Accessibility links

ცესკო: უკრაინელ დეპუტატს არ ჰქონდა დამკვირვებლის სტატუსი


სემიონ სემენჩენკო, უკრაინის რადის ოპოზიციონერი დეპუტატი

უკრაინის რადის ოპოზიციონერი დეპუტატი სემიონ სემენჩენკო კატეგორიულად უარყოფს, რომ ამჟამად მძიმე ბრალდებით დაკავებული უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე თბილისში ოპოზიციის მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ. ის პოლიტიკისგან მიჯნავს თავის ვიზიტსაც და მიზნად მხოლოდ 28 ნოემბრის არჩევნების მეთვალყურეობას ასახელებს. რომელი ორგანიზაციის სახელით მეთვალყურეობდა სემენჩენკო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს და რა აკავშირებს მას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან?

დამკვირვებელი თუ აკრედიტებული ჟურნალისტი?

მას შემდეგ, რაც უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების ჯგუფურად შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, სემიონ სემენჩენკომ ძალიან ბევრჯერ გაიმეორა, რომ ის თბილისში 28 ნოემბრის არჩევნებზე დამკვირვებლის რანგში ჩამოვიდა. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რომელი დელეგაციის შემადგენლობაში მიიღო მან დამკვირვებლის სტატუსი.

რადიო თავისუფლებამ ეს ინფორმაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადაამოწმა. „მას არ ჰქონდა დამკვირვებლის სტატუსი, ის იყო მედიაორგანიზაციის წარმომადგენელი და გავლილი ჰქონდა მედიააკრედიტაცია“, - გვითხრეს ცესკოში. საარჩევნო ადმინისტრაციის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ სიაში, სადაც ყველა რეგისტრირებული მედიაორგანიზაციაა თავმოყრილი, იძებნება შპს „სის როპის“ საინფორმაციო სააგენტო „cyc.ge“, რომელიც არჩევნებზე 5 კაცით იყო წარმოდგენილი. ცესკოში აცხადებენ, რომ სწორედ ამ ჯგუფის შემადგენლობაში მიიღო აკრედიტაცია სემიონ სემენჩენკომ. რადიო თავისუფლება შეეცადა დაკავშირებოდა ხსენებულ საინფორმაციო სააგენტოს, რომლის დირექტორადაც ოთარ კუპრაძე სახელდება, მაგრამ მითითებული ნომერი მუდმივად გამორთულია.

4 დეკემბრის სასამართლო სხდომა
4 დეკემბრის სასამართლო სხდომა

თავად უკრაინელი დეპუტატი საქართველოში დარეგისტრირებულ მედიაორგანიზაციას არ ახსენებს და საკითხის კომენტირებისას მხოლოდ იმას ამბობს, რომ მას ჰქონდა ოფიციალური საბუთი ცესკოდან, ხოლო არჩევნების მიმართ ინტერესი ჰქონდა იმის გამო, რომ არჩევნები უკრაინაშიც მალე იქნება და სურს, რომ იცოდეს, რა სახის დარღვევებია მოსალოდნელი.

რა კავშირია ოპოზიციასთან და მიხეილ სააკაშვილთან?

„ჩვენ არ ვერევით საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ მხოლოდ უკრაინის პოლიტიკა გვაინტერესებს“, - ესეც სემიონ სემენჩენკოს სიტყვებია და მსგავსი განცხადებები მან ბოლო დღეებში არაერთხელ გააკეთა. სემენჩენკოსთან და დაკავებულებთან ყოველგვარ კავშირსა და შეხებას უარყოფენ გაერთიანებული ოპოზიციის („ძალა ერთობაშია“) წარმომადგენლები. 4 დეკემბერს, როდესაც დაკავებულებს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ისინი არც სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ.

შეიძლება ითქვას, რომ მომხდარმა ჯერჯერობით საქართველოზე უფრო დიდი ხმაური გამოიწვია უკრაინაში, სადაც ადგილობრივი მედიასაშუალებები, ცალკეული ბლოგერები, ანალიტიკოსები თუ პოლიტიკური წრეები ბევრს ლაპარაკობენ მიხეილ სააკაშვილისა და სემიონ სემენჩენკოს მტკიცე კავშირზე და საერთაშორისო სკანდალის საფრთხეზე, რაც შეიძლება მოჰყვეს საქართველოს შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის მცდელობას. ვითარდება მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სემენჩენკო თავისი მებრძოლებით საქართველოში სწორედ არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციის დასახმარებლად ჩამოვიდა.

ყველაზე, ვინც ამ აზრზეა, ძალიან გაბრაზებულია თავად სემიონ სემენჩენკო და მათ რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. კავშირს არც თავად უკრაინელი დეპუტატი უარყოფს და არც მედიასაშუალებების არქივშია ძნელი იმ ფაქტების მოძიება, რომლებიც პოროშენკოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილისა და სემიონ სემენჩენკოს თანამებრძოლობას ადასტურებს. თუმცა, სემენჩენკოს თქმით, ახლა ეს არაფერ შუაშია.

  • 2017 წლის სექტემბერში, როდესაც ოდესის ყოფილი გუბერნატორი, „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი, უკრაინიდან გაძევებული მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნებას ცდილობდა, უკრაინა-პოლონეთის საზღვარი მასთან შესახვედრად გადალახა მოხალისეთა ჯგუფმა, რომელსაც სწორედ დეპუტატი სემენჩენკო ხელმძღვანელობდა.
  • 2017 წლის ოქტომბერში, უკრაინის რადის წინ კარვები გაიშალა და ეს დიდწილად სწორედ სემენჩენკოსა და სააკაშვილის მხარდამჭერების ძალისხმევით მოხდა. ამ ფაქტმა ძალიან გაანაწყენა პეტრო პოროშენკო. ის გაბრაზდა შს მინისტრ არსენ ავაკოვზეც.
  • უკრაინის შს სამინისტროს მიერ 2017 წლის 18 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ადგილას იმყოფებოდა „ახალ ძალთა მოძრაობის,“ „სამართლიანობის პარტიის“ და ბატალიონ „დონბასის“ 200-მდე წარმომადგენელი.
  • მედიასაშუალებები იმხანად მუდმივად ავრცელებდნენ ცნობებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბატალიონ „დონბასის“ წევრები სიტუაციას აკონტროლებდნენ და წესრიგს იცავდნენ რადის წინ გაშლილ კარვების ქალაქში.

მეუღლესთან ერთად ჯერ ისევ თბილისში მყოფი უკრაინელი დეპუტატი სემიონ სემენჩენკო არ უარყოფს ახლო კავშირებს, ერთი მხრივ, არც ერთ დროს უკრაინაში მოღვაწე მიხეილ სააკაშვილთან და, მეორე მხრივ, არც - დაკავებულებთან, რომელთა ერთი ნაწილი მის მიერ დაარსებულ ბატალიონ „დონბასში“ იბრძოდნენ (მათ შორის არის საქართველოს მოქალაქე ლუკა ჩხეტიაც), თუმცა მას სასტიკად აღიზიანებს შეკითხვები მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრების შესახებ.

დეპუტატი სემენჩენკო ამბობს, რომ ის ხვდება ხოლმე „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს და მორიგი შეხვედრა „ოქტომბერში თუ ნოემბერში“ შედგა, მაგრამ ეს არანაირად არ უკავშირდება დაკავებულებსა და პირადად მის ვიზიტს თბილისში - „არანაირი შეხვედრა არ შემდგარა საქართველოს შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში რაიმე სახის მონაწილეობასთან დაკავშირებით.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG