Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიშის ზონა სოფლის საძოვარზე


სოფელი კირბალი
სოფელი კირბალი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი კირბალი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარეობს. სოფლის ეკლესია და სასაფლაოს ნაწილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეა დარჩენილი.

სწორედ ამ ეკლესიასთან მწყემსავდა საქონელს ადგილობრივი მცხოვრები გერონტი პაპიტაშვილი, როცა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ. პაპიტაშვილთან ერთად თანასოფლელიც იმყოფებოდა, რომელმაც შეიარაღებული პირების გამოჩენისთანავე გაქცევა მოახერხა და ამბავი სოფელს შეატყობინა, გერონტი პაპიტაშვილი კი სამმა შეიარაღებულმა პირმა ოკუპირებული ტყის მიმართულებით წაიყვანა.

60 წლის კაცი გზაში შეუძლოდ გახდა, თუმცა ის ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერამდე მაინც მიიყვანეს და იქ ფოტოები, როგორც „საზღვრის“ დამრღვევს, ისე გადაუღეს, ამის შემდეგ კი ქართველ სამართალდამცავებს დაუკავშირდნენ და მალევე გაათავისუფლეს.

გერონტი პაპიტაშვილი ამბობს, რომ სასაფლაოსთან არსებული საძოვარი ყოველთვის სოფლის საკუთრება იყო და საოკუპაციო ხაზი უფრო მოშორებით, ტყის მასივთან გადის. მიუხედავად ამისა, ე. წ. მესაზღვრეები სოფლის სიღრმეში ადამიანების გასატაცებლად მაინც ჩამოდიან.

„სალოცავის გვერდით ვიყავით, საქონელს ვაძოვებდით და იქ მოვიდნენ. გვითხრეს, ჩვენი ტერიტორიააო. ჩემთან ერთად მეზობლის ბიჭი იყო. მან გაქცევა მოასწრო და მე დამიჭირეს. თავიდან სამნი იყვნენ, მერე კიდევ სამნი მოვიდნენ. წამიყვანეს მერე თავიაანთ ტრაფარეტთან, დამსვეს ტრაფარეტთან და სურათი გადამიღეს. სალოცავთან ყოველთვის ვაძოვებთ ხოლმე საქონელს. ზემოთ რაღაცა ლენტები აქვთ გაბმული, მაგრამ ჩვენ ქვემოთ ვიყავით. მაინც ქვემოდან შემოგვიარეს და დამიჭირეს. ზევიდან ხშირად გადმოივლიან ხოლმე და როცა მწყემსებს ხედავენ, მათ დასაკავებლად ჩამოდიან. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევები, რომ მწყემსებს გამოჰკიდებიან“, - აცხადებს გერონტი პაპიტაშვილი.

ამ ფაქტის შესახებ შემთხვევით გაიგეს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა, რომლებიც იმ დროს სოფელში იმყოფებოდნენ და სოციალურ ქსელში ხმაური ატეხეს. მოძრაობის ლიდერ დავით ქაცარავას თქმით, რომ არა მათი აქტიურობა, საქართველოს ხელისუფლება ამ ფაქტს დამალავდა. მისი აზრით, გამყოფ ხაზთან საოკუპაციო ძალა გეგმაზომიერად ქმნის შიშის ზონებს, რათა იქ მცხოვრებ ადამიანებს გაუსაძლისი პირობები შეუქმნას. დავით ქაცარავას განცხადებით, მიმდინარეობს ტერიტორიების მიტაცების პროცესი და საქართველოს ხელისუფლების რეაქცია ამ პროცესის მიმართ არაადეკვატურია.

„რუსმა ოკუპანტებმა მათ მიერვე დაწესებული ოკუპაციის ხაზი გადმოკვეთეს და სდიეს ჩვენს მოქალაქეს კონკრეტულად ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს პირდაპირ იმის მანიშნებელია, რომ რუსები მაქსიმალურად ცდილობენ ოკუპაციის ხაზი კიდევ უფრო სიღრმეში გადმოიტანონ, იმისთვის რომ მოსახლეობა ვეღარ ავიდეს საძოვრებზე, მათ შეექმნათ პრობლემები. რუსები ასეთი მოქმედებებით და დევნით ნერგავენ შიშს და მოსახლეობა უკვე ერიდება იმ ადგილებს, რომლებიც უწინ მათი საძოვარი იყო და სადაც შიშის გამო ვეღარ მიდიან“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი აცხადებენ, რომ გერონტი პაპიტაშვილის გათავისუფლება მათი სწრაფი მოქმედების შედეგად მოხდა. სოფელ კირბალს ტყის მასივი ესაზღვრება. ტყე 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ არის ოკუპირებული. იქვეა სოფლის სასაფლაო და საძოვარიც. სოფლის მცხოვრებლებს ძროხები სხვაგან ვერ მიჰყავთ, ამიტომ იძულებული არიან, ისევ ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს გაუშვან საბალახოდ, იქ კი ხშირად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები უსაფრდებიან და ხან მწყემსებს და ხან ძროხებს იტაცებენ. ომის შემდეგ სოფელი კირბალი იმით გახდა ცნობილი, რომ ამ სოფლიდან ყველაზე მეტ ადამიანს ე. წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით აკავებდნენ. ახლა ადამიანები უფრო ფრთხილობენ და ტყეში შესვლას ერიდებიან, მაგრამ ძროხების დაკარგვა უკვე ტრადიციად იქცა. ყოველწლიურად კირბალიდან ათობით სული ძროხა იკარგება. მსგავსი შემთხვევები შარშანაც იყო. მაშინ დაზარალებულ მოსახლეობას ხელისუფლებამ კომპენსაცია გადაუხადა.

საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებს გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. თეა ახვლედიანის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ.

„საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები და მათი უკანონო პატიმრობა კიდევ ერთი გამოხატულებაა ოკუპაციის. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებს ყოველდღიურ რეჟიმში და ახლა, მომდევნო დღეებში, „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი. ჩვენ ასევე ვიყენებთ სხვა ორმხრივ თუ მრავალმხრივ საერთაშორისო ფორმატებს, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ჩვენი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

15 ივნისს ერგნეთში, „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვენ და ბოლო ხანს კონფლიქტის ზონაში დაფიქსირებულ ინციდენტებს განიხილავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG