Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩიხში შესული შეთანხმება საარჩევნო სისტემაზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 15 მაისს


"დრაკონი" კედელთან - ვის ხელშია არჩევნების ბედი

არ არსებობს გარანტია, რომ პარლამენტში შეგროვდება 113 დეპუტატის ხმა ახალი საარჩევნო სისტემის დასამტკიცებლად. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ - 30-მდე სადეპუტატო მამდატით. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი, საერთაშორისო პარტნიორების მწვავე შეფასებების მიუხედავად, ოპოზიციის ულტიმატუმის შესრულებას არ აპირებს და ვერც საკონსტიტუციო ცვლილებების გატანის გარანტიას იძლევა.

პროცესი ჩიხშია და ოპოზიციამ არ უნდა დაუშვას ახალი საარჩევნო სისტემის ჩავარდნა, რადგან ამით ხელისუფლებისთვის სასურველი საქმის გაკეთდება, - ასე ფიქრობს „რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.

თუკი ხელისუფლებას უნდოდა არჩევნების სტაბილურ გარემოში ჩატარება, ის არ დააკავებდა გიგი უგულავას თუ ირაკლი ოქრუაშვილს და არ მიიყვანდა საქმეს ამ სკანდალამდე... შეიძლება ახლაოცნებაშიფიქრობენ, არ დაუჭერს მხარს საარჩევნო სისტემას ოპოზიცია?! ძალიან კარგი... დავაბრალებთ მათ და ჩვენ მშვენივრად გავიმარჯვებთ ძველი სისტემით არჩევნებში... ყველაზე ცუდი გამოსავალი (8 მარტის შეთანხმების ჩაშლა), ხელისუფლებისთვის ყველაზე კარგ გამოსავალს ნიშნავს“, - ეუბნება კახა გოგოლაშვილი რადიო თავისუფლებას.

მისი შეფასებით, პროცესის ჩიხში შეყვანას ოპოზიციაც უწყობს ხელს თავისი ღია მოწოდებებით პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

რისი იმედი აქვთ ოპოზიციურ პარტიებს 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით და რამდენად სარისკოა ოპოზიციის ბოიკოტი? შეეწირება თუ არა პოლიტპატიმრების საკითხს ძლივს შეთანხმებული ახალი საარჩევნო სისტემა? ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში - წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ეპიდსიტუაცია და საგანგებო რეჟიმის შემსუბუქების მომდევნო ეტაპები საქართველოში

დადასტურებული შემთხვევა - 667

გარდაცვლილი - 12

გამოჯანმრთელებული - 383

კარანტინში - 3873

სტაციონარში - 404

საქართველოში კორონავირუსის რეგისტრირებული რაოდენობა 667-მდე გაიზარდა. აქედან 15 ახალი შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში გამოვლინდა. ამის გამო გუშინ მთავრობამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში შეზღუდვების გაგრძელების შესახებ დადგენილება მიიღო.

გუშინ კორონავირუსის შედეგად საქართველოში მე-12 პაციენტი გარდაიცვალა. ის 81 წლის ქალია, რომელიც თანმდევი დაავადებებით 12 აპრილიდან თსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. ამ დრომდე გარდაცვალების მაჩვენებელი საქართველოში 1,7%-ია, მსოფლიოში კი გარდაცვალების მაჩვენებელი 6,9%-ია.

ორშაბათიდან საქართველოში საგანგებო რეჟიმის შემსუბუქების ახალი ეტაპი იწყება, თუმცა კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება. დასაშვები იქნება სამზე მეტი ადამიანის შეკრება, თუმცა ავტომობილში მგზავრობისას ისევ დარჩება შეზღუდვა მაქსიმუმ 3 ადამიანზე. გარდა ამისა, 18 მაისიდან იხსნება სალონები, თუმცა თმის შეჭრის მიზნით იქ მისულებს ახალი წესები დაგხვდებათ.

წაიკითხე მეტი.

დღეს მარნეულისა და ბოლნისის ჩაკეტვის კონსტიტუციურობაზე სასამართლო იმსჯელებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დღეს არსებითად განიხილავს საქართველოს მოქალაქის, გიორგი ჭაუჭიძის სარჩელს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს მარნეულისა და ბოლნისის ჩაკეტვის კონსტიტუციურობას სადავოდ ხდის. მას მიაჩნია, რომ მთავრობამ ამ გადაწყვეტილებით კონსტიტუციური უფლება, თავისუფლად გადაადგილება, აკრძალა.

„მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი არ განსაზღვრავს კონკრეტულ რეგულაციებს და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის სრულ უფლებამოსილებას გადასცემს საქართველოს მთავრობას. ამ პირობებში, საქართველოს მთავრობის მიერ მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა კი იწვევს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას“, - ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მარნეულისა და ბოლნისის შესასვლელები საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 23 მარტიდან ჩაიკეტა. მიზეზად კორონავირუსის გავრცელების შეკავება დასახელდა. რამდენიმე დღის წინ საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილება მიიღო. მარნეული 18 მაისიდან გაიხსნება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა შეზღუდვის მოხსნის შემდეგ გამოცხადდეს.

თბილისი პრაიდი მერიას 17 მაისს ანძის ცისარტყელას ფერებში განათებას სთხოვს

თბილისი პრაიდი თბილისის მერიას 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ანძის ცისარტყელას ფერებში განათებას სთხოვს. ორგანიზაციამ მიმართვა საჯაროდ გაავრცელა.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ იმ დროს, როცა შეკრების თავისუფლება შეზღუდულია, ტრანსგენდერმა ქალმა კი თვითმკვლელობა სცადა, მნიშვნელოვანია თემის წევრების მხარდაჭერა, გამხნევება და მათთვის იმის გაზიარება, რომ ისინი არ არიან მარტო პანდემიით და ჰომოფობიით გამოწვეული პრობლემების პირისპირ.

„მიგვაჩნია, რომ ანძის ცისარტყელის ფერებით განათება ის მოთხოვნაა, რომლის შესრულებაც არ მოითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღებას, არ აყენებს ადამიანებს ძალადობის ან ეპიდემიის პირდაპირი რისკების წინაშე და არც ქალაქის ბიუჯეტიდან განსაკუთრებულ დანახარჯებს მოითხოვს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

წაიკითხე მეტი.

4 თვის ჩვილის დაბრუნების მოთხოვნით მშობლებმა აქცია გამართეს

4 თვის ბარბარე აბოვიანის ოჯახში დაბრუნების მოთხოვნით, მისმა მშობლებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ცენტრთან.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, ჩვილი 8 მაისს, თბილისის რეფერალური ჰოსპიტლიდან მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. მუცლად ყოფნის მეექვსე თვეში დაბადებული ჩვილი, 4 თვის განმავლობაში, ჰოსპიტალში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ რჩებოდა.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი, მერი მაღლაფერიძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სააგენტომ ბავშვის ოჯახისგან განცალკევების გადაწყვეტილება ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო:

გვესმის, რომ ეს ძალიან მტკივნეული პროცესია. სამწუხაროდ, ისევ და ისევ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ დავაკონკრეტებთ მიზეზებს, თუ რატომ გადაწყდა ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაყვანა. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. თუმცა, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ამ ოჯახთან ჩვენ უკვე რამდენიმე წელია სხვა შემთხვევების გამო ვმუშაობთ, რომელიც ასევე უკავშირდება ბავშვებს. ისინი სხვადასხვა პროგრამაში არიან ჩართულნი. მეტ დეტალს ვერც ამ შემთხვევაში დავაკონკრეტებთ. ხაზგასმით ვამბობთ, ბავშვი გადაყვანილია მინდობით აღზრდაში და ის არ არის გაშვილებული“.

წაიკითხე მეტი.

შერყვნილია თუ არა შოთას სახელი?

თბილისის ცენტრალური გამზირი რუსთაველის სახელს ატარებს. რუსთაველის სახელობისაა სახელმწიფო თეატრი და ლიტერატურის ინსტიტუტი. დედაქალაქის ცენტრში დგას რუსთაველის ძეგლი, იქვეა მეტროს სადგური „რუსთაველი“...- ერთი შეხედვით, „ვეფხისტყაოსნის“ ავტორს საქართველოში დაფასება არ აკლია, თუმცა, ამის მიუხედავად, აკადემიკოსი აკაკი შანიძე მიიჩნევდა, რომ გენიოს პოეტს, რომელმაც კაცობრიობის საგანძურში ლიტერატურის შედევრი შეიტანა, „იმდენი პატივი ვერ ვეცით, რომ მის ვინაობის სახელს კი არ ვცვლიდეთ, არამედ იმ ფორმით ვხმარობდეთ, როგორც თვითონ წერდა და მის დროს ითქმოდა“-ო.

აკაკი შანიძე დარწმუნებული იყო, რომ ვეფხისტყაოსნის ავტორი რუსთველი იყო და, შესაბამისად, უნდა გვქონდეს რუსთველის გამზირი, მეტროს სადგური „რუსთველი“, „რუსთველის თეატრი“ და ა.შ.

„ბევრჯერ მითქვამს და მიწერია, რომ ჩვენი სათაყვანებელი პოეტი შოთა, რომელმაც შექმნა უკვდავი „ვეფხისტყაოსანი“, რუსთველი იყო და არა რუსთაველი, როგორც ახლა გავრცელებულია საყოველთაოდ. თვით შოთა თავის თავს რუსთველს უწოდებს. პოემის შესავალში იკითხება:

დავჯე, რუსთველმან გავლექსე,
მისთვის გულს ლახვარ-სობილი,
აქამდის ამბად ნათქვამი,

აწ მარგალიტი წყობილი“, - წერდა აკაკი შანიძე ჟურნალ „დროშის“ 1980 წლის იანვრის ნომერში გამოქვეყნებულ წერილში და ერთგვარი გაღიზიანებითაც კი შენიშნავდა, რომ ვეფხისტყაოსნის ავტორი იყო რუსთველი და მისი გვარი ასე იბრუნვოდაო: რუსთველი, რუსთველმა, რუსთველს, რუსთველისა ან რუსთვლის, რუსთველო.

წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

  • რა შეიცვალა ქართული კლუბებისთვის 2018 წლის 12 მაისიდან დღემდე და რა შეიძლება მოხდეს მომავალში - ამაზე რადიო თავისუფლება „ბასიანის“ დამფუძნებელ ნაჯა ორაშვილს და Horoom Night-ის დამფუძნებელ გიორგი კიკონიშვილს ელაპარაკა.
  • ისინი, ამავე დროს, ავტორები არიან დოკუმენტური ფილმისა Dance or Die, რომელიც საქართველოში ცეკვის, როგორც ბრძოლის ისტორიას მიმოიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG