Accessibility links

ჩაკეტილი ახალგორი


ახალგორის გზა

6 დღეა, რაც ახალგორის რაიონი ჩაკეტილია. საოკუპაციო ძალებმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ დაბის შესასვლელი 4 სექტემბერს სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით ჩაკეტეს და მის გახსნას 6 სექტემბრისთვის აპირებდნენ, თუმცა პირობა არ შესრულდა. ახალგორელების ნაწილმა დაბა მის ჩაკეტვამდე დატოვა, დაბაში დარჩენილები კი გზის გახსნას ითხოვენ. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. მიზეზად ცხინვალის რეჟიმი „ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვრის“ ცალკეულ მონაკვეთებზე ოფიციალური თბილისის მიერ დაძაბულობასა და აქედან გამომდინარე გართულებულ ოპერატიული მდგომარეობას“ ასახელებს.

„სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დროებით წყდება სამხრეთ ოსეთ-საქართველოს შორის გადამკვეთი პუნქტების ფუნქციონირება „რაზდახანსა“ და „სინაგურში“ , - წერია უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, გამშვები პუნქტების ამუშავება ვითარების დასტაბილურების შემდეგ იგეგმება.

გუშინ გაკეთებული განცხადებით, ვადა, ფაქტობრივად, არ დაუსახელებიათ, როდის შეიძლება გაიხსნას. ეს ზეწოლის მექანიზმია, რომლის მსხვერპლი და მძევალიც მოსახლეობაა, უბრალო ადამიანები, ძირითადად ახალგორის მოსახლეობა, სადაც უმეტესობა ეთნიკურად ქართველია.
ქეთევან ციხელაშვილი

ახალგორის მკვიდრი, სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ დაბაში რთული ვითარებაა - ადგილობრივი მოსახლეობა შეშინებულია და გაურკვევლობაშია, რადგან მათ არავინ ატყობინებს, როდის გახსნიან ეგრეთ წოდებულ რაზდახანის გამშვებ პუნქტს. მეარაყიშვილის ტრადიციული დაკვირვებით, პროდუქტებისა და მედიკამენტების დეფიციტი ორ კვირაში თვალში საცემი გახდება და, გარდა ამისა, ადგილზე ცხინვალიდან შეტანილი პროდუქცია ძალიან გაძვირდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დე ფაქტო ხელისუფლებასა და საოკუპაციო რეჟიმს მოუწოდებს შეწყვიტოს ადამიანთა გადაადგილების უფლების დარღვევა და გახსნას გზა ახალგორის მიმართულებით. სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ საკითხის გადასაჭრელად საერთაშორისო ორგანიზაციებიც საქმის კურსში არიან.

დე ფაქტო ხელისუფლებამ ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტის ჩაკეტვა წნელის-ჩორჩანის მიმართულებით შექმნილ ვითარებას დაუკავშირა და ამ საკითხის მოგვარებამდე ახალგორის მიმართულებით გზის გახსნაზე უარს ამბობს. უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე განმარტავს, რომ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოა შექმნილი და ის ადგილზე ვითარების დაძაბვას ხელს არ უწყობს. საქართველოს ხელისუფლება, ოსური მხარის მოთხოვნის მიუხედავად, საგუშაგოს აღებას არ აპირებს.

„აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც ხდება. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ არალეგიტიმური და უკანონოა“, - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დაკეტვასთან დაკავშირებით გააკეთა.

ახალგორი
ახალგორი


მისი თქმით, შეუძლებელია ამ ყველაფერს რაიმე საბაბი და არგუმენტი ჰქონდეს. სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, ეს მოსახლეობაზე პირდაპირი ზეწოლაა:

ამ ჯერზე, როდესაც ოძის-ახალგორის მიმართულებით მოძრაობა სრულიად შეფერხდა, თავად ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა განცხადება, რომ ეს ორი დღით იყო. გუშინ გაკეთებული განცხადებით, ვადა, ფაქტობრივად, არ დაუსახელებიათ, როდის შეიძლება გაიხსნას. ეს ზეწოლის მექანიზმია, რომლის მსხვერპლი და მძევალიც მოსახლეობაა, უბრალო ადამიანები, ძირითადად ახალგორის მოსახლეობა, სადაც უმეტესობა ეთნიკურად ქართველია, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ასევე ძალიან მძიმედ მოქმედებს ჩვენს ოს მოსახლეობაზე. როცა ერთადერთი სასიცოცხლო ხაზი იკეტება, ფაქტობრივად, რეგიონის სრული იზოლაცია ხდება და ჰუმანიტარული თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობა იქმნება“.

ჩორჩანის საგუშაგოზე დე ფაქტო ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯი მხოლოდ ახალგორის ჩაკეტვა არ ყოფილა. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანას, წაღვლისა და ყობის მიმდებარე ტყეში დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე მოაწყვეს ეგრეთ წოდებული სასაზღვრო საგუშაგო. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ნაგებობა მათ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ააშენეს და მის სასწრაფოდ აღებას მოითხოვს. საგუშაგოების საკითხს მხარეების წარმომადგენლები ტექნიკურ შეხვედრებზე განიხილავენ. 13 სექტემბერს ერგნეთში კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება და საგუშაგოების საკითხს უკვე ახალგორისკენ გადაადგილების პრობლემაც დაემატება.

დაწერეთ კომენტარი

ლელა გულედანი დევნილთა პროტესტზე
please wait

No media source currently available

0:00 0:52:56 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
ლელა გულედანი დევნილთა პროტესტზე
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG