Accessibility links

site logo site logo

ცხინვალელმა ე.წ. დეპუტატებმა სოჭელი პროკურორი სახლში გაუშვეს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტმა დე ფაქტო გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ვიტალი სავჩენკოს კანდიდატურა ჩააგდო. მის წინააღმდეგ ხმა  19-მა ე. წ. დეპუტატმა მისცა.

დე ფაქტო პარლამენტის სხდომას 30 ე. წ. დეპუტატი ესწრებოდა. მოწინააღმდეგეთა შორის იყვნენ მმართველი პარტია „ედინაია ოსეტიას“ წარმომადგენლებიც. კანონის მიხედვით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე. წ. საკანონმდებლო ორგანოს 30 დღის ვადაში ახალი კანდიდატი უნდა წარუდგინოს. სავჩენკოც მისი წარდგენილი იყო, თუმცა არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ მას თუნდაც მმართველი პარტიის მხარდაჭერა მიეღო. ე. წ. საპარლამენტო განხილვების დროს ბიბილოვმა შვებულება აიღო.

რატომ შეაჩერა ბიბილოვმა არჩევანი კრასნოდარის მხარის პროკურატურის თანამშრომელზე, რომელსაც ცხინვალში არავინ იცნობდა, არც დე ფაქტო დეპუტატებისთვის უთქვამს და არც საზოგადოებისთვის. არც ის განუმარტავს, რატომ განიხილავდა მას უკვე ყოფილი ე. წ. გენპროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის, მემკვიდრედ. ბიბილოვის მოტივაცია საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა.

ვიტალი სავჩენკოს კანდიდატურაზე პირველი კენჭისყრა 6 აპრილს ჩაიშალა. დე ფაქტო პარლამენტის პრეზიდიუმზე დისკუსიის დროს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა დარბაზი დატოვეს და კენჭისყრა აღარ შედგა. ე. წ. გენპროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა კი განაცხადა, რომ უფლებამოსილება მას იმ დრომდე გაუგრძელდება, ვიდრე პარლამენტი ახალ კანდიდატს არ დაამტკიცებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა სწორედ 6 აპრილს ამოიწურა. ოპოზიციონერი დეპუტატების აზრით, ჯაგაევმა კონსტიტუცია დაარღვია, რადგან უფლებამოსილება მოადგილისთვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეცა, ის კი მომდევნო დღეებში, ე. წ. გენპროკურორის სტატუსით გაემგზავრა მოსკოვში და იქ ფორუმშიც მიიღო მონაწილეობა.

ბიბილოვის ოპონენტები ფიქრობენ, რომ სწორედ მოსკოვში მოხდა სავჩენკოს კანდიდატურის ბლოკირება. ვიტალი სავჩენკო დე ფაქტო პარლამენტში მარტო მივიდა. საკუთარი თავი მცირე სიტყვით წარადგინა და მხოლოდ ის თქვა, რომ დეპუტატებთან მჭიდრო თანამშრომლობა ექნება. ოპოზიციური პარტია „ნიხასის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით სანაკოევის, თქმით, დეპუტატები დაინტერესდნენ სავჩენკოს მოქალაქეობის საკითხითაც.

„კითხვა ალექსანდრე პლიევმა (” სახალხო პარტია ”) დასვა. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომლის გარკვევაც უნდა მოხდეს დანიშვნამდე. ანუ პირს, რომელსაც გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პრეტენზია აქვს, უნდა ჰქონდეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა. ამას კანონი ამბობს. მასალებში, რომლებიც მის შესახებ ჩვენ მოგვაწოდეს, არ იყო ნათქვამი, რომ მას აქვს მოქალაქეობა. პლიევმა იკითხა ამის შესახებ. მან (სავჩენკომ) უპასუხა: დიახ. შემდეგ კი პარლამენტში პრეზიდენტის წარმომადგენელმა (ანა კუმარიტოვამ) თქვა, რომ, მოქალაქეობის შესახებ კანონის საფუძველზე, პრეზიდენტს აქვს მოქალაქეობის მინიჭების უფლება და მან ეს უფლება გამოიყენა. შემდეგ პლიევმა უბრალოდ დააზუსტა, თუ კანონის რომელი პუნქტის საფუძველზე მოხდა ეს, მაგრამ მან ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო“, - უთხრა დავით სანაკოევმა „ეხო კავკაზას“ და იქვე განმარტა, რომ მოქალაქეობის მინიჭებას გარკვეული პროცედურები სჭირდება. ერთი პროცეურის მიხედვით, მოქალაქე 5 წელზე მეტი სამხრეთ ოსეთში უნდა ცხოვრობდეს; მეორე პროცედურით პრეზიდენტს შეუძლია ადამიანს მოქალაქეობა მიანიჭოს, მაგრამ მას სამხრეთ ოსეთის მიმართ გარკვეული დამსახურება უნდა ჰქონდეს, რაც სავჩენკოს შემთხვევაში, უბრალოდ, არ არსებობს.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო, სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ ბიბილოვს კრემლის ახალ კურატორთან ნორმალური ურთიერთობა არა აქვს. მისი აზრით, მოსკოვის ნებართვის გარეშე ცხინვალში თანამდებობაზე ვერავინ დაინიშნება და პარლამენტში სავჩენკოს კანდიდატურის ჩაგდებაც რუსული სცენარი ჰგონია.

„2017 წლამდე სამხრეთ ოსეთში კაგებეს უფროსად მუშაობდა რუსეთიდან ჩამოსული ვიქტორ შარგაევი. ამჟამად ის დაინიშნა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ საზღვარგარეთის ქვეყნებსა და რეგიონებს შორის კულტურული კავშირების მიმართულებით. ფაქტობრივად, პუტინმა ის სამხრეთ ოსეთის კურატორად დანიშნა. შარგაევმა კი აქ მუშაობის პერიოდიდან ბევრი რამ იცის ბიბილოვზეც და ჯაგაევზეც. თან, ბოლო წლებში მას ბიბილოვთან ურთიერთობა გაურთულდა და 2017 წელს ის პრეზიდენტმა მოხსნა. შარგაევი ცხინვალიდან მოსკოვში წავიდა და ახლა, ფაქტობრივად, ჩვენი კურატორია. შარგაევმა კარგად იცის ჯაგაევისა და ბიბილოვის კავშირები კონტრაბანდული სიგარეტის რეალიზაციასთან და მათი უეცარი გამდიდრების შესახებ, ამიტომ გენერალურ პროკურორად ისევ ჯაგაევის კაცის, სავჩენკოს მოყვანა და ამით მათივე კლანის გაძლიერება, როგორც ჩანს, კრემლში არ აწყობდათ. ამიტომ შარგაევი ამოქმედდა და, როგორც ჩანს, პარლამენტში გათამაშებული ეს სცენაც ამიტომ დაიდგა. ახლა სურათი ასე გამოიყურება: აი, ბიბილოვმა კი წარადგინა, მაგრამ პარლამენტის დეპუტატები იყვნენ ჩამოსული კაცის წინააღმდეგი. სინამდვილეში კი, კრემლში იყვნენ წინააღმდეგი, ბიბილოვსაც სავჩენკოს დასაცავად აღარაფერი გაუკეთებია და შვებულებაში გავიდა, - გვეუბნება ინფორმირებული წყარო ცხინვალიდან.

ვიტალი სავჩენკო ისევ სოჭში დაბრუნდება. იმავე სხდომაზე დე ფაქტო პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა ურუზმაგ ჯაგაევსაც, რომლის გადაყენებას ოსური ოპოზიცია დიდი ხანი ითხოვდა. ჯაგაევის წინააღმდეგ ცხინვალში ძალოვნების მიერ მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრებიც იყვნენ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მკვლელობის გამოძიების საქმე არაობიექტურად მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG