონიზაციისას ეცვა, მიტროპოლიტმა ანდრიამ უპასუხა: „ეს არ ვიცი“.

სხვა სასულიერო პირებსა და მღვდელმთავრებს დამატებით ამ საკითხზე არაფერი უთქვამთ.

----

57 წლის პატრიარქი შიო, - ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი, - იყო მთავარეპისკოპოსი, ქორეპისკოპოსი, სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

ბოლო 9 წლის განმავლობაში იგი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის სახელს ატარებდა, - კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გადაწყვეტილებით.

  • პატრიარქი ილია მეორე (ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი) 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • 1977 წელს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ, ის თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.


ფორუმი

XS
SM
MD
LG