Accessibility links

"დრაკონი" კედელთან - ვის ხელშია არჩევნების ბედი


არ არსებობს გარანტია, რომ პარლამენტში შეგროვდება 113 დეპუტატის ხმა ახალი საარჩევნო სისტემის დასამტკიცებლად. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ - 30-მდე სადეპუტატო მანდატით. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი, საერთაშორისო პარტნიორების მწვავე შეფასებების მიუხედავად, ოპოზიციის ულტიმატუმის შესრულებას არ აპირებს და ვერც საკონსტიტუციო ცვლილებების გატანის გარანტიას იძლევა.

რისი იმედი აქვთ ოპოზიციურ პარტიებს 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით და რამდენად სარისკოა ოპოზიციის ბოიკოტი? შეეწირება თუ არა პოლიტპატიმრების საკითხს ძლივს შეთანხმებული ახალი საარჩევნო სისტემა? ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში?

პროცესი ჩიხშია და ოპოზიციამ არ უნდა დაუშვას ახალი საარჩევნო სისტემის ჩავარდნა, რადგან ამით ხელისუფლებისთვის სასურველი საქმის გაკეთდება, - ასე ფიქრობს „რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.

„თუკი ხელისუფლებას უნდოდა არჩევნების სტაბილურ გარემოში ჩატარება, ის არ დააკავებდა გიგი უგულავას თუ ირაკლი ოქრუაშვილს და არ მიიყვანდა საქმეს ამ სკანდალამდე... შეიძლება ახლა „ოცნებაში“ ფიქრობენ, არ დაუჭერს მხარს საარჩევნო სისტემას ოპოზიცია?! ძალიან კარგი... დავაბრალებთ მათ და ჩვენ მშვენივრად გავიმარჯვებთ ძველი სისტემით არჩევნებში... ყველაზე ცუდი გამოსავალი (8 მარტის შეთანხმების ჩაშლა), ხელისუფლებისთვის ყველაზე კარგ გამოსავალს ნიშნავს“, - ეუბნება კახა გოგოლაშვილი რადიო თავისუფლებას.

მისი შეფასებით, პროცესის ჩიხში შეყვანას ოპოზიციაც უწყობს ხელს თავისი ღია მოწოდებებით პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით:

  • „არცერთი ხელისუფლება არ აღიარებს, რომ პოლიტპატიმრები ჰყავს... ხელისუფლება ამ მოწოდებების ფონზე არ გამოუშვებს დაკავებულებს - გამოდის, რომ დრაკონი მიაყენე კედელთან,.. ასეთი მოწოდებების შესრულება ხელისუფლებისთვის პოლიტიკური მარცხი იქნება“;
  • „თუკი ახალი საარჩევნო სისტემა ჩავარდება, არცერთი მხარე არ იქნება პირნათელი ხალხის წინაშე, რადგან - ხალხს უნდა, რომ მმართველობის მონოპარტიული სისტემა დაინგრეს და შეიქმნას პლურალისტული პარლამენტი“.

„ძალიან სამწუხარო იქნება, თუ საარჩევნო რეფორმა ჩავარდება. ამ შემთხვევაში იზარალებს არა ესა თუ ის პარტია ან პარტიათა ჯგუფი, არამედ თითოეული ქართველი და ქვეყნის დემოკრატიული პერსპექტივა“, - წერს სოციალურ ქსელში „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი, შოთა დიღმელაშვილი.

20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწყებული რამდენიმეთვიანი ქუჩის საპროტესტო აქციების ფარგლებში, „სირცხვილიას“ ერთ-ერთ უმთავრეს მოთხოვნას სწორედ საარჩევნო სისტემის შეცვლა წარმოადგენდა. სწორედ ამ აქციების კვალდაკვალ დადო „ქართულმა ოცნებამ“ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება. მართალია, ეს დაპირება არ შესრულდა, მაგრამ საფუძველი ჩაუყარა მოლაპარაკებათა პროცესის გაგრძელებას უკვე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით.

შოთა დიღმელაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციამ უარი არ უნდა თქვას საარჩევნო სისტემის მხარდაჭერაზე:

  • „ოპოზიციამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რათა არ გაებას ბიძინა ივანიშვილის მარტივ მახეში და შეთანხმების დარღვევის დროში კარგად გათვლილ მუქარას, შეთანხმების დარღვევის აქტით არ უპასუხოს“.
  • „უნდა გავაძლიეროთ წნეხი და უბრალოდ ვაიძულოთ ხელისუფლება კომპრომისზე წავიდეს, როგორც ერთხელ უკვე ვქენით. ოღონდაც ხელისუფლებას აიძულებ უსიამოვნოთი და არა სასიამოვნოთი - რეფორმის ჩაგდებაში "ოპოზიციის როლის" გამოკვეთა მათთვის საერთოდ არაა უსიამოვნო“.
  • „პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებისთვის ბრძოლაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წნეხი გაცილებით ძლიერი იქნება, თუ ხელისუფლებას ისე შევიყვანთ ჩიხში, რომ ჩვენც არ შევყვებით“.
  • „ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი იქნება ივანიშვილი“ - ოპოზიციური ერთობის განცხადება

რას გეგმავს და რას ეყრდნობა ოპოზიცია?

ოპოზიციურმა ერთობამ საბოლოო გადაწყვეტილება 13 მაისს გამოაცხადა - თუკი ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას სრულად არ შეასრულებს და პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ პარლამენტში მხარს არ დაუჭერენ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებებს.

თუმცა ოპოზიციურ ერთობას იმედი აქვთ, რომ საქმე აქამდე არ მივა და ხელისუფლება იძულებული გახდება - თავისი ნების საწინააღმდეგოდ წავიდეს.

სამოქმედო გეგმაში განიხილება სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციების გამართვაც, მაგრამ, რადგან კორონავირუსის გავრცელების საფრთხე შესაძლებლობებს ზღუდავს, ოპოზიციის ძირითადი იმედები მაინც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას უკავშირდება.

  • „ჩვენ ვიმუშავებთ ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, რომ მოხდეს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება პირველ რიგში იმისთვის, რომ შიდა და გარე ზეწოლის ქვეშ ხელისუფლებამ შეასრულოს შეთანხმება მთლიანად“ - დავით ბაქრაძე, „ევროპული საქართველო“;
  • „იმისთვის, რომ ის (ივანიშვილი) რამენაირად გაირეცხოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში, იმისთვის, რომ ის არ დადგეს საერთაშორისო სანქციების საფრთხის წინაშე, მან უნდა შეასრულოს შეთანხმების ორივე კომპონენტი“ - თინა ბოკუჩავა, „ევროპული საქართველო“;
  • „მერწმუნეთ, აუცილებლად გამოუშვებენ დაკავებულებს... ხელისუფლების გაჯიუტება გააძლიერებს საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლას და ოპოზიციური ერთიანობაც მაინცდამაინც კარგ ხასიათზე ვერ დააყენებს ხელისუფლებას“ - ნინო ბურჯანაძე, „ერთიანი საქართველო“;
  • „ძალიან მალე, თუ ასე გააგრძელა, ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს საპატიო ადგილს მთელი მსოფლიოს რეესტრში ჩრდილოეთკორეელ ლიდერთან ერთად... ივანიშვილს, კალაძეებს, მდინარაძეებს, თალაკვაძეებს დაუწესდებათ სანქციები და რეჟიმი ჩამოემხობა“ - შალვა ნათელაშვილი, „ლეიბორისტული პარტია“.

ოპოზიციას იმედს აძლევს საერთაშორისო პარტნიორების მწვავე განცხადებები, მათ შორის, ტექსტებში გამოყენებული ტერმინი „პოლიტპატიმრები“. ოპონენტები იშველიებენ ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის მხარდაჭერის საკვანძო მნიშვნელობის კომპონენტი მიბმულია საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე და, სხვა საკითხებთან ერთად, განსაკუთრებით - კანონის უზენაესობის მდგომარეობაზე.

„ეს ძალიან სერიოზული გაფრთხილებაა. ვინაიდან, 500 მილიონიდან, რომელიც უნდა მივიღოთ ევროკავშირისგან, ჯერჯერობით ხელი მოწერილია მხოლოდ ერთ დოკუმენტზე - 73 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას ემსახურება.

აქ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ თუკი არ შესრულდება ის ვალდებულებები, რომელიც ხელისუფლებამ აიღო ოპოზიციისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, მაშინ, შესაძლებელია, რომ ამ დახმარების გადმოცემა ეჭვქვეშ დადგეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი - დავით მათიკაშვილი, თანაგუნდელების მსგავსად, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას ოპონენტების ინტერესებით ნაკარნახევ სრულიად უსაფუძვლო განცხადებად მიიჩნევს - „საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, თუ რა მაღალი შეფასება მიიღო საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, დახმარებაც სწორედ ამ მიმართულებით იქნა გამოყენებული. არ შეიძლება, დახმარებასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ძმაკაცების ციხიდან გამოშვებას შორის რაიმე სახის ტოლობა დაფიქსირდეს, სწორედ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი“.

საერთაშორისო პარტნიორების მწვავე მესიჯები ხელისუფლებას არ აღელვებს. განმარტებების თანახმად, საერთაშორისო პარტნიორების ნაწილს კრებითი „ნაციონალური მოძრაობის“ სუბიექტური მხარდაჭერის სურვილი ამოძრავებს, ნაწილი კი - არასწორ ინფორმაციას ფლობს და მათ შორის სახელდება სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიშიც.

როგორც კახა გოგოლაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ხელისუფლება არ მოერიდება ისედაც დაზიანებული საერთაშორისო ავტორიტეტის კიდევ უფრო დაზიანებას, თუკი მას შესაძლებლობა მიეცემა რაიმე ხერხით შეინარჩუნოს ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემა.

ანალიტიკოსი არ მოელის ამერიკისა თუ ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გაუარესებას, რადგან დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური კონტექსტი და ის აზერბაიჯანსა და ბელარუსთანაც კი თანამშრომლობს.

გროვდება თუ არა ხმები პარლამენტში?

თუკი „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებების გატანა მართლა უნდა, მას შეუძლია ეს უჩვენოდაც გააკეთოსო - აცხადებენ ოპოზიციურ ერთობაში.

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“, ერთად აღებული, პარლამენტში 26 დეპუტატი ჰყავთ. ოპოზიციის აზრით, ხმების ასეთი დანაკლისი გადამწყვეტი არ იქნება, თუკი ყველა დანარჩენმა დაუჭირა მხარი.

თეორიულად მართლაც შესაძლებელია, რომ პარლამენტში მოგროვდეს საკონსტიტუციო ცვლილებების გასატანად საჭირო 113 ხმა.

  • „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ამ ეტაპზე 93 დეპუტატს ითვლის;
  • მხარდაჭერის განაცხადი უკვე გააკეთა ფრაქციამ „დამოუკიდებელი დეპუტატები“ - მათ სათვალავზეა 6 დეპუტატი;
  • წინასწარი განცხადებების თანახმად, საკითხს მხარი უნდა დაუჭიროს „პატრიოტთა ალიანსმაც“ - ფრაქციის სათვალავზეა 7 დეპუტატი;
  • მხარდაჭერა გამოხატა ასევე არაერთმა უფრაქციო დეპუტატმა.

თუმცა გარანტიები არ არსებობს. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მხოლოდ უმრავლესობის მხარდაჭერაზე აგებს პასუხს და თუკი საკითხი ჩავარდება, ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება. „ქართულ ოცნებაში“ ხშირად ამბობენ, რომ ოპოზიციის ბოიკოტს არჩევნებში წაგების შიში და პროცესების დესტრუქციულ რეჟიმში გადაყვანის სურვილი განაპირობებს.

ემუქრება თუ არა საფრთხე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას? - ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დასმულ ამ შეკითხვას ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ:

„თეორიულად საფრთხე არსებობს. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი - მე მგონია, რომ საბოლოო ჯამში ეს საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება. ეს არის ის დოკუმენტი, რომელზეც შეთანხმდა ყველა. აბსოლუტურად სრული თანხმობა არსებობს იმ სისტემის გარშემო, რომელიც არის ჩამოყალიბებული შესაბამის შეთანხმებაში...

არის თეორიულად შესაძლებელი ის, რომ ამ ორი რადიკალური პარტიის მხარდაჭერის გარეშეც გავიდეს საარჩევნო ცვლილებები... ჩვენ დღეს ვერ დავიწყებთ, ბუნებრივია, ამ ხმების დათვლას... თუ არ დაუჭერს მხარს „ნაციონალური მოძრაობა“ ან მისი მეორე განშტოება, ეს იქნება, ბუნებრივია, მთლიანად მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა“.

„თუკი ოპოზიცია არ დადგა ძალიან მყარად და, საარჩევნო სისტემის ჩავარდნის შიშით, მას მოუწია პოლიტპატიმრების საკითხის დათმობა, მაშინ აუცილებლად გამოჩნდება რაიმე სხვა მიზეზი, რომლის გამოც ხელისუფლება საარჩევნო სისტემის საკითხსაც ჩააგდებს, რადგან მას არ აწყობს ეს ახალი საარჩევნო სისტემა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი, გიორგი რუხაძე.

მისი შეფასებით, დაზღვევის ერთადერთი მექანიზმი იქნება - თუკი საერთაშორისო პარტნიორები ბოლომდე გამოიყენებენ ზუსტად იმ სიძლიერის წნეხს, რომლის წყალობითაც ხელისუფლებას მოუწია ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესში ჩართვა და შემდეგ უკვე გაფორმდა 8 მარტის შეთანხმება.

„საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ (GSAC) თანადამფუძნებლისთვის, თეონა აქუბარდიასთვის სრულიად გასაგებია ოპოზიციის გადაწყვეტილება - ბოლომდე მოითხოვოს 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულება, რადგან ხელისუფლება გაურბის მართლმსაჯულების პოლიტიზებასთან დაკავშირებული ნაწილის შესრულებას.

როგორც აქუბარდია ეუბნება რადიო თავისუფლებას, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა, თუკი ეს ასე მოხდება, საბოლოოდ მაინც ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG