Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომთხოვეს წამეშალა ლექსო ლაშქარავას შესახებ პოსტი - შსს-ს თანამშრომელი დეტალებზე ალაპარაკდა


გოგა რაზმაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი, რომელიც უწყების მაღალჩინოსნებს დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებს
გოგა რაზმაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი, რომელიც უწყების მაღალჩინოსნებს დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებს

სახალხო დამცველმა შეწყვიტა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, გოგა რაზმაძის საქმის წარმოება და ამით არ დაადგინა მის მიმართ უწყების მაღალჩინოსნების, მათ შორის მინისტრის მოადგილის მხრიდან განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტები.

გოგა რაზმაძემ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტზე საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით სახალხო დამცველის ოფისს 2023 წლის 26 ივნისს მიმართა და როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნება, ომბუდსმენს წარუდგინა მტკიცებულებების 318 გვერდი. თუმცა, მისი თქმით, მრავალგვერდიანი მტკიცებულებები, რომლებსაც ოქტომბრის მიწურულს დისკრიმინაციის დამადასტურებელი ახალი გარემოებების ამსახველი ინფორმაციაც დაამატა, არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ სახალხო დამცველს მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი დაედგინა.

გოგა რაზმაძის სახელი და გვარი საზოგადოებისთვის გასულ ზაფხულში გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მოქმედმა თანამშრომელმა 2023 წლის 12 ივლისის ღამეს, სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ღიად ამხილა როგორც ზოგადად სისტემაში, ისე, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში არსებული პრობლემები. ამ პოსტში დაწერა მან სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან, მათ შორის, გენერალურ ინსპექციაში მის მიმართ გამოვლენილ დამამცირებელ მოპყრობაზე, დაადანაშაულა უწყება აზრის გამოხატვის შეზღუდვაში და არ გამორიცხა, რომ უახლოეს პერიოდში, ე.წ. რეორგანიზაციის საბაბით, დეპარტამენტის ხელმძღვანელები სამსახურიდან დაითხოვდნენ მათთვის არასასურველ თანამშრომლებს.

ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა, ხმამაღლა ილაპარაკა უწყებაში არსებულ პრობლემებზე და არ მოერიდა არც იმ მაღალჩინოსნების დასახელებას, რომლებსაც, მისი თქმით, წვლილი მიუძღვით ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ფუნქციების შეზღუდვასა და თანამშრომლებისთვის დაწესებულ ცენზურაში - ამ მაღალჩინოსნებს შორის აღმოჩნდა შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.

მაშინ, გოგა რაზმაძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელიც პოლიციელების მხრიდან დარღვევების გამოძიებისთვის შექმნილი უწყებაა, საჯაროდაც მოუწოდა, დაინტერესებულიყო მისი საქმით და გამოძიება დაეწყო, თუმცა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მისი საქმის გამოძიებაზე ივლისის მიწურულს უარი თქვა და გოგა რაზმაძის განცხადება რეაგირებისთვის შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსთან გააგზავნა, ანუ იმ უწყებაში, რომელსაც განმცხადებელი დისკრიმინაციას ედავებოდა.

მას შემდეგ, რაც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გოგა რაზმაძის საქმის გამოძიებაზე უარი თქვა, ჯერი სახალხო დამცველის გადაწყვეტილებაზე მიდგა. თუმცა, 30 ოქტომბერს, გოგა რაზმაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლევან იოსელიანმა შეწყვიტა მისი საქმის წარმოება, რომელშიც ის შსს-ს მინისტრის მოადგილესა და დეპარტამენტის უფროსს ედავებოდა მის მიმართ გამოხატულ დისკრიმინაციულ მოპყრობას.

გოგა რაზმაძე წერს, რომ სახალხო დამცველის გადაწყვეტილებამდე სამი დღით ადრე, ლევან იოსელიანმა და ალექსანდრე დარახველიძემ, შსს მინისტრის მოადგილემ, ერთობლივ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა:

გოგა რაზმაძე
გოგა რაზმაძე

„შეხვედრის რელიზში აღნიშნულია, რომ "ალექსანდრე დარახველიძემ და ომბუდსმენმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს". ამ შეხვედრიდან სამ დღეში, ჩემი საქმის შეწყვეტით ლევან იოსელიანმა და ალექსანდრე დარახველიძემ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ნამდვილად აჩვენეს "მჭიდრო თანამშრომლობის" საუკეთესო მაგალითი“, - წერს გოგა რაზმაძე და მიუთითებს, რომ სახალხო დამცველმა ამ საქმის შესწავლისას არ დააკმაყოფილა არც ერთი მისი მოთხოვნა/შუამდგომლობა. კერძოდ, არ გამოკითხა არც ერთი პირი, რომელიც მისი მითითებით იყო დისკრიმინაციის მოწმე, არ გამოითხოვა ინფორმაცია, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა ამ საქმისთვის.

„გადაწყვეტილების "დასაბუთებისას" სახალხო დამცველმა გაითვალისწინა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის და დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი ოსაძის პოზიციების 100%, რომელთა გასაბათილებლად წარვადგინე დაახლოებით 500 გვერდი უტყუარი მტკიცებულება, რომელთა 1%-იც არ გაიზიარა ლევან იოსელიანმა. ამ გადაწყვეტილებით სახალხო დამცველმა ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთო მინისტრის მოადგილეს და გენერალურ ინსპექციას ჩემს წინააღმდეგ შემდგომი რეპრესიების განხორციელების პროცესში“.

30 ოქტომბრის საღამოს რადიო თავისუფლებას სახალხო დამცველის ოფისში უთხრეს, რომ სახალხო დამცველი მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს საჯაროდ არ აქვეყნებს და საქმის შეწყვეტის თაობაზე განმარტებები მათი მხრიდან არ გაკეთდება.

ყველაფერი ლაშქარავას შესახებ გამოქვეყნებული პოსტით დაიწყო - რას გვიყვება გოგა რაზმაძე

გოგა რაზმაძე რადიო თავისუფლებასთან პირველად ჰყვება იმ დეტალების შესახებ, რაზეც ის თვეების განმავლობაში დუმდა. ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ასაჯაროებს დისკრიმინაციული მოპყრობისა და მაღალჩინოსნების, მათ შორის, მინისტრის მოადგილის მხრიდან თანამშრომელთა უფლებების დარღვევისა და მათზე ზეწოლის ფაქტების მხოლოდ მცირე ნაწილს.

2021 წლის 5 ივლისის ცნობილი მოვლენების შემდეგ, როდესაც რადიკალურად განწყობილი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და რამდენიმე დღეში TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა, გოგა რაზმაძემ სოციალურ ქსელში გააზიარა მიუნხენის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურის, თამაზ ლომიძის კრიტიკული პოსტი, რომელიც ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხებოდა: „ყველა ადამიანზე მოძალადე და სიძულვილის ორგანიზატორ-წამქეზებლები რომ უკვე მკვლელები ხართ, თუ შეანათა მაგ თქვენს ბნელ ტვინებში?“.

გოგა რაზმაძე გვეუბნება, რომ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ოსაძემ მას პოსტის წაშლა მოსთხოვა:

„მწერდა, ნუ მაყენებ უხერხულ მდგომარეობაში, ხელმძღვანელები შენი პოსტის გამო მე მთხოვენ პასუხსო. მანამდე პროფილის ფოტოების ჩარჩოებიც ააღებინეს თანამშრომლებს. ვუთხარი, რომ ჩემი პირადი საქმე იყო, რას გავაზიარებდი ჩემს პირად გვერდზე და არავის მითითებით არ წავშლიდი ამ პოსტს“.

ამ უარის შემდეგ, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა თათბირი მოიწვია:

„ამ თათბირზე, სხვების თანდასწრებით მომთხოვა, ამეღო პოსტი, რაზეც კვლავ უარი ვუთხარი. მითხრა, შენ რომ გააზიარე ის პოსტი, შენს მერე ხუთმა თანამშრომელმა გააზიარა და ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთო. თათბირის შემდეგ ოთახში შემოვიდა და მითხრა, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს ამ პოსტთან, უბრალოდ, დარახველიძე (შს მინისტრის მოადგილე) მთხოვს, სანამ ამ პოსტს არ ააღებინებ, სახლში არ გაგიშვებო. პოსტის წაშლაზე უარი ვუთხარი. მერე ალტერნატივა შემომთავაზა, იქნებ დარახველიძეს დაუმალო ეს პოსტი და დანარჩენებისთვის ღია იყოსო, რაც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი შეთავაზება იყო. პატარა ბავშვი ხომ არ ვარ, რომ რაც სწორად მიმაჩნია, ის წავშალო ან ვინმეს დავუმალო“, - ამბობს გოგა რაზმაძე.

გოგა რაზმაძე ამბობს, რომ ბოლო წითელი ხაზი მაშინ გადაკვეთა, როცა ამჯერად, 2023 წლის 9 მარტს, ე.წ. რუსული კანონის შესახებ გააზიარა კრიტიკული პოსტი: „უკვე იცოდნენ, რომ პოსტის აღებას ვეღარ მომთხოვდნენ და ცხადი იყო, ამ პოსტს აღარავინ მაპატიებდა. ამ ფონზე, მალევე, დეპარტამენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს აუდიტის სამსახური შემოვიდა“.

გოგა რაზმაძე დარწმუნებულია, რომ აუდიტის დასრულების შემდეგ, რომელიც თავდაპირველად 15 აგვისტომდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, ამ ვადამ ნოემბრის ბოლომდე გადაიწია, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში გამოცხადდება რეორგანიზაცია და მას და მის თანამოაზრეებს სამსახურს დაატოვებინებენ:

„აუდიტი მუშაობს წინასწარ განსაზღვრული სტრატეგიული გეგმის თანახმად, რომლის საფუძველზეც მოწმდება კონკრეტული დეპარტამენტები. 2023 წლის გეგმაში გათვალისწინებული იყო ოთხი დეპარტამენტის, მაღალი და საშუალო რისკის მქონე დეპარტამენტის, მათ შორის, საპატრულოსა და 112-ის შემოწმება. თუმცა, მაისის თვეში გადაწყვიტეს, რომ ამ გეგმიდან უნდა ამოეღოთ საპატრულო დეპარტამენტის შემოწმება და მის ნაცვლად ჩაესვათ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი. ცხადია, გამიჩნდა კითხვები. ჩემმა პირადმა კურატორმა, რომელიც ცოტა ხნით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დანიშნეს, კითხვაზე საპასუხოდ მითხრა, მე არაფერს ვწყვეტ, მაგრამ ამ დეპარტამენტმა თავისი თავი ამოწურაო“.

გოგა რაზმაძე ამბობს, რომ სახალხო დამცველს ისიც უნდა შეესწავლა, რამდენად დასაბუთებული იყო ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში აუდიტის სამსახურის შესვლა: „რატომ გააჩერეს საპატრულო პოლიციის აუდიტი, რა გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა, რომ ინსტიტუციურად ჩვენს დეპარტამენტზე 55-ჯერ დიდი დეპარტამენტი ამოეღოთ გეგმიდან და ჩვენი დეპარტამენტი ჩაესვათ, სადაც 34 ადამიანი მუშაობს?“

"დეპარტამენტის უფროსმა სახლიდან გამოიყვანა ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელი და მოსთხოვა, წასულიყო სამსახურიდან"

სავარაუდოდ, გოგა რაზმაძე არ არის შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ერთადერთი თანამშრომელი, რომელიც მაღალჩინოსნების მხრიდან შესაძლო დისკრიმინაციულ მოპყრობას დაექვემდებარა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რომელიც სანდო წყაროს ეყრდნობა, 2022 წლის დასაწყისში, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი დატოვა ორმა თანამშრომელმა. წყაროს ინფორმაციით, დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ერთ-ერთ მათგანს პირადად მოსთხოვა სამსახურის დატოვება:

„ამ თანამშრომლის ოჯახის წევრი აირჩიეს ერთ-ერთი რეგიონის საკრებულოს წევრად ოპოზიციური კვოტით. გიორგი ოსაძემ ღამით, სახლიდან გამოიყვანა თანამშრომელი და უთხრა, რომ სამსახურიდან უნდა წასულიყო. თუ არ წახვალ, რეორგანიზაციას გამოვაცხადებთ და შენს გამო სხვებიც შეეწირებიან ამ პროცესსო. საბოლოოდ, დეპარტამენტის ერთ-ერთმა საუკეთესო თანამშრომელმა სამსახურის დატოვება გადაწყვიტა, რადგან შეუზღუდეს აბსოლუტურად ყველა უფლება, აღარ მისცეს მუშაობის გაგრძელების საშუალება და დეპარტამენტი მან და კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას წყარო.

შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძისა და შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი ოსაძის კომენტარი ვთხოვეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს. თუმცა, უწყებიდან ჩვენს თხოვნაზე პასუხი, ამ დრომდე, არ მიგვიღია.

რა საფრთხეს შეიცავს სახალხო დამცველის გადაწყვეტილება?

გოგა რაზმაძე ახლა დარწმუნებულია, რომ სახალხო დამცველის გადაწყვეტილებამ, რომელმაც მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო დისკრიმინაციის საქმე შეწყვიტა, მწვანე შუქი აუნთო შს მინისტრის მოადგილეს და გენერალურ ინსპექციას მის წინააღმდეგ შემდგომი რეპრესიების განხორციელების პროცესში:

„სახალხო დამცველს 24 ოქტომბერს კიდევ მივაწოდე დამატებითი ინფორმაცია ჩემს მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ - მაგალითად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სრულიად მოულოდნელად შემიწყვიტეს საშვის დაშვების ფუნქცია, თუმცა, ეს გარემოება სახალხო დამცველმა დასკვნის საბოლოო ვერსიაში საერთოდ არ გაიზიარა. ვფიქრობ, შსს, სავარაუდოდ, ელოდებოდა სახალხო დამცველის დასკვნას, რომელმაც მწვანე შუქი აუნთო უწყებას, ახლა რაც გინდათ ის ქენითო. აღარაფერს გამოვრიცხავ, სამინისტროში ნებისმიერი პროვოკაციის რისკი იზრდება. აუდიტი მთავრდება 29 ნოემბერს და იმ აუდიტის დასკვნით პირდაპირ გადახაზავენ ჩვენს დეპარტამენტს. ყოველ შემთხვევაში, იქნება სერიოზული გარდაქმნები და ეს მე და ჩემ მეგობრებს რომ შეგვეხება, ამაში დარწმუნებული ვარ“.

გოგა ხატიაშვილი, უფლებადამცველი, იურისტი და შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სახალხო დამცველის გადაწყვეტილება ქმნის სახიფათო პრეცედენტს და გზავნილს სხვადასხვა უწყებაში დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებსაც სისტემაში არსებულ პრობლემებზე ლაპარაკისას მხარდაჭერის ბერკეტი და იმედი ეცლებათ ხელიდან:

გოგა ხატიაშვილი
გოგა ხატიაშვილი

„არ არის ხშირი, როდესაც თავად უწყების თანამშრომელი საუბრობს უწყების შიგნით არსებულ გამოწვევებზე და მის მიმართ შევიწროებასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებს მაღალი რგოლის თანამდებობის პირებს და ამას აკეთებს ისევ იმ უწყებაში დარჩენის პირობებში. ეს საკმაოდ დიდ გამბედაობას მოითხოვს და, შესაბამისად, ეს მახასიათებელი უნდა გაეთვალისწინებინა სახალხო დამცველს და ამიტომ ამ საქმეში უფრო მეტი მონდომება, გულმოდგინება და გამჭვირვალობა მართებდა.

ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, ატარებდეს საგანგაშო სიგნალს საჯარო უწყებებისთვის, რადგან იქ დასაქმებულმა ადამიანებმა იფიქრონ, რომ თუკი მომავალში ისინი იქნებიან დისკრიმინაციის მსხვერპლები ან გადაწყვეტენ, რომ პრობლემებზე საჯაროდ ისაუბრონ, ვეღარ გაბედონ ამის შემდეგ ლაპარაკი, რადგან არ ექნებათ მხარდაჭერის იმედი. არ ვიცი, ეს რისკები და საფრთხეები რამდენად აქვს გათვლილი სახალხო დამცველს ამ გადაწყვეტილებით. ეს მარტო ერთ საქმეზე კი არ ახდენს გავლენას, არამედ ეს შეიძლება ზოგადი უნდობლობის მიზეზი გახდეს“.

გოგა რაზმაძის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას დისკრიმინაციის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, განცხადებით გამოეხმაურა.

საია მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის გადაწყვეტილება არ ეფუძნება საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას და, შესაბამისად, არის დაუსაბუთებელი.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სახალხო დამცველის აპარატში საქმის განხილვის დროს გამოიკვეთა არაერთი პრობლემა. კერძოდ, აპარატი არ დაინტერესდა გოგა რაზმაძის მიერ განცხადებაში მოწმედ მითითებული პირების გამოკითხვით. ამასთანავე, საია წერს, რომ სახალხო დამცველმა, დამაზუსტებელი შეკითხვების დასმის გარეშე იხელმძღვანელა შსს-ს მიერ წარმოდგენილი საპასუხო პოზიციით, მაშინ, როდესაც გოგა რაზმაძის მიერ წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტაცია ეჭვქვეშ აყენებდა შსს-ს განმარტებებს.

„სახალხო დამცველმა, შეფასების პროცესში არ გაითვალისწინა გოგა რაზმაძის მიერ წარდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებები, მათ შორის, იმ მიმოწერის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებშიც აშკარად იკვეთებოდა, რომ გოგა რაზმაძეს ჰქონდა შსს მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის მცდელობები, თუმცა, შემხვედრი ნების არარსებობის გამო, წერილები სრულიად უპასუხოდ დარჩა. სახალხო დამცველი არც შსს-ს გენერალურ ინსპექციაში იძულების ფაქტებთან დაკავშირებულ წარმოებას ითვალისწინებს“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, იკვეთება, რომ სახალხო დამცველმა გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მიიღო საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე, რაც ცხადად მიუთითებს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე. „დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები განსხვავებული მოსაზრების ნიშნით შევიწროებას გამორიცხავს, ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის საქმეებზე შე კანონმდებლობითა და პრაქტიკით დადგენილ მტკიცების სტანდარტს“, - ვკითხულობთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG