Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და როგორ დააბრუნა ცხენები, ვირები და აქლემები რუსეთის არმიაში


რაპირხან ისმაილოვი, ციტატა სასამართლო დოკუმენტებიდან და ჯარისთვის ცხენების წვრთნის ამსახველი ვიდეოს სკრინშოტი, კოლაჟი
რაპირხან ისმაილოვი, ციტატა სასამართლო დოკუმენტებიდან და ჯარისთვის ცხენების წვრთნის ამსახველი ვიდეოს სკრინშოტი, კოლაჟი

2025 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო მოქმედებების ამსახველ ვიდეოებში სულ უფრო ხშირად ჩანდნენ ცხოველები - ცხენები, ვირები და აქლემებიც კი. რადიო თავისუფლებამ გაარკვია რა ხდება.

მწვანე, ტრიალ მინდორზე მიქრიან ცხენები, მათზე კი შეიარაღებული მამაკაცები ამხედრებულან. ისმის სროლის ხმა. ეს არ არის სცენა გასული საუკუნის 20-იანი წლების რუსეთის სამოქალაქო ომის შესახებ გადაღებული ფილმიდან; ეს არის რუსეთის პროპაგანდის მიერ გადაღებული, უკრაინაში შეჭრილი რუსი ჯარისკაცების წვრთნების ამსახველი კადრები. მხედრების თავზე FPV დრონები ტრიალებენ - ასე წვრთნიან და აჩვევენ ცხოველებს ბრძოლის თანამედროვე მეთოდებს. „ასეთია ჩვენი დონბასური, კავკასიური და ცენტრალურაზიური ნოუ-ჰაუ“, - ამბობს რუსი პროპაგანდისტი და „Z-ვოენკორი“ (ომის კორესპონდენტი) სემიონ პეგოვი, რომელსაც პროპაგანდისტული ფილმის კადრში უერთდება ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გაჭაღარავებული კაცი, ქურთუკზე ბატალიონ „სომალის“ შევრონით. პეგოვი მას მოსახმობი ნიშნით, „ხანით“ მიმართავს.

„მითხარი, როგორ მოგივიდა ეს იდეა“, - ეკითხება პეგოვი „ხანს“. „როდესაც მოიერიშე ჯარისკაცი შეტევაშია, მას 10, 15, 17 კილომეტრის გავლა უწევს. ჯერ ერთი მიმართულებით მიდიხარ სრული აღჭურვილობით დატვირთული, შემდეგ შტურმი იწყება, ბოლოს კი უკან უნდა გამობრუნდე - სწორედ ამ დროს იწყება მთელი სირთულე. დიდხანს ვფიქრობდი, როგორ დამეძლია ეს სირთულე. ბოლოს მოვიფიქრე: ცხენებით. ესენი უკვე გაწვრთნილებია. სულ ყარაჩაული ჯიშისაა“, - ამბობს „ხანი“ და ერთ-ერთ ცხენს ლაშებზე უთათუნებს ხელს.

კადრი სემიონ პეგოვის ვიდეოდან
კადრი სემიონ პეგოვის ვიდეოდან

სემიონ პეგოვმა ეს ვიდეო 2025 წლის სექტემბრის ბოლოს გამოაქვეყნა. იმ დროს იერიშებში რუსული „კავალერიის“ მონაწილეობის შესახებ ჯერ არავინ საუბრობდა, თუმცა ცხენები, ვირები, ჯორები და აქლემებიც კი უკვე გამოიყენებოდნენ უკრაინის ფრონტზე, ძირითადად საპალნის ცხოველების სახით.

რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ რუსეთის არმიაში ცხოველების გაწვრთნისა და გამოყენების საქმეს უძღვება მკვლელობისთვის მსჯავრდადებული პირი, რომელიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ემალებოდა მართლმსაჯულებას, უკრაინის ფრონტზე კი მორდოვეთის მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან მოხვდა. სწორედ მას მიეწერება რუსეთის არმიაში კავალერიის დაბრუნების იდეა და მისი ხორცშესხმა.

„სახე პლაკატიდან“: მკვლელობიდან პროპაგანდისტულ ფილმამდე

პეგოვისათვის კავალერიის აღორძინების ორიგინალური იდეის გაცნობისას, „ხანი“ პირველად არ მონაწილეობდა პროპაგანდისტულ ვიდეოში. 2024 წელს მან მონაწილეობა მიიღო პროექტში „სახე პლაკატიდან“, რომელიც მოიცავდა „თანამედროვე მეომრების გმირობების“ შესახებ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერიას. „ხანი“ ამ პროექტის ფინალისტთა შორის აღმოჩნდა.

„ჩვენი დროის გმირები, (...) მათ მთელი ქვეყანა სახეზე უნდა იცნობდეს. ისინი ჩვენი სიამაყეა. ისინი ჩვენი მომავალია“, - პროექტის წამყვანის, მომღერალ როდიონ გაზმანოვის ამ სიტყვებით იწყება თითოეული ვიდეო. „ხანის“ შესახებ გადაღებული ფილმიდან ირკვევა, რომ ჭაღარა კაცის ნამდვილი სახელია რაპირხან ისმაილოვი, რომ 2024 წელს 39 წლის ლეიტენანტი იყო, მეთაურობდა მოიერიშე ასეულს და დაჯილდოებული იყო არაერთი მედლით.

„დაიწყო СВО (სპეციალური სამხედრო ოპერაცია - ასე უწოდებენ რუსეთში უკრაინასთან ომს. - რ.თ.), - იხსენებს რაპირხან ისმაილოვი ფილმში, - ბევრი ნაცნობი, ნათესავი და ახლობელი ვნახე, რომლებიც თუთიის კუბოებით დაბრუნდნენ. ამიტომ 2023 წლის თებერვალში გადავწყვიტე, რომ ДНР-ში (ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა) ჩავსულიყავი, კონტრაქტი გამეფორმებინა ან მოხალისეთა ბატალიონს შევერთებოდი. ბოლოს სასწაულებრივად აღმოვჩნდი ბატალიონ „სომალიში“.

„ხანმა“ არაფერი თქვა იმაზე, რომ ომში მოხალისედ წასვლის გადაწყვეტილება მორდოვეთში, სასჯელაღსრულების N5 კოლონიაში ყოფნისას მიიღო.

მორდოვეთის რესპუბლიკის რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის №5 კოლონია, ლეპლეის დასახლება
მორდოვეთის რესპუბლიკის რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის №5 კოლონია, ლეპლეის დასახლება

2014 წლის ივნისის ერთ საღამოს რასიმ ბაიმურზაევი, რომელიც დაღესტნის სოფელ ტემირაულში ნათესავებს სტუმრობდა, თავის შავი „ლადა გრანტას“ საჭეს მიუჯდა და ეზოდან გავიდა. რასიმის დედამ შვილის გაცილებისა და კარის დახურვისას შენიშნა, რომ რამდენიმე წამში იმავე მიმართულებით დაიძრა ვერცხლისფერი „ლადა პრიორა“, რომელშიც პეიზულა ისმაილოვი და მისი ბიძაშვილი რაპირხან ისმაილოვი ისხდნენ. რამდენიმე წუთში სახლთან მოირბინა თანასოფლელმა, რომელმაც იქ მყოფებს უთხრა, რომ რასიმი მანქანაში ჩაცხრილეს და მოკლეს.

გამოძიების მიხედვით, პეიზულა და რაპირხანი რასიმს სოფლის გასასვლელში დაეწივნენ და ცეცხლი გაუხსნეს: პეიზულა წაშლილნომრებიანი „კალაშნიკოვიდან“, ხოლო რაპირხანი სანადირო თოფ „საიგიდან“ ისროდა. მკვლელებმა განახორციელეს ათობით გასროლა, რომელთაგან 15-მა მიაღწია მიზანს. რასიმ ბაიმურზაევი ადგილზე დაიღუპა. ასე დასრულდა კონფლიქტი, რომელიც თითქმის ერთ წელს გაგრძელდა: 2013 წლის აგვისტოში რასიმსა და მის მეგობარს ჩხუბი მოუვიდათ ახალგაზრდების ჯგუფთან, რომელშიც ძმები ისმაილოვებიც იყვნენ. რასიმის მეგობარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ისმაილოვის ნათესავი. მოგვიანებით ორი ოჯახი ფორმალურად თითქოს შერიგდა, მაგრამ ახალგაზრდა ისმაილოვები რასიმს მთელი ერთი წლის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, 2014 წლის ივნისში კი მშობლიური სოფლის გარეუბანში ჩაუსაფრდნენ, ესროლეს და მოკლეს.

ტემირაული, დაღესტანი
ტემირაული, დაღესტანი

მკვლელობის შემდეგ რაპირხან ისმაილოვმა მიმალვა მოახერხა, პეიზულა ისმაილოვი კი დააკავეს, გაასამართლეს (2015 წ) და 13 წლით გაუშვეს მაქსიმალური სიმკაცრის კოლონიაში. 1,5 წლის შემდეგ (2016 წლის ზაფხულში) ასევე დააკავეს რაპირხან ისმაილოვიც, რომელსაც 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რადიო თავისუფლების რედაქციამ რაპირხან ისმაილოვის ანგარიშს სოციალურ ქსელ „ოდნოკლასნიკში“ მიაკვლია. დადასტურდა, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ტელეპროექტის გმირი „ხანი“ და თანასოფლელის მკვლელი ერთი და იგივე პიროვნებაა.

ტელეშოუსთვის („სახე პლაკატიდან“) გადაღებულ ვიდეოში "ხანი" ამბობს, რომ დაამთავრა 11 კლასი, შემდეგ ჩაირიცხა დაღესტნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდის განყოფილებაში და მუშაობდა „სხვადასხვა სფეროში“, მათ შორის კერძო დაცვის კომპანიაში. 2005 წელს 19 წლის რაპირხან ისმაილოვს ბრალი წაუყენეს ძარცვასა და ფიზიკურ ძალადობაში. 2013 წელს, მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე, ის სოჭში დააკავეს „საზოგადოებრივ ტრანსპორტში ლუდის სმისთვის“. მორდოვეთის კოლონიაში ისმაილოვი „ნარკომანად“ დარეგისტრირდა.

2023 წლის თებერვლის დასაწყისიდან ევგენი პრიგოჟინმა შეწყვიტა პატიმრების რეკრუტირება, რომელზეც პასუხისმგებლობა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აიღო, მათ შორის მორდოვეთის კოლონიებში. „ყველაზე ხშირად, თავდაცვის სამინისტროს მეშვეობით გაწვეული პატიმრები თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (ДНР) „სომალის“ რაზმში ხვდებიან“, - წერდა BBC 2023 წელს მომზადებულ რეპორტაჟში.

თანამებრძოლებისა და ნათესავების მონათხრობის მიხედვით, ფრონტზე გაწვეულმა „ხანმა“ სრულად გამოიყენა წარსულ ცხოვრებაში შეძენილი უნარ-ჩვევები.

რაპირხან ისმაილოვი. 2012 წელი. ფოტო სოციალურ ქსელ „ოდნოკლასნიკიდან“
რაპირხან ისმაილოვი. 2012 წელი. ფოტო სოციალურ ქსელ „ოდნოკლასნიკიდან“

„იყენებს ელექტროშოკს, სძალავს ფულს“

მე-9 ცალკეული მოტორიზებული ბრიგადა, რომლის მოიერიშე ასეულსაც რაპირხან ისმაილოვი მეთაურობს, 2023 წელს შეიქმნა ე.წ. ДНР-ის მე-9 ცალკეული საზღვაო ქვეითთა პოლკის ( შედიოდა ბატალიონ „სომალიში“) ბაზაზე. ბრიგადა ცნობილი გახდა არა იმდენად ისეთი „ინოვაციებით“, როგორიცაა კავალერიის რაზმების შექმნა, არამედ მეთაურების მიერ ჯარისკაცების ფიზიკური დამცირებით, მათ შორის „განულებითაც“ ანუ მკვლელობით. ასეთი ისტორიები რუსეთის არმიაში იშვიათი არ არის - 2025 წლის ოქტომბერში გამოცემა „ვიორსტკამ“ შეადგინა იმ მეთაურების მონაცემთა ბაზა, რომლებიც მონაწილეობდნენ თავიანთი ხელქვეითების (ჯარისკაცების) წამებსა და აბუჩად აგდებაში.

2024 წლის მაისში Change.org-ზე გამოჩნდა პეტიცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მე-9 ბრიგადის ჯარისკაცები ვერ იღებდნენ სათანადო სამედიცინო მომსახურებას. პეტიციის ავტორთა (შვიდი თვის განმავლობაში თითქმის 1300 ადამიანმა მოაწერა ხელი) თქმით, ფრონტზე იგზავნებიან ავადმყოფები და დაჭრილები, ჯარისკაცებს სძალავენ ფულს, ართმევენ დოკუმენტებს, აწამებენ (სცემენ და ყრიან ორმოებში საკვების, წყლისა და ტუალეტის გარეშე), ითვისებენ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სახელფასო ბარათებს, სარდლობა ხელს უშლის გარდაცვლილთა იდენტიფიცირებას და დნმ-ის ტესტირებას.

ამ პეტიციაში ნახსენებია ისმაილოვიც თავისი მოსახმობი ნიშნით „ხანი“. მის წინააღმდეგ არაერთი ბრალდებაა გამოთქმული სოციალურ ქსელ VKontakte-ში, სადაც ატვირთულია პროექტში „სახე პლაკატიდან“ გადაღებული ვიდეო. კომენტარებში წერენ:

„ის რაღაც სიგიჟეებს აკეთებდა. როდესაც ორმოში ვიჯექი, მოვიდა განგრეული „ხანი“ ჩემთან და მკითხა: „გინდა ორმოდან ამოხვიდე?“ მეგონა, როგორც ყოველთვის, ფულს მოითხოვდა, მაგრამ მითხრა, რომ მინეტი გამეკეთებინა, რაზეც მე სამ ასოზე გავუშვი. მოგვიანებით ამის გამო მაგრად მცემეს. ამას შეესწრო „კირპიჩა“, სასუფეველი დაუმკვიდროს ღმერთმა, და მალევე „ორასად“ აქციეს“, - დაწერა VKontakte-ს მომხმარებელმა იგორ როჟეკმა 2024 წლის მაისში.

„ჩვენ, ჯარისკაცების დედები და ცოლები, პირადად ვესაუბრეთ მას, ვესტუმრეთ სამხედრო ნაწილს, სადაც ჯარისკაცებმა პირადად გვიამბეს, თუ როგორი „გმირია“ ის, როგორ იყენებს ელექტროშოკერს ბიჭებზე და როგორ სძალავს ფულს. როცა ნაწილში ვიყავით, ვიღაც თავისიანი მოგვიჩინეს, ტუალეტშიც კი დაგვყვებოდა, მარტო არ გვტოვებდა, რათა ჯარისკაცებთან პირისპირ არ დავრჩენილიყავით. „ხანმა“ იცის, ვისი ხორცი შეჭამა. რა თქმა უნდა, ჯარისკაცები გვეცოდებიან. ისედაც მძიმე ხვედრი აქვთ, აქ კიდევ მეთაურები ავიწროებენ. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დადებითად უპასუხებს ჩვენს საჩივრებს“, - დაწერა ტატიანა აბრამოვამ, რომლის შვილი მე-9 ბრიგადაში მსახურობს.

„ჩემი ძმა მობილიზაციით გაიწვიეს. მე-9 ბრიგადაში ჩაირიცხა 2024 წლის 4 აპრილს, 11 აპრილს დაიღუპა. მისი ცხედარი შვიდი თვის განმავლობაში იხრწნებოდა მინდორში. ბოლოს მისი ნეშტი გადმოგვიგზავნეს. ავიღეთ დნმ-ის ნიმუშები. ჩემთვის ცნობილია ჩემი ძმისა და მისი თანამებრძოლის დაღუპვის დეტალები. ფსბ-შიც იციან ამ ბრიგადის მეთაურების უკანონო ქმედების შესახებ“, - წერს „ხანის“ ვიდეოს კომენტარებში ევგენია კარნაუხი, ქალაქ ტროიცკის მკვიდრი.

რადიო თავისუფლების შეტყობინების საპასუხოდ, ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის დედამ, რომლის ვინაობასაც მისი უსაფრთხოების მიზნით ვმალავთ, დაადასტურა, რომ იცნობს რამდენიმე ადამიანს, რომლებიც მზად არიან რაპირხან ისმაილოვის წინააღმდეგ ჩვენება მისცენ.

მე-9 ბრიგადის შესახებ ბოლო ამბები 2025 წლის ნოემბრით თარიღდება: უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, ბრიგადამ დაიწყო 18 წელს მიღწეული ახალწვეულების რეკრუტირება არასრულწლოვანთა კოლონიებიდან.

მიხაილ ტოლსტიხი, დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის არმიის დანაყოფ "სომალის" მეთაური (მარცხნიდან მეორე). 2015 წლის 4 მარტი
მიხაილ ტოლსტიხი, დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის არმიის დანაყოფ "სომალის" მეთაური (მარცხნიდან მეორე). 2015 წლის 4 მარტი

„უზარმაზარი გამოცანა“

„ხანის“ იდეა მარტივი და გენიალურია: ცხენი მოიერიშე ჯგუფისთვის უხმო, ყველგანმავალი და სწრაფი ტაქსია. ცხენს ძალ-ღონით სავსე ჯარისკაცები მიჰყავს შეტევის წერტილამდე, ასევე უზრუნველყოფს მათ სწრაფ უკან დახევას და, საჭიროების შემთხვევაში, საბრძოლო მასალით ხელახლა მომარაგებას ისეთ ადგილებში, სადაც ტექნიკა ვერ მივა შეუმჩნევლად, - ასე განმარტავს „ვოენკორი“ სემიონ პეგოვი ცხენების გამოყენების ლოგიკას თანამედროვე ომში, - ცხენები არც მოტოჯგუფებს არ ცვლიან და არც ჯავშანტექნიკას. ისინი მათი ეფექტური დამატებაა ყველაზე რთულ გარემოში. ვიდრე სხვები პასუხს ახალ ტექნოლოგიაში ეძებენ, მე-9 ბრიგადა მას ჯარისკაცის თავდადებასა და საუკუნეების განმავლობაში კარგად გამოცდილ საშუალებათა სიმბიოზში პოულობს."

2025 წლის ბოლოს გამოჩნდა კადრები, რომლებშიც რუსი ჯარისკაცები ცხენებს (1, 2, 3, 4, 5, 6) იყენებენ არა უბრალოდ ტვირთების გადასატანად, არამედ როგორც ბრძოლის საშუალებას. უკრაინული FPV დრონების კადრებიდან ძნელია იმის გარკვევა, არის თუ არა ეს „მოიერიშე ჯგუფის სწრაფი ტაქსის“ იდეის რეალიზების მცდელობა. სულ მცირე, ერთ შემთხვევაში, რუს სამხედროებს ცხენზე დაყენებული ჰქონდათ Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო ტერმინალი.

14 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის I მექანიზებული ბატალიონის („და ვინჩის მგლები“) ჯარისკაცებს გულიაიპოლის რაიონში ხელში ჩაუვარდათ ორი რუსული „საბრძოლო ცხენი“.

კვლევითი ორგანიზაცია Conflict Intelligence Team-ის (CIT) ანალიტიკოსებმა რადიო თავისუფლებას ასევე განუცხადეს, რომ არსებული ვიდეოების საფუძველზე რთულია ფრონტის ხაზზე ცხენების გამოყენების ტაქტიკის შეფასება. ცხენებს საშუალო დისტანციებზე (მხედრის ჩათვლით) საკუთარი წონის დაახლოებით 20%-ის, ანუ 80-100 კგ-ის ტარება შეუძლიათ, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს მომარაგებისთვის ცხენების გამოყენების ეფექტიანობას.

„თუ თქვენ აპირებთ ცხენის გამოყენებას იერიშისთვის და გათვლილი გაქვთ მისი გამოყენება ერთჯერადად, მაშინ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ კრიტიკულად დიდი ტვირთი აჰკიდოთ. თუ აპირებთ მის გამოყენებას მომარაგებისთვის, მაშინ შეგიძლიათ ქვეითად მიჰყვეთ, ცხენი კი როგორც საჭიროა ისე დატვირთოთ, მაგრამ ჩვენ ასეთი ვიდეოები არ გვინახავს“, - განაცხადეს CIT-ში. შეტევით ოპერაციებში ცხენების ერთადერთი უპირატესობა კვადროციკლებთან, მოტოციკლებთან ან ბაგისთან (baggy) შედარებით, მათი მაღალი გამავლობაა, თუმცა დროთა განმავლობაში ეს უკანასკნელი მცირდება ცხოველების დაღლის გამო. კავალერიის კიდევ ერთი უპირატესობა, როგორც ეს ასი წლის წინ იყო, სისწრაფე უნდა იყოს - მაგრამ ასეთ შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან ტვირთის გადატანა შეძლოს.

თუმცა მანევრირებისა და სიჩქარის ნებისმიერ პოტენციურ უპირატესობას ნიველირებას უკეთებს ის ფაქტი, რომ გამოქვეყნებული ვიდეოების მიხედვით, ცხენებს არ შეუძლიათ (და ხშირად არც ცდილობენ) დრონებისგან თავის დაღწევა. ზოგიერთ შემთხვევაში კი იმდენად ფრთხებიან, რომ ძირს გადმოვარდნილმა მხედრებმა რამის კისრები მოიტეხონ. გარდა ამისა, ცხენები, როგორც დიდი ზომის ცხოველები, კარგად მოჩანან თერმულ კამერებზე. ასევე გასათვალისწინებელია როგორც „კავალერისტების“, ასევე ცხენების გაწვრთნისთვის საჭირო დრო და რესურსები: მხედარს უნდა შეეძლოს რთულ პირობებში ცხენზე ჯირითი (რასაც თვეები სჭირდება), ცხენები კი უნდა შეეგუონ აფეთქებების, სროლებისა და დრონების ზუზუნის ხმებს. ცხენების ფრონტის ხაზის მახლობლად შენახვა ასევე მოითხოვს ინფრასტრუქტურას და კვალიფიციურ პერსონალს, თავად ცხოველები კი (როგორიც, მაგალითად, „ვოენკორ“ პეგოვის ვიდეოში ჩანან) არც ისე იაფია და 150 000-დან 900 000 რუბლამდე ღირს (100 000 რუბლი - 1295$).

რუსეთის არმიის კავალერია პირველ მსოფლიო ომში
რუსეთის არმიის კავალერია პირველ მსოფლიო ომში

„მხოლოდ საპალნის ცხენებზე რომ იყოს საუბარი, ყველაფერი უფრო მარტივად იქნებოდა: ვირის მსგავსად, მათაც დატვირთავდნენ და პოზიციებამდე გაიყოლებდნენ. ჯარისკაცებს არ დასჭირდებოდათ სპეციალური წვრთნა ან ცხენზე ჯირითის გაკვეთილები. რატომ ანიჭებენ უპირატესობას რუსი ჯარისკაცები ცხენზე ჯდომას, დიდი გამოცანაა, იმის გათვალისწინებით, რომ რეალურ პირობებში არანაირ განსაკუთრებულ უპირატესობას ისინი არ ქმნიან, ვთქვათ, ბაგისთან (baggy) შედარებით. პირველი მსოფლიო ომის დროსაც კი არმიები უარს ამბობდნენ ბრძოლაში ცხენების გამოყენებაზე: ცხენებს უფრო ხშირად იყენებდნენ პოზიციებამდე მისასვლელად, ცხოველებს სპეციალურად გაწვრთნილ პერსონალს უტოვებდნენ, შემდეგ კი კავალერისტებიც ქვეითების მსგავსად იბრძოდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაშინაც კი არმიები ცდილობდნენ კლასიკური კავალერიული ბრძოლისგან თავის დაღწევას. მეორე მსოფლიო ომის დროს ცხენები ძირითადად ზურგში გამოიყენებოდა, 1955 წლისთვის კი საბჭოთა არმიაში კავალერიული ქვედანაყოფები ოფიციალურად გაუქმდა. შემდგომ ომებში არავინ იყენებდა ცხენებს იერიშის დროს, ამიტომ ძნელია იმის გაგება, თუ რა დახმარებას უწევენ ცხენები რუსეთის არმიას ამჟამინდელ პირობებში“, - ასკვნიან CIT-ის ანალიტიკოსები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG