Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩატეხილი ხიდი“ თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის


ლაგოდეხი
ლაგოდეხი

საქართველოში კვლავ დაბალია მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მესამე სექტორი ამის მიზეზად ნაკლებ დეცენტრალიზაციასა და ბიუროკრატიულ პროცედურებს ასახელებს. მათ მთავრობისთვის რეკომენდაციებიც აქვთ. რატომ არის მოსახლეობის დიდი ნაწილი განწყობილი ნიჰილისტურად და როგორია ადგილობრივი ხელისუფლების გეგმები?

გადმოწერა

„საქართველოში მოსახლეობის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში კატასტროფულად დაბალია“, - ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასება. ორგანიზაცია მოსახლეობის ნიჰილისტურ განწყობილებას რამდენიმე მიზეზით ხსნის.

ლაგოდეხის საკრებულოს შენობა
ლაგოდეხის საკრებულოს შენობა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეგიონალური ოფისების კოორდინატორ მალხაზ ჭკადუას თქმით, მოსახლეობის დიდ ნაწილს არა აქვს ინფორმაცია საკრებულოს სხდომების გამართვის შესახებ, ასევე რთულია მოეწყოს დასახლების საერთო კრება, სადაც ადგილობრივებმა უნდა გამოავლინონ ყველაზე აქტუალური პრობლემა და მისი მოგვარება მოითხოვონ.

ჭკადუასავე თქმით, აქ ყველაზე უფრო პრობლემური ის არის, რომ თუკი სიძნელის მიუხედავად კრება მაინც ჩატარდა და დადგენილება მიიღეს, ის საკრებულოსთვის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და არა სავალდებულოს.

კიდევ ერთ პრობლემად ფინანსების ნაკლებობა სახელდება, რის გამოც ადგილობრივი ხელისუფლება კონკრეტული პროექტებისთვის ფულს ცენტრალურ მთავრობას სთხოვს:

„ბოლო 12 თვის განმავლობაში მხოლოდ მოქალაქეთა ერთი პროცენტი მისულა ადგილობრივ საკრებულოში სხდომაზე დასასწრებად. ანუ ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას ან არ აინტერესებს ის, რაც ხდება საკრებულოში, ან არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს თვითმმართველობა. ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი და ამიტომ რადიკალურად შესაცვლელია როგორც თვითმმართველობების დამოკიდებულება მოქალაქეებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ასევე ცენტრალური ხელისუფლების დამოკიდებულება თვითმმართველობებთან“.

ბუნებრივი აირი რომ გვქონდეს, ძალიან კარგი იქნებოდა, რადგან ყოველ კვირაში ხუთი ლარის გაზი მინდა. ამ პრობლემის მოგვარებისთვის მივმართეთ შესაბამის უწყებებს, ხელმოწერებიც შეგროვდა, თუმცა რეალურად არაფერი გაკეთებულა...

მოსახლეობის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში რომ დაბალია, ამას ჩვენ მიერ კახეთში გამოკითხული რესპონდენტებიც ადასტურებენ. მათი ნაწილი ამის მიზეზად ასახელებს წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატების მხრიდან უყურადღებობას. იმასაც ამბობენ, რომ კონკრეტული პრობლემის მოგვარება მოითხოვეს, თუმცა მათგან პასუხად დუმილი მიიღეს. მიუხედავად ამისა, არიან ისეთები, ვინც გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულია:

„ბუნებრივი აირი რომ გვქონდეს, ძალიან კარგი იქნებოდა, რადგან ყოველ კვირაში ხუთი ლარის გაზი მინდა. ამ პრობლემის მოგვარებისთვის მივმართეთ შესაბამის უწყებებს, ხელმოწერებიც შეგროვდა, თუმცა რეალურად არაფერი გაკეთებულა“;

„ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება და თვითონ წყვეტენ ყველაფერს“;

„რა ვუთხრა, რა ვთხოვო? თუ რაიმე გვითხოვია მათთვის, არაფერს არ აკეთებენ და რა ძალა გვაქვს?!“

„თვითმმართველობას ბოლოს მივმართე გზის კონკრეტული მონაკვეთის მოხრეშის მოთხოვნით. სპეციალური განცხადება დავწერე. განცხადება ჩაიბარეს და ვიცი, რომ რეაგირება იქნება“.

გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობა რომ უფრო აქტიურად იყოს ჩართული, ლაგოდეხში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ასოციაცია“ მუშაობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თამარ მუმლაძის, თქმით, მათ 5 სოფელში სათემო ცენტრები აქვთ, რომელთა მეშვეობითაც თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას უზრუნველყოფენ, თუმცა იქ, სადაც სათემო ცენტრები არ მუშაობს, მდგომარეობა სხვაგვარია:

თამარ მუმლაძე
თამარ მუმლაძე

„ქალთა სათემო ცენტრები წლის მეორე ნახევრიდან იწყებენ საკუთარ თემში პრობლემების ძიებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კარდაკარ სიარულით ან ოფისში მოსულ ადამიანთა გამოკითხვით ადგენენ სიას იმ პრობლემებისას, რომელთა გადაჭრასაც თემის მოსახლეობა ისურვებს. შემდეგ ხდება ამ პრობლემების პრიორიტეტად ქცევა და ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ან ხუთი პრობლემა მიეწოდება ადგილობრივ თვითმმართველობას. მაგრამ იქ, სადაც ასეთი ცენტრები არ არის, რა თქმა უნდა, მოსახლეობა ძალიან პასიურია და რაღაცნაირად რჩება კონკრეტული თემი ყურადღების მიღმა“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღამბაშიძე ამბობს, რომ თვითმმართველობა, როგორც ინსტიტუცია, წლების განმავლობაში განვითარდა. რაც შეეხება მოსახლეობის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ამ მხრივ ჩამორჩენაა.

ღამბაშიძის თქმით, პროცესის წინსვლა პირდაპირ არის დამოკიდებული ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეც. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ევროკავშირის პროგრამაზეც გვიყვება, რომელიც ლაგოდეხში ხორციელდება. მისი თქმით, ამ პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. გარდა ამისა, გიორგი ღამბაშიძე ამბობს, რომ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად უფრო მეტი უნდა იმუშაოს თავად საკრებულომ:

გიორგი ღამბაშიძე
გიორგი ღამბაშიძე

„თვითმმართველობა თითქოს განვითარდა და წინ წავიდა, მაგრამ მოსახლეობა დაგვრჩა უკან, ანუ დიდი აქცენტი რომ გაკეთდა თვითონ თვითმმართველობის განვითარებაზე, მოსახლეობა ვერ დაეწია ამ პროცესს. მივიღეთ გარკვეულწილად დაშორება და ჩატეხილი ხიდი. ვმუშაობთ კონკრეტულ პროექტებზე, რომლითაც გვინდა, რომ ახალგაზრდების ჩართულობა მოვახერხოთ საკრებულოს მუშაობაში. ასევე მიზანია, ნიჭიერი ახალგაზრდები ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გაიზარდონ, როგორც წარმატებული კადრები“.

ყველა მხარე თანხმდება, რომ მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია. პერიოდულად კონკრეტული განცხადებებიც კეთდება, რომ ამ კუთხით მუშაობენ, თუმცა ირკვევა, რომ რეალურად იმ ადამიანთა რაოდენობა არ იზრდება, ვინც საკრებულოს სხდომებს დაესწრება, წარმომადგენლობით ორგანოს ინიციატივებით მიმართავს და პრობლემების მოგვარებას მოითხოვს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG