Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შუალედური არჩევნების პოლიტიკური თამაშები - რას  მოიტანს ოპოზიციის თანამშრომლობა


2019 წლის 19 აპრილს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს ასევე 19 მაისს ჩაატაროს მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები. პოლიტიკურ პარტიებს და საინიციატივო ჯგუფებს უკვე შეუძლიათ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში რეგისტრაციის გავლის მიზნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართონ. თავმჯდომარისთვის მიმართვის ვადა 23 მარტის 18 საათისთვის იწურება. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საჯარო ასპარეზზეც გააქტიურდნენ არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიები და საინიციატივო ჯგუფები. მათმა ნაწილმა უკვე დაასახელა თავისი კანდიდატი.

ვინ აპირებს მთაწმინდის დეპუტატის მანდატისთვის ბრძოლას

საქართველოს პარლამენტში თბილისის მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გათავისუფლდა. ამ დროისათვის ამ მანდატის ფლობის მხოლოდ რამდენიმე მსურველის ვინაობაა ცნობილი.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს სურვილი გამოხატა, იყო ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია. არჩევნებში იგი დამოუკიდებელ კანდიდატად აპირებს მონაწილეობის მიღებას. მისი პრიორიტეტები გამარჯვების შემთხვევაში იქნება ავარიული სახლების პრობლემის გადაჭრა, უბნების გამწვანება, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონზე მუშაობა და სხვა.

ერთი თვის წინ გააკეთა მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადი კობა დავითაშვილმა. არჩევნებში იგი ასევე დამოუკიდებელ კანდიდატად აპირებს მონაწილეობის მიღებას, თუმცა მისი ამოცანაა შექმნას კონსერვატიული პოლიტიკური ძალა. კობა დავითაშვილის თქმით, ეს ძალა იქნება არა მესამე, არამედ პირველი - 2020 წლის არჩევნებში წარმატების შანსებით.

მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, სოფიო ხორგუანი. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში იგი გეგმავს იზრუნოს მთაწმინდის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე; გადასახადების შემცირებაზე მათთვის, ვინც ტურისტებზე აქირავებს სახლებს; მხარს დაუჭერს ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას და სხვა.

პოლიტიკურმა მოძრაობამ „გირჩი“ თავის კანდიდატად მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მოძრაობის წევრი ჰერმან საბო დაასახელა. მხარდამჭერთა მობილიზაციის მიზნით, ე.წ. „გირჩული კამპანიის“ ფარგლებში, მან მოუწოდა მთაწმინდის ამომრჩეველს თავიანთ ბინებში ჩაიწერონ ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები მხარდამჭერები. ჰერმან საბო ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში „გირჩის“ ხმა აუცილებლად უნდა ისმოდეს.

მგონია, რომ მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც მარტივად დაანახებს კონტრასტს დღევანდელ ტრაფარეტულ პოლიტიკოსებს შორის და ახალგაზრდულ, მართლა შინაარსზე, ადამიანურ ენაზე მოლაპარაკე პოლიტიკოსებს შორის,“- ამბობს ჰერმან საბო. იგი ჰპირდება ამომრჩეველს, იყოს ერთგვარი რეპორტიორი და მათთვის გასაგებ ენაზე განმარტოს პარლამენტში მიღებული კანონები, „რომლებიც ცოტ-ცოტა ზღუდავს მათ უფლებებს.

პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „ევროპულმა საქართველომ“ ერთად დაასახელეს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე. შუალედური არჩევნებისთვის შექმნილი საარჩევნო ბლოკი არც სამომავლო თანამშრომლობას გამორიცხავს, მათი კანდიდატი შალვა შავგულიძე კი ამბობს, რომ საერთო მიზნებს შორისაა სამართლის უზენაესობის დამკვიდრება, ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის რეალური მექანიზმების ამოქმედება, ავტორიტარული მმართველობის დაუშვებლობა და სხვა.

მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები

უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო, 19 მაისს მერებს აირჩევენ მარნეული, ზესტაფონი, ჭიათურა, ზუგდიდი და ხულო. 8 დეპუტატის შუალედური არჩევნები გაიმართება რამდენიმე საკრებულოშიც. ჯერჯერობით არც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებია ცნობილი და არც კონკრეტული კანდიდატები, ერთის გამოკლებით. ზუგდიდში „გაერთიანებულმა ოპოზიცია“ მერობის კანდიდატად ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი წარადგინა.

გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განმარტებით, ზუგდიდი გაერთიანებული ოპოზიციის ძალისხმევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება. „ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ გვეყოლება ღირსეული კანდიდატი, რომელიც ზუგდიდსაც და სამეგრელოსაც ძალიან უყვარს“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ, რომლის თანახმად, „გაერთიანებული ოპოზიცია“ არჩევნებში მონაწილეობას ყველა ოლქში აპირებს, თუმცა რა ფორმით, ყრილობის შემდეგ გახდება ცნობილი. მისივე თქმით, კონსულტაციები ამ საკითხზე უკვე დაწყებულია.

შუალედური არჩევნები - როგორ ლაგდება პოლიტიკური მოზაიკა?

საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის ოლქში, ისევე როგორ სხვაგან, თავისი კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია „ქართულ ოცნებას“. მმართველი პარტიის წევრთა საჯარო განცხადებებით „ქართული ოცნების“ კანდიდატი უკონკურენტო იქნება. ასე არ ფიქრობს პოლიტიკური ოპოზიცია, რომლის ერთმა ნაწილმა დეკლარირებული თანამშრომლობა, შეიძლება ითქვას, უკვე აქცია საქმედ. „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ შუალედური არჩევნებისთვის ბლოკის შექმნისა და მთაწმინდის ოლქში საერთო კანდიდატის შესახებ განცხადება 21 მარტს გააკეთეს. როგორც მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ გვითხრა, მიღწეულია შეთანხმება იმის შესახებაც, რომ „გაერთიანებული ოპოზიცია“ თავის კანდიდატს მთაწმინდის ოლქში არ დააყენებს და მხარს შალვა შავგულიძეს დაუჭერს:

„როდესაც თავისუფალმა დემოკრატებმა გადავწყვიტეთ, რომ მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში ჩემი კანდიდატურა დაგვეყენებინა, რა თქმა უნდა დავიწყეთ კომუნიკაცია დასავლური ორიენტაციის ოპოზიციურ ძალებთან. ყველაზე ახლო კომუნიკაცია და კონსულტაციები გვქონდა „ევროპულ საქართველოსთან“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობასთან“, სხვა სუბიექტებთანაც - დავით უსუფაშვილთან, ალეკო ელისაშვილთან. „ევროპულ საქართველოსთან“ შევთანხმდით, რომ საარჩევნო ბლოკს შევქმნიდით და ჩემს კანდიდატურას დავუჭერდით მხარს.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ის შეთანხმებაა მიღწეული, რომ ისინი არ დააყენებენ კონკურენტ კანდიდატურას მთაწმინდის ოლქში და ამის საპირწონედ „ევროპული საქართველო“ არ დააყენებს კანდიდატურას ზუგდიდში. სხვა მაჟორიტარულ ოლქებში, ადგილობრივი არჩევნებშიც შეთანხმების რეჟიმში ვიმოქმედებთ“, - გვითხრა შალვა შავგულიძემ. მისივე განმარტებით მკაფიოდ პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკურმა ძალებმა უნდა შეძლონ იმ ხარისხის თანამშრომლობა მაინც, რომ ერთმანეთს მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატები არ დაუყენონ და ერთმანეთი არ დაასუსტონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შალვა შავგულიძის თქმით, ძნელი იქნება არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხება.

შუალედური არჩევნები - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების რეპეტიცია

„ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო ბლოკის შექმნას ამ ეტაპზე სწორ ნაბიჯად მიიჩნევს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე. მისი თქმით, მესამე ძალის არარსებობის პირობებში ოპოზიციამ უნდა გადაწყვიტოს, რას აპირებს. მისივე შეფასებით, თუ ოპოზიციას უნდა რომ რაღაც რეალური საყრდენი ჰქონდეს, მან უნდა შეძლოს თანამშრომლობა:

ვახტანგ ძაბირაძე
ვახტანგ ძაბირაძე

ვნახოთ რას მოგვიტანს პირველი გაერთიანება მთაწმინდაზე და შემდეგ ვიმსჯელოთ რა იქნება 2020 წლისთვის. ეს არის ძალების მოსინჯვა და ელექტორატის მოსინჯვა 2020 წლისთვის „- ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კი ფიქრობს, რომ სახეზეა პოლიტიკური კოალიციის შექმნის მცდელობის პირველი ჩანასახი, გამოკვეთილი იდეოლოგიური ხაზის მიხედვით.

დავაკვირდეთ როგორ განვითარდება მოვლენები. თვითონ ამ გაერთიანებაზე მე მაინც და მაინც დიდ იმედებს არ დავამყარებდი იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ეს ნარატივი "ნაციონალური მოძრაობის" კომპრომატთან დაკავშირებით გარკვეულწილად მას აქცევს ჩაკეტილ სისტემად. ეს ეხება იგივე "ევროპულ საქართველოსაც". თუმცა "ქართული ოცნება" კომპრომეტირების თვალსაზრისით დაეწია ფაქტიურად "ნაციონალურ მოძრაობას" და სადღაც გაასწრო კიდეც. .მოგეხსენებათ პოლიტიკაში ყველაფერი ფარდობითია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს“- აღნიშნავს გია ხუხაშვილი. მისი აზრით, 19 მაისის შუალედური არჩევნები 2020 წლის არჩევნების გენერალურ რეპეტიციად არ შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ერთ-ერთ რიგითი რეპეტიცია მაინც არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG